როგორც იცით, უკვე ცნობილია განრიგი, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგის 2016/17 წლების მატჩები ჩატარდება. მომავალი სეზონში მრავლად არის ისეთი მატჩი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.
ბოლო დროს ინგლისში ბევრი სასიხარულო რამ მოხდა ინგლისური ფეხბურთისათვის – ჟოზე დაბრუნდა, მოვიდა პეპ გვარდიოლა, “ვესტ ჰემი” ახალ მოედანზე გადავიდა და ა.შ.
გთავაზობთ პრემიერ ლიგის 10 მატჩს, რომელიც წიგნაკში აუცილებლად უნდა მოინიშნოთ…
“ლესტერ სიტი” – “არსენალი”, 20 აგვისტო
20 აგვისტოს დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ლესტერ სიტი” კვლავ გამართავს პრემიერ ლიგის მატჩს “კინგ პაუერ სატიონზე”, ოღონდ ამჯერად ჩემპიონის სტატუსით. საინტერესოა, იმ დიდებული “ლესტერიდან” რამდენი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას ამ მატჩში? რომელი კლუბის ღირსებას დაიცავს ჯეიმი ვარდი ამ მატჩში? მიუხედავად იმისა, რამდენი ფეხბურთელი წავა, ან დარჩება, “მელიები” მაინც ეცდებიან “მეთოფეების” დამარცხებას.
“ვესტ ჰემი” – “ბორნმუთი”, 20 აგვისტო
112-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ “ვესტ ჰემი” “ბოლეინ გრაუნდს” გამოემშვიდობა, თანაც ძალზედ ემოციურად. ამავდროულად საფუძველი ჩაეყარა ახალ ერას, “ოლიმპიკ სტადიონის” ერას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე 50, 000-ზე მეტი სეზონური აბონიმენტი არის გაყიდული – რაც ამ მოვლენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახალ სტადიონზე “ჩაქუჩები” პირველად “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან. ბილიჩის გუნდი მაქსიმალურად ეცდება, რომ პირველი მატჩი ყველას დაამახსოვრდეს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მანჩესტერ სიტი”, 10 სექტემბერი
მანჩესტერულ დერბის მარილი არასდროს არ აკლდა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ეს დერბი განსაკუთრებულად დაძაბული იქნება, რამეთუ საქმეში ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა ერთვება, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთის “მოსისხლე მტრებადაც” მივიჩნიოთ. ყველას უნდა გაიგოს … გაიგოს, თუ რა მოხდება ამ მატჩში.
“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 15 ოქტომბერი
ინგლისის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშეა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მთელი ძალებით იქნებიან პრემიერ ლიგაზე გადართულნი. ესეც რომ არ იყოს, როგორ შეიძლება “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის გამოტოვება, თანაც მაშინ, როცა მათ ორი დიდებული სპეციალისტი უდგათ სათავეში.
“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 22 ოქტომბერი
მოურინიოს წასვლის შემდეგ “სტემფორდზე” გამართულ პირველ მატჩში ფანები რამოდენიმე ფეხბურთელს სტვენით მიესალმენ, თამაშის მიმდინარეობისას კი აქტიურად გაყვიროდნენ პორტუგალიელის სახელს. როგორი იქნება მათი რეაქცია, როდესაც დაინახავენ მოუს მტერის რანგში? ამას 22 ოქტომბერს ვნახავთ.
“არსენალი” – “ტოტენჰემი”, 5 ნოემბერი
გასული სეზონიდან მოყოლებული ახლაც ბევრი თვლის, რომ 2016/17 წლების სეზონი “ტოტენჰემის” გაბრწყინების შანსია. იმ დამცირებისთვის, რაც “სპურსმა” “მეთოფეებისაგან” მიიღო, როცა ბოლო ტურში მეორე ადგილი აწაპნეს, პოჩეტინოს გუნდი შურს აუცილებლად იძიებს, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.
“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”, 19 ნოემბერი
ბევრი წელია, რაც ეს დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულად მიიჩნევა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება გამორჩეულად სანახაობრივი იქნება, რამეთუ ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდება ორი განსხვავებული ტიპის მწვრთნელი – არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.
“ჩელსი” – “ტოტენჰემი”, 26 ნოემბერი
ამ გუნდებს შორის შუღლი ყოველთვის იყო, თუმცა მაისში მომხდარმა მოვლენებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლურჯებმა” დააკარგვინეს “სპურს” ქულები, რამაც პოჩეტინოს ყველანაირი შანსი მოუსპო. იქნებ 26 ნოემბრისთვის ჭრილობებმა ბოლომდე შეხორცება ვერ მოახერხონ…
“საუთჰემპტონი” – “ევერტონი”, 26 ნოემბერი
რონალდ კუმანის გადაწყვეტილება “საუთჰემპტონის” “ევერტონში” გაცვლისა ბევრ “წმინდანს” არ მოეწონა. აქვე გეტყვით, რომ “საუთჰემპტონმა” გასულ სეზონში 5 ადგილით უფრო მაღლა დაასრულა ასპარეზობა, ვიდრე კუმანის ახალმა კლუბმა. ამ მატჩში “წმინდანებს” შანსი ექნებათ დაუმტკიცონ რონალდს, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.
“მიდლსბრო” – “სანდერლენდი”, 11 მარტი
“ნიუკასლის” გავარდნამ ინგლისელ გულშემატკივარს ერთ-ერთი საუკეთესო დერბის ყურების საშუალება ხელიდან წაართვა, თუმცა არანაკლებ დაძაბული და სასიამოვნო საყურებელი იქნება ახლადგადმოსული “მიდლსბროსა” და გადარჩენილი “სანდერლენდის” დაპირისპირება.