7 ივლისს ,,დილა“ ,,ალანიასპორს“ ამხანაგურად გაეჯიბრება

თურქულ შეკრებაზე მყოფი გორის ,,დილა“ 7 ივლისს მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თურქულ,,ალანიასპორტთან“ გამართავს, რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა უმაღლესში გადამსვლელთა პლეი-ოფში დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზედაიწყება.

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ,,დილა“ მზადებას ქალაქ აფიონში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ვარჯიში აფიონ არენაზეც ჩაატარა.

ლუცკის ,,ვოლინთან“ გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ, გორელებმა მეორე დღეს მხოლოდ ერთხელ ივარჯიშეს. 6 ივლისს კი უჩა სოსიაშვილმა შეგირდები ორჯერ ავარჯიშა. შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს გორის „დილა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას სერბეთში, ბელგრადის ,,პარტიზანის“ წინააღმდეგ გამართავს.

 

 

„დილას“ პრესსამსახური

ლაშა სალუქვაძე გორის „დილაში“ ბრუნდება

გორის „დილას“ რიგებში მორიგი მატებაა. როგორც ცნობილია, შიდა ქართლელებმა კიდევ ერთი მცველი ლაშა სალუქვაძე დაიბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 33 წლის ფეხბურთელი ბაქოს „ინტერის“ რიგებში თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ „დილას“ ღირსებას სალუქვაძე აქამდეც იცავდა – გორელთა მაისურით ის 2011 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, რის შემდეგაც რუსულ „სკა-ენერგიაში“ გადაბარგდა.

“ვოლინმა” “დილასთან” საპასუხო მატჩის ჩატარება არ ისურვა

გორის “დილასა” და ლუცკის “ვოლინს” შორის დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი არ ჩატარდა. შეხვედრის გამართვაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას “დილა” ავრცელებს.

“უკრაინულ “ვოლინთან” მეორე მატჩი დღეს აღარ გაიმართება, რადგან ჩვენმა მეტოქემ თამაშზე უარი განაცხადა. მომდევნო მატჩს გორის “დილა” 4 ივლისს თურქეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ “გაზიანთეპსპორთან” ჩაატარებს”, – წერია “დილას” გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ “დილასა” და “ვოლინს” შორის გუშინ გამართული მატჩი ქართული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

„დილამ“ უკრაინულ ,,ვოლინთან” ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ თამაში შემოატრიალა

გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა უკრაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინთან“ და შეხვედრა, მიუხედავად ორბურთიანი ჩამორჩენისა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით შეხვედრის მეორე ნახევარი. პირველ ტაიმში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრში ტრიალებდა. ხშირი იყო ორთაბრძოლები, თუმცა პირველ ნახევარში მეტოქემ შეძლო ორი ბურთის გატანა. ორივე შემთხვევაში მეტოქემ თავური დარტყმით აიღო ჩვენი გუნდის კარი. აღსანიშნავი იყო, უკრაინელი ფეხბურთელების სიმაღლეში უპირატესობა. პირველი ბურთი ჩვენს კარში ფლანგური ჩაწოდების შემდეგ გავიდა, ხოლო მეორე კუთხურიდან მოწოდებულს მოჰყვა.

ორი გაშვებული გოლის შემდეგ, სათამაშო უპირატესობას „დილა“ დაეუფლა. სახიფათოდ ურტყამდა ირაკლი ძარია, რომლის დარტყმულიც მცირე მანძილით აცდა „ვოლინის“ კარს. აქტიურობდა მარცვალაძე-მაშუკოვი, ფლანგებიდან კი ხურცილავა და ნავალოვსკი.

ტაიმის ბოლო წუთზე „დილამ“ ანგარიშის შემცირების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. მარცხენა ფრთაზე ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ, ბურთი მაშუკოვს მიუვიდა, რომელიც საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შევიდა, გაცდა ორ მოწინააღმდეგეს და გადაცემა გაუკეთა გვალიას, რომელმაც ერთი შეხებით მარცვალაძეს დაუგდო. გოლი თითქოს გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ოთარის დარტყმული უკრაინელთა მეკარემ მოიგერია.

