უილშირმა მოწევას თავი დაანება

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა, რომელიც ფოტოზე იმ ეპიზოდში აღბეჭდეს, როცა ის სიგარეტს ეწეოდა, აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა. ინგლისელმა ფეხბურთელმა პირობა დადო, რომ სიგარეტს აღარ გაეკარება. აღნიშნული ფაქტი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) შემდეგ მოხდა, როდესაც პაპარაცებმა უილშირი დილის ოთხ საათზე, ღამის კლუბთან დააფიქსირეს. ფაქტს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერიც გამოეხმაურა, რომელმაც მკაცრად დაგმო ინგლისელი ფეხბურთელის საქციელი.

„შეცდომა დავუშვი. ასეთი რამ ხანდახან ხდება ხოლმე. მეტს აღარ მოვწევ. მწვრთნელს ვესაუბრე, მან მთხოვა, რომ ყველაფერი ამეხსნა. ყველაფერი გავარკვიეთ და მომდევნო მატჩში მან ძირითად შემადგენლობაში გამამწესა. იმედი მაქვს, ის ამ ინციდენტს დაივიწყებს. იმ დღეს უკანასკნელად მოვწიე“, – უილშირის სიტყვები „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი