ბელუ-ორიზონტეში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე მტკივნეული მარცხი განიცადა.
უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სკოლარი ნეიმარის და ტიაგო სილვას გარეშე შეხვდა. აღნიშნული ფეხბურთელები ბერნარდმა და დანტემ შეცვალეს. ძირითადში დისკვალიფიკაცია მოხდილი ლუის გუსტავო დაბრუნდა. გერმანელთა შემადგენლობაში კი არანაირი ცვლილება არ ყოფილა.
მატჩი ბრაზილიელთა ინიციატივით დაიწყო. პირველი დარტყმაც სწორედ მასპინძლებმა შეასრულეს. მარსელომ საჯარიმოს ფარგლებს გარედან სცადა ნოიერის დამწუხრება, თუმცა უშედეგოდ. მერე კი დაწიყო…
ანგარიში კუთხურის დროს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიულერმა გახსნა. მე-11 წუთზე გერმანელები წინ გავიდნენ. ბრაზილიელებმა კვლავ სცადეს უპირატესობის მოპოვება. აქტიურობით კვლავ მარსელო გამოირჩეოდა.
თუმცა იმას, რაც შემდეგ მოხდა ფეხბურთის ისტორიაში ანალოგი არ აქვს. 23-ე წუთზე მიროსლავ კლოზემ ისტორიული გოლის გატანა მოახერხა და ახალი რეკორდი დაამყარა. ზუსტად სამ წუთში ლამი გადაცემით კროოსმა ანგარიში 3-0 გახადა. ზუსტად ერთ წუთში კროოსმა დუბლი გაიფორმა, ხოლო ხედირამ მეხუთე გოლი გაუტანა სეზარს.
ბრაზილია განადგურებული იყო, სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები კი შოკში ჩავარდნენ. ბრაზილიელებისთვის კი ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სათამაშო კიდევ ერთი საათი რჩებოდა.
მეორე ტაიმში ბრაზილია უფრო მოტივირებული ჩანდა. თუმცა, მასპინძლების მიერ შექმნილი რამდენიმე სახიფათო მომენტი გოლად ნოიერის გამო ვერ იქცა. გერმანელთა კიპერმა მეორე ნახევრის დებიუტში 4 სახიფათო დარტყმის მოგერიება შესძლო.
ბრაზილიელები უტევდნენ, გოლების გატანას კი გერმანელები აგრძელებდნენ. შეცვლაზე შემოსულმა შურლემ ათწუთიან ინტერვალში ორი გოლის გატანა მოახერხა. ბოლო წუთზე ოსკარმა პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-7 დააფიქსირა.
აღნიშნული ანგარიში შედეგიანობის მხრივ მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში რეკორდულია, ბრაზილიისთვის კი – ანტირეკორდული.
ბრაზილია 1-7 გერმანია
გოლები: მიულერი 11′ (0:1); კლოზე 23′ (0:2); კროოსი 25′ ; 26′ (0:4); ხედირა 29′ (0:5); შურლე 69′ ; 79′ (0:7); ოსკარი 90′ (1:7)