მადრიდის “რეალი” ტიბო კურტუასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელებმა მიზნად ლონდონის “ჩელსის” კარის დარაჯის, ტიბო კურტუას გადაბირება დაისახეს. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა Radio Onda Cero ავრცელებს.

როგორც იცით, ბელგიელი მეკარე ანტონიო კონტეს ბრწყინვალე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. სწორედ “ჩელსიში” ჩატარებულმა დიდებულმა მატჩებმა გააღვივა ესპანელთა ინტერესი მისდამი.

შეგახსენებთ, რომ “ბლანკოსს” კარგა ხნის მანძილზე უკავშირებდნენ დავიდ დე ხეას, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელი მეკარის ტრანსფერი “წითელმა ეშმაკებმა” ჩაშალეს. ამ დროისთვის კი “თეთრების” კარს 30 წლის კეილორ ნავასი იცავს.

წყაროს ცნობით, კურტუას გადაბირება, რომელსაც “რეალის” მოსისხლე მტრის, “ატლეტიკოს” ბანაკში რამდენიმე წარმატებული წელი აქვს გატარებული, პირადად ფლორენტინო პერესის ინტერესებში შედის.

კონტეს “ბაიერნის” ვარსკვლავი სურს

ჩილელ ფეხბურთელს, არტურო ვიდალს ბოლო ხანებში არაერთხელ გამოუთქვამს პრემიერ ლიგაში თამაშის სურვილი.

როგორც Don Balon-ი იტყობინება, ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელი, ანტონიო კონტე მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელით ინტერესდება და მასში სერიოზული თანხის (50 მილიონი ფუნტი) გადახდას აპირებს. “არისტოკრატები” ვიდალის გადაბირებას მომდევნო ზაფხულს შეეცდებიან.

 

29 წლის ფეხბურთელის გაშვებას ისიც უწყობს ხელს, რომ ბავარიელებს რენატო სანჩესი და ჯოშუა კიმიხი ჰყავთ, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან.

დაველოდოთ ზაფხულს და იმას, მიაღწევს თუ არა ანტონიო კონტე საწადელს.

ანტონიო კონტემ ტრანსფერებზე მიგვანიშნა

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მიგვანიშნა, რომ პრემიერ ლიგურ გრანდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის განსაზღვრული გეგმები გააჩნია.

“კმაყოფილები უნდა ვიყოთ იმით, რასაც ამ დროისთვის უკვე მივაღწიეთ, მაგრამ ლოგიკურია, რომ კლუბისთვის უკეთესი მინდა და ვფიქრობ, თუ როგორ უნდა დავასრულოთ სეზონი პირველ ადგილზე.

არ ვიცი, რა მოხდება იანვარში, მაგრამ ასეთ სიტუაციაში კლუბის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება მნიშვნელოვანია. ჩვენ ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს.

მეც მაქვს საკუთარი ხედვა, თუმცა მირჩევნია, კლუბთან დისკუსია გავმართო და საუკეთესო გადაწყვეტილება ასე მივიღოთ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

დისკვალფიცირებული დიეგო კოშტა “ბოქსინგ დეის” გამოტოვებს

დიეგო კოშტა ლონდონის “ჩელსისა” და “ბორნმუთს” შორის გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს, რისი მიზეზიც მის მიერ მიღებული რიგით მეხუთე ყვითელი ბარათი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო ბოლო 11 მატჩში, როდესაც ესპანელი ფეხბურთელი გააფრთხილეს. თუმცა, ამით ის თავს ნამდვილად ვერ დაიძვრენს.

“ატლეტიკოს” ყოფილმა ფორვარდმა ოთხი ყვითელი ბარათი საშინაო ჩემპიონატის პირველ 7 მატჩში მოაგროვა, მეხუტე კი 17 დეკემბერს, “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

“სანდერლენდი” – “ჩელსი” : ლონდონელებს ედენ აზარი გამოაკლდათ

“ჩელსისა” და “სანდერლენდის” გუნდებს შორის გასამართ დაპირისპირებაში, რომელიც 14 დეკემბერს, 23:45 საათზე აიღებს სტარტს, ედენ აზარის თამაში გამოირიცხა.

აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ გაასაჯაროვა: “ედენმა ვარჯიშისას მუხლზე მცირე დარტყმა მიიღო, ახლა კი ის ტრავმირებულია.”

“ჩელსის” სასტარტო შემადგენლობაში ბელგიელი ნახევარმცველი ვილიანმა ჩაანაცვლა: კურტუა; ასპილიკუეტა, დავიდ ლუისი, კეჰილი (კ); მოზესი, კანტე, ფაბრეგასი, ალონსო; ვილიანი, დიეგო კოშტა, პედრო.

“სანდერლენდის” სასტარტო შემადგენლობა: პიკფორდი; კონე, ჯილობოჯი, ო’შეა (კ), ჯონსი, დენაიერი, კირხოფი, ვან ანჰოლტი, ბორინი, დეფო, იანუზაი.

“იუვენტუსს” ნ’ზონზი მოუნდა

იტალიური გამოცემა, Tuttosport-იტყობინება, რომ ტურინის “იუვენტუსი” სერიოზულად არის დაინტერესებული ანდალუსიის “სევილიას” ნახევარმცველით, სტივენ ნ’ზონზით. “ბებერი ქალბატონი” 26.5 მილიონ ფუნტს იხდის ნახსენებ სპორტსმენში.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის საყრდენი 2015 წლის ზაფხულში გადავიდა ესპანურ კლუბში “სტოკ სიტიდან” და სეზონ-ნახევრის მანძილზე რამდენიმე სერიოზული გუნდის ყურადღება მიიპყრო.

