საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ განაცხადა, რომ დიდიე დეშამი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს.
“ყატარში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდს დეშამი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება სამ წუთში მივიღეთ. თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი საკმაოდ ძლიერია. არავითარი კამათი არ ყოფილა. არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც გაკეთდა. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც შესანიშნავი უნარები აქვთ. ჩვენს მწვრთნელსაც მშვენიერი უნარები გააჩნია”, – ლე გრეს კომენტარს “ლეკიპი” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი “ლე ბლუს” 2012 წლიდან თავკაცობს. მისი თავკაცობით გუნდმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის, ხოლო 2018 წლის მსოფლოის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვა.
საფრანგეთის ნაკრები ევრო-2020-ს მერვედფინალურ ეტაპზე შვეიცარიის ეროვნულმა გუნდმა გამოთიშა.