კლოპი: “გადაწყვეტილი არაფერია, “სიტის” ჩვენი გაგდება შეუძლია”

“მანჩესტერ სიტისთან” “ენფილდზე” მოპოვებული უდიდესი უპირატესობის მიუხედავად (3:0), იურგენ კლოპი თვლის, რომ “ლივერპული” ჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ გასულა და ყურადღებით უნდა იყოს.

“არა, “სიტი” გაუნებელყოფილი სულაც არ არის. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, მათ ჩვენი გაგდება შეუძლიათ. გაიხსენეთ, როდესაც 5-0 წავაგეთ “მანჩესტერ სიტისთან” ექტემბერში, ყველამ დაინახა, თუ რა შეუძლია ამ კლუბს, თუმცა ათი კაცით ვთამაშობდით.

ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რას წარმოადგენს პეპი, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთში სრულყოფილი კლუბი არ არსებობს – არის ცუდი და კარგი პერიოდები.

ცუდი პერიოდი ყველა კლუბს აქვს – ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ “ბარსელონა” მოსვენებულია და თვლის, რომ უკვე გასულია შემდეგ ეტაპზე. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპი: “განსხვავება? პეპს უბრალოდ ყოველთვის უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გასამართ მატჩებზე ისაუბრა, სადაც “მერსესაიდელების” მეტოქე “მანჩესტერ სიტი” იქნება.

ძალიან საინტერესო მატჩები გველის. ჩვენი შეტევა და დაცვის სტილი მეტოქეს დიდ სირთულეებს შეუქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბარიერის გადალახვა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია. თუმცაღა ამ მატჩში ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ.

საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩება, ვინც უფრო მეტს მოინდომებს. “სიტის” წინააღმდეგ დაცვაში ჩაჯდომა სისულელეა, შეუძლებელია, იმის იმედი გქონდეს, რომ ეს გუნდი ვერ გაგიტანს. ისინი ძალიან ძლიერები არიან.

განსხვავება? საქმე ისაა, რომ პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი გუნდი ჰყავდა. “ბორუსიაში” ყოფნის დროსაც ასე იყო, თუმცა მაშინ განსხვავება გაცილებით უფრო დიდი იყო,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

იურგენ კლოპი წილისყრის შედეგზე: “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ოცნება აუხდათ”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა და მის მეტოქეზე, “მანჩესტერ სიტიზე” ისაუბრა.

“არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ძალიან კარგია, როცა ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარი ქვეყნის გუნდს ეთამაშები. ეს შედეგი ოცნების ახდენა იყო… “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებისთვის.

ჩემპიონატში ჩვენ ერთხელ მოვუგეთ “მანჩესტერ სიტის” და ერთხელაც დავმარცხდით,” – აცხადებს იურგენ კლოპი, რომლის გუნდმაც 1/8-ფინალში “პორტუ” გამოთიშა ჩემპიონატს.

“არ ვთვლი, რომ წილისყრის წინ ისინი საუკეთესო ვარიანტად მიგვიჩნევდნენ. ეს კი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად ძლიერები ვართ,” – დაამატა გერმანელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი მატჩი 4 აპრილს, ლივერპულში გაიმართება, განმეორებითი კი – 10 აპრილს, მანჩესტერში.

იურგენ კლოპი: “დიახ, ეს უნაკლო შესრულება იყო “ლივერპულის” მხრიდან”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “პორტუსთან” მოგებული მატჩი (0:5) ბრწყინვალედ შეაფასა და თავისი ფეხბურთელებს კარგი თამაშისთვის შეაქო.

“დიახ, ეს სრულყოფილი შესრულება იყო ჩვენი მხრიდან. ჩვენი გუნდი ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს და თითქმის ყოველ ასპექტში სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდით – კარგად ვიცავდით თავს, აგრესიულად ვთამაშობდით, ბურთსაც ვინარჩუნებდით და სივრცეებსაც ვითვისებდით.

ჩემმა ფეხბურთელებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. გამოვარჩევდი ენდრიუ რობერტსონის შესრულებას, რომელმაც, როგორც იქნა, იპოვა თავისი თამაში. საუკეთესო კი, რა თქმა უნდა, სადიო მანე იყო რობერტო ფირმინოსთან ერთად.

ხვალინდელი გასეირნება? არა, ალკოჰოლს არ ეკარებიან. ეს სულ სხვა თაობაა და ამის პრობელმა არ გვაქვს. შეუძლიათ უფრო დიდი ხანი დარჩნენ საღამოს, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა ყველაფერს ძილი ურჩევნიათ,” – აცხადებს კლოპი.

კლოპი: “ისტორიული მატჩი იყო, რომელზეც მომავალი 20 წლის მანძილზე ილაპარაკებენ”

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “მანჩესტერ სიტისთან” მოგებული მატჩის შემდეგ პრესასთან ისაუბრა და ეს შეხვედრა “ისტორიულად” შეაფასა.

