მესის არჩათვლილი გოლი ტებასს ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების დანერგვისაკენ უბიძგებს

ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი იმედოვნებს, რომ მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეოგამეორებების სისტემა დაინერგება, რითიც საბოლოოდ აღმოიფრხვება არჩათვლილი, ან არასწორად ჩათვლილი გოლების პრობლემები.

ხავიერ ტებასმა მსგავსი განცხადება “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა, როდესაც მსაჯებმა ლეო მესის 100-პროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

“ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო, მთელმა ესპანეთმა შენიშნა როგორ გადაკვეთა ხაზი ბურთმა. ბრმა ვიქნები, საწინააღმდეგო რამ რომ ვთქვა.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი სეზონიდან ვიდეოგამეორებების დახმარებით მსგავსი ტიპის პრობლემებს თავიდან ავიცილებთ. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მომავალ სეზონში ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენოთ,” – აცხადებს ტებასი.

კარიკატურა: მესი მსაჯთან ერთად ვიდეო-რეფერის ესტუმრა

გუშინ ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურის შეხვედრაში “ვალენსია” “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა. საგულისხმოა, რომ კატალონიელთა სუპერვარსკვლავს, ლიონელ მესის ერთ-ერთ მომენტში ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალეს.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

ვალვერდე: “ხშირად თავს ვერ ვიცავდით, რადგან “ვალენსია” საუკეთესოა კონტრ-შეტევაზე”

გუშინ ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და მეტოქესთან ფრე, 1-1 ითამაშა.

პრინციპული შეხვედრის შემდეგ კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ურთულესი თამაში გამოვიდა. ჩვენ ხშირად კარგად ვერ ვიცავდით თავს, რადგან “ღამურები” კონტრ-შეტევაზე შესანიშნავად გადმოდიოდნენ. ვიცით, რომ ეს გუნდი სახლშია განსაკუთრებით ძლიერი. სწორედ ამიტომ, უკმაყოფილო არ ვარ – დაძაბული წუთების შემდეგ, ანგარიში გავათანაბრეთ და ერთი ქულა მაინც მოვიპოვეთ. მათ დაბალანსებული თამაში დავუპირისპირეთ. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვთამაშობდით მათი ორი თავდამსხმელის წინააღმდეგ. განსაკუთრებით, გუედეშს გამოვარჩევდი,” – აცხადებს ვალვერდე.

“ვალენსიას” მწვრთნელი: “ჩვენთვის ჩემპიონატის მოგება შეუძლებელია”

ესპანური ლა ლიგის 12 ტურის შემდეგ “ვალენსია” სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ “ბარსელონას” 4 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, “ღამურების” თავკაცს არ სჯერა, რომ “მესტალიას” ბინადრებს ჩემპიონობის რაიმე შანსი აქვთ.

“ვფიქრობ, ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ჩვენთვის შეუძლებელია. შეუძლებელი თუ არა, ეს მინიმუმ წარმოუნდგენლად რთული მაინც არის. ჩემპონობისთვის 90 ქულის მოპოვებაა საჭირო. მსგავსი რამ ისეთი კლუბებისთვის, როგორიც “ვალენსია” და “ატლეტიკო” არიან, შეუძლებელია.

სხვა გუნდები გაჩემპიონების შანსს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ “რეალი” და “ბარსელონა” ბევრ ქულას დაკარგავენ. ამ დროისთვის კი ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია.

მიუხედავად ამისა, მათი დამარცხება სრულიად შესაძლებლად მიმაჩნია. “ვალენსიამ” ეს “რეალთან” მატჩში უკვე დაამტკიცა. იმედი მაქვს, იგივე მოხდება “ბარსასთანაც”, ” -აცხადებს მარსელინიო.

ერნესტო ვალვერდე: “მესის ახალმა კონტრაქტმა დაგვამშვიდა”

დღეს კატალონიის “ბარსელონას” სუპერვასრკვლავმა, ლიონელ მესიმ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. არგენტინელი მოთამაშე კლუბში 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება.

აღნიშნულ ფაქტზე ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესაუბრა.

