“საბურთალოსა” და ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა სანდრო ალთუნაშვილმა მისთვის არასასიამოვნო დრო უკან მოიტოვა და ახლა რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, მინდორს დაუბრუნდა.
საბურთალოს ოფიციალურმა გვერდმა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– გასული წლის ივნისში საქართველოსა და მონტენეგროს სანაკრებო მატჩში ტრავმა მივიღე, მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა მქონდა. თავდაპირველად, არ ჩანდა რთული სახის ტრავმა, მაგრამ გამირთულდა. საბოლოოდ ექვსი თვე დამჭირდა მკურნალობა, რათა მოედანზე დავბრუნებულიყავი. გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობ, კარგად ვგრძნობ თავს და მჯერა, დროთა განმავლობაში მოვუმატებ და დავიბრუნებ ჩემს სათამაშო სპორტულ ფორმას.
– დიდი დრო გაგიცდათ, ხომ არ გიჭირთ ვარჯიშებთან შეგუება?
– “საბურთალო” დაახლოებით ერთ თვიან შვებულებაში იყო, მაგრამ ყველა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა. მზადება ყველამ ნულიდან დავიწყეთ, მოსამზადებელი პერიოდია და ჯერ არავინაა სასურველ ფორმაში. რაც შეეხება ვარჯიშებს, დიდი დატვირთვები გვაქვს, ორჯერად საწვრთნელ პროცესზე ვართ გადასულები და გეგმაზომიერად მიმდინარეობს ყველაფერი.
– თამაშებზე ტრიბუნიდან გიწევდათ თვალის მიდევნება. როგორი ჩანდა გარედან “საბურთალო”?
– გასულმა წელმა დაგვანახა, რომ “საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია, რომელიც ყოველწლიურად უმატებს თამაშს. საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა, ფეხბურთელებიც გავუშინაურდით უძლიერესთა რიგებს და ახლა ბევრად მეტი მოგვეთხოვება.
– თქვენ “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი ხართ, კლუბთან ერთად გითამაშიათ პირველ ლიგაშიც. რა სხვაობაა მაშინდელსა და ახლანდელ “საბურთალოს” შორის?
– პირველ რიგში, როგორც კლუბი, გაზრდილი ვართ, ახლა სხვა სიმაღლეებზე ვდგავართ. პასუხისმგებლობა უფრო მეტი გვაქვს. გულშემატკივარიც ჩვენგან უკვე მეტს ითხოვს, რადგანაც ამ განვლილმა დრომ გვაჩვენა, რომ ანგარიშგასაწევი კლუბი ვართ.
ადრე, თუ რომელიმე უმაღლესი ლიგის გუნდთან მოგება გვიხაროდა, ახლა ეს შეცვლილია. რა თქმა უნდა წარმატება ახლაც გვიხარია, მაგრამ გასულ წელს მეტოქეებს უკვე ფავორიტის სტატუსით ვეთამაშებოდით.
– 20 იანვარს “კონკორდიას” წინააღმდეგ მეორე ტაიმში ითამაშეთ. რას გრძნობდით, როდესაც რვა თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად მოგიწიათ თამაში?
– პირველად რომ ითამაშებ ფეხბურთს და გიხარია, სწორედ ასეთი განცდა მქონდა. გახარებული და ბედნიერი ვიყავი.
– თორნიკე გორგიაშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი და გიორგი სომხიშვილი კლუბის ახალწვეულები არიან. როგორ შეეწყვნენ “საბურთალოს”?
– ჩვენს კლუბში ისეთი გარემოა, რომ არ მგონია ვინმეს ურთიერთობაში შემოსვლა გაუჭირდეს. როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც ისინი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. მჯერა, საგრძნობლად გაგვაძლიერებენ და მაღალი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარებიან.
– ბევრს საუბრობენ, რომ წლეულს “საბურთალო” სამეულისთვის იბრძოლებს. რის საფუძველზე კეთდება მსგავსი შეფასებები?
– ისევ და ისევ, ბოლო დროინდელი ჩვენი თამაშიდან გამომდინარე. შარშან, ცოტა დაგვაკლდა ევროზონაში მოსახვედრად, როგორც ჩანს, რაღაც დავაკელით.
თუმცა, მახსოვს, გასულ წელს საუბრობდნენ, რომ “საბურთალო” აუტსაიდერებში იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ჩვენ, ჩვენი თამაშით ვამტკიცებთ თუ რა ძალას წარმოვადგენთ. ახლა, რახან მასე ლაპარაკობენ, რომ სამეულში მოვხვდებით, აქვთ ამის მიზეზი. წლეულს, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, სხვა შედეგი მიუღებელი იქნება.