მეორე ნახევარში „დილას“ თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. კვახაძის ნაცვლად მოედნის დაცვის ცენტრში გიორგი პაპავას გივი ქარქუზაშვილი შეუწყვილა, ძარიას მაგივრად კი კვირკვია შევიდა, ხოლო მაშუკოვის ნაცვლად ერისთავი.

ამის შემდეგ, მეორე ნახევარი მთლიანად „დილას“ უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია კვირკვიას და ერისთავის საკმაოდ კარგი ჩართვა თამაშში. გოლი გორელებმა ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ გაიტანეს. მეტოქის მარცხენა ფრთიდან ოთარ მარცვალაძის გრძელ ფლანგურ გადაცემას დავით ხურცილავას თავით დაგდებული ბურთი და ასევე ერთი შეხებით მათე კვირკვიას მეტოქის კარში ლამაზად გადაგზავნილი გოლი მოჰყვა – 2:1. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მოწნააღმდეგის რიგებში გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძე.

შეხვედრა კვლავ გორელთა უპირატესობით გაგრძელდა. გატანილი გოლის შემდეგ, ერთი-მეორეს მიყოლებით ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ: ერისთავს, მარცვალაძეს, კვირკვიას და გვალიას.

მეორე გოლი „დილამ“ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 71’-ე წუთზე მარცხენა კუთხიდან გორელებმა საჯარიმოს ჩაწოდების უფლება მოიპოვეს. გიორგი ერისთავის სახიფათოდ ჩაწოდებულ ბურთზე, მეტოქის მცველმა ხელით ითამაშა. თერთმეტმეტრიანი კი ლუკა რაზმაძემ უზადოდ შეასრულა – 2:2.
ანგარიშის შემცირებისა და გათანაბრების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა კიდევ რამოდენიმე ცვლილება განახორციელა და მოედანზე შევიდნენ: გუგა ფალავანდიშვილი, თეიმურაზ ღონღაძე, და გიორგი ილურიძე.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, გორელებმა მოსაგებლად გაიწიეს და რამოდენიმე წუთში დაწინაურდნენ კიდევაც. დავით კვირკველიამ საკუთარი ნახევრიდან გრძელი გადაცემა გააკეთა მეტოქის საჯარიმოსთან, სადაც მათე კვირკვიამ „ვოლინის“ ტანმაღალ მცველთან ორთაბრძოლაში მიიღო ბურთი და ლამაზი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა შორეულ კუთხეში გადაგზავნა ბურთი – 2:3.

დარჩენილ დროში გორელებს, კერძოდ კი მარცვალაძეს შეეძლო მეოთხე გოლის გატანა. ოთარ მარცვალაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, კუთხე ოდნავ მახვილი იყო და მეკარემ შეძლო ხიფათის განმუხტვა.

შეხვედრის მიწურულს, უკრაინელებს რამოდენიმე მცდელობა ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრებისა, თუმცა ხიფათამდე საქმე არ მისულა. შეხვედრა საბოლოოდ „დილას“ გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ასევე გვინდა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადოთ ტექნიკური შეფერხებისთვის, რომელიც ჩვენი ტექსტური ტრანსლაციის დროს შეექმნა საიტს.
„დილა“ ხვალ 2 ივლისს კიდევ ერთხელ გაეჯიბრება უკრაინულ „ვოლინს“. შეხვედრა ჩვენი დროით 12:00 საათზე დაიწყება.

„დილამ“ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო, ხურცილავა, კვახაძე (კაპ.), პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, გვალია, რაზმაძე, ძარია, მარცვალაძე, მაშუკოვი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, კვირკვია, ერისთავი, ფალავანდიშვილი, ღონღაძე და ილურიძე.

„დილას“ პრესსამსახური

გორის „დილა“ განაგრძობს თურქულ შეკრებას

დღეს 28 ივნისს უჩა სოსიაშვილმა გუნდი ორად გაყო (პირობითად წითლები და ლურჯები) და ერთამნეთში ათამაშა.

სანამ უშუალოდ თამაშზე გადავიდოდეთ, გვინდა ავღნიშნოთ, რომ გუნდის ახალწვეულსა და ეროვნული ნაკრების გამორჩეულ წევრს გიორგი ნავალოვსკის დღეს 29 წელი შეუსრულდა. იუბილარს კლუბის სახელით ვულოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებთ როგორც პირად, ასევე სპორტულ ცხოვრებაში.

