ვილი სანიოლი — მწვრთნელი ჰიტცფელდის ფილოსოფიითა და უხერხული განცხადებებით

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი მარჯვენაფლანგელი მცველი ვილი სანიოლი დაინიშნა, რომლის სამწვრთნელო კარიერაც მხოლოდ ოთხ წელს ითვლის. ფრანგმა ბუცები ლურსმანზე 2009 წელს, 32 წლის ასაკში, ხშირის ტრავმიანობის გამო დაასრულა, თუმცა ფეხბურთში დარჩენა გადაწყვიტა.

სანიოლს “ბაიერნში” თამაშის პერიოდში არაერთ წარმატებულ სპეციალისტთან უმუშავია და გასაკვირი არ არის, რომ მან საკმაოდ სწრაფად აუღო ალღო სამწვრთნელო მუშაობის სპეციფიკას. სანიოლს მოთამაშის კარიერა სულ ოთხი წლის დასრულებული ჰქონდა, როდესაც საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ანდეს. მან ამ პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში, 2013-დან 2014 წლამდე იმუშავა და საკმაოდ წარმატებულადაც. გუნდმა ცხრა მატჩიდან შვიდი გამარჯვებით, ორი კი ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდებით 29-6-ზე. მაშინ სანიოლის განკარგულებაში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც არიან: ანტონი მარსიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლიუკა დინი (“ევერტონი”), ფლორენ ტოვენი (“მარსელი”), ადრიან რაბიო (“იუვენტუსი”), სამიუელ უმტიტი (“ბარსელონა”), იაია სანოგო (“ტულუზა”), ჯეფრი კონდოგბია (“ატლეტიკო”). სანიოლს სათამაშო წყობის ვარირების შესაძლებლობა ეძლეოდა და ხშირად ცვლიდა სქემას 4-4-2-დან ე.წ. “რომბით” – 4-2-3-1.

საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში ვილი სანიოლის წარმატებული შედეგებმა უმალ მიიქცია საფრანგეთის პირველი და მეორე ლიგების კლუბთა ყურადღება. მათ შორის იყო “ბორდოც”, რომელსაც გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის ხილვა სურდა, თუმცა ალტერნატიულ ვარიანტად სწორედ სანიოლის კანდიდატურას მიიჩნევდა.

“ჟირონდელებმა” ახალბედა სპეციალისტს ნდობა გამოუცხადეს და რაც მთავარია, შემდგომი განვითარებისთვის საჭირო რესურსებითაც უზრუნველყვეს.

სანიოლმა “ბორდოში” “ბაიერნის” ყოფილი თავკაცის, ოტმარ ჰიტცფელდის ფილოსოფია მიიტანა:

“მინდა შემტევი გუნდის ხილვა. “ბაიერნში” გავიგე, რომ დიდი შედეგების მისაღწევად მოედანზე თამაშით უნდა ისიამოვნო. ამისთვის კი საჭიროა ბურთის ფლობა და თავისუფლად მოქმედება. ჩემს ფეხბურთელებს, რა თქმა უნდა, ღირსეულად მართებთ თავიანთი საქმის შესრულება, მაგრამ რა აზრი ექნება ამას, თუ მაყურებელი სიამოვნებას ვერ მიიღებს?”

სადებიუტო სეზონის მეორე ტურში სანიოლის” ბორდომ” “მონაკო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა, თუმცა იმ სეზონში “ჟირონდელებს” ასეთი დიდი სხვაობით აღარ მოუგიათ. “ბორდოში” სანიოლის მუშაობის პირველი წელი დადებითად შეფასდა, გუნდმა წინა სეზონის შედეგი გააუმჯობესა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილი დაიკავა.

საზოგადოება შეთანხმდა, რომ ვილი სანიოლისგან კარგი მწვრთნელის დადგომა შესაძლებელი იყო, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა თავადვე შეილახა იმიჯი და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს არა შედეგებით, არამედ თავისი განცხადებებით “მოახერხა”.

“სანამ “ბორდოს” მთავარი მწვრთნელი ვიქნები, აფრიკელ ფეხბურთელებს ნაკლებად შევიძენთ. არ მინდა, რომ ყოველ ორ წელიწადში აფრიკის თასის გამო ნახევარი გუნდი დავკარგო. აფრიკელი მოთამაშეების მთავარი უპირატესობები დაბალი ხელფასი, სიიაფე, მებრძოლი ხასიათი და ფიზიკური ძალაა, მაგრამ ფეხბურთში ტექნიკა, ინტელექტი და დისციპლინაც მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული”, – თქვა სანიოლმა.

