ბუფონი: „ტოტი უკვდავია“

ტურინის „იუვენტუსის“ კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ „რომას“ თავდამსხმელ ფრანჩესკო ტოტის ყოლას ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა. იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არ არის გამორიცხული, ტოტიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილ ორ მატჩში ითამაშოს: 11 ოქტომბერს იტალიელები დანიაში ითამაშებენ, 15 ოქტომბერს კი სომხებს უმასპინძლებენ.

„ტოტი უკვდავი მოთამაშეა. ის შესანიშნავ ფორმაშია და შეუძლია, გუნდს დიდი სარგებელი მოუტანოს. ტოტი არის იმის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ჩემპიონი“, – ბუფონის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ოფიციალურად: ტოტიმ ”რომასთან” კონტრაქტი გაახანგძლივა

”რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ ”ჯალოროსისთან” ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2016 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს. დედაქალაქელთა ათიანმა განაცხადა, რომ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებით იგი ძალიან ბედნიერია.

ცნობისთვის, ფრანჩესკოს წინა კონტრაქტი 2014 წლამდე მოქმედებდა.

”რომა” მაღალ დონეზე თამაშს გააგრძელებს, რაშიც დარწმუნებული ვარ. სეზონი კარგად დავიწყეთ, შემადგენლობა შეთამაშებულია, გუნდს რუდი გარსიას სახით ჩინებული მწვრთვნელი ჰყავს, მას ჩვენი შესრულებით ლამაზი თამაშის ნახვა სურს. სიმართლე რომ გითხრათ, პიოლას რეკორდზე არც კი ვფიქრობ. ჩემი მიზანი – კარგი თამაშის ჩვენება და ”რომასთან” ერთად ტიტულების მოპოვებაა. მესმის, რომ პიოლას რეკორდის გაუმჯობესება თითქმის შეუძლებელია. თუ ეს გამომივა, მაშინ, ძალიან ბედნიერი ვიქნები, მაგრამ კარიერის დარჩენილი ნაწილისთვის პირველ რიგში სხვა მიზნები მაქვს”, – განაცხადა ტოტიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: „მინდა, რომ ტოტისთან ერთად რაღაც მოვიგო“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ უცხოელი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კლუბის ლეგენდარული კაპიტნის – ფრანჩესკო ტოტის მიმართ ქება-დიდება არ დაიშურა.

„ფრანჩესკო არა მხოლოდ დიდი მოთამაშე, არამედ მოედნის მიღმაც შესანიშნავი პიროვნება. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მინდა, რომ მასთან ერთად რაღაც მოვიგო“, – აღნიშნა გარსიამ.

რამდენიმე დღის წინათ გაუწყებდით, რომ „რომამ“ ტოტის ახალი კონტრაქტი შესთავაზა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებას ხელი სექტემბრის ბოლოს მოეწერება. 36 წლის ფეხბურთელი „რომას“ ღირსებას 1992 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში გუნდში თითქმის 700 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

ტოტის სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს

„რომას“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ თვის ბოლომდე დედაქალაქურ კლუბთან ახალ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი. „სპორტ მედიასეტის“ ინფორმაციით, რომაელებს თავდაპირველად სურდათ, რომ 36 წლის ფეხბურთელთან 12-თვიანი ხელშეკრულება გაეფორმებინათ, თუმცა შემდეგ გადაწყდა, რომ ტოტი „მგლებთან“ კონტრაქტს 2016 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებს. ფეხბურთელის წლიური ჯამაგირი 3,5 მილიონი ევრო იქნება. შეგახსენებთ, რომ ტოტის „რომასთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2014 წლის ივნისში ეწურება.

იმავე წყაროს ცნობით, კარიერის დასრულების შემდეგ ტოტის კლუბის ელჩის პოსტს შესთავაზებენ.

ბექა დოგრაშვილი