დღეს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა, რომლის დაწყების წინ სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია შედგა.
„ეს დღეც დადგა, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე წარმატება ვუსურვო.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მომზადება თბილისში დავიწყეთ, შემდეგ კი სლოვენიაში შეკრება გავიარეთ, სადაც სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ასეთ მომზადებს ხშირად მცირე ხარვეზები ახლავს თან, იმედია, მათ მალე გავასწორებთ.
ხვალ ტრავმების გამო კაკაბაძე და ვოლკოვი არ გვეყოლებიან.დანარჩენი ფეხბურთელები ამჟამად მწყობრში არიან.
აქცენტს არამხოლოდ ხვალინდელ მატჩზე გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის,. შესაბამისად, წინასწარ რამის თქმისგან თავს შევიკავებ.
კონკრეტულად „გაბალაზე“ წარმოადგენა გვაქვს. მოგეხსენებათ, გუნდი სეზონის ბოლოს ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ისინი არაერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ჩაანაცვლა. ვფიქრობ, ეს დაბალანსირებული და ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ახალი შემადგენლობით „გაბალას“ ჩატარებული მატჩების ნახვა ვერ მოვასწარით.
ვცდილობთ, რომ მოთამაშეები ყველა სათამაშო სქემას მოერგონ და ნებისმიერი წყობისთვის მზად იყონ
სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდეა ღია. შესაძლოა, გუნდი ახალი მოთამაშეებით შეივსოს. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.