არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ტურინის “იუვენტუსიდან” წასვლის თაობაზე სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
“ახალი თავი იწყება და მინდა, უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ ამ ორი ფანტასტიური წლისთვის, რომელიც “იუვენტუსში” გავატარე. მადლობას ვუხდი ყველა ფანს, რომელიც ყოველთვის მხარს მიჭერდა, კარგ თუ ცუდ პერიოდში. თქვენ გარეშე ამ ორ სეზონს ასე დიდებულად ვერ ჩავატარებდი. ამას ძალიან ვაფასებ.
მადლობას ვუხდი ჩემს ყველა თანაგუნდელსა და სამწვრთნელო შტაბს, რომელიც მოედანზეც და მოედნის გარეთაც ძალიან დამეხმარა. თქვენ მე ბევრი რამ მასწავლეთ და ამას ვაფასებ. იმედი მაქვს, კარგი შედეგების ჩვენებას გააგრძელებთ”, – დაწერა ტევესმა.
არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას “ბოკა ხუნიორში” გააგრძელებს. შეგახსენებთ, რომ კარლოს ტევესმა სწორედ “ბოკას” რიგებში დაიწყო 2001 წელს პროფესიონალური კარიერა.
გასულ სეზონში არგენტინელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 48 მატჩი ჩაატარა და 29 გოლი გაიტანა.