მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდი მესუთ იოზილის გარეშე მშვენივრად ასპარეზობს. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტის აზრით, გერმანელი ნახევარმცველის წასვლამ სულაც არ იქონია გუნდის შეტევით პოტენციალზე უარყოფითი გავლენა. შეგახსენებთ, რომ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ „არსენალში“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე გადავიდა. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ჩრდილოლონდონურმა კლუბმა 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო.
„იოზილი დიდებული მოთამაშეა, რომელსაც საოცარი შეტევითი უნარები აქვს, თუმცა ბოლო ორ მატჩში – „გალათასარაისაც“ (6:1) და „ხეტაფესაც“ (4:1) მის გარეშე იოლად გავუმკლავდით. 10 გოლი გავიტანეთ, თუმცა 15-ის გატანაც შეგვეძლო. ასე რომ, მესუთის გარეშეც ყველაფერი კარგად არის“, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal-ი.
თავის მხრივ, იოზილმა „არსენალის“ რიგებში 2 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ბექა დოგრაშვილი