„გურია“ დაშლის პირასაა

ლანჩხუთის „გურიას“ ფეხბურთელები კლუბის ხელმძღვანელობისგან ხუთთვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ. გუნდი დღეს ეროვნული ჩემპიონატის XIV ტურში ბოლნისის „სიონთან“ მატჩში მოედანზე გასვლასაც არ აპირებდა, თუმცა გულშემატკივრების თხოვნით შეხვედრა მაინც ჩატარდა. მატჩი ლანჩხუთელებმა ანგარიშით 1:2 დათმეს. „გურიას“ ფეხბურთელები ამბობენ, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა მომდევნო ტურამდე დავალიანებას არ დაფარავს, გუნდი „დინამო თბილისის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და იმედია, გადმოგვხედავს ვინმე. არ შეიძლება ასე. გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, მხოლოდ ეს ხალხი გვიდგას გვერდში“, – აღნიშნა „გურიას“ ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ.

„ლანჩხუთის „გურია“ არის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. აქედან გამომდინარე, ლანჩუთის ხელისუფლება, გამგეობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „გურია“ არ დაიშალოს და ფეხბურთელებს დავალიანება დაუფაროს. პრობლემები არის, მაგრამ ყველაფერი მოგვარებული იქნება“, – განაცხადა „გურიას“ დირექტორმა კობა მირზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კლუბს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე პოზიცია აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი