“ყარაბაღი” სკანდალში: კლუბის პრესსამსახურის უფროსმა სომხების დახოცვის მოწოდება გააკეთა

საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” სკანდალში გაეხვა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო კლუბის პრესსამსახურის უფროს ნურლან იბრაჰიმოვს დროებით ნებისმიერი საფეხბურთო საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 30 წლის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აღნიშნული განცხადების გაკეთების გამო დასაჯა:

“სომხები უნდა დავხოცოთ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყოველგვარი განსხვავების გარეშე. ჩვენ ისინი უნდა დავხოცოთ. არავითარი დანდობა. თუ ამას არ ვიზამთ, ისინი დაგვხოცავენ ჩვენ და ჩვენს შვილებს. ისინი ამას აკეთებენ უკვე 120 წელია”.

მოგვიანებით ნურლან იბრაჰიმოვმა აღნიშნული პოსტი წაშალა, თუმცა სანქციას მაინც ვერ გადაურჩა. “ყარაბაღმა” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბი ემიჯნება იბრაჰიმოვის ამ პოსტს და საკუთარ თანამშრომელს დისციპლინურ პასუხისმგებლობას დააკისრებს. სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია სულაც მოითხოვს, რომ “ყარაბაღი” ევროთასებიდან მოიკვეთოს.

უეფას სადისციპლინო კომიტეტი საქმის არსებით განხილვას უახლოეს დღეებში გამართავს და არ არის გამორიცხული, იბრაჰიმოვი ფეხბურთს სამუდამოდ ჩამოაშოროს.

შეგახსენებთ, რომ “ყარაბაღი” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობს. გუნდმა ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში დამარცხდა: გასვლაზე თელ-ავივის “მაქაბისთან 0:1, შინ “ვილიარეალთან” 1:3. აზერბაიჯანული გუნდი ხუთშაბათს თურქულ “სივასპორს” ესტუმრება.

კახა ჩხეტიანის წინასამატჩო პრესკონფერენცია “კუკესისთან” მატჩამდე

ალბანელთა მასპინძლობაზე: “აქ ყოფნის დროს არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. სასტუმროშიც, სადაც დავბინავდით, პერსონალი კარგად გვემსახურება, რისთვისაც მადლიერების მეტი არაფერი გვეთქმის”.

ვიზებთან დაკავშირებულ პრობლემებზე: “თქვენსავით ჩვენც საფეხბურთო კლუბი ვართ და ჩვენს ფეხბურთელებსაც შეექმნა სავიზო პრობლემები… კლუბი ვართ და არა ორგანიზაცია, რომელიც ვიზებს გასცემს, თანაც ამ ყველაფერს თავისი რეგულაციები გააჩნია… კიდევ ვამბობ, ორი ფეხბურთელი ვიზის პრობლემის გამო ჩვენც ვერ წამოვიყვანეთ, მაგრამ “კუკესს” ვერაფერში დავადანაშაულებთ, რადგან ის არაფერ შუაშია!”

დაფესა და ვლიტერზე: “ორი კვირის წინ გადავგზავნეთ საბუთები… შემდეგ გვითხრეს, რომ იმავე საბუთები ელექტრონულ ფოსტაზე გაგვეგზავნა. მას შემდეგ 3-ჯერ გადავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ვერა და ვერ მივიღეთ – სრული იგნორი მათ მხრიდან!”

ხვალინდელ მატჩზე: “ანგარიში 5:2 მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. პროფესიონალები ვართ და საქმეს პროფესიონალურად უნდა მივუდგეთ. ბევრი მაგალითი გვინახავს, როცა პირველი მატჩი გუნდებს ამაზე დიდი ანგარიშით მოუგიათ, შემდეგ კი – წაუგიათ… ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს, რა მნიშვნელობის მატჩია და ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი გამოვლენ მოედანზე!”

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური გვერდი

“ჩიხურას” “მარიბორთან” ორი ფეხბურთელი არ ეყოლება

ორ აგვისტოს საჩხერის “ჩიხურა” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს სლოვენიის “მარიბორთან” სტუმრად გამართავს.

