სფფ-მ და გია გეგუჩაძემ კონტრაქტი გაწყვიტეს

სფფ-მ და გეგუჩაძემ კონტრაქტი გაწყვიტეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებებს უსურვებს კარიერაში. „ფეხბურთის ფედერაციის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“ – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა.

Gff.Ge

გია გეგუჩაძე: “მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს”

30 მაისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვედეთში გაემგზავრება, სადაც 3 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მასპინძელთა 21-წლამდე ნაკრებს დაუპირისპირდება.

გია გეგუჩაძის გუნდი უკვე რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშობს, შვედეთში გამგზავრებამდე კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია ჩაატარა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გია გეგუჩაძე: „მზადება თბილისში დავიწყეთ. შვედეთში დაგვემატება გიორგი გოროზია. ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება ჯიმი ტაბიძე, რომლის თაობაზე პასუხი დღეს გვეცოდინება. ექიმების დიაგნოზს ველოდებით გიორგი პაპუნაშვილზე – მას ფეხზე სურათი უკვე გადაუღეს და მალე გვეტყვიან, შეძლებს თუ არა თამაშს. სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებს ვერ ავცდით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავთმობთ. გუნდში კარგი განწყობაა, მეგობრული ატმოსფეროა, ბიჭები მოგვყვებიან, იოლად ითვისებენ სიახლეებს და მჯერა, ისე ვითამაშებთ, როგორც შეგვიძლია და რაც შედეგს მოგვიტანს…

…ლუკა ზარანდიას დისკვალიფიკაცია აქვს და ეს იქნება ბოლო თამაში, რომელსაც გამოტოვებს. ამიტომაც ვერ ითამაშებს ის შვედეთში. რაც შეეხება სიის მიღმა დარჩენილ სხვა ფეხბურთელებს: მინდა, განვაცხადო, რომ ყველას ვაკვირდებით, გვაქვს გაფართოებული სია, გვაქვს კომუნიკაცია ფეხბურთელებთან, რამდენჯერმე ნაკრების ვარჯიშებზეც გამოვიძახეთ. ასე რომ, მათ იციან, რომ შეიძლება, ნებისმიერ დროს მოუწიოთ ნაკრებში თამაში და ამისთვის მზად უნდა იყონ“.

დაჩი ცნობილაძე: „ნაკრებში ყოფნა დამატებით მოტივაციას არ საჭიროებს. გუნდში კარგი განწყობაა და გვინდა, წარმატებით ვითამაშოთ. ყველანი მონდომებულები ვართ და ვცდილობთ, ის დავალებები, რასაც მწვრთნელები გვაძლევენ, მოედანზე გადავიტანოთ“.

სფფ-ის პრესსამსახური

21-წლამდე ნაკრების კანდიდატთა შეკრება

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უკვე ტრადიციულად ქცეულ მორიგ ერთჯერად ვარჯიშს 26 აპრილს ჩაატარებს. 21-წლამდე ნაკრების კანდიდატები სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შეიკრიბებიან და 16:30 საათზე დაიწყებენ წვრთნას.

ეს უკვე მესამე ერთდღიანი ვარჯიშია, რაც გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნის შემდეგ ჩატარდება.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამჯერად შემდეგი 25 ფეხბურთელი მიიწვია შეკრებაზე:

მეკარეები: დავით მარიამიძე (დილა), გოგი კულუა (დინამო თბ);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), ირაკლი კომახიძე (შუქურა), ზურაბ მალანია (შუქურა), ლუკა ნოზაძე (გურია), ანრი ჭიჭინაძე (ტორპედო), გურამ გიორბელიძე (სიონი), დავით უბილავა (ლოკომოტივი), ალექსანდრე გურეშიძე (სიონი), ალექსანდრე ჩაკვეტაძე (კოლხეთი), გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი), გიორგი გაფრინდაშვილი (სიონი);

ნახევარმცველები: ბექა ჭკუასელი (დინამო ბთ), თენგიზ წიქარიძე (დილა), ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), გიორგი კაშია (დინამო ბთ), ზაურ გოგუაძე (მერანი), ნიკა ლაშხია (ზუგდიდი), ოთარ კობახიძე (სიონი), ლევან ნონიკაშვილი (დილა);

თავდამსხმელები: ილია კერძევაძე (შუქურა), ნიკა ტუღუში (კოლხეთი), დავით ვოლკოვი (ჩიხურა), დავით ჯიქია (სამტრედია).

სფფ-ის პრესსამსახური

გია გეგუჩაძე: “დღეს გამოჩნდა, ვის დავეყრდნობით მომავალში”

საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ გუნდს ბევრი შეცდომა ჰქონდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თამაში დადებითად შეაფასა.

“ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ბევრი დადებითიც იყო ჩვენს თამაშში. მინდოდა, ყველა ფეხბურთელი მენახა საქმეში, რადგან მომავალ შესარჩევ ციკლში ასაკით პატარა ბიჭებს უწევთ თამაში და დღეს გამოჩნდა, ვის დავეყრდნობით მომავალში. ყველაფრის მიუხედავად, თამაშს დადებითად შევაფასებ. შეცდომები იყო, მაგრამ ამას ველოდით და ვიცით, რაზე გვაქვს სამუშაო”, – განაცხადა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გია გეგუჩაძემ.

 

გია გეგუჩაძემ ნაკრებში ზივზივაძეს და გვილიას უხმო

სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებთან ევროშესარჩევი მატჩის მოგების (4:0) შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მზადებას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდი 28 მარტს ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩს გამართავს უკრაინელ თანატოლებთან. შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.

საქართველოს ნაკრები უკრაინელებთან სათამაშოდ სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ემზადება – გიორგი აბურჯანია, ლაშა დვალი და ნიკა კაჭარავა ეროვნულ გუნდში მიიწვიეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაკლისს – ავთო ენდელაძე ავადმყოფობის გამო ვერ ეხმარება ნაკრებს.

21-წლამდელებში მატებაცაა: გია გეგუჩაძემ გამოიძახა „სამტრედიას“ თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უკვე შეუერთდა ნაკრებს და ბელარუსული „მინსკის“ ნახევარმცველი ვალერიან გვილია, რომელიც ხვალ გამოცხადდება შეკრებაზე.

ხვალ-ზეგ საქართველოს ნაკრები ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ივარჯიშებს, 27 მარტს კი მატჩისწინა წვრთნას ზესტაფონში ჩაატარებს. ამავე დღეს აქვს „დავით აბაშიძეზე“ ვარჯიში დაგეგმილი უკრაინასაც, რომელმაც გუშინ ამხანაგურ მატჩში ავსტრია 1:0 დაამარცხა.

სფფ-ის პრესსამსახური

გია გეგუჩაძე: “ხარისხიც მნიშვნელოვანია და შედეგიც” (ვიდეო)

23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან მარინოს 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა “მიხეილ მესხის” სტადიონზე 21 საათზე დაიწყება და გულშემატკივართა დასწრება თავისუფალი იქნება. გუნდებმა მატჩისწინა ვარჯიში დღეს ჩაატარეს – “მიხეილ მესხის” მინდორზე ჯერ სტუმრები გავიდნენ, შემდეგ კი გია გეგუჩაძის შეგირდებმა ივარჯიშეს.

ჩვენი გუნდი საბრძოლო განწყობაზეა, ფეხბურთელებს არც ტრავმები აწუხებთ და წვრთნამაც ნაყოფიერად ჩაიარა. ვარჯიშს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძეც დაესწრნენ.

ვარჯიშის დაწყებამდე კი ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მართალია, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მიზანი ეროვნული გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, თუმცა არც შედეგი უნდა იყოს მეორეხარისხოვანი.

სფფ-ის პრესსამსახური

გია გეგუჩაძე 21-წლამდელებს პირველად შეკრებს

23 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სან-მარინოს უმასპინძლებს. 2 მარტს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებს შეკრებს და გაცნობითი ხასიათის ვარჯიშს ჩაატარებს.

21-წლამდელები სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ერთჯერად ვარჯიშს გამართავენ.

გია გეგუჩაძემ თავდაპირველად 27 ფეხბურთელი შეარჩია, თუმცა ტრავმების გამო წვრთნას გამოტოვებენ ოთარ კაკაბაძე (დინამო თბილისი), გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო), ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი), მათე ცინცაძე (დინამო თბილისი), ბექა ჭკუასელი (დინამო ბათუმი) და ლუკა კიკაბიძე (ლოკომოტივი).

მეკარეები: ლაზარე კუპატაძე (ლოკომოტივი), ბექა ქურდაძე (საბურთალო), დავით მარიამიძე (დილა);

მცველები: თორნიკე კირკიტაძე (ჩიხურა), აკაკი შულაია (სიონი), გიორგი თევზაძე (დინამო თბილისი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ზურაბ მალანია (შუქურა), ზურაბ ჯაფიაშვილი (სიონი), ლუკა ნოზაძე (გურია);

ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი (ტორპედო), მათე კვირკვია (დილა), ლაშა ქოჩლაძე (ცხინვალი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხარაიშვილი (საბურთალო), ზაურ გოგუაძე (მერანი), ირაკლი რუხაძე (საბურთალო);

თავდამსხმელები: მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი), ილია კერძევაძე (შუქურა), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), გიორგი ხორხელი (საბურთალო).

სან მარინოსთან ოფიციალური მატჩის შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრები 28 მარტს, ქალაქ ზესტაფონში უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.

სფფ-ს პრესსამსახური

გეგუჩაძე: „ფაქტია, რომ ჩვენში ნიჭი არის“

როგორც მოგახსენეთ, დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინეს, რომელიც ასევე სხვა ასაკობრივ ნაკრებებში ხელმძღვანელის ფუნქციას შეასრულებს.

გია გეგუჩაძე
„პირველ რიგში, დიდი მადლობა „დინამოს“, მასთან დაშორება ადვილი არ იყო. აქ სხვაგვარი მასშტაბია. მოლაპარაკებების ეტაპზე პრობლემებთან და მათ გადაჭრასთან დაკავშირებული საერთო ხედვები, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მომენტიც კი იყო. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ჩემთვის დიდი პატივია. ერთ სისტემაში მოქცევა საპასუხისმგებლოა.

ჩვენი მიზნები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: დიდ ფორუმებზე მონაწილეობა და ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მომზადება.

გია გეგუჩაძე

ასისტენტები? ამჟამად სამუშაო პროცესში ვართ და კომენტარისგან თავს შევიკავებ.

საწყის ეტაპზე კლუბში და ნაკრებში მუშაობა განიხილებოდა, მაგრამ ბოლოს მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ასე მუშაობა სწორი იქნებოდა.

ჩვენს ახალაგზრდა ფეხბურთელებში ნიჭი რომ არის, ფაქტია. უბრალოდ, ერთი სისტემა არ არსებბობს. ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების სხვა მეთოდები უნდა გამოვცადოთ. ფეხბურთელების სანაკრებოდ მომზადების სელექცია განიხილება.

სხვა ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს ვიცნობ. ისინი, როგორც პროფესიულ, ასევე ადამიანურ ხედვებს აკმაყოფილებენ“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

გია გეგუჩაძე

კობიაშვილი: „იმედია, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“

დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, სფფ-ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე წარადგინა. სათქმელია, რომ გეგუჩაზე არამხოლოდ 21-წლამდელთა ნაკრებს უთავკაცებს, არამედ სხვა ასაკობრივი გუნდების სტრუქტურას უხელმძღვანელებს.

ლევან კობიაშვილი

„ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გთხარით. გვიხარია, რომ გია ჩვენთან ერთადაა. ის ასევე სხვა ასაკობრივი ნაკრებების სტრუქტურას უხელმძღვანელებს. მადლობა თბილისის „დინამოს“, რომელმაც გეგუჩაძე გამოუშვა. იქ ის ძალიან კარგ გზაზე იდგა. ქართულ ფეხბურთს ასეთი დონის სპეციალისტები სჭირდება. მადლობას გიასაც ვუხდი, რომელიც ჩვენს წინადადებას დათანხმდა. რაღაც საკითხებში ჩვენი აზრები ემთხვევა, რაღაცაში – განსხვავებული ხედვები გვაქვს. გეგუჩაძეს ამ კუთხით მუშაობის ისეთ გამოცდილება აქვს, რომელიც მომავალში ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელებს მოამზადებს. იმედია, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.

ლევან კობიაშვილი

თბილისის „დინამოს“ ახალი თავკაცის ვინაობა ცნობილია (ვიდეო)

კახა ცხადაძის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაშვების შემდეგ მის შესაძლო შემცვლელად თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე მოიაზრება.

რამდენიმე საათის წინ კი სლოვაკურმა რესურსმა sport.sme.sk-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისურ კლუბს სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი ჩაიბარებს.

„დინამო თბილისი“ დიდებული კლუბია. მას ისტორია აქვს, 1980/81 წლების სეზონში „დინამომ“ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგო.

როდესაც საქართველოს ახსენებთ, ბევრმა შეიძლება თქვას, რომ ეს ქვეყანა, ფეხბურთის მხვრივ, ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოგვრჩება. კლუბს დიდი ფინანსური პოტენციალი გააჩნია. აქ ადგილობრივი მოთამაშეები გამოდიან, „დინამოში“ მხოლოდ ერთი ლეგიონერი ირიცხება.

გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ეროვნულ ნაკრებში სამუშაოდ გადადის. მე „დინამოს“ მენეჯერი დამიკავშირდა, რომელიც აქამდე „ზესტაფონში“ მუშაობდა. ამ კლუბს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლისას შევხვდი, მაშინ ტრნავის „სპარტაკის“ მთავარი მწვრთნელი ვიყავი“, – განუცხადა იარაბეკმა ტრნავის „სპარტაკის“ ოფიციალურ არხს.

მთავარი მწვრთნელის რანგით, იარაბეკის მიღწევები არც ისე შთამბეჭდავია. 2009/10 წლების სეზონში მისი თავკაცობით „ზლატე მორავცემ“ რანგით მეორე სლოვაკური ლიგა მოიგო. 2013/14 წლების სეზონში, ტრნავის „სპარტაკში“ მუშაობისას, მისმა გუნდმა სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მესამე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში „სპარტაკმა“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე მიაღწია. 2015 წლის აგვისტოში იურაი იარაბეკმა თავისი პოსტი დატოვა და დღემდე უმუშევარი იყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ 40 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ გორის „დილას“ 5 ქულით უსწრებს. 30 იანვრიდან თბილისელები თურქეთში შეკრებას გაივლიან და რამდენიმე მოსამზადებელ მატჩსაც ჩაატარებენ.

სავარაუდოდ, იარაბეკის დანიშვნას „დინამო“ ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.

გია გეგუჩაძე: “გაბალასთან” ძალიან რთული დაპირისპირება გველის”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანში “გაბალასთან” გასამართი შეხვედრისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ განაცხადა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. გეგუჩაძის გარდა ჟურნალისტების წინაშე “დინამოს” ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაურიც წარსდგა.

“რა შეიძლება ითქვას ხვალინდელ მატჩზე?! ისევე როგორც პირველი თამაში, ძალიან რთული დაპირისპირება გველის “გაბალასთან”. ჩატარებული მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე კი, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს აქვს. ჩვენ სრული შემადგენლობით ვემზადებით, თუმცა გვაქვს გარკვეული დანაკლისი. როგორც პირველ მატჩში, ახლაც არ გვეყოლება დაშავებული ოთარ კაკაბაძე და გიორგი გველესიანი, რომელმაც წითელი ბარათი მიიღო. სხვა ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება”, – ციტირებს გეგუჩაძის სიტყვებს “დინამოს ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში, ყველა ქართულ გუნდს წარმატება მინდა ვუსურვო ევროთასებზე. თბილისური შეხვედრა ურთულესი გამოდგა და ფაქტიურად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით მოგვიწია ასპარეზობა. ხვალინდელი მატჩი არანაკლები სირთულის იქნება, თუმცა ბიჭები მორალურად და ფიზიკურად ყველანი მზად ვართ და შევეცდებით, გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი”, – აღნიშნა ჯაბა ჯიღაურმა.

მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

გეგუჩაძე: „გაბალა“ ძლიერი გუნდია“

დღეს „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამომ“ ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ღია ვარჯიში გამართა, რომლის დაწყების წინ სტადიონის საპრესკონფერენციო ოთახში გუნდის მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის პრესკონფერენცია შედგა.

„ეს დღეც დადგა, წინ მნიშვნელოვანი თამაში გველის. მინდა, ყველა ქართულ კლუბს ევროთასებზე წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მომზადება თბილისში დავიწყეთ, შემდეგ კი სლოვენიაში შეკრება გავიარეთ, სადაც სამი ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ. ასეთ მომზადებს ხშირად მცირე ხარვეზები ახლავს თან, იმედია, მათ მალე გავასწორებთ.

ხვალ ტრავმების გამო კაკაბაძე და ვოლკოვი არ გვეყოლებიან.დანარჩენი ფეხბურთელები ამჟამად მწყობრში არიან.

აქცენტს არამხოლოდ ხვალინდელ მატჩზე გავაკეთებთ. შემდეგ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდი გადის,. შესაბამისად, წინასწარ რამის თქმისგან თავს შევიკავებ.

კონკრეტულად „გაბალაზე“ წარმოადგენა გვაქვს. მოგეხსენებათ, გუნდი სეზონის ბოლოს ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ ისინი არაერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ჩაანაცვლა. ვფიქრობ, ეს დაბალანსირებული და ძლიერი გუნდია. სამწუხაროდ, ახალი შემადგენლობით „გაბალას“ ჩატარებული მატჩების ნახვა ვერ მოვასწარით.

ვცდილობთ, რომ მოთამაშეები ყველა სათამაშო სქემას მოერგონ და ნებისმიერი წყობისთვის მზად იყონ

სატრანსფერო ფანჯარა აგვისტოს ბოლომდეა ღია. შესაძლოა, გუნდი ახალი მოთამაშეებით შეივსოს. ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს“, – განაცხადა გეგუჩაძემ.

გეგუჩაძე