ამ განცხადების შემდეგ ფრანგი სპეციალისტი ბევრმა აითვალწუნა, მას რასიზმში დასდეს ბრალი და აფრიკული წარმომავლობის ფეხბურთელები მომდევნო ტურის ბოიკოტირებითაც დაიმუქრნენ.

“ვწუხვარ, თუ ჩემმა სიტყვებმა ან მისმა არასწორად ფორმულირებამ ვინმე შეურაცხყო ან გაანაწყენა. ბოდიშს ვიხდი. მე მხედველობაში მხოლოდ ფეხბურთი მქონდა. ინტელექტის თაობაზე ჩემი სიტყვები მხოლოდ ტაქტიკურ განსწავლულობას ეხებოდა. არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობდი ადამიანების გონებრივი შესაძლებლობების დონეს”, – თავი იმართლა მოგვიანებით სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კიდევ ერთი უხერხული განცხადება მსაჯის მიმართ იყო ნათქვამი, რის გამოც ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა. სანიოლმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ამჯერადაც სცადა თავის მართლება:

“ეს ხუმრობა იყო, რომელიც არასწორად გაიგეს. ის მსაჯის მიმართ ვთქვი, მაგრამ იმ კომენტარში რაიმე სახის რისხვა ან აგრესია არ ჩამიდია. ეს იყო უბრალოდ ვაზელინთან დაკავშირებული სახალისო ამბავი… ხედავთ? თქვენც გეცინებათ. ჩემი აზრით, ამ სიტყვებში საწყენი არაფერია. სადისციპლინო კომიტეტს განმარტებები მივეცი, მაგრამ ჩემს საქმეს მოწყენილი და იუმორს მოკლებული ხალხი განიხილავდა”.

ვილი სანიოლს პოზიტიურად აღარ უყურებდნენ, “ბორდომ” შედეგებიც გააუარესა და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რის შემდეგაც კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. სანიოლს 2015-2016 წლების სეზონი “ბორდოში” აღარ ჩაამთავრებინეს.

ამის შემდეგ ვილი სანიოლს სამუშაოდ აღარ იწვევდნენ, ფრანგმა თავისი სიტყვებით თითქოს კარიერა მოისპო კიდეც. სანიოლი ერთი წელი უსაქმოდ იყო, შემდეგ კი შანსი მისცეს იქ, სადაც უყვართ – მიუნხენის “ბაიერნში”. 2017 წელს ბავარიელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ სანიოლი თანაშემწედ მიიწვია, თუმცა მათი თანამშრომლობა ხანმოკლე აღმოჩნდა. სანიოლის მისვლიდან ორ თვეში იტალიელი სპეციალისტი გაათავისუფლეს, ფრანგმა კი “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ ბავარიელები მასში დიდ პოტენციალს ვერ ხედავდნენ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ რვა დღე გააჩერეს, შემდეგ კი იუპ ჰაინკესი და მისი სამწვრთნელო შტაბი მოიყვანეს. იმ რვა დღეში “ბაიერნმა” სანიოლის” ხელმძღვანელობით ერთი მატჩი ჩაატარა – გუნდმა “ჰერტასთან” ფრედ, 2:2 ითამაშა.

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერაში 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ წყვეტაა. მას შემდეგ ფრანგი ძირითადად საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა. თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კი მწვრთნელ სანიოლს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ეძლევა.

IFFHS: 2014 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა ათეული გამოაქვეყნა.

წლის საკლუბო თავკაცად დასახელებულია მადრიდის “რეალის” დამრიგებელი კარლო ანჩელოტი, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

2014 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა ათეული ასე გამოიყურება:

1. კარლო ანჩელოტი (“რეალი”);
2. დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო”);
3. ხოსეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”);
4. ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”);
5. უნაი ემერი (“სევილია”);
6. მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”);
7. იურგენ კლოპი (“დორტმუნდი”);
8. ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”);
9. რონალდ კუმანი(“ფეინოორდი”/”საუთჰემპტონი”);
10. რუდი გარსია (“რომა”).