საგულისხმოა, რომ სოსო ფრუიძეს აღნიშნულ შეხვედრაში ორი მოთამაშე დააკლდება. პირველი მათგანი გუნდის კაპიტანი, შოთა კაშიაა, რომელიც რამდენიმე თვეა, ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს. ასევე, ირაკლი ლექვთაძემ მიიღო ტრავმა თბილისში, “მიხეილ მესხზე” 26 ივლისს ჩატარებულ მატჩში, “მარიბორის” წინააღმდეგ. ამიტომ, იმერლებს ვერც 26 წლის შემტევი ნახევარმცველი დაეხმარება.

გეტყვით, რომ წინა მატჩი ანგარიშით, 0:0 დასრულდა. ხოლო, განმეორებითი შეხვედრა ორ აგვისტოს, თბილისის დროით, 22:15 წუთზე აიღებს სტარტს.

“სამტრედია” ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ყაზახურმა “ტობოლმა” “ორთალიქ სტადიონზე” სამტრედიის “სამტრედია” მიიღო.

მატჩი მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. მე-12 წუთზე ნიკა ვეკვესკირის ეფექტური დრიბლინგის შემდეგ, ბაიურჟან ტურისბეკმა ლამაზი, შორეული დარტყმით აიღო იმერელთა კარი. მეორე ნახევარში, 83-ე წუთზე ასლან დარაბაიევმა კიდევ ერთხელ შეარხია იმერელთა კარის ბადე.

ორი მატჩის ჯამში 3-0 ყაზახთა სასარგებლოდ. შესაბამისად, “სამტრედია” ევროპის ლიგას გამოეთიშა.

კიტეიშვილი: “მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს “დინამო არენაზე” და მხარი დაგვიჭიროს!” (ვიდეო)

დღეს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, ფრედ, 1:1 დასრულდა) თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე “დუნაისკა სტრედას” მიიღებს. პრინციპული დაპირისპირების წინ, დედაქალაქელთა ლიდერმა და კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა.

“ხვალინდელი შეხვედრა არა მარტო “დინამოსთვის”, არამედ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო წლებში ქართულ გუნდებს ევროთასებზე, თუნდაც, ერთი ეტაპის გადალახვა გვიჭირს. ახლა კი გვაქვს შანსი და თან გაგვაჩნია მცირედი უპირატესობა გასვლაზე გატანილი ბურთის წყალობით. მაგრამ ეს რამე განსაკუთრებულს არ ნიშნავს. ურთულესი თამაში გველოდება ხვალ. ვნახეთ წინა მატჩი და იქ დაშვებული შეცდომები ახლა აღარ უნდა გავიმეოროთ. მაყურებელს მოვუწოდებ, რომ მოვიდეს სტადიონზე და მხარი დაგვიჭიროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი გულშემატკივრობა. დიდი მადლობა ფანებს, წინასწარ!,” – ამბობს კიტეიშვილი.

გია ცეცაძე: “ახალი შეკრებილი გუნდი გვყავს, თუმცა ყველა კლუბს აქვს თავისი სიურპრიზი მეტოქისთვის”

19 ივლისს, თბილსისი დროით 17:00 საათზე “სამტრედია” კოსტანაიში “ტობოლთან” ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას (პირველი მატჩი თბილისში, იმერელეთა მარცხით, 0:1 დასრულდა) გამართავს. პრინციპული დაპირისპირების წინ სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა, გია ცეცაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა.

“ფაქტობრივად, უნდა ვთქვათ, რომ ათი დღის შეკრებილი გუნდი გვყავს. ახალი ფეხბურთელები მოვიყვანეთ. ხვალ უფრო იძულებით ცვლილებებს ექნებათ ადგილი. ყველა გუნდს აქვს თავიანთი სიურპრიზი და ეს უშუალოდ თამაშზე გამოჩნდება. მინიმუმ კარგ შეხვედრას ველით და, რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ საჩვენოდ დავასრულოთ ეს მატჩი,” – ამბობს ცეცაძე.

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელშია და “ბეითართან” დაპირისპირებისთვის ემზადება (ფოტოები)

საჩხერის “ჩიხურა” ისრაელში გუშინ ჩაფრინდა. გუნდი სასტუმრო Rimonim Shalom Hotel-ში დაბინავდა. საღამოს გუნდმა ,,ბეითარის” ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო, დღეს წინასამატჩო ვარჯიშს ,,ტედი სტედიუმზე” გამართავს.

 

19 ივლისს, თბილისის დროით 21:45 საათზე საჩხერის “ჩიხურა” ,,ბეითარ ტრამპის” წინააღმდეგ ითამაშებს.
შეგახსენებთ პირველი შეხვედრა თბილისში ,,მიხეილ მესხის” არენაზე 0:0 დასრულდა.