რაც შეეხება შეხვედრას, საკმაოდ საინტერესო სანახავი გამოდგა. იმ დატვირთვების ფონზე რასაც გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე გადის, შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ წითლების გამარჯვებით 3:0 დამთავრდა.

პირველი გოლი 15’-ე წუთზე გავიდა. გვალიამ მოედნის შუიდან გრძელი გადაცემა გაუკეთა ღონღაძეს, რომლის ასევე ზუსტი გადაცემის შემდეგ გიორგი ილურიძემ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:0. რამოდენიმე წუთში ანალოგიური გოლი გავიდა, თუმცა სხვა ფეხბურთელების მონაწილეობით.რაზმაძემ მარცხნიდან გააკეთა გადაცემა ნავალოვსკიზე, რომლის კარგი ჩაწოდების შემდეგაც, ჩვენი გუნდისა და გასრულებული ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი მოდებაძემთავით შეძლო მეორე ბურთის გატანა – 2:0. პირველ ნახევარში კიდევ იყო რამოდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. აღსანიშნავია, ერისთავის, მაშუკოვისა და კვირკვიას მცდელობები.

მეორე ნახევარში რამოდენიმე სახიფათო მომენტი როგორც ერთ, ისე მეორე გუნდის კართან შეიქმნა. ლურჯების მხრიდან ახლოს იყო მიზანთან იგივე ერისთავი, მაშუკოვი და გორელიშვილი. ერთ-ერთ ეპიზოდში დუდუჩავამოდებაძის კომბინაციის შემდეგ, ამ უკანასკნელის დარტყმული ძელს მოხვდა.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში ირაკლი მოდებაძემ დასვა. მარცვალაძესთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, მეკარე მარიამიძესთან პირისპირ გასულმა აუღელვებლად შეძლო მისი კარის აღება – 3:0.

შემადგენლობები:

წითლები: შევჩენკო, კვირკველია, პაპავა, კვახაძე, ნავალოვსკი, ღონღაძე, რაზმაძე, გვალია, ილურიძე, მოდებაძე, მარცვალაძე.

მეორე ნახევარში შევიდნენ: ცხოვრებოვი, დუდუჩავა.

ლურჯები: მუჯრიშვილი, ბაგაევი, ქარქუზაშვილი, სამხარაძე, ხურცილავა, ძარია, წიქარიძე, ახალკაცი, ერისთავი, კვირკვია, მაშუკოვი.

შეცვლაზე შევიდნენ: ლომიძე, გორელიშვილი.

ორმხრივ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია გუგა ფალავანდიშვილს, რომელიც ჯერჯერობით ინდივიდუალურად ემზადება.

„დილა“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას 1 ივლისს უკარაინის უმაღლეს ლიგელ ლუცკის „ვოლინის“წინააღმდეგ გამართავს.

„დილას“ პრესსამსახური

კვეკვესკირი: „ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რომ „ინტერში“ გადავედი“

გორის „დილადან“ ბაქოს „ინტერში“ გადასული ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი azerisport.com-ს გაესაუბრა და ახალ კლუბში პირველი შთაბეჭდილებების შესახებ უამბო.

„მიხარია, რომ „ინტერის“ მსგავს კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი“.

– რა იცით „ინტერის“ შესახებ?

„ვიცი, რომ ეს ის გუნდია, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძოდა. აქ ბევრ ქართველს უთამაშია“

– ზაურ სვანაძეს, ალბათ, უკვე ესაუბრეთ

„მიხარია, რომ ასეთ სპეციალსიტთან ვიმუშავებ. ის მართლა მაღალი დონის სპეციალისტია“

– თქვენი „ინტერში“ მოსვლის მიზეზი რა გახდა?

„ლეგიონერის ცხოვრების გაგება მინდოდა. იმედია, გუნდს წარმატებას მოვუტან. შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა „ინტერმა“ ახალ სეზონშიც წარმატებულად ითამაშოს“

– ვარჯიშს როდის დაიწყებთ?

„პირველ ვარჯიშზე უკვე ვიყავი“

– სავარაუდოდ, თქვენს გადაწყვეტილებაზე იმ გარემოებამაც იმოქმედა, რომ „ინტერი“ დედაქალაქური კლუბია…

„ბაქო ძალიან მომეწონა. ეს ნამდვილად ლამაზი ადგილია“

– კონტრაქტი რამდენი ხნით იმოქმედებს?

„ერთწლიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ“

– „ინტერში“ ერთადერთი ქართველი არ იქნებით. ადაპტაციის პრობლემა არ უნდა იყოს…

„აქ ისეთ ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რომ ჩემი თანამემამულეების გარეშეც ყველაფერი გამოვიდოდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზაურ სვანაძისა და გიორგი ლომაიას ხილვა მიხარია.

– „ინტერის“ ფინანსური პრობლემების შესახებ თუ იცით?

„ეს ჩემი საქმე არ არის. ამ თემაზე საუბარი არ მსურს. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველაფერი კარგად იქნება“

– როდესაც „დილას“ ტოვებდით, ალბათ, სხვა კლუბების წიანდადებაც გექნებოდათ

„ამჟამად „ინტერის“ ფეხბურთელი ვარ. არამგონია, სხვა კლუბების წიანდადებებზე საუბარი ეთიკური იყოს. სხვა კლუბები არ მაინტერესებს, მაგრამ „დილას“ ყოველთვის ვუგულშემატკივრებ“

ფალავანდიშვილი: “მიზანი ჯგუფურ ეტაპზე თამაშია”

როგორც იცით, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპების კენჭისყრა გაიმართა, სადაც მეორე საფეხურიდან ტურნირში ჩაერთვება ქართული გორის “დილა”.

შიდა ქართლურ გუნდს მეორე ეტაპზე სერბული, ბელგრადის “პარტიზანი” დაუპირისპირდება. წილისყრის შედეგებსა და მიმდინარე სეზონის მიზნებზე FANEBI.COM-თან კომენტარი “დილას” ნახევარმცველმა, გუგა ფალავანდიშვილმა გააკეთა.

“ნაწილობრივ, კენჭისყრით კმაყოფილი ვარ, რადგან უფრო რთული მეტოქეც შეიძლებოდა და ასევე უფრო სუსტიც. საკმაოდ ძლიერი გუნდია “პარტიზანი” და დიდი სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდებით ამ ეტაპს. რაც შეეხება მიზანს, შეიძლება ბევრი ეტაპის დაძლევა და მიზანი, ჩეპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია”.

რევიშვილი და ცხოვრებოვი გორის „დილაში“ გადადიან

„ტოსნოს“ მეკარე ნუკრი რევიშვილი და მცველი ალბერტ ცხოვრებოვი კარიერას საქართველოს მოქმედი ჩემპიონის გორის „დილას“ შემადგენლობაში გააგრძელებენ.

განვლილ სეზონში რუსეთის პირველ დივიზიონში „ტოსნოს“ შემადგენლობაში რევიშვილმა 21 შეხვედრა ჩაატარა. გაზაფხულში გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სერგეი ნარუბინის მოსვლის შემდეგ ქართველს თამაშის შანსი არ ჰქონია.

რაც შეეხება ცხოვრებოვს, განვლილ სეზონში მან მხოლოდ რვა შეხვედრაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ერთი საათის წინ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში გორელთა მეტოქის ვინაობა გაირკვა.

ჩემპიონთა ლიგაზე “დილას” მეტოქე ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015/16 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი და მეორე რაუნდების წილისყრა ჩატარდა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” ტურნირს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “დილას” მეტოქე სერბეთის “პარტიზანი” იქნება.

წყვილის პირველ შეხვედრას სერბეთი უმასპინძლებს, განმეორებითს კი – საქართველო.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 14-15 ივლისს, საპასუხო კი 21-22 ივლისს ჩატარდება.

 

,,დილა” საქართველოს ჩემპიონია! (ვიდეო)

22 მაისს, გორის “დილამ” საკუთარ მოედანზე “ვიტ ჯორჯია” ანგარიშთ 3:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, გორელებს თასი გადაეცათ და მათ ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.

ჩემპიონთა ლიგაზე “დილას” მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე უკვე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონი გორის “დილაა”. მაშასადამე, შიდა ქართლელებს ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევთ ასპარეზობა.

უჩა სოსიაშვილის კლუბის კოეფიციენტი 4,875-ია და განუთესავია. “დილა” მეორე ეტაპზე განთესილ გუნდს დაუპირისპირდება.

