„დინამოსთან“ მატჩის გამო „გაბალა“ უეფა-სგან დისკვალიფიკაციას მიიღებს

უეფა აზერბაიჯანულ „გაბალას“ თბილისის „დინამოსთან“ უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში განვითარებული მოვლენების გამო დასჯის. როგორც აზერბაიჯანული პორტალი azerisport.com-ი წერს, უეფა „გაბალას“ სტადიონს დისკვალიფიკაციას დაუწესებს.

აქედან გამომდინარე, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის ჩატარება კლუბს სხვა ქალაქში მოუწევს. ამის გამო „გაბალა“ უკვე ბაქოს „ნეფტჩის“ დაუკავშირდა და „ბაქსელ არენას“ გამოყოფა სთხოვა, რომელზეც აზერბაიჯანული კლუბი 23 ივლისს სერბულ „ჩუკარიჩკისთან“ თამაშს გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „დინამოსთან“ მატჩში ადგილობრივმა გულშემატკივრებმა რამდენიმე ბანერი გაშალეს, რომელზეც რამდენიმე ქართული ქალაქი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიეს. გარდა ამისა, „გაბალას“ ქომაგებმა საქართველოს დროშაც დაწვეს.

“გაბალას” ფეხბურთელებმა “დინამოს” დამარცხებისთვის პრემიები მიიღეს

უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისის” ბარიერის დაძლევისთვის “გაბალას” ფეხბურთელებზე პრემიები გაიცა.

Azerifootball.com-ის თანახმად, აზერბაიჯანული გუნდის ძირითადი შემადგენლობის თითოეულმა ფეხბურთელმა პრემიის სახით 12 ათასი აშშ დოლარი მიიღო. “გაბალას” პრეზიდენტი ტალე ჰეიდაროვი საპასუხო მატჩს დაესწრო და საკუთარი გუნდის თავდადებით კმაყოფილი დარჩა.

წყაროს თანახმად, მომდევნო ეტაპების დაძლევის შემთხვევაში, პრემიის ოდენობა გაიზრდება. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შემთხვევაში კი, “გაბალას” მოთამაშეები აზერბაიჯანული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ოდენობის ბონუსებს მიიღებენ.

 

ალექსანდრე იაშვილი: „უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“

თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა თავდამსხმელმა ალექსანდრე იაშვილმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებთან საუბრისას „გაბალასთან“ ორი მატჩის ჯამში წაგებულ დუელზე ისაუბრა.

– როგორც გამოჩნდა, „გაბალაში“ ფრისთვის ჩახვედით…

– ამას ვერ ვიტყოდი. ჩვენი მიზანი, გოლის არ გაშვება იყო. მატჩის ბოლოს მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით. გული დაგვწყდა, უბრალოდ, სიტყვებს ვერ ვპოულობ…

– ბოლოს რას ელოდით?

– აქ წასაგებად არ ჩავსულვართ. აქამდეც ვთქვი, რომ „დინამოს“ მიზანი ამ ეტაპის დაძლევა იყო. თუმცა საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე შანსი ხელიდან გავუშვით. შევეცადეთ, ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ დაცვაში მყარად ვერ დავდექით

– შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ წითელმა ბარათმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა?

– რა თქმა უნდა, ეს გარდამტეხი მომენტი იყო, უმცირესობაში თამაში რთულია. სამწუხაროდ, უმცირესობაში, როგორც თბილისში, ასევე გაბალაში დავრჩით. თამაშს მეტოქე აკონტროლებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც 10 კაცით დავრჩით, ზეწოლა უფრო გაძლიერდა

– ძალიან გულდაწყვეტილი ჩანხართ, კითხვებზე პასუხის გაცემაც არ გსურთ. წაგებამ ამდენად იმოქმედა?

– არამხოლოდ წავაგეთ, არამედ შემდეგ ეტაპზეც ვერ გავედით

– შეხვედრა ბოლომდე რატომ არ დაასრულეთ?

– ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო. შეცვლებზე პასუხს სწორედ ის აგებს, თანაც, ერთი შეხედვით, ყველაფერი ადვილად ჩანს. მან ჩათვალა, რომ ასე უკეთესი იქნებოდა.

– რას იტყოდით „გაბალას“ გამოსვლაზე?

– უფრო ჩემი გუნდის თამაშზე ვფიქრობდი. ვიცოდით, რომ მეტოქე მოგებაზე ითამაშებდა. მეტოქის რამდენიმე მოთამაშეს ვიცნობდი, რადგან მათ წინააღმდეგ „ინტერში“ ყოფნის პერიოდში ვითამაშე. ჩვენც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. სამწუხაროდ, სასტვენამდე ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ

თემურ ქეცბაია: “პენალტი და ფეხბურთელის გაძევება გადაჭარბებული იყო”

უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრაში ნიქოზიის “ომონიამ” “დინამო ბათუმი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში აღნიშნული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ “დინამო ბათუმმა” პირველი ტაიმი ღირსეულად ჩაატარა, მეორე ნახევარში ჩვენი კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა და ფეხბურთელი გააძევეს მინდვრიდან. ამ ორი მატჩიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “დინამო ბათუმი” ღირსეულად გამოვიდა. გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გასულიყო მომდევნო ეტაპზე, მაგრამ… ეტყობა, რომ “დინამოში” სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და იმედი მაქვს, გუნდი მომდევნო სეზონში უფრო მზად იქნება.
ვფიქრობ, რომ გაძევებამ დიდი როლი ითამაშა ამ შეხვედრაში. ასეთ პირობებში ათი კაცით თამაში ძალიან ძნელია. რომ არა გაძევება, არავინ არ იცოდა, როგორი თამაში წავიდოდა. მსაჯს შეეძლო, პენალტი დაენიშნა და ფეხბურთელი არ გაეძევებინა. შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანი და გაძევება გადაჭარბებული იყო ამ მომენტში”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

 

„ცხინვალი“ – „ბოტოშანი“ (ფოტორეპორტაჟი)

წარმოგიდგენთ „ცხინვალსა“ და რუმინულ „ბოტოშანს“ შორის უეფას ევროპის ლიგისპირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩის ფოტორეპორტაჟს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა „ბოტოშანის“ სასარგებლოდ, ანაგრიშით 3:1 დასრულდა – ორი მატჩის ჯამში რუმინელებმა 4:2 მოიგეს.

მარიამ ნიშნიანიძის სურათები:

კაჭარავა „ბოტოშანთან“ მარცხის შემდეგ: „ამ გამოუცდელ მოთამაშეებს ვერაფერს მოვთხოვთ“

„ცხინვალის“ მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წაგებული მატჩი შეაფასა.

„ცუდი თამაში გამოვიდა. პირველივე წუთიდან ცუდად ვთამაშობდით და შევცდით. მეტოქე კარგი და გამოცდილი გუნდი იყო. ჩვენს კარში გოლები ცენტრალური მცველების შეცდომებს მოჰყვა.

ამ წაგების გამო ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. უფრო მეტი პროგრესი გვჭირდება, ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ამაშია. ამ ახალგაზრდა, გამოუცდელ მოთამაშეებს ასეთ დოენზე მეტს ვერ მოვთხოვთ. მთავარია, ეს გუნდი შენარჩუნდეს და მას განვითარების საშუალება ჰქონდეს.

ვიცოდით, რამდენად ძლიერ გუნდს შევხვდით. „ბოტოშანი“ შეთამაშებული და დაბალანსირებული კოლექტივია. უნდა გავაანალიზოთ, თუ რატომ დავმარცხდით. თუ საქართველოს ჩემპიოანტში შეცდომას გვპატიობენ, აქ იგივე ვერ განმეორდება.