იმერული გუნდი 18 კაციანი შემადგნლობით ესტუმრა ისრაელს: დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, დავით მაისაშვილი,ლევან კაკუბავა, დათო მეგრელიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, მიშა სარდალიშვილი, ირაკლი ლექვთაძე, ირაკლი ბუღრიძე, გიორგი გაბედავა, დემურ ჩიხლაძე, კახა კახაბრიშვილი, გიორგი ბუხაიძე, დავით იონანიძე.

“სამტრედია” ყაზახეთშია და “ტობოლთან” დაპირისპირებისთვის ემზადება

სამტრედიის “სამტრედია” ყაზახეთშია. იმერლები კოსტანაიში დღეს ჩავიდნენ და დღეს, მატჩისწინა ბოლო, ოფიციალურ ვარჯიშს თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავენ.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი (პირველი შეხვედრა ყაზახელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა) კოსტანაიში, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

დაპირისპირების პირდაპირ ტრანსლაციას “სილქ უნივერსალი” უზრუნველყოფს. ტრანსლაციის ბმული “სამტრედიის” ოფიციალურ გვერდზე შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთით ადრე განთავსდება.

“დინამო” – “დუნაისკა სტრედა”: სად და როდიდან შეგიძლიათ ბილეთების შეძენა?

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი, სლოვაკეთში, 1:1) თბილისის “დინამო” “დინამო არენაზე” “დუნაისკა სტრედას” დაუპირისპირდება.

19 ივლისს, 21:00 საათზე ჩანიშნული მატჩისთვის ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს 16 ივლისიდან 19 ივლისამდე, 11:00-19:00 საათების პერიოდში, “დინამო არენის” სალაროებში შეუძლიათ. გასათვალისწინებელია, რომ შეხვედრის დღეს სალაროები თამაშის დაწყებამდე იმუშავებს.

რაც შეეხება ონლაინით ყიდვას, ამისათვის დააჭირეთ აქ. გაფრთხილებთ, რომ აუცილებელია, ამობეჭდილი ბილეთის ქონა.

ევროპის ლიგა: თბილისის “დინამოს” ფრე სლოვაკეთში

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამომ” სლოვაკეთში, “მოლ არენაზე” “დუნაისკა სტრედასთან” ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში ჩვენმა გუნდმა გახსნა. კონკრეტულად, მე-14 წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი. თუმცა, ზუსტად 16 წუთში მასპინძელთა 21 წლის თავდამსხმელმა,  ვაკუნ ისუფ ბაიომ გათანაბრება შეძლო. მეორე ნახევარში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლი აღარ გასულა. შესაბამისად, მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.

განმეორებითი შეხვედრა უკვე თბილისში, “დინამო არენაზე” შედგება. ეს დაპირისპირება 19 ივლისს, 21:00 საათზე გაიმართება.

“სამტრედიამ” ევროპის ლიგის საშინაო შეხვედრაში “ტობოლთან” წააგო

დღეს, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სამტრედიის “სამტრედიამ” ყაზახური “ტობოლი” “მიხეილ მესხზე” მიიღო.

დაძაბული დაპირისპირების პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. ყველაფერი მეორე ტაიმში სტუმართა მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. მეხუთე დამატებულ წუთზე მაქსიმ ფედინმა მოახერხა იმერელთა კარის აღება და თავის გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა შეუქმნა.

აქვე გეტყვით, რომ “სამტრედია” განმეორებით მატჩს ყაზახეთში, “ორთალიქ სტადიონზე” 19 ივლისს თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს.

 

“სამტრედიას”, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოს წინ, ლიდერები ტოვებენ

“სამტრედიას” რიგებს მეკარე, ომარ მიგინეიშვილი და ნახევარმცველი, ბუბა დაუშვილი ოფიციალურად გამოეთიშა.

ფეხბურთელებმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად დღეს დატოვეს.

გუნდი მადლობას უხდის ბუბა დაუშვილს, ყოფილ კაპიტანს და მეკარე ომარ მიგინეიშვილს, რომელიც კლუბის ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. აღნიშნულ ფეხბურთელებს ვუსურვებთ კარიერულ წინსვლასა და წარმატებებს.
Fcsamtredia.Com