მოდრიჩი “ინტერში” გადასვლას დასთანხმდა

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მილანის “ინტერს” სულ უფრო უახლოვდება.

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ ხორვატი ფეხბურთელი “ნერაძურიში” გადასვლას დასთანხმდა. წყაროს თანახმად, იტალიური კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოდრიჩის მეუღლესა და აგენტს. მხარეებმა ტრანსფერის დეტალები განიხილეს.

როგორც მოგეხსენებათ, მილანის “ინტერში” სერიოზულმა ხორვატულმა დიასპორამ მოიყარა თავი. გუნდში ივან პერიშიჩსა და მარცელო ბროზოვიჩს შიმე ვრსალკო დაემატა და მოდრიჩის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, “ნერაძურის” ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე ეყოლება.

ლუკა მოდრიჩსა და “რეალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2020 წლამდე აქვს. “სამეფო კლუბს” ხორვატი ნახევარმცველის დათმობა არ სურს.

შესაძლო ტრანსფერის კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ფინანსური ფეარ-პლეი გახლავთ. “ინტერმა” მიმდინარე ზაფხულს რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი უკვე განახორციელა.

„ინტერი“ ალექსის სანჩესის შეძენაზე ფიქრობს

მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს აგრძელებს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი მთავარი სამიზნე კატალონიის „ბარსენალონას“ შემტევი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ნერაძური“ ჩილელი ფეხბურთელი შეძენას ჯერ კიდევ მისი „უდინეზეში“ ყოფნის პერიოდში ცდილობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამხრეთ ამერიკელი მაშინ „ბარსაში“ გადაბარგდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ „ატალანტას“ დაუზავდა

იტალიის სერია A-ს X ტური ბერგამოშ დაიწყო, სადაც ადგილობრივმა „ატალანტამ“ „ინტერს“ უმასპინძლა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მე-16 წუთზე ანგარიში რიკი ალვარესმა გახსნა, თუმცა ცხრა წუთში წონასწორობა ჰერმან დენისმა აღადგინა.

„ატალანტა“ – „ინტერი“ 1:1
გოლები: დენისი 25′ – ალვარესი 16′

„ატალანტა“: კონსილი, ბრივო, სტენდარდო, იეპესი, კანინი, რაიმონდი, ჩიგარინი (ბაზელი 74′), კარმონა, მორალესი (მილიაჩ 81′), დენისი, ლივაია (მარილუნგო 65′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი (კარისო 46′), როლანდუ, სამუელი, ჟუან ჟეზუსი, ჯონათანი (ტაიდერი 86′), გუარინი (იკარდი 66′), კამბიასო, კოვაჩიჩი, ნაგატომო, ალვარესი, პალასიო

გაფრთხილებები: სტენდარდო, კანინი, მილიაჩო – სამუელი

ალექსანდრე მატევოსოვი

ჩაო, პრეზიდენტე!

გასულ კვირას, მასიმო მორატიმ მილანის „ინტერის“ აქციათა დიდი ნაწილი ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ თოჰირს ოფიციალურად მიჰყიდა, რითაც 1995 წლის თებერვალში დაწყებული ერა დასრულდა. ვინ არის ერიკ თოჰირი და როგორ „ინტერს“ უნდა ველოდოთ მისი მმართველობის დროს? იქნება ის კლუბისთვის ზედგამოჭრილი ფიგურა? თუ ეს უბრალოდ ბიზნესია? „ინტერის“ ტიფოზებს, წესით, მრავალი კითხვა უნდა აწუხებდეთ.

ეკონომიკური თვალსაზრისით ერიკ თოჰირს ნამდვილად შეუძლია, კლუბს რეალური გარანტიები მისცეს, რასაც მორატი „ნერიაძურისა“ და მის ქომაგებს, ალბათ, ვეღარ
დაჰპირდებოდა. ინდონეზიელი მაგნატი, ოჯახთან ერთად, არის მფლობელი Astra International-ისა (სპეციალიზდება ავტომობილების წარმოებაში, სამთო საქმიანობაში, ფინანსურ მომსახურებაში, სოფლის მეურბეობაში, ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო საქმიანობაში), რომლის ბრუნვაც, 2012 წლის შედეგების მიხედვით, 12 მილიარდ ევროს შეადგენს, მოგება კი _ 1,38 მილიარდ ევროს. თოჰირი ასევე ფლობს ორგანიზაციას „Mahaka Media“, რომელიც ეწევა საგამომცემლო და სატელეკომუნიკაციო საქმიანობას.

სიმდიდრე:

მილიარდელი არა მხოლოდ ფეხბურთით არის გატაცებული, არამედ კალათბურთითაც. ის ფლობს NBA-ს კლუბ „Philadelphia 76ers“-ის აქციათა 15 პროცენტს, ასევე არის სამშობლოში ორი კლუბის თანამფლობელი – „Satria Muda BritAma Jakarta“ და „Indonesia Warriors“. გარდა ამისა, თოჰირი გახლავთ ინდონეზიისა და სამხრეთ-დასავლეთ აზიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. 50 მილიონი დოლარი გამოჰყო საფეხბურთო კლუბ  „დისი იუნაიტედის“ განვითარებისთვის.