როგორც იცით, ჯერ-ჯერობით ყველა ქვეყნის ჩემპიონატი არაა დასრულებული, ამიტომაც გორელთა სავარაუდო მეტოქეების მცირე ჩამონათვალს შემოგთავაზებთ.

“სელტიკი” (შოტლანდია), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ბატე” (ბელარუსი), “აპოელი” (კვიპროსი), ზაგრების “დინამო”(ხორვატია), “მარიბორი” (სლოვენია), “მალმიო” (შვედეთი), “თ-ა მაქაბი” (ისრაელი), “პარტიზანი” (სერბეთი), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), “ჰიკი” (ფინეთი), “მიოლდე” (ნორვეგია), “შკენდერბიუ” (ალბანეთი), “ვენტსპილსი” (ლატვია), “ვიდეოტონი” (უნგრეთი).

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა 22 ივნისს გაიმართება. მატჩები 14 და 15 ივლისს ჩატარდება, განმეორებითი კი – 21 და 22 ივლისს.

ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო ბომბარდირი?

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2014/15 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება. მთავარი კითხვაზე პასუხი ცნობილია – გორის „დილას“ სახით საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შიდა ქართლელებმა ჩემპიონობა 28-ე ტურში გაინაღდეს, როდესაც გასვლაზე ალექსანდრე კვახაძის გოლით მინიმალური ანგარიშით, 1:0 გაიმარჯვეს. ამჟამად გორელებს 61 ქულა აქვთ და მეორე და მესამე ადგილზე მყოფ ბათუმისა და თბილისის „დინამოელებს“ 6-6 ქულით უსწრებენ.

ამის მიუხედავად, ჩემპიონატში რამდენიმე ინტრიგა დარჩა. მაგალითად, უცნობია მეორეადგილოსანისა და იმ გუნდის ვინაობა, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პლეიოფში ითამაშებს. ცხრილის ქვედა ნაწილში გადარჩენისთვის ერთდროულად „სიონი“, „ვიტ ჯორჯია“ და „მეტალურგი“ იბრძვიან. ამ მხვრივ, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ბოლნისელები არიან, რომლებსაც 29 ქულა აქვთ და ამჟამად პლეიოფის ზონაში მყოფ „ვიტ ჯორჯიას“ 3 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „მეტალურს“, ქვემო ქართლელები ბოლო ადგილზე იმყოფებიან და ქულით მოპოვების შემთხვევაში, „ზესტაფონს“ გაუთანაბრდებიან, რომელიც ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება და მეორე წრის მეორე ნახევრიდან ყველა შეხვედრაში ტექნიკური წაგება ეთვლება.

ასევე საინტერესოა, ვინ გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბობმარდირი. ამჟამად ბომბარდირთა დავას 14 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე ლიდერობს, თუმცა „დინამოს“ ნახევარმცველი, 19 წლის გიორგი პაპუნაშვილი მას მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. მესამე ადგილზე 11 გოლით „ცხინვალის“ თავდამსხმელი ნიკა კაჭარავაა.

ირაკლი მოდებაძე

მოდებაძე „დილაში“ 2012 წელს ჩაირიცხა, როდესაც გორელებს რუსთავის „მეტალურგიდან“ შეუერთდა. სადებიუტო სეზონში უმაღლეს ლიგაში ირაკლიმ 21 მატჩი ჩაატარა და თავი 11-ჯერ გამოიჩინა, შემდეგ სეზონში კი 17 შეხვედრაში9 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე წრიდან მოდებაძე თბილისის „დინამოში“ თამაშობდა, თუმცა მაშინდელ მალხაზ ჟვანის გუნდში მხოლოდ 7 მატჩის ჩატარება მოუწია, რომელშიც თავის გამოჩენა ვერ შეძლო. ამ სეზონის დაწყების წინ 30 წლის მოთამაშე „დილაში“ დაბრუნდა და ჯერჯერობით მის შემადგენლობაში თავის საუკეთესო სეზონს ატარებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში და ზოგადად კარიერაში ირაკლისთვის საუკეთესო 2010/11 წლების სეზონი იყო, რომელშიც ის 34 შეხვედრაში 16 გოლით გამოირჩა, თუმცა სეზონის საუკეთესო ბობმარდირი ვერ გახდა – ორი გოლით მას მაშინდელი ჩემპიონის „ზესტაფონის“ ფორვარდმა ნიკა გელაშვილმა აჯობა.

