მოურინიო: “მესი ხუთ წელიწადში 34 წლის იქნება და ამაზე ყველანი ვიტირებთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განმარტა, თუ რატომ არ ათამაშებს 35 წლის მაიკლ კერიკს ყოველ მატჩში. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მაგალითად “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მოიყვანა.

“სამწუხაროა, რომ საათის გაჩერება არ შეგვიძლია. ფეხბურთელებს ასაკი ემატებათ. ერთია, როცა 25 წლის მოთამაშე გყავს და მეორეა, როდესაც შენს განკარგულებაში 35 წლის ფეხბურთელია. კერიკი ფენომენალური მოთამაშეა, მაგრამ მას ვერ მოვთხოვ იმას, რასაც რაშფორდს ან ერერას ვთხოვ, რომელთაც მიჯრით ოთხი-ხუთი მატჩის ჩატარება შეუძლიათ. მესი ხუთ წელიწადში 34 წლის იქნება და ამაზე ყველანი ვიტირებთ”, – მოურინიოს კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

მოურინიო და გვარდიოლა შერიგდნენ (ვიდეო)

ესპანური პრესა ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას შეხვედრას გაემოხმაურა.

სეზონის დაწყებამდე ფანები პორტუგალიელ და ესპანელ მწვრთნელებს შორის დიდ დაპირისპირებას მოელოდნენ, თუმცა ისინი მატჩის დაწყებამდე ერთმანეთს თბილად შეხვდნენ.

ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგა წერს:

“მათი ურთიერთობა კალაპოტში დგება. ესპანეთში ნამდვილი ომი ჰქონდათ, როდესაც “ელ კლასიკო” იმართებოდა. ისინი ერთმანეთს ცოტა ხნის წინ გამართულ მწვრთნელთა ფორუმზეც შეხვდნენ. შერიგების პროცესი დაიწყო”.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩი “წითელი ეშმაკების” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მოურინიო: “ენფილდზე” მოსაგებად გავალთ”

ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი “ენფილდზე” ჩატარდება, სადაც “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამბობს, რომ მისი გუნდი მოედანზე მოსაგებად გავა.

“გულშემატკივართა მხრიდან ჩემ მიმართ გამოხატული შესაძლო უარყოფითი რეაქცია დიდად არ შემაწუხებს. “ენფილდზე” ჩვენი თამაშის საჩვენებლად, საქმის შესასრულებლად და მოსაგებად მივდივართ. იქაური ატმოსფერო ძალიან მომწონს და ეს შეხვედრა “ინტერსა” და “მილანს”, “რეალსა” და “ბარსელონას” ან “პორტუსა” და “ბენფიკას” შორის ჩატარებულ მატჩებს შეგვიძლია, შევადაროთ”, – მოურინიოს სიტყვებს “წითელი ეშმაკების” ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის მატჩი 17 ოქტომბერს ჩატარდება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

როგორ ცდილობს მოურინიო ბავშვობის ფოტოებით “მანჩესტერის” მოთამაშეების ამოცნობას (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიოს საინტერესო ტესტი ჩაუტარეს. პორტუგალიელ სპეციალისტს ბავშვობის ფოტოებით “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების ამოცნობა სთხოვეს. მოურინიომ მხოლოდ პოლ პოგბა ვერ იცნო.

მოურინიომ “უოტფორდთან” მარცხისთვის გუნდი ორიგინალურად დასაჯა (ფოტოები)

ინგლისის პრემიერლიგის V ტურში “უოტფორდთან” მარცხის შემდეგ (1:3) “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის დასჯა გადაწყვიტა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა დასჯის ორიგინალური ხერხიც მოიფიქრა. მოურინიომ ფეხბურთელებსა და პერსონალს მანჩესტერში კლუბის ავტობუსით დაბრუნების უფლება არ მისცა და ისინიც იძულებულნი გახდნენ, შინისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამგზავრებულიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდა. წაგებათა სამმატჩიანი სერია მოურინიოს ბოლოს 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ლონდონის “ჩელსის” თავკაცობდა.

101-1101-2

მოურინიოს ბოლო ათწლეულის პირადი ანტირეკორდი

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “უოტფორდს” ესტუმრა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

ამით “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირად სტატისტიკაში ბოლო ათწლეულის ანტირეკორდი დაამყარა. კერძოდ, პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდმა მიჯრით სამი მატჩი წააგო. “მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში ჯერ თანაქალაქელ “სიტისთან” დამარცხდა, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე “ფეინოორდთან” წააგო, დღეს კი, როგორც მოგახსენეთ, “უოტფორდთან” დათმო შეხვედრა.

მოურინიოს წაგებათა სამმატჩიანი სერია უკანასკნელად 2006 წელს ჰქონდა, როდესაც იგი ლონდონის “ჩელსის” ედგა სათავეში.

გვარდიოლა: “თუ მოურინიო ჭიქა ღვინოზე დამპატიჟებს, უარს არ ვიტყვი”

დღეს მანჩესტერული დერბია: “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედი” “სიტის” მიიღებს. მატჩამდე “ქალაქელთა” თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

“თუ იგი ჭიქა ღვინოზე დამპატიჟებს, უარს არ ვიტყვი. არაერთხელ მითქვამს, რომ მას დიდ პატივს ვცემ. ჩემი კოლეგებისა და კონკურენტებისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და მათ შორის მოურინიოც გახლავთ. ჟოზე ჩემი მწვრთნელი იყო, როდესაც იგი ბობი რობსონის თანაშემწედ მუშაობდა.

მადრიდში შემდგარი ჩვენი ბოლო დაპირისპირება მძიმე გამოდგა, თუმცა ორი-სამი კვირის წინ პრემიერლიგის მწვრთნელთა შეკრებაზე ერთმანეთი ვნახეთ და ვისუაბრეთ კიდეც. ასე რომ, ჩვენ შორის ნორმალური ურთიერთობაა. ჩვენი დაპირისპირება მედიისთვის განსაკუთრებული მოვლენაა”, – გვარდიოლას კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

მანჩესტერული დერბი დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

მოურინიო “ჩელსისთან” ჩასატარებელი მატჩის თარიღით უკმაყოფილოა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის “ჩელსისთან” ჩასატარებელი გასვლითი მატჩის თარიღით უკმაყოფილოა.

“ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გასამართი შეხვედრა 22 ოქტომბერს ჩაინიშნა, თუმცა აღნიშნული მატჩი, სავარაუდოდ, 23 რიცხვში ჩატარდება, ვინაიდან 20 ოქტომბერს “წითელ ეშმაკებს” ევროპის ლიგაზე უწევთ თამაში.

მოურინიო უკმაყოფილოა იმით, რომ ევროპის ლიგაზე გასამართი მატჩის შემდეგ მის გუნდს “ჩელსის” წინააღმდეგ ჩასატარებელი შეხვედრისთვის მოსამზადებლად მცირე დრო ექნება.

“მანჩესტერ იუნაიტედს” პრემიერლიგის წარმომადგენლობისთვის მატჩის გადადების თხოვნით ჯერ არ მიუმართავს, თუმცა თუ “წითელი ეშმაკები” ამ სურვილს გამოთქვამენ, სავარაუდოა, რომ ლიგა მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებს.

მოურინიოს ჩინეთში იბრაჰიმოვიჩი და მარსიალი არ მიჰყავს

“მამჩესტერ იუნაიტედი” წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს ჩინეთში გაივლის. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აზიაში 25 ფეხბურთელს წაიყვანს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არ არიან თავდამსხმელები ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ანტონი მარსიალი.

ჩინეთში მოსამზადებელ ეტაპს “მანჩესტერ იუნაიტედის” შემდეგი ფეხბურთელები გაივლიან:

დე ხეა, რომერო, ჯონსტონი, ბაი, ბლინდი, ფოსუ-მენსა, ჯონსი, მაკნეირი, როხო, შოუ, სმოლინგი, ტუანზებე, ვალენსია, კერიკი, ერერა, იანუზაი, ლინდეგარდი, მატა, დეპაი, მხითარიანი, პერეირა, იანგი, კინი, რაშფორდი, რუნი.

მოურინიო: “გიგზს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელობა სურდა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა კლუბი რაიან გიგზმა, რომელიც წინა სეზონში ლუი ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა.

“მე არასდროს გავურბივარ მოვალეობებს, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმაზე, ვინც ჩემს კლუბში არ არის. გიგზს “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელობა სურდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მე მენდო. გიგზმა თამამი გადაწყვეტილება მიიღო, კლუბში 30-წლიანი ყოფნის შემდეგ აქედან აბარგება გადაწყვიტა. ეს ადვილი არ გეგონოთ. რთულია დიდი კლუბიდან წასვლა. გიგზმა საკუთარი სახლი დატოვა, მე მას წარმატებებს ვუსურვებ. კლუბი მას კარს არ უხურავს”, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს A bola.

ევა კარნეირომ “ჩელსისგან” კომპენსაციის სახით 1,2 მლნ ფუნტის მიღებაზე უარი თქვა

ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა ფიზიოთერაპევტმა ევა კარნეირომ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ კლუბში მუშაობის პერიოდში არაერთხელ გახდა ვიქტიმიზაციისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი.

“კოლეგებისგან ჩემი მისამართით რეგულარულად მესმოდა ღია ტექსტები. ცნობილი ინციდენტის შემდეგ მოურინიომ თქვა, რომ ამიერიდან მე არა მასთან, არამედ ქალთა აკადემიის გუნდთან ვიმუშავებდი”, – ციტირებს კანეიროს სიტყვებს “ტელეგრაფი”.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოს თვეში ლონდონის “ჩელსისა” და “სუონსი სიტის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს “პენსიონერთა” იმჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კლუბის აწ უკვე ყოფილ ფიზიოთერაპევტ ევა კარნეიროს გაუჯავრდა. პორტუგალიელი სპეციალისტი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით, რომ შეხვედრის ბოლო წუთებში მედიკოსები მსაჯის ნებართვის შემდეგ ედენ აზარის დასახმარებლად მოედანზე გავიდნენ, რის გამოც ბელგიელ ფეხბურთელს დროებით მინდვრის დატოვება მოუხდა. მოურინიო დარწმუნებული იყო, რომ აზარი მოედანზე არა დაზიანების, არამედ დაღლილობის გამო იწვა. ტიბო კურტუას გაძევების გამო “ჩელსი” ათი კაცით თამაშობდა და აზარის მოედნიდან გასვლის შემდეგ ლონდონელები მინდორზე ცხრანი დარჩნენ.

ამ ფაქტის შემდეგ ევა კარნეიროს “ჩელსიში” ფუნქციების შესრულება დროებით შეუჩერდა.

მოგვიანებით კარნეიროსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ექიმს მუშაობის გაგრძელების ნება დართეს, თუმცა მან საქმის გაგრძელება არა მოედანზე, არამედ სასამართლოში გადაწყვიტა. “ჩელსიმ” კარნეიროს დავის მშვიდობიანი გზით მოგვარება და კომპენსაციის სახით 1,2 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზა, თუმცა ექიმმა წინადადებაზე უარი თქვა. მარტში ცნობილი გახდა, რომ ევა კარნეირო საფეხბურთო სფეროში დაბრუნებას აღარ აპირებს და გიბრალტარის სამედიცინო კლინიკაში იმუშავებს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჩვენების მისაცემად მოურინიოსაც დაიბარებენ. მომდევნო სასამართლო სხდომა ხვალ, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

ოფიციალურად: მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ პოზიციაზე ლუი ვან გაალი შეცვალა.

მხარეებს შორის სამწლიან კონტრაქტს მოეწერა ხელი. ხელშეკრულებაში ჩაიწერა პუნქტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კონტრაქტი 2020 წლამდე გახანგრძლივდეს.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” ჯამაგირის სახით წელიწადში 12 მილიონ ფუნტ სტერლინგს მიიღებს. ამით პორტუგალიელი სპეციალისტი ხოსეპ გვარდიოლას შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება.

Mourinho