2017 წლის ეროვნული ლიგის გათამაშება დედაქალაქურმა “საბურთალომ” ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაამთავრა და ცოტა დააკლდა, რომ მომავალ წელს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე ეთამაშა.
დასრულებულ პირველობაზე და მომავალ გეგმებზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ჭიაბრიშვილს გავესაუბრეთ, ლაპარაკი კი ეროვნული ლიგის პირველობაზე დავიწყეთ:
– თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტის სამინისტრომ, ფეხბურთის განვითარების ფონდმა, რომ ეროვნული ლიგა მაღალ დონეზე ჩატარებულიყო. ბოლო წლებში გამართული პირველობებიდან, წლეულს გამორჩეული ჩემპიონატი გვქონდა. იყო დრამატული და გამოსაყოფი მატჩები, ასევე მთელი პირველობა, როგორც ზედა, ისე ქვედა ნაწილში დაძაბულად მიმდინარეობდა. გულშემატკივარსა თუ ნებისმიერ ადამიანს, ყველა მატჩის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ქონდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია. მჯერა, მომავალში კიდევ გვექნება გარკვეული სიახლეები და ჩემპიონატის დონე ნელ-ნელა მოიმატებს.
მომავალში ვისურვებდი, რომ კლუბებს გამართული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ – რაც შეიძლება მეტ ბუნებრივსაფრიან მინდვრებზე გვიწევდეს თამაში. ასევე მეტი ხიბლი აქვს განათების ფონზე მატჩების მიმდინარეობას. ჩვენს ჩემპიონატს რაც ძალიან აკლია, ეს არის გულშემატკივარი – იმედი მაქვს, ქომაგი ნელ-ნელა დაბრუნდება სტადიონზე.
– განსხვავებული ჩემპიონატი იყო, მარათონული. რა დაგანახათ განვლილმა პირველობამ “საბურთალოსთვის”?
– დავინახე ის, რომ “საბურთალო” საგრძნობლად გაზრდილია. აქამდე თუ არასტაბილურობა გვახასიათებდა, ახლა სტაბილურობა შევინარჩუნეთ და ყველა მეტოქესთვის უხერხულ მოწინააღმდეგედ ვიქეცით. “საბურთალო” საქართველოში ერთ-ერთ ლიდერ კლუბად ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თამაშს დიდი დანაკლისით შევხვდით, მეოთხე ადგილზე გასვლა მაინც მოვახერხეთ, რაც ვფიქრობ ამ დროისთვის მისაღები შედეგია. მიუხედავად დანაკლისისა, ბევრ მატჩებში გავიმარჯვეთ, თუმცა რომელშიც დავმარცხდით, მხოლოდ ბრძოლაში. აქამდე, კი ეს ყველაფერი ასე არ იყო.
– პირველ-ორ წრეში “საბურთალომ” 25 ქულის მოგროვება შეძლო, მესამე-მეოთხე წრეში კი 35 ქულას მოუყარა თავი. როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე?
– პირველ წრეში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ფაქტობრივად დაცვითი ხაზის მთლიანი რგოლი – იაშვილი, ნადარაია, ჩაბრაძე, გრიგალაშვილი. დიდ ხნით დაგვაკლდნენ ალთუნაშვილი და ბიძინაშვილი, აღარაფერს ვამბობ გოშთელიანზე. რამდენიმე თვის შემდეგ ფეხბურთელების ნაწილი შემოგვიერთდა, ამავდროულად რამდენიმე ტრანსფერი განვახორციელეთ და გავძლიერდით – თარხნიშვილის, ვოლკოვისა და მუიეცის სახით. თურქეთში კარგ პირობებში მოვემზადეთ, ფიზიკურად კარგად იყო გუნდი მომზადებული და ამიტომაც იყო, რომ ამ კუთხითაც არანაირი პრობლემები არ შეგვქმნია.
– ისტორიის განმავლობაში “საბურთალო” წლეულს ძალიან ახლოს იყო ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებასთან. როგორ ფიქრობთ, რა დააკლდა კლუბს ამ მიზნის მისაღწევად?
– ზემოთ ტრავმებზე და ფეხბურთელების დიდ დანაკლისზე ვისაუბრე. მიუხედავად ამისა, “საბურთალომ” ყველაფერი გააკეთა რა შესაძლებლობებიც ჰქონდა. დაგვაკლდა ის, რომ არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. კლუბი მესამე წელია უძლიერესთა რიგებში ასპარეზობს, აქედან ბოლო ორი წელიწადია ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის. ალბათ, გათვითცნობიერებული გექნებათ, რომ მომავალში თუნდაც მეოთხე ადგილის დაკავება წარუმატებლად ჩაითვლება. მოლოდინი ყველას დიდი გვაქვს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ შედეგი. რა თქმა უნდა, “საბურთალო” მომავალ წელს ეცდება უფრო მეტის მიღწევასა და სამეულში მოხვედრას. ეს იქნება ჩემთან ერთად თუ სხვასთან ერთად, დრო გვიჩვენებს.
– “საბურთალოსთან” დაკავშირებით როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სეზონის დასრულების შემდეგ, კონტრაქტი თბილისურ კლუბთან დამიმთავრდა. რა თქმა უნდა, “საბურთალოსთან” მაქვს მოლაპარაკება. როდესაც დასრულდა ეროვნული ლიგა, შევხვდი კლუბის ხელმძღვანელობას და ვისაუბრეთ. ამ კვირის ბოლოს გადავწყვიტავთ, დავრჩები თუ არა “საბურთალოში”.
თბილისის “საბურთალოს” პრესსამსახური.