მადრიდის “რეალის” უელსელმა ფეხბურთელმა გარეტ ბეილმა მიუნხენის “ბაიერნთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბმა” ბრწყინვალედ ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, “ალიანს არენაზე”, “ბაიერნი” “რეალთან” ანგარიშით 0:4 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში 5:0 გამარჯვების შემდეგ, გათამაშების ფინალში ესპანური გრანდი გავიდა.
“ბრწყინვალედ ვითამაშეთ. ტაქტიკურად და ფიზიკურად მშვენივრად ვიყავით მომზადებულნი, მწვრთნელის დავალებები სწორად შევასრულეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. გუნდში ძალიან სწრაფი ფეხბურთელები გვყავს, ამიტომ მეტოქე გუნდის მოთამაშეები ჩვენს კონტრ-შეტევებს ვერ უმკლავდებოდნენ. ბოლომდე დავიხარჯეთ, ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოგვეგო. ასეთ დიდ კლუბში სათამაშოდ ამიტომ გადმოვედი. მინდა, “რეალთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგო”, – ამბობს ბეილი.
დიტო ჭიჭინაძე