ოფიციალურად: ნიკოლოზ გელაშვილი საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელია

ქართული კლუბები მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას განაგრძობენ. მათ არც წინა სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ფინალისტი, საჩხერის “ჩიხურა” ჩამორჩება.

Fanebi.Com-მა კლუბისგან დასტური მიიღო იმის თაობაზე, რომ იმერლებმა გორის “დილას” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლოზ გელაშვილი დაიმატეს. იგი “დილაში” გასულ ზაფხულზე ჩაირიცხა და უმაღლეს ლიგაში 5 შეხვედრა ჩაატარა. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი გორული კლუბიდან წამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა დროს უთამაშია ისეთ გუნდებში, როგორებიცაა: “ზესტაფონი”, “ბოხუმი”, “ყარაბაღი”, “ფლამუნტარი”, “პაფოსი”, თბილისის “დინამო”. ბოლოს კი, როგორც უკვე ვთქვით, გელაშვილი “დილაში” გამოდიოდა.

საჩხერლებისთვის ეს ფეხბურთელი, ტატანაშვილთან და მუმლაძესთან ერთად, მესამე თავდამსხმელი იქნება გუნდში.

როგორ არ უნდა აღნიშნო გოლი – რა გააკეთეს გელაშვილის თანაგუნდელებმა? (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა საკმაოდ სახალისო კადრი, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნეს მეტოქის კარში გატანილი გოლი ალბანური “ფლამურტარის” ფეხბურთელებმა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი იცავს.

გარიგებული მატჩი ალანეთში, რომელშიც ნიკოლოზ გელაშვილის გუნდი მონაწილეობდა (ვიდეო)

24 იანვარს, ალბანეთის სუპერლიგის მე-19 ტურში, “ფლამურტარიმ”, რომლის ღირსებასაც ნიკოლოზ გელაშვილი იცავს, საკუთარ მოედანზე “ტეუტა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ალბანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს მატჩი გარიგებული გახლდათ. 87-ე წუთიდან, როცა ანგარიში 1:1 იყო, მასპინძლებს გოლის გატანის არაერთი შანსი მიეცათ, თუმცა მათ მეტოქის კარის დალაშქვრა მცველის კურიოზული შეცდომის შემდეგ მოახერხეს.

საინტერესოა, რომ “ფლამურტარის” გულშემატკივრებმა საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს სტვენაც კი დაუწყეს.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ გელაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო არ მიუღია.

“ზესტაფონი” ევროპის ლიგისთვის ემზადება

გთავაზობთ ტელეკომპანია ”არგოს” სიუჟეტს, რომელიც უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშების მატჩებისათვის საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პირველი გუნდის დასასრულს მიახლოვებული მზადების პირველი ეტაპისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგვითხრობს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ნიკოლოზ გელაშვილი “ზესტაფონში” დაბრუნდა

2014 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 28 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ნიკოლოზ გელაშვილი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 05.08.1985; სიმაღლე – 185 სმ, წონა – 73 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ნიკას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია:”კახეთი” (თელავი) – 2003 – 2004, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) – 2005 – 2007, ”ზესტაფონი” – 2008 – 2012, ”ბოხუმი” (გერმანია) – 2012 – 2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2013 – 2014.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონელთა რიგებში პირველად 2008 წლის 23 იანვარს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 30 იანვრამდე იასპარეზა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი, ორჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტულიც (ოქროს მედლების მეორე კომპლექტის მოპოვების გზაზე მდგარ მარგველებს (2011-2012 წ.) ფორვარდი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გატანილი გოლით შეეწია).

ნიკოლოზ გელაშვილი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 63 გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 10 გოლი, 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ახლახანს დასრულებულ სეზონში ნიკამ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, გუნდის მაისურით ფორვარდს 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ნიკოლოზ გელაშვილი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ჯაბა დვალი “ყარაბახში” გელაშვილთან ერთად ითამაშებს

აზერბაიჯანულმა “ყარაბახმა” მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, პირველი შენაძენი განახორციელა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბინადარმა თბილისის “დინამოდან” იჯარით ქართველი ფეხბურთელი, ჯაბა დვალი დაიმატა.

azerisport.com-ის ცნობით, 28 წლის თავდამსხმელი თურქულ შეკრებაზე მყოფ “ყარაბახს” დღეს შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბახში” კიდევ ერთი ქართველი თავდამსხმელი – ნიკოლოზ გელაშვილი ირიცხება. გელაშვილი და დვალი ერთად “ზესტაფონშიც” თამაშობდნენ, სადაც კარგ დუეტს ქმნიდნენ.

ცნობისთვის, “ყარაბახი” პრემიერ ლიგაში პირველ პოზიციას იკავებს და უახლოეს მდევარ “გაბალას” ერთი ქულით უსწრებს.

გელაშვილის დუბლი აზერბაიჯანის ჩემპიონატში

3 ნოემბერს, აზერბაიჯანის ჩემპიონატში მეთორმეტე ტურის მატჩები გაიმართა. ნიკოლოზ გელაშვილის “ყარაბაღმა” საკუთარ მოედანზე “გაბალა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:3 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა მასპინძელი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, მან მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა, ხოლო ერთხელ კი, თანაგუნდელს საგოლე პასი გაუკეთა. გელაშვილმა თავი 26-ე და 50-ე წუთებზე გამოიჩინა, მოედნიდან კი 75-ე წუთზე გაიყვანეს.

ამრიგად, “ყარაბაღი” 27 ქულით, აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს და მეორე პოზიციაზე მყოფ “ნეფთჩის” ორი ქულით უსწრებს.

დიტო ჭიჭინაძე