“ყველაფერი რამდენიმე ხნით ადრე იყო შეთანხმებული. ამის შესახებ ლეომ განაცხადა კიდეც. მხოლოდ და მხოლოდ, ოფიციალური ცერემონია იყო დარჩენილი. ბედნიერები ვართ, რომ მესი ჩვენთან რჩება. ეს დამშვიდების საშუალებას მოგვცემს. ყველამ იცის, რას წარმოადგენს ის “ბარსასთვის.”

“ბლაგურნას” მთავარმა მწვრთნელმა, ლა ლიგის მე-13 ტურში, “ვალენსიასთან” ჩასატარებელ შეხვედრაზეც გააკეთა კომენტარი.

“რაც არ უნდა მოხდეს, ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ დიდი ხანია დარჩენილი. სწორედ ამიტომ, ხვალინდელი შედეგით არაფერი შეიცვლება. ისე კი, მეტოქეს მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავს: ძაძა, როდრიგო, სოლერი, გუედში. ესენი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც უმაღლეს დონეზე გამოდიან. ვფიქრობ, მათ ლა ლიგაში საუკეთესო კონტრ-შეტევების განხორციელება შეუძლიათ. ამიტომ, “ღამურების” შეჩერება მარტივი არ იქნება,” – აცხადებს ერნესტო.

“ბარსელონა” იოზილს წელიწადში 18 მილიონ ევროს სთავაზობს

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი ლონდონის “არსენალის” გერმანელი ნახევარმცველის, მესუთ იოზილის დამატება, რომელსაც “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.

ბრიტანელი ჟურნალისტის, ჯონ კროსის ცნობით, ამ დროისთვის იოზილის ტრასნფერზე კიდევ ერთი ევროპული გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედიც” მუშაობს. იოზილის მიმართ ინტერესს პირადად ჟოზე მოურინიო იჩენს.

ცნობილი ხდება “ბარსელონელთა” წინადადების ერთ-ერთი მთავარი პირობაც – “ლურჯ-ბროწეულისფრები” მზად არიან, “კამპ ნოუზე” გადაბარგების შემთხვევაში, იოზილს წელიწადში 18 მილიონი ევრო გადაუხადონ ხელფასის სახით.

გეტყვით იმასაც, რომ ამჟამად იოზილის ყოველწლიური შემოსავალი 10 მილიონ ევროს შეადგენს.

მესი: “არ მომწონს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ლეო მესი დაასვენა და ის თამაშში მხოლოდ მეორე ტაიმიდან ჩართო. არგენტინელის თქმით, მას არ სიამოვნებს, მსგავს მდგომარეობაში ყოფნა.

“ყოველ ჯერზე, როდესაც “ბარსელონა” თამაშობს, მინდა მეც ვითამაშო და გუნდს დავეხმარო. სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ მომწონს, აქიდან გუნდს ვერ დავეხმარები.

მეორეს მხრივ, მესმის, თუ რატომ მიიღო მწვრთნელმა ასეთი გადაწყვეტილება. სეზონი ძალიან გრძელია და ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა გავუფრთხილდე. დატვირთვა ძალიან დიდია და დასვენებაც საჭიროა,” – აცხადებს ლიონელი.

ზიდანი: “ამას ნამდვილად არ ველოდი”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ესპენეთის ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მოვლენების მსგავსს განვითარებას ის არ მოელოდა.

როგორც იცით, პრიმერადივიზიონის 12 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში “ბარსელონა” უდგას 34 ქულით, “ვალენსიას” ანგარიშზე 30 ქულაა, ხოლო “ატლეტიკო” და “რეალი” 24-24 ქულით იწონებენ თავს.

“ამას ნამდვილად არ მოველოდი, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი,” – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა, როდესაც “ბარსელონას” 10-ქულიან ჰანდიკაპზე ჰკითხეს.

“შემდეგ ტურში ერთ-ერთი გუნდი, იქნება ეს “ბარსელონა”, თუ “ვალენსია”, ქულებს დაკარგავს.მაგრამ “რეალს” თავისი თამაში აქვს, რაც ჩვენთვის ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანია – სამი ქულა გვჭირდება,” – აცხადებს ზიდანი.

ჟეზუში: “იმედი მაქვს, “ბარსელონა” ისევ დაასვენებს მესის”

ლისაბონის “სპორტინგის” მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს იმედი აქვს, რომ “იუვენტუსთან” გამართული მატჩის მსგავსად, კატალონიელები პორტუგალიური კლუბის წინააღმდეგაც დაასვენებენ ლეო მესის.

