ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ ჩიჩარიტო დასახელდა

გერმანიის ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე ზედიზედ მეორედ ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი გახდა.

დეკემბრის თვეში ჩიჩარიტომ გერმანიის უმაღლეს დივიზიონში ხუთი გოლი გაიტანა. მექსიკელი ფორვარდი საშუალოდ ყოველ 52 წუთში ერთხელ იტანს.

მიმდინარე სეზონში ჩიჩარიტომ “ბაიერის” ფორმით 24 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

“ლევერკუზენმა” სპაჰიჩს კონტრაქტი სტიუარდის შეურაცხყოფის გამო გაუწყვიტა (ვიდეო)

ლევერკუზენის “ბაიერმა” კლუბის მცველ ემირ სპაჰიჩთან კონტრაქტი გაწყვიტა. 34 წლის ბოსნიელმა ფეხბურთელმა გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინაარმდეგ გამართული მატჩის (0:0 პენ. 3:5) შემდეგ სტადიონის სტიუარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპაჰიჩს კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა კლუბმა შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

“სპაჰიჩი გამოჩენილი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დიდად დაეხმარა, თუმცა ამ ინციდენტმა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვიდეოფაილების ნახვის შემდეგ შოკირებულნი და იმედგაცრუებულნი ვიყავით. გამოძიებას ვერ დაველოდებოდით. ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ. ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ემირმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ”, – განაცხადა “ბაიერის” გენერალურმა დირექტორმა მიხაელ შადემ.

სიმეონე: “ატლეტიკოს” “ბაიერთან” ფავორიტად არ ვთვლი”

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მორიგი სათამაშო დღეა. ლევერკუზენში ადგილობრივ “ბაიერს” მადრიდის “ატლეტიკო” ესტუმრება. ესპანური გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ წყვილში “ატლეტიკოს” ფავორიტად არ მიიჩნევს.

“ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის. ჩვენ არამხოლოდ თამაში, არამედ ბურთიც უნდა ვაკონტროლოთ, თუმცა სიფრთხილეც გვმართებს, რადგან შესაძლოა, “ბაიერმა” ბურთის ასართმევად პრესინგს მიმართოს. ჩვენი მეტოქე კარგად დაბალანსებულია, კარგი ფეხბურთელები და კარგი მწვრთნელი ჰყავს.

“ატლეტიკო” მშვენიერ ფორმაშია და ენთუზიაზმით სავსეა. მნიშვნელოვანი მატჩია და გუნდურად უნდა ვიმოქმედოთ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ წყვილში ფავორიტები ვართ. მატჩი ანგარიშით 0:0 იწყება და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს”, – სიმეონეს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი “ბაიერსა” და “ატლეტიკოს” შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას პაველ კრალოვეცის ხელმძღვანელობით ჩეხ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

 

“ბაიერი” 0:1 “მონაკო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურში ლევერკუზენის “ბაიერმა” “მონაკო” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

 

“მონაკო” 1-0 “ბაიერი”

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “მონაკომ” ლევერკუზენის “ბაიერს” უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

“მონაკო” 1-0 “ბაიერი”

გოლი: ჟოაო მოუტინიო 61′.

“ბაიერმა” მონაკოში წინასამატჩო ვარჯიში ვერ ჩაატარა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი იხსნება. C ჯგუფში “მონაკო” ლევერკუზენის “ბაიერს” მასპინძლობს.

გერმანული გუნდის დელეგაციამ მონაკოს სასტუმროში ადგილი ვერ დაჯავშნა, რის გამოც “ბაიერი” იძულებული გახდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დარჩენილიყო, რომელიც მონაკოს სამთავრომდე 30 წუთის სავალზე მდებარეობს.

“ფარმაცევტებმა” ვერც წინასამატჩო ვარჯიშის გამართვა მოახერხეს სტადიონ “ლუი მეორეზე”. გერმანულმა გუნდმა სამშობლოში ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ “მონაკოსა” და “ბაიერს” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენსა“ და ლევერკუზენის „ბაიერს“ შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. პირველი მატჩი პარიზელებს ანგარიშით 4:0 ჰქონდათ მოგებული და ფაქტობრივად წყვილის ბედი გადაწყვეტილი იყო, თუმცა მეორე შეხვედრა ოდნავ მოულოდნელად დაიწყო — გერმანელებმა მე-6 წუთზე გახსნეს ანგარიში. თავი სიდნეი სემმა გამოიჩინა. მე-13 წუთზე მარკინოსმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ 28-ე წუთზე  სიმონ როლფესს გერმანელთა კვლავ დაწინაურების შანსი მიეცა, თუმცა „ბაიერის“ კაპიტანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. 53-ე წუთზე კი ესეკიელ ლავესიმ ლევერკუზენელთა კარში მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:1. სათქმელია, რომ 68-ე წუთზე მოედნიდან სტუმართა ნახევარმცველი ემრე ჯანი გააძევეს.

ასე რომ, „პარი სენ-ჟერმენმა“ მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, „ბაიერს“ კი შეუძლია, მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთოს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (მეორე მატჩი)
პარი სენ-ჟერმენი“ — „ბაიერი“ 2:1 (1:1)

პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ჟალე, ტიაგო სილვა, დინი, მარკინოსი, კაბაი, პასტორე, რაბიო, იბრაჰიმოვიჩი (მენესი 72′), კავანი (კამარა 85′), ლავესი (ლუკასი 62′).
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
„ბაიერი“: „ლენო, გუარდადო, ტოპრაკი, ვოლშაიდი, დონატი, როლფესი, სემი (ბრანდტი 67′), რაინარტცი (ვაგენერი 78′), კასტრო (სონ ჰინ-მინი 67′), ჯანი, დერდიოკი.
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
გოლები: მარკინოსი 13′, ლავესი 53′ — სემი 6′.
გამოუყენებელი პენალტი: როლფესი 28′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ჟალე 28′, რაბიო 79′ — დერდიოკი 49′, ჯანი 52′, ვაგენერი 90+3′.
გაძევება: ჯანი 68′.
მთავარი მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ ლარს ბენდერს არ ეშვება

ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველ ლარს ბენდერის მიმართ ლონდონის „არსენალს“ ინტერესი არ განელებია. „მეთოფეებს“ გერმანელი ფეხბურთელის გადმობირების მცდელობა აქამდეც ჰქონდათ, თუმცა მხარეებს შორის გარიგება არ შედგა.

ბრიტანული „დეილი მეილი“ იუწყება, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კვლავ ეცდება 24 წლის ფეხბურთელის გადმობირებას.

გარდა ამისა, „არსენალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანის მიმართაც იჩენს ინტერესს, თუმცა ბენდერის ტრანსფერი უფრო რეალურად გვესახება. ინგლისური კლუბი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს მიკელ არტეტას შემცვლელად მოიაზრებს.

ბექა დოგრაშვილი

ბლანი: „მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფნალურ ეტაპზე „პარი სენ-ჟერმენი“ ლევერკუზენის „ბაიერს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარულს ვერ მალავდა.

„პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ სტუმრად მოპოვებული ეს მშვენიერი გამარჯვება ღირსეულად აღვნიშნოთ. „ვალენსიენთან“ გამართული შეხვედრის (3:0) შემდეგ დავინახე, თუ რაოდენ მონდომებული იყო ჩემი გუნდი. დიდი ხნის განმავლობაში ველოდით ამ მატჩს. გოლი მესამე წუთზე გავიტანეთ, რამაც საქმე მნიშვნელოვნად გააიოლა. კი ბატონო, ლევერკუზენელთა სისუსტეები დაინახეთ, მაგრამ ჩვენც საკმაოდ კარგად ვითამაშეთ.

გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. ჩემს ბიჭებს ამ გამარჯვებას ვულოცავ.  მეოთხედფინალში ჯერ არ გავსულვართ. გერმანიაში იმისთვის ჩამოვედით, რომ კარგი თამაში გვეჩვენებინა. ყველაფერი მომეწონა – გუნდური თამაშიც და ინდივიდუალური მოქმედებებიც“, – ციტირებს ბლანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

განმეორებითი მატჩი პარიზში, 12 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი

„ლევერკუზენმა“ კისლინგის მოჩვენება-გოლით მოიგო

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში „ჰოფენჰაიმსა“ და „ლევერკუზენს“ შორის გამართული მატჩი სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრის მიმდინარეობისას კურიოზული ეპიზოდი მოხდა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა. საქმე იმაში გახლავთ, რომ „ლევერკუზენის“ თავდამსხმელ შტეფან კისლინგს 70-ე წუთზე გოლი შეცდომით ჩაუთვალეს. გერმანელი ფეხბურთელის მიერ შესრულებული თავურის შემდეგ ბურთი მიზანს ასცდა, თუმცა კარის ბადე დაზიანებული აღმოჩნდა და ბურთი კარში შევარდა. მსაჯებმა ეს ვერ შენიშნეს და გოლი ჩაითვალა. ასე დაამარცხა მეტოქე „ლევერკუზენმა“.

გთავაზობთ გოლის ამსახველ ვიდეომასალას.