მოურინიო მშვიდადაა: “თუ გამათავისუფლებენ, წარმოგიდგენიათ, რამდენს გადამიხდიან?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ მას გუნდიდან არ გაათავისუფლებენ. ინგლისის პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტისა და პოლ პოგბასთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს “ოლდ ტრაფორდის” დატოვება მოუწევს, თუმცა თავად მოურინიო სხვაგვარად ფიქრობს.

“თუ გამათავისუფლებენ, წარმოგიდგენიათ, რამდენის გადახდა მოუწევთ ჩემთვის? ამბობენ, რომ წნეხის ქვეშ ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ”, – თქვა მოურინიომ “ლა რეპუბლიკასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

პორტუგალიელ სპეცილისტსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2020 წლის ზაფხულამდე აქვს.

ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელთა სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა და ზაფხულში რამდენჯერმე თქვა, რომ გუნდი ახალი ფეხბურთელების დამატებას საჭიროებს.

პრემიერლიგის საწყისი ოთხი ტურის შემდეგ “წითელ ეშმაკებს” აქტივში ექვსი ქულით მეათე პოზიცია უკავიათ.

მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა დაეძაბა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. ამის მიზეზი “წითელი ეშმაკების” სატრანსფერო პოლიტიკაა.

პორტუგალიელ სპეციალისტს ურთიერთობა დაეძაბა “მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცეპრეზიდენტ ედ ვუდვორდთან, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე კლუბის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.

“დეილი მეილის” ცნობით, ჟოზე მოურინიო უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დაიმატა – ბრაზილიელი ნახევარმცველი ფრედი, პორტუგალიელი მარჯვენაფლანგელი მცველი დიოგო დალოტი და ინგლისელი სარეზერვო მეკარე ლი გრანტი. ედ ვუდვორდს ამ ზაფხულს სატრანსფერო საქმიანობაზე თანხის დახარჯვა აღარ სურს, მოურინიო კი ფიქრობს, რომ გუნდი სრულად ჯერ არ დაკომპლექტებულა.

“ლივერპულის” წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩის (1:4) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოზე მოურინიო თქვა, რომ მას სეზონის მიმდინარეობისას ზაფხულის შეკრებაზე მყოფ ფეხბურთელთა მხოლოდ 30 პროცენტზე ექნება გათვლა.

მოურინიოს ისტორიული მიღწევა

ევროპის ლიგის ფინალურ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” ამსტერდმაის “აიაქსი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა, “წითელი ეშმაკების” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ კი ისტორიულ შედეგს მიაღწია.

კერძოდ, პორტუგალიელი სპეციალისტი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელსაც უეფას თასი/ევროპის ლიგა და ჩემპიონთა ლიგა ორ-ორჯერ აქვს მოგებული.

2003 წელს ჟოზე მოურინიო “პორტუსთან” ერთად უეფას თასის გამარჯვებული გახდა, ერთი წლის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგა მოიგო. 2010 წელს პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ დამოძღვრილი მილანის “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, დღეს კი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ევროპის ლიგა მოიგო.

ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 25 ტიტული აქვს მოგებული.

გვარდიოლა: “მოურინიო ჩემი მეზობელია”

ხვალ ინგლისის პრემიერლიგის 26-ე ტურში გადადებული მანჩესტერული დერბი ჩატარდება: “ეტიჰადზე” “სიტი” “იუნაიტედს” მიიღებს. დამდეგი შეხვედრის შესახებ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ისაუბრა.

“ინგლისის თასი უკვე წარსულია. ისღა დაგვრჩენია, “არსენალს” მივულოცოთ და მომავალზე ვიფიქროთ. წინ “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩია. ძლიერი მეტოქე გვყავს, რომელსაც ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს. ზლატან იბრაჰიმოვიჩის სახით მეტოქემ, რა თქმა უნდა, დიდი ძალა დაკარგა, მაგრამ მათ ლინგარდი და რაშფორდი ჰყავთ.

მე და ჟოზე მოურინიო მეზობლები ვართ და როცა ერთმანეთს ვხედავთ, ყოველთვის ვესალმებით.

