მილანის “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ კლუბის ყოფილი თავდამსხმელის, ადრიანოს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, მან საკუთარი ნიჭის რეალიზება ვერ მოახერხა.
“როდესაც ადრიანო “ინტერში” მოვიდა, მაშინვე ყველანი მივხვდით, რაოდენ ძლიერი ფეხბურთელი დავიმატეთ. ვფიქრობდი, რომ მას “ახალ რონალდოდ” ქცევა შეეძლო, ადრიანოს ამისთვის ყველაფერი ჰქონდა. ბრაზილიელი გაჭირვებაში გაიზარდა, რასაც ძალიან განვიცდიდი. მან უამრავი პრობლემა გამოიარა. ასეთი ადამიანები დიდი თანხის მიღების შემდეგ მალევე იკარგებიან. ყოველი ვარჯიშის შემდეგ ადრიანოს ვეკითხებოდი, თუ რას აპირებდა იმ დღის განმავლობაში, რადგან მეშინოდა, რომ იგი უსიამოვნებებში გაეხვეოდა.
ადრიანოს ჰყავდა მამა, რომელიც მას დიდ ყურადღებას აქცევდა, თუმცა შემდეგ უბედურება დატრიალდა: სატელეფონო საუბრისას ადრიანოს აცნობეს, რომ მამა გარდაეცვალა. მან ყურმილი მოისროლა, ტირილი და ყვირილი დაიწყო… კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი და ჩვენ ყველანი მას მუდმივად მხარს ვუჭერდით. როდესაც ადრიანო ბურთს იტანდა, ხელებს ზეცისკენ აღმართავდა ხოლმე, ამით გოლს მამას უძღვნიდა. მე და ივან კორდობა მის გამხნევებას ვცდილობდით. ვეუბნებოდით, რომ იგი ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რონალდოს დონეს უახლოვდებოდა და შესაძლებელი იყო, მათთვის ეჯობნა კიდეც. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, დეპრესიიდან ადრიანოს გამოყვანა ვერ შევძელით”, – ციტირებს ადრიანოს სიტყვებს 90min.
შეგახსენებთ, რომ იანვარში 34 წლის ადრიანო “მაიამი იუნაიტედს” შეუერთდა და კლუბის აქციათა 40 პროცენტის მფლობელიც გახდა.