“კამპ ნოუზე” უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვიბრძვით. ევროპა ლიგა ახლა ჩვენთვის ნაკლებად მისაღებია.

ყველაზე მორწმუნე ფანებსაც კი არ სჯეროდათ, რომ “სპორტინგი” ამ ეტაპამზე მოვიდოდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ “ბარსელონა” მესის დაასვენებს. იმედია, მესის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელსაც არ ათამაშებენ,”- აცხადებს ჟეზუში.

საქმე იმაშია, რომ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად კი მას “ბარსელონას” დამარცხება და “იუვენტუსის” წაგება, ან ფრე სჭირდება.

დიბალა: “მესი სათადარიგოზე? ამან კონცენტრაცია ცოტათი დაგვაკარგინა”

ტურინის იუვენტუსის შემტევმა, პაულო დიბალამ კატალონიის “ბარსელონასთან” ნათამაშები ფრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ბოლო წუთამდე ვცდილობდით, გაგვეტანა. შეგვეძლო, სამი ქულა მოგვეპოვებინა. თუმცა, ტერ შტეგენი მოწოდების სიმაღლეზე იყო. ასევე, როცა “ბარსელონას” მსგავს გუნდს ხვდები, შენ თავის კარგად დაცვა გიწევს. ვფიქრობ, ამ ასპექტშიც მშვენივრად გამოვიყურებოდით. მესი სათადარიგოზე? ეს იყო ძალიან ცუდი, რადგან ამ დროს შეგიძლია მოეშვა, დაისვენო, მაშინაც კი, როცა ეს არ გინდა.”

“საბოლოო ჯამში, უკმაყოფილოები ნამდვილად არ ვართ. ჩვენ დიდ გუნდს ვეთამაშეთ,” – აცხადებს დიბალა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელები ბოლო ტურში “სპორტინგს” შეერკინებიან.

ვალვერდე: “მესი მაშინ გამოვიდა მოედანზე, როცა ეს საჭირო გახდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ტურინის “იუვენტუსი” კატალონიის “ბარსელონას” დაუვხდა. დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელები პირველი ადგილით გავიდნენ ჯგუფიდან.

პრინციპული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლაგურნას” მთავარა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.

“მესის ტრავმა არ ჰქონდა. უბრალოდ, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და ამიტომ აუცილებელია, ზოგჯერ, დასვენების საშუალება  მივცეთ. ხოლო, როცა ზეწოლის გაძლიერება გახდა საჭირო, ის საქმეში ჩაერთო. მან ჩვენს შეტევებს მრავალფეროვნება შემატა.”

“ჩვენი მიზანი იყო, რომ მარკს ბევრი სეივის გაკეთება არ დასჭირვებოდა. დღეს, მას ხშირად არ გამოუჩენია თავი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ის უდაოდ კარგ ფორმაშია. დიბალას წიინააღმდეგ გერმანელმა მშვენივრად ითამაშა.”

“ბედნიერი ვარ, რომ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. წინ ახალი თავგადასავლები გველის,” – აცხადებს ვალვერდე.

ალეგრი: “ჭიქები მაინც ავავსოთ, ჩვენ ხომ “ბარსელონას” წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით”

დღეს კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ ჟურნალისტებს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ესაუბრა.

“ეს ჩვენი პირველი უგოლო ფრე იყო ამ სეზონში. “ბარსელონა” თავს შესანიშნავად იცავდა. მათ აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლი მიიღეს თავიანთ კარში. პირველ ტაიმში რამდენიმე შანსი შევქმენით, მაგრამ შემდეგ კატალონიელებმა სივრცეები ჩაკეტეს ფლანგებზე და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.”

“მიზანი ცალსახაა: საბერძნეთში მოგება! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავალთ. სხვა მხრივ, იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ “სპორტინგი” ბარსელონაში ვერ მოიგებს. მოდი, დავივიწყოთ, დღევანდელი. ჩვენ ხომ “ბარსელონას” დავუპირისპირდით. შეგვიძლია, ჭიქები მაინც ავავსოთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მათ წინაშე თავი კარგად დავიცავით,” – აცხადებს ალეგრი.