“მშვენიერი თამაში იყო, ისევე როგორც მწვრთნელის, ასევე ფანის ამპულიდან. ეს იყო ისტორიული შეხვედრა, რომელზეც მომავალი ოცი წლის მანძილზე ისაუბრებენ – რადგანაც, არამგონია, “სიტიმ” კიდევ წააგოს ამ სეზონში.

ფეხბურთელებმა მაქსიმუმი დადეს მოედანზე და მთელი შეხვედრის მანძილზე ასე თამაშობდნენ, ამ თამაშს მთელ მსოფლიოში ადევნებდნენ თვალს.

არ ვიცი რომელ დონეზე ვთამაშობდით, მაგრამ მეტოქეს ძალიან დიდი პრობლემები შევუქმენით. ბოლოსკენ სულაც არ მეშინოდა მეოთხე გოლის გაშვების, რადგანაც ჩემს ბიჭებს უკვე საკმაოდ ბევრი ხანია რაც ვიცნობ და მათი მჯერა,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

კლოპის პირველი კომენტარი კოუტინიოს “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონამ” და “ლივერპულმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ამაზე კომენტარი იურგენ კლოპმა გააკეთა, რომელიც “წითლების” სატრანსფერო პოლიტიკას განაგებს.

“ჩვენ, როგორც კლუბი ვემშვიდობებით დიდებულ პიროვნებას, ფანტასტიკურ ფეხბურთელსა და კარგ მეგობარს ფილიპე კოუტინიოს სახით.

საიდუმლო არავისთვის იყო ის ფაქტი, რომ ზაფხულიდან, როდესაც კოუტინიოს პირველად დაუკავშირდნენ “ბარსელონას” ხელმძღვანელები, მას წასვლა უნდოდა. ვცდილობდით, მისთვის აზრის შეცვლას, მაგრამ ის დაჟინებით იმეორებდა ჩემთან, ხელმძღვანელებთან და თანაგუნდელებთანაც, რომ წასვლა უნდოდა.

მიუხედავად ამისა, მოვახერხეთ ზაფხულის რთული პერიოდის გავლა და იმედი გვქონდა, რომ კოუტინიო კიდევ დიდ ხანს დარჩებოდა “ენფილდზე” და ჩვენი პროექტის ნაწილი გახდებოდა.

მინდა, “ლივერპულის” გულშემატკივრებს გითხრათ, რომ კლუბმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის გუნდში დარჩენილიყო. თუმცა, კოუტინიო საკუთარ მომავალში დარწმუნებულია და თვლის, რომ ის და მისი ოჯახი ბარსელონაში უფრო ბედნიერები იქნებიან.

ეს მისი ოცნება იყო, ჩვენ სხვა ვერაფერს გავაკეთებთ, რომ აზრი შევაცვლევინოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მოურინიომ ვან დეიკის ტრანსფერის შემდეგ კლოპს მისი სიტყვები შეახსენა

ინგლისის პრემიერ ლიგაში კიდევ ერთი მეგა ტრანსფერი შედგა – “ლივერპულმა” “საუთჰემპტონს” ვირჯილ ვან დეიკის სანაცვლოდ 75 მილიონი ფუნტი გადაუხადა. “წითლების” ამ ტრანსფერს ჟოზე მოურინიოც გამოეხმაურა.

“ტრანსფერებში დახარჯულ თანხებზე საუბარი, ვფიქრობ, იურგენ კლოპს უყვარს. ერთ-ერთი თქვენგანი რომ ვიყო, აუციელბლად ვკითხავდი აზრს იმ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ გააკეთა.

კონკრეტულად ვან დეიკის საქმეს არ ვეხები, რადგანაც “ლივერპულში” იმას აკეთებენ, რაც უნდათ და ვინ ვარ მე, კომენტარი რომ გავაკეთო ამაზე. დღევანდელ ფეხბურთში, უბრალოდ, ასე გვარდება ყველაფერი,” – აცხადებს პორტუგალიელი სპეციალისტი პრესასთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ივლისის თვეში კლოპმა საკმაოდ კრიტიკულად ისაუბრა:”სხვა კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ ფეხბურთელების ტრანსფერებში უფრო მეტი თანხა დახარჯონ. მაგრამ თუ ფეხბურთელს 100 მილიონად იყიდი და შემდეგ ის ტრავმას მიიღებს, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება. მე კი მინდა, საქმეს სხვაგვარად მივუდგე. ამ ოდენობის თანხის დახარჯვა რომ შემეძლოს, მაინც სხვაგვარად გავაკეთებდი ყველაფერს.”

კლოპი: “მნიშვნელობა არ აქვს ვის შევხვდებით, ყველაფრისთვის მზად ვართ”

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “სპარტაკის” განადგურებით (7-0) გახარებულმა იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება “წითლების” მეტოქე ლიგის 1/16-ფინალში.