ზოგმა ფეხბურთელმა გულშემატკვირების ამ რაოდენობის წინააღმდეგ მხოლოდ პრიველად ითამაშა. ჩემპიონატში ჩვენს მატჩებზე, ძირითადად, მოთამაშეთა ნათესავები დადიან.

მსაჯის მუშაობაზე საუბარი არ მსურს, ზოგადად, ამ თემაზე კომენტარისგან ყოველთვის თავს ვიკავებ“, – განაცხადა კაჭარავამ.

ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა (ვიდეო)

დასრულდა უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიქოზიის “ომონიასა” და “დინამო ბათუმს” შორის მატჩი. შეხვედრა ანგარიშით 2:0 დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე კვიპროსელები ითამაშებენ. პირველი შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში მდებარე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ბათუმელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს და განმეორებით მატჩამდე მცირე უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მისი შენარჩუნება ვერ შეძლეს.

კვიპროსელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ორივე ბურთი მატჩის მეორე ტაიმში გავიდა: 56-ე წუთზე ბათუმელთა მცველმა ბადრი ტეტუნაშვილმა მასპინძელთა ფეხბურთელის ანდრე შემბრის წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმო მოედანზე თამაშის წესი დაარღვია, რის გამოც მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა “დინამოს” მოთამაშეს კი პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი ეროლ გულონმა დაარტა, ბურთი ბათუმელთა კიპერმა მიხეილ ალავიძემ ფეხებით მოიგერია, თუმცა დამატებაზე იმავე გულონმა ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.

მეორე გოლი ანდრე შემბრიმ 61-ე წუთზე ახლო მანძილიდან დარტყმით გაიტანა და ამით ორი მატჩის ჯამში უპირატესობა “ომონიას” მხარეს გადავიდა.

ამის შემდეგ “ომონიას” კიდევ რამდენჯერმე მიეცა გოლის გატანის შანსი, თუმცა ხან მეკარე იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხან შემტევები სცოდავდნენ ბოლო ფაზაში, ერთხელ ბურთი ძელსაც მოხვდა.

ამრიგად, დანარჩენი ქართული გუნდების მსგავსად, ევროპის ლიგას “დინამო ბათუმიც” გამოეთიშა.

“ომონია” მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ “იაგელონიასა” და ლიტვურ “კრუოიას” შორის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება, შეგახსენებთ, რომ “იაგელონიას” ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე იცავს.

ევროპის ლიგა
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
“ომონია” (ნიქოზია) — “დინამო ბათუმი” 2:0 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 2:1)

“ომონია”: პანაი, ლობჟანიძე, რუნიე, გულონი, კრიშტოვაუ, ნუნუ ასიში (პერესი 88′), ეკონომიდესი, მარგასა, კირმი (ფოფანა 46′), შერიდანი, შემბრი (ვინსენტი 79′).
მთავარი მწვრთნელი: კოსტას კაიაფასი.

“დინამო ბათუმი”: ალავიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, სუხიაშვილი, ქავთარაძე (ჩირიკაშვილი 80′), გოგიტიძე, შონია, ფონიავა (ვარშანიძე 54′), ბერიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ქორიძე 59′).
მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი.

გოლები: გულონი 56′ (1:0), შემბრი 61′ (2:0).
გაფრთხილებები: ბერიაშვილი 27′, გაბედავა 29′, გოგიტიძე 53′.
გაძევება: ტეტუნაშვილი 55′.
მთავარი მსაჯი: ფაბიუ ვერიშიმუ (პორტუგალია).

გია გეგუჩაძე: “გაბალასთან” ძალიან რთული დაპირისპირება გველის”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.

“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.

მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

„ბოტოშანის“ თავკაცი: „ცხინვალთან“ ფრე სენსაცია არ ყოფილა“

როგორც მოგახსენეთ, „ცხინვალსა“ და რუმინულ „ბოტოშანს“ შორის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ორივე გუნდის თავკაცის პრესკონფერენცია შედგა. წარმოგიდგენთ სტუმართა მთავარი მწვრთნელის ლეონტინ გროზავუს კომენტარს.

