თომას მიულერმა საქართველოსთან ლეგენდარული გერდ მიულერის შედეგი გაიმეორა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩში გერმანიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს ანგარიშთ 2:1 მოუგო.

ერთ-ერთი გოლი გერმანელთა მხრიდან ნუკრი რევიშვილის კარში პენალტით თომას მიულერმა გაიტანა. აღნიშნული გოლი მისთვის ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე გერმანიის ნაკრების რიგებში მე-12 გამოდგა და ამ მაჩვენებლით თომასი თავის მოგვარეს, ლეგენდარულ გერდ მიულერს გაუთანაბრდა, რომელმაც ბუნდესტიმში ევროკვალიფიკაციაზე სწორედ გოლების ეს რაოდენობა გაიტანა.

ჯამში, ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ეტაპებზე მიულერებზე მეტი გერმანიის ნაკრებში მხოლოდ მიროსლავ კლოზეს გაუტანია, რომლის ანგარიშზე 16 გოლია.

გერდ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინდა

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების ლეგენდარულ თავდამსხმელს, 1970 წლის “ოქროს ბუთის” მფლობელ გერდ მიულერს ალცჰეიმერის დაავადება დაუდგინდა. ამის შესახებ ბავარიული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ეს თავის ტვინის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითებით ხასიათდება. ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს შეძენილი ჭკუასუსტობის (დემენციის) ყველაზე გავრცელებულ ფორმას.

მიულერის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის განმავლობაში არ ხმაურდებოდა.

3 ნოემბერს გერდ მიულერს 70 წელი შეუსრულდება, თუმცა ზემოთ ხსენებული ფაქტის გამო გერმანელი ფეხბურთელის იუბილე არ აღინიშნება.

 

გერდ მიულერი: „იმედი მაქვს, კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“

მოგეხსენებათ, გერმანიისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდთა შორის 6 სექტემბერს გამართულ მატჩში „ბუნდესთიმის“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ 68-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, რითაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ფორვარდ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მიულერი აცხადებს, რომ მოხარულია კლოზეს ამ შედეგით და იმედოვნებს, რომ 35 წლის ფეხბურთელი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

„მოხარული ვარ, რომ კლოზემ ნაკრებში 68-ე გოლი გაიტანა და ჩემი რეკორდი გაიმეორა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლოზემ ეს 129 მატჩში მოახერხა, როცა მე ამისთვის მხოლოდ 62 შეხვედრა მეყო“, – ციტირებს გერდ მიულერის სიტყვებს „დე ტელეგრაფი“.

ორივე გერმანელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სათითაოდ 14 გოლი აქვთ გატანილი, რეკორდი კი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალებზე 15 გოლის გატანა შეძლო.

„იმედი მაქვს, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“, – დაამატა გერდ მიულერმა.

ბექა დოგრაშვილი