ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი დიეგო კოსტა მადრიდის “ატლეტიკოში” ბრუნდება. ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 28 წლის ფორვარდს ამცნო, რომ მასზე გათვლებს აღარ აკეთებს.
“ასის” ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი მადრიდულ კლუბს ამ ზაფხულს შეუერთდება და გუნდთან ერთად მხოლოდ საწვრთნელ პროცესებში მიიღებს მონაწილეობას, მატჩებში კი მომავალი წლის 2 იანვრამდე ვერ ითამაშებს, ვინაიდან “ატლეტიკოს”, როგორც მოგეხსენებათ, სატრანსფერო დისკვალიფიკაცია აქვს.
მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ დიეგო კოსტას ბრაზილიაში ან ჩინეთში გაანათხოვრებდნენ, სადაც სეზონი ნოემბერ-დეკემბერში სრულდება, თუმცა მოგვიანებით ამ იდეის განხორციელებისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, რომ დიეგო კოსტა მადრიდის “ატლეტიკოს” ღირსებას 2007–2009 და 2010–2014 წლებში იცავდა.