“დიდად არ მაინტერესებს, თუ ვის შევხვდებით. როგორც წესი, სულ “რეალი” გვხვდება ხოლმე, ასე რომ, ვნახოთ. თუმცა, ფაქტია, რომ გამორჩეული მეტოქეები არ გვყავს.

ძალიან მახარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მოვხვდით ამდენი ხნის შემდეგ. მიყვარს ასეთი სიახლეები.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა. ეს თამაში ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “სპარტაკი” ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ჩვენ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ. დიდებული საღამო იყო “ენფილდზე”,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

კლოპი: “სიგიჟე იქნება, ახლა “მანჩესტერ სიტიზე” რომ ვფიქრობდეთ”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღიარა, რომ ამ მომენტისთვის “ლივერპულს” “მანჩესტერ სიტისთვის” კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ეს განცხადება გერმანელმა სპეციალისტმა “ჩელსისთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ გააკეთა.

“ნამდვილი სიგიჟე იქნება, ახლა “მანჩესტერ სიტიზე” რომ ვფიქრობდეთ. იგივე სიტუაციაა სხვა გუნდებისთვისაც. როგორ უნდა დავეწიოთ “სიტის”? ბევრი შრომა დაგვჭირდება, მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ. თუმცა, თუ ისინი ასე გააგრძელებენ თამაშს, მაშინ ჩვენი გარჯა ამაო იქნება.

ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეს მიზანი, რეალური ამბიცია. მაშინ კი ბედნიერი ადამიანი იქნები, ბედნიერი ადამიანი კი თვითდაჯერებულია და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მიაღწიოს წარმატებას.

“ჩელსისთან” მატჩში ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო. ჩემმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, რითიც კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგზე იგივეს ვერ ვიტყვი,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

კლოპი: “ბარსელონა”? თუ “ლივერპულს” აღარ ვჭირდები, ახალ ვარიანტებზე დავიწყებ ფიქრს”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას საკმაოდ განცხადება გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მას დიდად არ ხიბლავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, “ბარსელონაში” მუშაობის იდეა.

როდესაც მას “ბარსელონაში” გადასვლის შანსებზე ჰკითხეს, მან განაცხადა:”კარგი ამინდები სულაც არ მჭირდება. ლივერპულშიც ბედნიერი ვარ, ისევე როგორც “ბორუსიაში” ვიყავი. მე უკვე ავიხდინე ჩემი ოცნებები.

თუმცა, თუ “ლივერპულს” აღარ ვჭირდები, ბუნებრივია, ახალ ვარიანტებზე დავიწყებ ფიქრს. მაგრამ, ამ მომენტში თავს ბედნიერად და საჭიროდ ვგრძნობ, სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ.

რაც შეეხება ფილს (კოუტინიო), ის 100 პროცენტით “ლივერპულელია” ამ მომენტში. ჩემი მთავარი მისია კარგი გუნდის შეკვრაა, რისთვისაც არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება აუცილებელია,” – აცხადებს კლოპი.

იურგენ კლოპი ვარჯიშზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ოთხშაბათის ვარჯიში ავადმყოფობის გამო გააცდინა. ამ ინფორმაციას ბრიტანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ბოლო დროს კლოპმა სამედიცინო შტაბს რამდენიმეჯერ მიმართა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამჯერად კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა, ის მალევე გამოწერეს.

“იურგენ კლოპი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომაც დღეს მას საავადმყოფოში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. შედეგად, კლოპი ოთხშაბათის ვარჯიშზე ვერ გამოცხადდება.

ამ დროისთვის იურგენ კლოპის საავადმყოფოში დარჩენის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ის სახლში საღამოსვე დაბრუნდება და უახლოეს მომავალში რამდენიმეჯერ კიდევ მოუწევს გამოკვლევების ჩატარება,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

ლალანა: “როდესაც კლოპი გაბრაზებულია, წუხს, გერმანულად რომ ვერ გველაპარაკება”

მერსესაიდის “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ადამ ლალანამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლოპი ხშირად ნატრობს, “ლივერპულელებთან” გერმანულ ენაზე შეეძლოს საუბარი.

“კლოპი ამას ხშირად ამბობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაბრაზებულია:”ნეტა თქვენთან გერმანულად საუბარი შემეძლოს”.

კლოპის ინგლისური საშინელია. მართალია, მესმის, რისი თქმა უნდა სინამდვილეში, მაგრამ გადმოცემა ნამდვილად უჭირს. შექებაც გამოსდის და გაკრიტიკებაც, თუმცა მისი ჩახუტება განსაკუთრებულია.

კლოპი ძალიან გულწრფელი ადამიანია, მუდამ გეუბნება, თუ შენით ბედნიერია, ან პირიქით. ის უბრალოდ უნიკალურია, ემოციების დამალვა არ შეუძლია. რამის დამალვა რომც სცადოს, ბოლოს მაინც წამოსცდება,” – აცხადებს ლალანა.