ბოლო ტურში „დილა“ უმაღლეს ლიგაში გადასარჩენად მებრძოლ ნახსენებ „ვიტ ჯორჯიას“ მასპინძლობს, რაც მოდებაძეს ბომბარდირთა დავაში ლიდერობის შენარჩუნების შანსს აძლევს.

გიორგი პაპუნაშვილი

ნიჭიერი ნახევარმცველი თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ლურჯ-თეთრების“ რიგებში ცამეტ მატჩში გიორგიმ თავი სამჯერ გამოიჩინა. თითო გოლი მან რუსთავის „მეტალურგს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საჩხერის „ჩიხურას“ გაუტანა.

ზაფხულში თბილისურ კლუბში ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად ახალგაზდა მოთამაშეებით დაკომპლექტდა, 2014 წლის ბოლოს კი „დინამო“ გამოცდილმა ჩისკომ და ირაკლი ძარიამაც დატოვეს. ესპანელი სამშობლოში დაბრუნდა, ხოლო ძარია გორის „დილას“ შეუერთდა. სეზონის დასაწყისში მომხდარი ცხლილებების წყალობით არაერთ ახალაგზრდა მოთამაშეს თავის გამოჩენის რეალური შანსი მიეცა. პაპუნაშვილი ის ფეხბურთელია, რომელმაც ამ შანსის ყველაზე კარგად გამოყენება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მან პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეზე ერთით ნაკლები შეხვედრა ჩაატარა, შესაბამისად, პროცენტული მაჩვენებლით გორელთა ლიდერს არ ჩამოუვარდება.

გიორგი პაპუნაშვილი_07754

ყველაზე შედეგიანი გიორგისთვის ცხინვალის „სპარტაკთან“ პირველი წრის შეხვედრაა, რომელშიც მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი მეტოქე ანგარიშით 6:1 გაანადგურა.

ბოლო დროს 19 წლის ტალანტის „დინამოდან“ შესაძლო წასვლსთან დაკავშირებული საუბრები გავრცელდა. პაპუნაშვილის სახელს ქართველებისთვის ცნობილ კვიპროსულ „ანორთოსისს“ უკავშირებდნენ.

ბოლო ტურში „დინამო“ საჩხერის „ჩიხურას“ მასპინძლობს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მეხუთე ადგილი უკვე გარანტირებული აქვს. საჩხერლები ვერც მეოთხე ადგილისთვის ბრძოლას შეძლებენ და ვერც მეექვსე ადგილზე აღმოჩნდებიან.

ნიკა კაჭარავა

ასაკის მიუხედავად, 21 წლის თავდამსხმელს უცხოეთშიც იცნობენ. 2011/12 წლების სეზონში ნიკა „დინამო თბილისის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, რის შემდეგაც ყაზანის „რუბინში“ გადაბარგდა, რომლის ახალგაზრდულ გუნდში არც თუ ისე ცუდად თამაშობდა. 2014 წელს კაჭარავა საქართველოში დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს მხოლოდ ერთი შეხვედრის ჩატარება მოუწია, ამ სეზონში კი „ცხინვალის“ საუკეთესო ბობმარდირად ჩამოყალიბდა. თავისი სიმაღლის დახმარებით, ნიკა მეორე ასართულზე ორთაბძროლებს, ძირითადად, ადვილად იგებს.

ნიკა კაჭარავა_95434

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა პირველ ადგილზე მყოფ მოდებაძეს სამი გოლით ჩამორჩება, მას ბომბარდირობაზე ფიქრის მიზეზი მაინც უნდა ჰქონდეს. „მეტალურგთან“ 29-ე ტურის შეხვედრაში მან ჰეთთრიკი შეასრულა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 7:2 მოიგო.

ბოლო ტურში ცხინვალელები, რომლებიც ვერც სამეულშ შევლენ და ვერც მეოთხე ადგილის ქვემოთ აღმოჩნდებიან, მეათე ადგილზე მყოფ ფოთის „კოლხეთს“ ხვდებიან.

იხილეთ კაჭარავას ინტერვიუ Fanebi.com-თან