მორატი:

ვერავინ იტყვის იმას, რომ მორატის ფული არ აქვს. რატომ დათმო მან „ინტერის“ მფლობელის სავარძელი? იქნებ მასში ფეხბურთი აღარ იწვევს ვნებას? ვნებას, რომელსაც „ინტერის“ ქომაგები გუნდის წარმატებისთვის არ იშურებდნენ.

მორატის შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კლუბის ტიფოზებთან, ის ღირსეულად ატარებდა „შავ-ლურჯთა“ მფლობელის სახელს. მიუხედავად იმისა, რომ მორატის ხშირად აკრიტიკებდნენ ფულის უაზროდ ხარჯვაში, ის „ინტერის“ ქომაგებს უყვარდათ, რადგან კლუბის პრეზიდენტი წარმატებისკენ სავალ გზაზე გულით მოქმედებდა და არა – ჭკუით.

წარმატებები:

1995 წლის თებერვლიდან, „ინტერის“ პრეზიდენტად მასიმო მორატის გახდომიდან, კლუბმა 16 ტიტული მოიგო: 5-ჯერ სკუდეტო, 4-ჯერ ქვეყნის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, უეფას თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ყველაზე მთავარი – უეფას ჩემპიონთა ლიგა.

აი, რა განაცხადა „ინტერის“ ახალმა მფლობელმა თავის ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში: „მოხარული ვარ, რომ მორატიმ „ინტერის“ მართვა მანდო. მოხარული ვარ, რომ ის მომავალში ჩემი პარტნიორი იქნება“.

ეს სიტყვები კი თავად მორატის ეკუთვნის: „კმაყოფილი ვარ. მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა მგონია, რომ ყველანი კმაყოფილები დარჩნენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ყოველთვის არ არის სასიამოვნო, როდესაც რაღაც იცვლება. არ ვთვლი, რომ ცხოვრების ახალ რიტმს უნდა მოვერგო. ერთის მხრივ, აშკარაა კლუბის მიმართ ჩემი სიყვარული, მეორეს მხრივ – ნუგეშია, რომ  კლუბი საიმედო ხელშია. ამაში დარწმუნებული ვარ“.

ბექა დოგრაშვილი

პალასიომ ტრავმა მიიღო

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა როდრიგო პალასიომ არგენტინის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

აქედან გამომდინარე, 31 წლის მოთამაშე ურუგვაის წინაამღდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გამოტოვებს.

როგორც ცნობილია, როდრიგოს „ნერაძურის“რიგებში დაბრუნების უფლება უკვე მისცეს. უახლოეს საათებში, სამხრეთ ამერიკელი მილანში დაბრუნდება, სადაც მკურნალობას დაიწყებს.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურა პსჟ-ს დატოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას მოურას გაყიდვას აპირებს. ფეხბურთელი, რომელიც პარიზში მიმდინარე წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადაბარგდა, ჯერჯერობით საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონს ვერაფრით დაეხმარა.

მოურას სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმების ალბათობას პსჟ-დან ლეონარდოს წასვლა ზრდის. მოგეხსენებათ, ლუკასის პარიზულ კლუბში ტრანსფერი სწორედ მისი წყალობით განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელის შეძენის დიდი სურვილი მილანის „ინტერის“ მენეჯერებს აქვთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერმა“ „ფიორენტინა” დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრა „სან-სიროზე“ გაიმართა, სადაც „ინტერმა“ „ფიორენტინა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დაამარცხა – მაცარის შეგირდებმა 2:1 იმარჯვეს.

ანგარიში მხოლოდ შეხვედრის მე-60 წუთზე, ჯუზეპე როსის მიერ გატანილი გოლის შემდეგ გაიხსნა. მასპინძლებმა წონასწორობა 12 წუთში აღადგინეს, გოლი კი თავის ანგარიშზე ესტებან კამბიასომ ჩაიწერა. მოგება ,,ნერაძურის“ ჯონათანმა მოუტანა, რომელმაც ნეტოს კარის აღება 83-ე წუთზე მოახერხა.

„ინტერი“ – „ფიორენტინა“ 2:1
გოლები: კამბიასო 72′, ჯონათანი 83′ – როსი 60′

„ინტერი“: ხანდანოვიჩი, კამპანიარო, ჟონათანი (პერეირა 85′), რანოკია, ჟანი, ნაგატომო, ალვარესი, გუარინი (იკარდი 66′), კამბიასო, ტაიდერი (კოვაჩიჩი 61′), პალასიო

„ფიორენტინა“: ნეტო, სავიჩი, როდრიგესი, პასკუალი (ალონსო 40′), ტომოვიჩი, აკვილანი (ვესინო 78′), ფერნანდესი, ხოაკინი, ვალერო, ამბროზინი, როსი (ოლიჩიჩი 69′)

გაფრთხილებები: ჟუანი, ნაგატომო, კამპანიარო – ამბროზინი

შედეგად, 2:1 და ამ გამარჯვებით „ინტერი“ ქულების რაოდენობით ერთდროულად ორ გუნდს – „იუვენტუსსა“ და „ნაპოლის“ გაუთანაბრდა, რომელთა აქტივშიც ამჟამად 13 ქულაა.