“მანჩესტერ იუნაიტედთან” დავიდ სილვას თამაში საეჭვოა. ჟეზუსი მზადაა, მაგრამ ის კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში არ არის. მასთან შედარებით სერხიო აგუერო სათამაშოდ უფრო მზადაა. ამის მიუხედავად, თითოეულ მათგანს შეუძლია თამაში და ყველაფერი ჩვენს სქემაზე იქნება დამოკიდებული”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს “ბიბისი სპორტი”.

მანჩესტერული დერბი ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მოურინიომ ვერ გაიგო, რომელ დიეგოზე მღეროდნენ “მანჩესტერის” ფანები (ვიდეო)

საინტერესო რამ მოხდა ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “სანდერლენდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (0:3) მიწურულს.

“წითელი ეშმაკების” ფანებმა სიმღერა წამოიწყეს და სახელ “დიეგოს” სკანდირებდნენ, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ვერ მიხვდა, რომელ ფეხბურთელზე მღეროდნენ ქომაგები და დასახმარებლად სათადარიგო სკამზე მჯდომ მაიკლ კერიკს მიმართა:

“რომელ დიეგოზე მღერიან?”

კერიკმა პორტუგალიელს აუხსნა, რომ სიმღერა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ დიეგო ფორლანს ეძღვნებოდა, რომელმაც “ენფილდზე” “ლივერპულის” კარში ორი ბურთი გაიტანა და ადგილობრივი ფანები აატირა.

“ფორლანი “ოლდ ტრაფორდზე” ბევრ გოლს ვერ იტანდა? მშვენიერია. მიყვარს ფორლანი”, – თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2002–2004 წლებში იცავდა.

მოურინიო: “დე ხეას მთელი მატჩის განმავლობაში ეძინა და მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში?”

ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” მიიღო და 0:0 ეთამაშა. მატჩის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

“თქვენ მე მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში? თქვენ მართლა ასე ფიქრობთ? მაპატიეთ, მაგრამ ეს სულელური შეკითხვაა. ერთი გუნდი მეტოქის ნახევარზე 90 წუთის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გადავიდა, მეორე კი გამუდმებით უტევდა. თქვენ კი მეკითხებით, იყო თუ არა თანაბარი თამაში?! დავიდ დე ხეას მთელი მატჩის განმავლობაში ეძინა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთი მხოლოდ ერთ გუნდს ჰქონდა, მეორე კი უბურთოდ იყო. ერთი გუნდი მოგებას ცდილობდა, მეორე კი – ფრედ თამაშს. ერთი მეკარე თავისთვის მხიარულობდა, მეორეს კი სამი დიდებული სეივის გაკეთება მოუწია.

ამ სეზონში ფრედ ხშირად ვთამაშობთ. მეტოქეები აქ დაცვითი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოდიან, მათი მეკარეები კი – მატჩის საუკეთესო მოთამასის წოდების მოსაპოვებლად. მეკარესთან ერთი ერთზე მყოფებმაც ვერ მოვახერხეთ გოლის გატანა. სათამაშო ხარისხის, თამაშის მიმდინარეობის, ბურთის ფლობის, მომენტების შექმნისა და ამბიციურობის თვალსაზრისით ყველას ვაჯობეთ, მაგრამ ბევრი მატჩი დავასრულეთ საყაიმო შედეგით”, – განაცხადა მოურინიომ “ბიბისი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

გვარდიოლა მოურინიოს ეთანხმება

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა კოლეგა ჟოზე მოურინიოს დაეთანხმა და განაცხადა, რომ სეზონის ამ პერიოდში სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის.

“ფედერაციებს სურთ, რომ დიდი ტურნირების წინ მათმა ფეხბურთელებმა მაქსიმალურად ბევრი ითამაშონ. რა თქმა უნდა, ჩვენც გვსურს, რომ ჩვენი მოთამაშეები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრნონ, მაგრამ ასევე გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად ნაკლები დრო გაატარონ და კლუბებში უვნებლები დაბრუნდნენ.