იტალიელების გარდა, ფრანგი ფეხბურთელი “ბარსელონას”, “ლესტერს” (კანტეს ადგილის შესავსებად) და “ჩელსის” სურთ. საინტერესოა, როგორ განვითარდება ზამთარში მოვლენები.

ჩინური გუნდი ოსკარში სერიოზულ თანხას ჩამოდის

ინგლისური წყარო, Daily Telegraph-ი იტყობინება, რომ ჩინურ კლუბს, “შანხაის”, რომელსაც ანდრე ვილაშ-ბოაში უდგას სათავეში, ბრაზილიელი ოსკარი სურს. როგორც ცნობილია, აზიელები ბრაზილიელ ფეხბურთელში 60 მილიონ ფუნტს იხდიან.

ოსკარს “ჩელსიში” ნამდვილად არ მისდის კარგად საქმე. მან მიმდინარე სეზონში, მხოლოდ და მხოლოდ, 5 შეხვედრა დაიწყო ძირითადიდან. ხოლო, მას შემდეგ, რაც კონტემ გუნდი 3-4-3 სქემაზე გადაიყვანა, ბრაზილიელის ადგილი სასტარტო თერთმეტეულში არ დარჩა.

საინტერესოა, რა გდაწყვეტილებას მიიღებს ოსკარი: მოიხიბლება ფულით და გადავა აზიურ კლუბში, თუ ევროპაში განვითარებას გააგრძელებს.

 

ოფიციალურად: ასპილიკუეტამ “ჩელსისთან” გაახანგრძლივა

ცეზას ასპილიკუეტამ ლონდონურ “ჩელსისთან” ახალ, 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც იცით, 27 წლის ფეხბურთელმა თავიდანვე მოიგო ანტონიო კონტეს გული, რომელიც “არისტოკრატთა” თავკაცის პოსტზე პირველ სეზონს ატარებს. ასპილიკუეტამ 3-კაციან დაცვაში თავისი ადგილი კარგა ხნის წინ დაჯავშნა თავისი კარგი ასპარეზობით.

ასე რომ, ესპანელი ცენტრალური მცველი (ნომინალურად) დავიდ ლუისისა და გარი კეჰილის გზებს გაჰყვა. ის “სტემფორდ ბრიჯზე” 2020 წლამდე დარჩება.

“ძალიან ბედნიერი ვარ, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება რომ შევძელი.

ჩემი აქ მოსვლის დღიდან, უდიდესი პროგრესი განვიცადე და ტიტულებიც მოვიგე. ეს კონტრაქტი კი დიდ მოტივაციასთან ერთად თავის უკეთ წარმოჩენის შანსსაც მაძლევს.” – განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ.

ოფიციალურად: “ჩელსის” ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსის” ტვიტერის ოფიციალურმა  გვერდმა საზოგადოებას ამცნო, რომ სეზარ ასპილიკუეტამ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

 

როგორც ცნობილია, ესპანელი ფეხბურთელი “არისტოკრატების ღირსებას კიდევ სამწელიწად-ნახევარი დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ასპილიკუეტა ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება.

იტალიურმა “რომამ” “ჩელსის” გაცვლა შესთავაზა

Il Tempo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რომას” ხელმძღვანელები იმდენად არიან დაინტერესებულნი ფაბრეგასის გადაბირებით, რომ მზად არიან ამისთვის გუნდის ერთ-ერთ ლიდერსაც შეელიონ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატები” კატეგორიულად უარობენ ფაბრეგასის სხვა პრემიერ ლიგური კლუბისთვის მიყიდვას, რაც “ჯალოროსის” წისქვილზე ასხამს წყალს.

რაც შეეხება ნახსენებ “რომაელს”, ლონდონელთა ბანაკში გადასვლასთან ახლოს რაჯა ნაინგოლანი და ანტონიო რუდიგერი არიან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 29 წლის ესპანელი ნახევარმცველისადმი ინტერესი “მილანმაც” გამოთქვა. ასე რომ, დედაქალაქელებს სიჩქარე მართებთ.

ვენგერი: “ჩელსი” პრემიერ ლიგის მოგების მთავარი ფავორიტია? ასე არ არის”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი თვლის, რომ 15 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მყოფი საკმარისად ძლიერი არ არის, მთავარი ფავორიტის სტატუსი რომ მივანიჭოთ.

“მჯერა, რომ ლონდონის “ჩელსი” პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ, მაგრამ ამ დროისთვის პრემიერ ლიგას მთავარი ფავორიტი არ ჰყავს.

მათ, ისევე როგორც ყველა სხვა კლუბს, წარმატების მისაღწევად უმაღლესი დონის შენარჩუნება მოუწევთ, რაც ძალიან რთულია ლიგის ხასიათის ფონზე.

წლევანდელი სეზონი ძალიან გახსნილი და საინტერესოა. ყოველ ჯერზე, როდესაც გუნდი ფავორიტის სტატუსს იკრავს, შემდეგში ყოველთვის დიდ გასაჭირში ვარდება. ასე რომ, ლიგას მთავარი ფავორიტი არ ჰყავს.”

დიეგო კოშტამ “ვესტ ბრომვიჩის” დამარცხების შემდეგ გასახდელში იცეკვა (ვიდეო)

11 დეკემბერს პრემიერ ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში “ჩხელსი” “ვესტ ბრომვიჩს” დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 1-0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე იმყოფებოდა ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი, დიეგო კოშტა, რომელმაც, ლუდით ხელში, გასახდელში იცეკვა.