“ფულემმა” ფელიქს მაგათი დაითხოვა

ინგლისური “ფულემის” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფელიქს მაგათი გაათავისუფლა.

ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა ლონდონური კლუბი გასული სეზონის მეორე ნახევარში ჩაიბარა, თუმცა გუნდი პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. მაგათის მიერ დამოძღვრილმა “ფულემმა” ჩემპიონშიფიც წარუმატებლად დაიწყო — 7 მატჩიდან 6 მარცხით დაასრულა, 1 შეხვედრაში კი ფრეს მიაღწია. გუნდი ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

“ფულემს” დროებით კიტ საიმონსი უთავკაცებს, რომელიც მანამდე კლუბის 21 წლამდელთა შემადგენლობას ხელმძღვანელობდა.

 

ოფიციალურად: „ფულემის“ თავკაცად ფელიქს მაგათი დაინიშნა

ცნობილი გერმანელი სპეციალისტი ფელიქს მაგათი ლონდონის „ფულემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ჰოლანდიელი რენე მიოლენსტენი შეცვალა.

მხარეებს შორის 18-თვიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კარიერის განმავლობაში მაგათს ისეთ კლუბებში უმუშავია, როგორებიცაა მიუნხენის „ბაიერნი“, ბრემენის „ვერდერი“, „ჰამბურგი“ და „ვოლფსბურგი“. სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო გერმანიის თასი. საინტერესოა, რომ მაგათი ინგლისის პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში პირველი გერმანელი მწვრთნელი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ „ფულემს“ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული. 27-ე ტურში ლონდონური კლუბი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონს“ ესტუმრება.

ბექა დოგრაშვილი

„ლივერპულმა“ „ფულემი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში „ფულემსა“ და „ლივერპულს“ შორის გამართული მატჩი დრამატულად წარიმართა და მერსისაიდული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, როდესაც „წითლების“ მცველმა კოლო ტურემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 41-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: სტივენ ჯერარდმა მოედნის ცენტრიდან გენიალური პასი გაუკეთა დანიელ სტარიჯს, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშიც გაათანაბრა. მატჩის 63-ე წუთზე მასპინძლები კვლავ დაწინაურდნენ. მარტინ შკრტელისა და ჯონ ფლანაგანის შეუთანხმებელი თამაშით კირან რიჩარდსონმა ისარგებლა და ლონდონელები დააწინაურა. 72-ე წუთზე „ლივერპულის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ანგარიში კვლავ გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კი ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 3:2.

მეოთხეადგილოსანმა „ლივერპულმა“ 53 ქულას მოუყარა თავი, ბოლოადგილოსან „ფულემს“ კი 20 ქულა დარჩა.

ინგლისის პრემიერლიგა
26-ე ტური
„ფულემი“—„ლივერპული“ 2:3 (1:1)

გოლები: ტურე 8′ (ა.გ.), რიჩარდსონი 63′ — სტარიჯი 41′, კოუტინიო 72′, ჯერარდი 90+1′ (პენ).
გაფრთხილებები: კვისტი 9′, რიტერი 50′, რიჩარდსონი 64′, ჰეიტინგა 90+1′ —კოუტინიო 56′, ჰენდერსონი 77′, ჯერარდი 90+2′.

მოიესი: „გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ…“

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვერც ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში, „ფულემთან“ გამართულ საშინაო მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მე-19 წუთზე ანგარიში სტუმართა ნახევარმცველმა სტივ სიდუელმა გახსნა. მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 78-ე წუთზე მოახერხეს, გატანილი გოლით თავი რობინ ვან პერსიმ გამოიჩინა. ორ წუთში მაიკლ კერიკმა „წითელი ეშმაკები“ სულაც წინ გაიყვანა, მაგრამ მატჩის კომპენსირებულ დროში დარენ ბენტმა მაინც მოახერხა ლონდონელებისთვის ქულის გადარჩენა. ამრიგად, „იუნაიტედმა“ შინ ვერც გათამაშების ბოლოადგილოსანს ვერ მოუგო.

მატჩის შემდეგ „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

„უნდა გაგვემარჯვა, მაგრამ რამდენიმე შეცდომის გამო სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მთელი მატჩის განმავლობაში დაცვითი ფუნქციების შესრულება მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ მოგვიწია. ასეთებიც ხდება ხოლმე.

ჩემმა გუნდმა მოსაგებად ყველაფერი გააკეთა, მაგრამ ბოლო მომენტში გადამწყვეტი დარტყმა გვაკლდა. ჩვენ დავიმსახურეთ მოგება, დავიმსახურეთ სამი ქულა“, – ციტირებს მოიესის სიტყვებს „სქაი სპორტსი“.

ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედს“ 41 ქულით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული. „ფულემმა“ კი ჰაერივით საჭირო ქულა მოიპოვა, თუმცა 20 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე დარჩა.

აქვე გთავაზობთ მატჩის ვიდეომიმოხილვას.

 

ბექა დოგრაშვილი

„ფულემმა“ მარტინ იოლი გაათავისუფლა

„ფულემის“ ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარტინ იოლი გაათავისუფლა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ინგლისის პრემიერლიგის XIII ტურში „ვესტ ჰემსა“ და „ფულემს“ შორის გამართული მატჩის (3:0) შემდეგ მიიღეს.

კლუბის მფლობელ შაჰიდ ხანის სიტყვები „ფულემის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქყვეყნდა:

„დღეს მარტინს ვესაუბრე და კლუბში გაწეული სამწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადე.
ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ის შესანიშნავი მწვრთნელია და ჩემგანაც დიდ პატივისცემას იმსახურებს ერთგულებისთვის, თუმცა ისიც უდაოა, რომ ჩვენს გუნდს მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგები აქვს. „ფულემის“ ქომაგები მეტს იმსახურებენ. სეზონის ნახევარზე მეტი წინაა და სწრაფი ცვლილებები აუცილებელი იყო“.

იოლი „ფულემის“ თავკაცის პოსტზე 2011 წლიდან მუშაობდა. გუნდმა გასული სეზონი მე-12 პოზიციაზე დაამთავრა.

„ფულემს“ ამჟამად პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილი აქვს დაკავებული.

გუნდის თავკაცის მოვალებას რენე მიოლენსტენი შეასრულებს.

ბექა დოგრაშვილი