გიორგი დევდარიანი: “სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია”

რამდენიმე საათის წინ, ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი სოციალური ქსელის საშუალებით ბოლო დროს გავრცელებულ ამბებს საკმაოდ ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ დევდარიანმა რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პოლიტიკის დროში” დარეკა და თქვა, რომ მას რცხვენია.

“ბოდიშს ვიხდი გადაცემაში დაუსრულებელი აზრი, ამდენ ხანს რომ ვერ დავამთავრე. მიზეზი ნამდვილად მქონდა.

მინდა, დავიწყო იმით, რომ რაგბისტებს გამარჯვება მივულოცო, მათ ეს დაიმსახურეს. რამდენიმე წლის წინ კიკეთში ვიმყოფებოდი, სადაც ასეთ ფაქტს შევესწარი: ტყეში ერთი პატარა რაგბისტი დაიკარგა. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ ძალიან მოკლე დროში, თბილისში მყოფი ყველა რაგბისტი, დაწყებული პრეზიდენტით და დამთავრებული პატარა რაგბისტებით, დარზმულები გაჩდნენ იმ ადგილას. შეესივნენ ტყეს, დაიწყეს ძებნა და მანამ არ წავიდნენ სახლში, სანამ ის ბავშვი არ იპოვეს. როგორც მახსოვს ღამის გათენება ტყეში მოუხდათ, ბავშვს ორი დღე ეძებდნენ. იპოვეს და გაიმარჯვეს. სხვანაირად ვერ მოიგებ. ერთობას გაუმარჯოს.

ახლა, რაც შეეეხება გადაცემას. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ არც არავიზე უკეთესი მგონია ჩემი თავი. მე ისეთივე ცოდვით სავსე ვარ, ვისზეც ვიძახი, მრცხვენია-თქო. ძალიან მინდა, ყველა უკეთესად ვიყოთ. იმ გადაცემის შემდეგ, ბევრი ადამიანი მხვდება და მეუბნება, რისი თქმა გინდოდაო.

ბევრმა ისე გაიგო, თითქოს, რაც ვთქვი ფედერაციის მისამართით იყო გამოთქმული. ვეცდები განვმარტო. იმ დღეს, ფედერაციის მიმართ არაფერი მითქვამს და არა იმიტომ, რომ ვთვლი, უშეცდომოდ მუშაობენ და უნაკლო ორგანიზაციაა. უნაკლო ორგანიზაციას კი არა, კაცს ვერ ნახავ უშეცდომოს. მეც ფედერაციაში ვმუშაობ და თუ რამე არ მომწონს ან არ ვეთანხმები, არავინ მიშლის ჩემი აზრის გამოთქმას. ხან მეთანხმებიან, ხან – არა, თუმცა ეს ნორმალურიცაა. ფედერაციას ისედაც ხშირად აკრიტიკებენ.

კრიტიკა აუცილებელია და ვერც ამაში ვხედავ რაიმე საგანგაშოსა და სამარცხვინოს. მე მინდა იმას შევეხო, რისიც მრცხვენია და ვთვლი, რომ მარტო ფედერაცია ვერ მოერევა, თუ ყველა ჩვენთაგანი, ვისაც ფეხბურთი უყვარს, არ გამოიჩენს პრინციპულ პოზიციას. ჯერ მინდა, გადაცემის ყველა სტუმრის მიმარტ პატივისცემა გამოვხატო, იქ პირადული პრობლემა არავისთან მქონია. ჩემი მიზანი იყო და არის, რომ ქართულ ფეხბურთში სიტუაცია გაუმჯობესდეს.

მე არც პროკური ვარ და არც გამომძიებელი. ჩემი სურვილი არ არის და არც არასოდეს იქნება ვინმეს დაჭერა და გაუბედურება. არც ის ვიცი ზუსტად, ვინ ვისგან რას იღებს და რას უბრუნებს, მაგრამ ყველგან იმაზე მიდის საუბარი, თუ რა უმსგავსობა ხდება. სწორედ ამაზე ვთქვი, რომ მრცხვენია და მართლაც, ძალიან მრცხვენია ამდენი შურისა და გაუტანლობის. მაისურაძემ (“ლოკომოტივი” – ავტ.) “ბარსელონას” მოუგო და ასე თქვეს, მესამე გუნდს მოუგესო (მაგ სიმართლით იარონ). მრცხვენია განკითხვისა და ტყუილების. გამარტოკაცების მრცხვენია და მეშინია, რომ ეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის ნორმად არ იქცეს, არადა ბევრიც არაფერი უკლია.

სირცხვილია იმ ჩემპიონატის ყურება, სადაც მატჩების უმრავლესობა გარიგებულია (გეგუჩაძის გარდა, თავს ვერავიზე დავდებ რო არა, მაგრამ ვერ დაუმტკიცებ). პირველი ლიგა ხომ სულ ქარვასლაა, წაგვლეკეს აზიის ტოტალიზატორებმა და თან რა მოედნებზე. ეს ოქროსავით ნაკრების ბიჭები რომ ჩაგვყავს სათამაშოდ, სიტყვების პოვნაც კი ჭირს, რომ მოტივაცია მოუძებნო. არადა, ხვალ ელიტ-რაუნდი ელით და მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელად ემზადებიან.

