გეგუჩაძე: “ტაში ჯერ ნაადრევია”

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, აზერბაიჯანული “გაბალას” ანგარიშით 2:1 დამარცხების შემდეგ, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“ტაში ჯერ ნაადრევია. ბიჭები მეც შევაქე. მომდევნო ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ. ის, რომ ათი კაცით ორი გოლი გავიტანეთ, ჩვენს ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. შედეგზე გარკვეული გავლენა იაშვილის შემოსვლამაც იქონია. ჯერ უცნობია, რამდენად რთული ტრავმა მიიღო ცინცაძემ. იგივე მიზეზით მანამდე მოედანი ჭანტურიშვილმა დატოვა.

სჯობს, მსაჯზე არ ვისაუბრო და ეს საკითხი ჟურნალისტებს მივანდო. რამდენიმე მომენტში ზონების გადაკეტვა ვერ მოვახერხეთ. დადებითი მომენტებიც იყო, პირველ ტაიმში უპირატესობას ვფლობდით. მეტოქე მაღალი დონის იყო და მას გარჯა არ უნდა დავუკარგოთ. უფრო ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ მეტოქემ კარგად ვერ ითამაშა. ცუდია, რომ სახლში გოლი გავუშვით. არ ვიცი, ეს გოლი ორმატჩიან შედეგზე როგორ იმოქმედებს.”

რომან ფიფია: “დინამოში“ 50 მილიონზე მეტი დავხარჯე”

“დინამო-არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გია გეგუჩაძის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს თბილისური კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ უპასუხა.

რომან ფიფია: “გეგუჩაძემ „დინამო“ 10 წის წინ დატოვა და დღეს დადგა ის დრო, როცა გიამ “დინამო” კვლავ უნდა ჩაიბაროს. არა მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულა. „დინამოს“ სჭირდება პროგრესი და სტაბილურობა. ჩვენ კლუბს დღეს აქვს ყველანაირი პირობა და დარწმუნებული ვარ, რომ გეგუჩაძესთან ერთად კლუბში სტაბილურობა მოვა. ერთი წელი ძალიან დიდი დროა და ამ პერიოდის ჩაგდების უფლება არც გეგუჩაძეს, არც გოგიჩაიშვილს და არც ფიფიას აქვთ. გიასთან 2 წლიანი კონტრაქტი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელებით ქვეყნის გახარებას შევძლებთ. ხვალინდელი დღე არის ახალგაზრდების და ეს ახალი არ არის.

სეზონის სტარტზე გოგიჩაიშვილის დანიშვნა იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ პროგრესი არ იყო. სამ წელს მე არავინ არ მაძლევს და შესაბამისად ვერც მე მივცემ ვერავის ამდენ დროს. „დინამომ“ თასისთვის უნდა იბრძოლოს და როდესაც დავინახე რომ გუნდს ამის მიღწევა არ შეუძლია, მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება.

ლეგიონერები, რომლებიც დღეს ჩვენს კლუბში ირიცხებიან, მათი სამომავლო გუნდში ყოფნა კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ვეცდებით, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები აღარ განმეორდება.

გია გეგუჩაძეს საკმაოდ შეცვლილი „დინამო“ დახვდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მოთხოვნები ერთმანეთს ემთხვევა. მიზანი კარგი, ბრძოლისუნარიანი გუნდის შემქნაა. შესაძლოა, ეს სწრაფად ვერ მოხდეს, მაგრამ 2-3 წელიწაწდში ეს სავსებით შესაძლებელია. ამავდროულად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ჩემპიონატში უმაღლესი მიზნებისთვის არ უნდა ვიბრძოლოთ.

ვეცდებით, რომ სელექციაში შეცდომები არ დავუშვათ და ვათამაშოთ ის საინტერესო ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენი ფეხბურთის ხვალინდელ დღეს წარმოადგენენ. „დინამოში“ პირადად მე 50 მილიონზე მეტი დავხარჯე და ეს არ არის არანაირი ვალი. დეზინფორმაციამ ფედერაციიდან გამოჟონა და ზოგმა ჟურნალისტმა ეს გაასაჯაროვა.

ნამდვილად მაწუხებს დღევანდელი ქართული ფეხბურთის მდგოამრეობა, სფფ-ს ბევრ წამოწყებას ვერ დავეთანხმები. ნაკლებად არის სავარაუდო, რომ მე სფფ-ს პრეზიდენოტობა გადავწყვიტო, თუმცა გამოუვალ მდგომარეობაში ყველაფერია შესაძლებელი. გეტყვით, რომ მხარს ღირსეულ კანდიდატს დავუჭერ.”

გია გეგუჩაძე სტუმრად დავით მინაშვილთან

მიმდინარე წლის 26 მაისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” ესტუმრა და მონაწილეობა დავით მინაშვილის საავტორო გადაცემა “საფეხბურთო მიმოხილვაში” მიიღო. გთავაზობთ ამ გადაცემის ვიდეოჩანაწერს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

გიორგი დევდარიანი: “სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია”

რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს საკმაოდ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” დარეკა და თქვა, რომ მას რცხვენია.

“ბოდიშს ვიხდი გადაცემაში დაუსრულებელი აზრი, ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა.

მინდა, დავიწყო იმით, რომ რაგბისტებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ კიკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ასეთ ფაქტს შევესწარი: ტყეში ერთი პატარა რაგბისტი დაიკარგა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თბილისში მყოფი ყველა რაგბისტი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული პატარა რაგბისტებით, დარზმულები გაჩდნენ იმ ადგილას. შეესივნენ ტყეს, დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში, სანამ ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს ღამის გათენება ტყეში მოუხდათ, ბავშვს ორი დღე ეძებდნენ. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს.

ახლა, რაც შეეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არც არავიზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მე ისეთივე ცოდვით სავსე ვარ, ვისზეც ვიძახი, მრცხვენია-თქო. ძალიან მინდა, ყველა უკეთესად ვიყოთ. იმ გადაცემის შემდეგ, ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო.

ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, რაც ვთქვი ფედერაციის მისამართით იყო გამოთქმული. ვეცდები განვმარტო. იმ დღეს, ფედერაციის მიმართ არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი, უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ უშეცდომოს. მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის გამოთქმას. ხან მეთანხმებიან, ხან – არა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ფედერაციას ისედაც ხშირად აკრიტიკებენ.

კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოსა და სამარცხვინოს. მე მინდა იმას შევეხო, რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა, თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა, გადაცემის ყველა სტუმრის მიმარტ პატივისცემა გამოვხატო, იქ პირადული პრობლემა არავისთან მქონია. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

მე არც პროკური ვარ და არც გამომძიებელი. ჩემი სურვილი არ არის და არც არასოდეს იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი ზუსტად, ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან იმაზე მიდის საუბარი, თუ რა უმსგავსობა ხდება. სწორედ ამაზე ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლაც, ძალიან მრცხვენია ამდენი შურისა და გაუტანლობის. მაისურაძემ (“ლოკომოტივი” – ავტ.) “ბარსელონას” მოუგო და ასე თქვეს, მესამე გუნდს მოუგესო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვისა და ტყუილების. გამარტოკაცების მრცხვენია და მეშინია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა, თავს ვერავიზე დავდებ რო არა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკეს აზიის ტოტალიზატორებმა და თან რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნაც კი ჭირს, რომ მოტივაცია მოუძებნო. არადა, ხვალ ელიტ-რაუნდი ელით და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან.

მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად ისევ გაისმა “სტავკების” შესახებ. ამაზე ყველა აქტიურად საუბრობს, თანაც, როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ. ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ჩირქი ას კაცს ეცხება. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და თუ მალე, გონზე არ მოვალთ, დავიღუპებით.

მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ, ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო. მგონია, ახლაც ასე იქნება. მაგრამ, არჩევნებამდეც გავრისკოთ, ერთად დავდგეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

თქვე კაი ხალხო, ადამიანები ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ იმათ, ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, ფედერაციასთან ერთად, გინდ მის გარეშეც, შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და იმათ ვინც ხელებს აფათურებს, ხელების ფათურსა უკრძალავს.

კიდევ ერთხელ, მე არავის დაჭერა არ მინდა. მინდა, რომ ქვეყანაში თავაწეულებმა ვიაროთ, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან.”

პირველი ეტაპი – ზესტაფონი

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” იქნება.

ევროთასების გარეშე დარჩენილმა “ზესტაფონმა” სეზონის სტარზე სამეულში დაბრუნება დაისახა მიზნად და ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურიც იყო. კლუბი როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ფეხბურთელებით გაძლიერდა, რომლებსაც სათავეში სერბი სპეციალისტი, რატკო დოსტანიჩი ჩაუდგა.

დოსტანიჩს საქმე კარგად ნამდვილად არ წაუვიდა. პირველი გამარჯვება “ზესტაფონმა” მხოლოდ მეხუთე ტურში მოიპოვა. ზესტაფონელებმა საკუთარ მოედანზე გორის “დილას” დაამარცხეს. ამ გამარჯვებას შედარებით ნორმალური მატჩების სერია მოჰყვა, სადაც “ზესტაფონმა” ქულების მოგროვება შესძლო. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობამ მაინც მიიღო რატკო დოსტანიჩის კლუბიდან გაშვების გადაწყვეტილება. საქმე იმაშია, რომ ზესტაფონური კლუბი თასის გათამაშებიდან გამოვარდა, სადაც იმერლებმა ბოლნისის “სიონის” ბარიერი ვერ გადალახეს.

რატკო დოსტანიჩი “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაძემ შეცვალა. სწორედ გეგუჩაძის სახელს უკავშირდება ზესტაფონური კლუბის ყველაზე მნიშნელოვანი მიღწევები.

გეგუჩაძის სადებიუტო მატჩი თბილისი “დინამოსთან” ჰქონდა. იმერლებმა საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილებმა, მხოლოდ უკანასკნელ წუთზე გაუშვეს მეორე გოლი და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
ამ მატჩის შემდეგ “ზესტაფონმა” “ტორეპდოსა” და “მეტალურგს” მოუგო და საბოლოოდ ზამთრის არდადეგებზე მეშვიდე პოზიციაზე გავიდა.
ზესტაფონელები მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან მეექვსეზე მყოფ “მეტალურგს”, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ეტაპზე ექვსეულისთვის ბრძოლა უკდურესად დაძაბული იქნება.

ახალ წლის შემდეგ “ზესტაფონი” საგრძნობლად გააქტიურდა სატრანსფერო ბაზარზე. ამ ეტაპისთვის იმერულმა კლუბმა უკვე ოთხი ახალი ფეხბურთელი დაიმატა. ესენი არიან: თეიმურაზ ღონღაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი გურული (სამივე “დილა”) და დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”).

 

გია გეგუჩაძე “ზესტაფონში” დაბრუნდა!

2013 წლის 5 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია გაიმართა. იმერულის კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.

დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მწვრთნელმა, რომელმაც 2004-2005 წლების სეზონში თბილისის “დინამოსთან” ერთად დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს (თბილისელებმა მაშინ უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს) მიაღწია, 2008-2011 წლებში ზესტაფონში წარმატებით იმუშავა. სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მარგველები პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და სისტემატიურად ასპარეზობდნენ ევროპულ საკლუბო ტურნირებში. საფეხბურთო სამყაროს იმ გუნდმა თავი სანახაობრივი და შემოქმედებითი ფეხბურთით დაამახსოვრა, მეტოქეთათვის კი მრისხანე და უძლეველ ძალად ჩამოყალიბდა. ბოლო 2 სეზონი გია გეგუჩაძემ ქუთაისის “ტორპედოს” მესაჭის თანამდებობაზე გაატარა – იმ ფორმაციის სიმპატიურმა ქუთაისურმა გუნდმა საკლუბო ისტორიას ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი შემატა.

სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, გიორგი გეგუჩაძემ საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავის ასისტენტები, მეკარეთა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები წარუდგინა:

ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებენ 40 წლის სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი, რომელიც თავის დროზე ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და 35 წლის ლევან ბაჯელიძე, რომელიც იმერულ კლუბში ამ პოზიციაზე ზაფხულის შემდეგ საქმიანობს.

რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის მეკარეთა მწვრთნელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულია დავით ჯანელიძე. ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას კი ზესტაფონელთათვის კარგად ნაცნობი სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი დაუბრუნდება.

დღეს, 16:00 საათზე, გია გეგუჩაძე პირველ ვარჯიშს ჩაატარებს, ზესტაფონელთა დამრიგებლის ამპლუაში სადებიუტო შეხვედრას კი კვირას, 10 ნოემბერს, გამართავს – საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური