ამ უქმეებზე ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი მილანში შედგება, სადაც ადგილობრივი „ინტერი“ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლებს. სტარტი იტალიის მოქმედ ჩემპიონსაც კარგი აქვს და მილანურ კლუბსაც, რომელმაც გასულ სეზონში მხოლოდ მე-9 ადგილი დაიკავა და ევროთასებზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, „ინტერი“ მაინც ითვლება სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. „იუვენტუსმა“ წინა ორი მატჩიდან ორივე გამარჯვებით დაასრულა, გაიტანა 5 და მიიღო 1 გოლი. „ინტერმაც“ ორივე შეხვედრა მოიგო, 5 გოლი გაიტანა და კარი მშრალად შეინახა.
„ფრე კარგი შედეგი იქნებოდა, თუმცა იმას არ ვამბობ, რომ საყაიმო ანგარიშით მოხარული ვიქნები. მინდა, რომ „ინტერმა“ თავისი დონის შესაბამისი ფეხბურთი აჩვენოს. ასეთ შემთხვევაში, შედეგიც მისაღები იქნება. დაცვაში საიმედოდ უნდა ვითამაშოთ. გუნდი ითამაშებს იმ ტაქტიკით და ფეხბურთელებით, რომელთაც „იუვენტუსისთვის“ პრობლემების შექმნა შეუძლიათ“, – ეს სიტყვები „ინტერის“ თავკაც ვალტერ მაცარის ეკუთვნის.
„ყოველი მატჩი გამოცდაა, თუმცა ცხადია, რომ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის, რადგან „იუვენტუსი“ ჩვენი პირდაპირი კონკურენტია“, – ამბობს „ინტერის“ ნახევარმცველი ფრედი გუარინი გაზეთ „ტუტოსპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. – ისეთი კლუბი, როგორიც „ინტერია“, ევროპაში უნდა ასპარეზობდეს. მატჩიდან მატჩში უნდა დავამტკიცოთ, რომ გუნდს გამარჯვების სურვილი აქვს. ახლა გვაქვს იმის ჩვენების საშუალება, თუ რა ისწავლა გუნდმა ვალტერ მაცარის გაკვეთილებისგან“.
მაცარი ის მწვრთნელია, რომელმაც გასულ სეზონში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის მეორე ადგილზე გაიყვანა. „ინტერის“ პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ის იტალიის სამხრეთიდან ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მიიწვია და ანდრეა სტრამაჩიონის ადგილი დაუთმო.
„იუვენტუსშიც“ კარგად უწყიან, რომ „ხნიერ ქალბატონს“ „ინტერის“ სახით ძლიერი კონკურენტი ჰყავს.
„ახლა „ინტერი“ იმ მდგომარეობაშია, რომელშიც ჩვენ ვიყავით ორი წლის წინათ, – აღნიშნავს „მედიასეტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „იუვეს“ მცველი შტეფან ლიხტშტაინერი, რომელმაც ის პერიოდი გაიხსენა, როცა „ბიანკონერიმ“ იტალიის ჩემპიონატი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა. – ვიცით, რომ მეტოქე მაქსიმალურად მოტივირებული იქნება, თუმცა არც ჩვენი გუნდი აპირებს რამის დათმობას“.
„ინტერს“ ჩვენი გზის გავლა შეუძლია. გუნდი განახლდა, ძალიან კარგი თავკაცი დაინიშნა. ეს დამატებითი მიზეზია, რომ მეტოქის მიმართ პატივისცემა გამოვიჩინოთ “, – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.
ხუთშაბათის ვარჯიშზე, „იუვენტუსის“ საერთო ჯგუფს შეუერთდა მირკო ვუჩინიჩი, რომელიც სანაკრებო მატჩში დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის „ინტერის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში სათამაშოდ მზად უნდა იყოს.
ცნობისთვის, მატჩი „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
ბექა დოგრაშვილი