მრცხვენია, რომ აქა-იქ გუნდებში მოსახვედრად ისევ გაისმა “სტავკების” შესახებ. ამაზე ყველა აქტიურად საუბრობს, თანაც, როცა ლაპარაკობენ, სულ დედას გვაგინებენ. ბავშვები ადამიანების ნდობას კარგავენ და არ მრცხვენოდეს? ერთი კაცის გამო, ჩირქი ას კაცს ეცხება. ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და თუ მალე, გონზე არ მოვალთ, დავიღუპებით.

მოვა სულ მალე არჩევნები და აირჩიეთ, ვინც გინდათ. სხვა თუ არაფერი, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები ნაღდად სამართლიანი იყო. მგონია, ახლაც ასე იქნება. მაგრამ, არჩევნებამდეც გავრისკოთ, ერთად დავდგეთ და ვნახოთ, რა გამოვა.

თქვე კაი ხალხო, ადამიანები ოთახიდან გამოუსვლელად, გამოქვაბულებში ნახულობენ იმათ, ვინც ჭირდებათ. დავიჯერო ძნელია, ფედერაციასთან ერთად, გინდ მის გარეშეც, შეიქმნას რაიმე ჯგუფი, რომელიც 24 საათი იმუშავებს მაგ საქმეებზე და იმათ ვინც ხელებს აფათურებს, ხელების ფათურსა უკრძალავს.

კიდევ ერთხელ, მე არავის დაჭერა არ მინდა. მინდა, რომ ქვეყანაში თავაწეულებმა ვიაროთ, ისევე როგორც ჩვენი რაგბისტები, წყალბურთელები, კალათბურთელები და მოჭიდავეები დადიან.”

პირველი ეტაპი – დილა

Fanebi.com აგრძელებს უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შეჯამებას. დღეს ჩვენი სტუმარი, საფეხბურთო კლუბი “დილა” იქნება.

სეზონის სტარტზე გორის “დილას” ფინანსური პრობლემა შეექმნა, რამაც კლუბში საკადრო რევოლუცია გამოიწვია. გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი წავიდა. თუმცა, გორელებმა ევროტურნირების წინ შესძლეს ბრძოლისუნარიანი კოლექტივის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში გიორგი დევდარიანი ჩაუდგა. ახალგაზრდა მწვრთნელს, “დინამოში” წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, რეაბილიტაციის მშვენიერი შანსი მიეცა, და დევდარიანმაც შესანიშნავად დაიწყო. “დილამ” ევროტურნირებზე ჯერ დანიური “ოლბორგი” დაამარცხა შემდეგ კი ხორვატულ “ჰაიდუკსაც” გაცდა. აი ვენის “რაპიდის” ბარიერის დაძლევა კი, გორელებმა ვეღარ მოახერხეს. ევროტურნირებზე ასპარეზობას კიდევ ერთი დანაკლისი მოჰყვა. სპლიტის “ჰაიდუკში” კლუბის ლიდერი გიორგი ილურიძე გადავიდა.

ევროტურნირების პარალელურად “დილა” ეროვნულ ჩემპიონატშიც ნორმალურად ასპარეზობდნა, თუმცა წარმატებული სასტარტო სამი ტურის შემდეგ არასტაბილური სერია დაიწყო. “დილამ” ჯერ “ზესტაფონთან”, მერე “ჩიხურასთან” ბოლოს კი “გურიასთან” წააგო და გიორგი დევდარიანიც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

დევდარიანის შემცვლელად 36 წლის რამაზ სოღოლაშვილი დაინიშნა. ახალგაზრდა მწვრთნელს თავიდან კი გაუჭირდა, მაგრამ ბოლო ტურებში “დილამ” საკმაოდ ნორმალური ფეხბურთი ითამაშა. შედეგად გორული კლუბი ახალ წელს მესამე პოზიციაზე ხვდება.

“დილამ” პირველ ეტაპზე მეტოქეთა კარში 23 გოლი გაიტანა, საკუთარში კი 15 მიიღო.  გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ირაკლი მოდებაძე იყო, რომელმაც 15 მატჩში 9-ჯერ მოახერხა გოლის გატანა. ასევე აღსანიშნავია გრიგოლ დოლიძის თამაშიც. ბოლო დროს გავრცელებული ხმების თანახმად, ეს დუეტი მალე თბილისის “დინამოს” ფორმას მოირგებს.

ვაწაძის გოლი დანიის ჩემპიონატში

5 ოქტომბერს, დანიის სუპერლიგაში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “რანდერსმა” საკუთარ მოედანზე “ორჰუსი” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.

მატჩში ანგარიში მეცხრე წუთზე, სტუმართა მოთამაშემ, პეტრი პასანენმა გახსნა, რასაც მე-13 და 40-ე წუთებზე, მასპინძელი ფეხბურთელის გოლები მოჰყვა. ჯერ ანგარიში ვიქტორ ლუნდბერგმა გაათანაბრა, ხოლო თავისი გუნდი წინ ჯონას ბორინგმა გაიყვანა. შეხვედრის საბოლოო შედეგი 90-ე წუთზე დაფიქსირდა – გოლი ქართველმა თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ გაიტანა, რომელმაც “ორჰუსს” ქულა მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ ვაწაძე მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. “ორჰუსის” სათადარიგოებში იყო კიდევ ერთი ქართველი – დავით სხირტლაძემ 72-ე წუთზე ერთ-ერთი გოლის ავტორი, პეტრი პასანენი შეცვალა. რაც შეეხება დავით დევდარიანს, ის განაცხადში არ ყოფილა.