ლიოვმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, 53 წლის სპეციალისტი აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის ივლისამდე დარჩება.

„ამ გუნდთან ერთად მუშაობა წარმოუდგენელ სიამოვნებას მანიჭებს. მოტივირებული ვარ იმისკენ, რომ ნაკრებში პროგრესს მივაღწიო. ეს გზა ბოლომდე ჯერ არ გაგვივილია. დიდი ამბიციები გვაქვს და გვინდა, რომ დასახული ამოცანა გადავჭრათ. ნდობისთვის მადლობას ვუცხადებ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციას და მის პრეზიდენტ ვოლფგანგ ნირსბახს“, – აღნიშნა ლიოვმა.

 

ოფიციალურად: ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2016 წლამდე რჩება

2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებულად დასრულების შემდეგ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების თავკაცთან იოაჰიმ ლიოვთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. აღნიშნული ინფორმაცია გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.
ცნობილია, რომ ახალი შეთანხმება 2016 წლამდე იმოქმედებს.
ყველაფერთან ერთად, გერმანიის ნაკრებში მინიმუმ ორი წლით მენეჯერი ოლივერ ბირხოფი და მეკარეთა მწვრთვნელი ანდრეას კეპკე დარჩებიან.
შეგახსენებთ, რომ გერმანელებმა „С” ჯგუფში 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს.
ალექსანდრე მატევოსოვი

გერდ მიულერი: „იმედი მაქვს, კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“

მოგეხსენებათ, გერმანიისა და ავსტრიის ეროვნულ გუნდთა შორის 6 სექტემბერს გამართულ მატჩში „ბუნდესთიმის“ თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ 68-ე სანაკრებო გოლი გაიტანა, რითაც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ფორვარდ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა. მიულერი აცხადებს, რომ მოხარულია კლოზეს ამ შედეგით და იმედოვნებს, რომ 35 წლის ფეხბურთელი უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს.

„მოხარული ვარ, რომ კლოზემ ნაკრებში 68-ე გოლი გაიტანა და ჩემი რეკორდი გაიმეორა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლოზემ ეს 129 მატჩში მოახერხა, როცა მე ამისთვის მხოლოდ 62 შეხვედრა მეყო“, – ციტირებს გერდ მიულერის სიტყვებს „დე ტელეგრაფი“.

ორივე გერმანელ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სათითაოდ 14 გოლი აქვთ გატანილი, რეკორდი კი ბრაზილიელ რონალდოს ეკუთვნის, რომელმაც მუნდიალებზე 15 გოლის გატანა შეძლო.

„იმედი მაქვს, ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე კლოზე რონალდოს რეკორდს დაამხობს“, – დაამატა გერდ მიულერმა.

ბექა დოგრაშვილი

ბეკენბაუერი: ”ბრაზილიის დამარცხება მხოლოდ გერმანიას შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ფრანც ბეკენბაუერის აზრით, 2014 წლის მუნდიალზე გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ბრაზილიის დამარცხება შეუძლია.

”ვფიქრობ, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი, რომელსაც ბრაზილიის დამარცხება შეუძლია. ეს – გერმანიაა”, – განუცხადა ბეკენბაუერმა ფიფას ოფიციალურ საიტს.

”გერმანიას ახლა ახალი სტილი აქვს და უამრავი ახალგაზრდა ტალანტიც ჰყავს. უდიდეს სამუშაოს იოახიმ ლიოვიც ასრულებს”, – აღნიშნა გერმანიის ნაკრების ლეგენდამ.

”სხვათაშორის, კონფერედერაციის თასის მოგების შემდეგ, მუნდიალი ჯერ არავის მოუგია. თუმცა, აღნიშნულ ტურნირზე ბრაზილიელებმა თავისი ძალა აჩვენეს და ვფიქრობ, იგივეს გაკეთება მათ პლანეტის პირველობაზეც შეუძლიათ”, – დაასრულა ბეკენბაუერმა.

ალექსანდრე მატევოსოვი