მოურინიოსთან ერთად მეც ვღელავ ამ საკითხზე. წინ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩებია, სეზონის მნიშვნელოვანი ნაწილი გველის. მაპატიეთ, მაგრამ ახლა სანაკრებო ამხანაგური მატჩების ჩატარება სასაცილოდ მეჩვენება”, – ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი.

მოურინიომ ბურთის მომწოდებელი ბიჭები გაათავისუფლა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:1) ბურთის მომწოდებელი ბიჭების მუშაობით უკმაყოფილო დარჩა.

პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ისინი ფეხბურთელებს ბურთს გვიან აწვდიდნენ. მოურინიოს მოთხოვნით, “ოლდ ტრაფორდზე” მომუშავე ახალგაზრდები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მომდევნო შეხვედრაში მათ ნაცვლად “მანჩესტერ იუნაიტედის” 16 წლამდე გუნდის მოთამაშეები იმუშავებენ. მოურინიოს აზრით, ახალგაზრდა ფეხბურთელები სათამაშო სიტუაციას უკეთ აუღებენ ალღოს და ბურთის მომწოდებლებად მათი მუშაობაც უფრო ეფექტიანი იქნება.

მოურინიო და კლოპი მატჩის მიმდინარეობისას ერთმანეთთან წაკინკლავდნენ (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის (1:1) მეორე ტაიმის მიწურულს გუნდების მთავარი მწვრთნელები – ჟოზე მოურინიო და იურგენ კლოპი ერთმანეთთან წაკინკლავდნენ. უთანხმოების მიზეზი მოედნის ცენტრში ანდერ ერერასა და რობერტო ფირმინოს შეჯახება გახდა. კინკლაობის მიუხედავად, მატჩის ბოლოს მოურინიომ და კლოპმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

ეტოო: “მოურინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ფეხბურთი განვითარდა”

კამერუნელმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ეტოოს მილანის “ინტერსა” და ლონდონის “ჩელსიში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

“როდესაც “ინტერში” მივედი, მოურინიოს სახით გამორჩეული მწვრთნელი აღმოვაჩინე, მაგრამ “ჩელსიში” მასზე ცოტა განსხვავებული შთაბეჭდილება შემექმნა. მან კლუბის ასაღორძინებლად სამი წელი ითხოვა, მაგრამ იგი თავკაცობდა გუნდს, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდა დაეწყო და არა გამუდმებით დაცვაში მდგარიყო. ეს არ არის ფეხბურთი.

მოურინიოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მას საკუთარი ფეხცბურთელების მოტივირება კარგად შეუძლია, მაგრამ ფეხბურთი განვითარდა”, – ციტირებს ეტოოს სიტყვებს A bola.

რამდენიმე დღის წინ კამერუნელმა ფეხბურთელმა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტად ხოსეპ გვარდიოლა დაასახელა, რომელთან ერთადაც “ბარსელონაში” მუშაობდა.

“არსენალთან” ჩატარებული მატჩის შემდეგ მოურინიოს მარადონამ დაურეკა

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩის (1:1) შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსა და ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

“დიდებული თამაშის, მაგრამ ცუდი შედეგის შემდეგ მეფე დიეგომ დამირეკა. მადლობა, მეგობარო. შენთან, ჩემს ოჯახთან, სხვა მეგობრებთან, ჩემს ფეხბურთელებთან და “მანჩესტერ იუნაიტედის” საოცარ ფანებთან ერთად ორშაბათს კვლავ მზადყოფნაში ვიქნები”, – დაწერა სოციალურ ქსელში მოურინიომ.

A photo posted by Jose Mourinho (@josemourinho) on

მოურინიო და პიკე საჩოგბურთო მატჩს ერთად დაესწრნენ (ფოტოები)

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო და “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დომინიკ ტიმს შორის გამართულ საჩოგბურთო შეხვედრას დაესწრნენ.

მატჩი სერბი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა, შესვენების დროს კი მოურინიომ და პიკემ გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფებიც დაარიგეს.

როდესაც პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდის “რეალის” ედგა სათავეში, მასსა და ესპანელ მცველს შორის ცუდი ურთიერთობა იყო. პიკემ ერთხელ ისიც კი თქვა, მოურინიო ესპანურ ფეხბურთს ანგრევსო.