„პირველ რიგში, ყველას მოგესალმებით. მიხარია, რომ საქართველოში ვარ. კარგია, თუ ანალოგიურად კარგად თავი რუმინეთში ჩვენმა სტუმრებმაც იგრძნეს.

„ცხინვალი“ კარგი გუნდია. წინ საინტერესო თამაში გველის, რომლის მოსაგებად მზად ვართ. ანგარიში 1:1 მეტოქეს აძლევს უპირატესობას. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, შევეცდებით, ხვალ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიოთ. იმედია, მატჩს ბევრი გამოყურებელი დაესწრება.

რამდენიმე მოთამაშეს ჯანმრთელობის მცირე პრობლემა აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ხვალისთვის ყველა მზად იქნება. იმედია, მწყობრში ვიქნებით და იპტიმალური შემადგენლობით გამოვალთ.

პირველი მატჩი სენსაციურად ნამდვილად არ დასრულებულა. ევროთსებზე სუსტი გუნდები არ გადიან და აქ დიდი ანგარიშით მოგება ურთულესია.

უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე სეზონს ვატარებთ. რუმინეთში ახლა ფინანსური კრიზისია და ამის გამო საფეხბურთო კლუბებიც ზარალდებიან, რომლებიც სათანადოდ არ ფინანსდებიან. ვცდილობ, არსებული რესურსი მაქსიმალი სარგებლით გამოვიყენოთ. მოგების შემთხვევაში, ბონუსები გათვლილი არ გვაქვს“, – განაცხადა რუმინული კლუბის დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალი“ – „ბოტოშანის“ შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.

ცხინვალი“ - „ბოტოშანი“ ღია ვარჯიში_59564

„ცხინვალის“ თამაშიდან შემოსული თანხა დაზარალებულ მოსახლეობას მოხმარდება

მოგეხსენებათ, ხვალ „ცხინვალი“ რუმინულ „ბოტოშანთან“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ჩაატარებს. დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართა. წარმოგიდგენთ „ცხინვალის“ თავკაცის კახა კაჭარავას კომენტარს.

„პირველ რიგში, დიდ მადლობას ვუხდი ბიჭებს, ისინი მაქსიმუმისთვის ყველაფერს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას ვფლობთ, პირველ ნომრად თამაშს ვაპირებთ.

გულშემატკივარს მატჩზე დასწრება უფასოდ შეუძლია, თუმცა კლუბს ინიციატივა აქვს – ხალხს ფულის გადახდა შეეძლება, შემოსულ თანხას კი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მოვახმართ“, – განაცხადა კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ „ცხინვალსა“ და „ბოტოშანს“ შორის რუმინეთში პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ხვალინდელი შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.

დინამო თბილისის განცხადება

პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცხყოფას. თუმცა შსს გულშემატკივართა შორის ფიზიკურ დაპირისპირებას არ ადასტურებს.

ინფორმაციის თანახმად მოვლენები დინამო არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად – დინამო თბილისი, როგორც ორგანიზატორი მხარე ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქრისრეთ თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს დინამოს ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ – წარსულს, აწმყოსა და მომავალს.

fcdinamo.ge

ქართველები დახუნძლულმა “ულისმა” მალტაზე ვერ მოიგო

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერევნის “ულისმა” მალტაზე ადგილობრივ “ბირკირკარას” ვერ სძლია. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.

სომხური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ გელა ხუბუა და ირაკლი გეფერიძე. პირველი წუთებიდან ითამაშეს ჯარკავა, ჭეჟიამ, ფილიევმა და ხურციძემ, რომელბიც საქართველოში არიან დაბადებულები, თუმცა რუსეთის პასპორტი აქვთ. თადარიგში იყო და მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია ზამირ ჯანაშიას.

განმეორებით შეხვედრას ერევანი 9 ივლისს უმასპინძლებს.