ლევან მჭედლიძე: “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ”

25 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამსხმელმა, ლევან მჭედლიძემ თავის ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გათამაშების გამარჯვებულები მაისურებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების შემდეგ, Fanebi.Com მჭედლიძეს “ემპოლიზე”, შესაძლო ტრანსფერსა და საქართველოს ნაკრებზე ესაუბრა.

– ბოლო დროს კარგ ფორმაში ხართ. ორ მატჩში სამი გოლი გაიტანე. რისი დამსახურებაა ეს ყოველივე?

– პირველ რიგში, ეს იმის დამსახურებაა, რომ მოთმინება გამაჩნია. ეს ის თვისებაა, რომელიც ადრე, მაგალითად, 20 წლის ასაკში, არ მქონდა. რთული პერიოდი გამოვიარე. ყველა ფეხბურთელისთვის რთულია ის, რომ ამდენი ხანი სკამზე ზიხარ, შეიძლება, რაღაცის ღირსი ხარ, თუმცა კონკრეტული მიზეზების გამო ამას ვერ იღებ და ვერ გიფასდება შრომა სათანადოდ. მაგრამ ეს ფეხბურთში ბუნებრივია.

ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, რომელშიც ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. ბარიერი, რაღაც მხრივ, გადავლახე, თუმცა ეს ბოლომდე არ გამიკეთებია. ეს ორი შეხვედრა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მე რაღაც გარანტირებული მაქვს. პირიქით, ახლა იწყება ყველაფერი. ეს ორი მატჩი უნდა იყოს ბიძგის მომცემი იმისთვის, რათა ყველაფერი კარგად წავიდეს.

– უშუალოდ, “ემპოლის” მდგომარეობაზე გადავიდეთ. სერია ა-ში მე-17 ადგილზე ხართ და უახლოეს მდევარს 4 ქულით უსწრებთ…

– კი, ეს სიტუაცია დღევანდელი “ემპოლისთვის” სრულიად ლოგიკურია. ყოველი სეზონის დასაწყისში ხელმძღვანელობა გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გადავრჩეთ და არ გავარდეთ სერია A-დან. სხვა ამბიცია გუნდს არ აქვს. თუმცა, გეტყვით, რომ ამბიცია თვითონ ფეხბურთელში უნდა დაიბადოს. თუ შენ, მოედანზე გასვლისას, მოგებისთვის არ ხარ მზად და ფიქრობ, მხოლოდ იმას, რომ გადარჩე, ძალიან გაგიჭირდება ამ მიზნის მიღწევა. ჩემი აზრით, “ემპოლის” ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. უკვე მეშვიდე წელია გუნდში ვარ და მთელი ამ დროის მანძილზე ძალიან დიდი ტალანტის და ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობენ კლუბში.

რაც შეეხება ამ სეზონს, ცუდად დავიწყეთ. შემდეგ იყო გამონათებაც, თუმცა ბოლოს ძალიან ცუდი მარცხი ვიგემეთ. ამ უკანასკნელ შეხვედრაზე იძახიან, რომ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. 8-ში “პალერმოს” წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე ქვემოთაა. ეს მატჩი ემპოლიში, ჩვენს კედლებში გაიმართება და იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ.

– რას გვეტყვი “ემპოლის” თავდამსხმელებზე, მაგალითად, ჯილარდინოსა და მაკარონეზე, რომლებიც თქვენს კონკურენტებად ითვლებიან?

– ეს კონკურეცია ძალიან მომგებიანი იყო, როგორც ჩემთვის, ასევე მთლიანად გუნდისთვის. როცა მსოფლიო ჩემპიონის გვერდზე გიწევს ასპარეზობა, როცა მაკარონეს ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები, უყურებ მათ, სწავლობ ბევრ რამეს და იზრდები. დაუნახავი უნდა იყო, რომ თქვა: “მე ისინი არ მჭირდებიან.” პირიქით, გამოცდილი თანაგუნდლებისგან ბევრი რამ შევიძინე. გავიხსენოთ, თუნდაც, მიკოლი, კავანი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის სიტუაცია, რომელშიც ცდილობ ყველაფერი გააკეთო შენი კონკურენტის სასტარტო შემადგენლობიდან ამოსაგდებად, გეხმარება, გაიზარდო და უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდე.

– კავანი ახსენე… გაქვთ ედინსონთან კონტაქტი?

– კი, კი. რა თქმა უნდა. კავანი, პასტორე… მათთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს სპორტსმენები, თითქოს, გულშემატკივრებისთვის მიუღწეველი და მიუკარებლები არიან, თუმცა ამ დროს უნდა გითხრათ ასეთი რამ: რაც უფრო მეტი აქვს მიღწეული ფეხბურთელს, მით უფრო უბრალოა. შეიძლება, შეგხვდეს მოთამაშე, რომელიც საშუალო დონეზე ასპარეზობს, თუმცა აქვს დიდი ამბიცია და ვერ მალავს მას. მაგრამ, არიან სპორტსმენები, რომლებიც უმაღლესი დონის ვარსკვლავები არიან და ისეთი ხასიათი აქვთ, ვერ მიხვდები, რომ თამაშობენ, მაგალითად,  პსჟ-ში, “მილანში”, “რომაში”, “ნაპოლიში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. გავიხსენოთ მარიო რუი და სხვები.

2

– შენი აზრით, ის ზედმეტი ამბიცია, რომელიც ახსენე, რამდენად აქვთ საშუალო დონეზე მოასპარეზე ქართველ ფეხბურთელებს? თუნდაც, ნაკრების წევრებს? თუ აქვთ, მაშინ, რამდენად უშლის ეს თვისება ხელს მათ განვითარებაში? 

– რა თქმა უნდა, თუ ფეხბურთელს არ აქვს ამბიცია, ეს წამგებიანია. თუ შენ თავში არ ხარ დარმწუნებული და არ ისწრაფვი დიდი მიზნებისკენ, ეს ცუდია. თუმცა, არის მეორე საკითხი: მიმაჩნია, რომ ამბიცია თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავში უნდა შეინახოს და არ უნდა გამოამჟღავნოს. ასევე, შენში უნდა იყოს შენივე შესაძლებლობების შესაბამისი ამბიცია. თუ მოთამაშეს ზედმეტი ამბიცია დაებადა, ე.ი. იძირება და საქმე კარგად არ მისდის. რაც შეეხება ჩვენს მოთამაშეებს, მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რადგან საქართველოს ნაკრებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ და იმხელა ტალანტი აქვთ მათ, რომ ევროპაშიც კი გაგიჭირდება მათი მსგავსის ნახვა. იმედი მაქვს, რომ ამ ნიჭს გამოამჟღავნებენ, რაც სრულიად ნაკრებსა და ქვეყანას წაადგება.

– როგორც ვიცით, შენით ბევრი კლუბი დაინტერესდა. რა ვარიანტები გაქვს და აპირებ თუ არა”ემპოლის” დატოვებას?

– როცა ამხელა ჩემპიონატში ორ მატჩში სამ გოლს იტან და, მით უმეტეს, ეს სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე ხდება, ნორმალურია, რომ შენს მიმართ ინტერესს კარგი კლუბები იჩენენ. მსიამოვნებს, რომ ინტერესი არის ჩემს მიმართ. ეს ინტერესი კი არის სტიმული, რათა უფრო მოვინდომო, ბევრი ვიშრომო და განვვითარდე. თუმცა, მე დღესდღეობით ვარ “ემპოლის” ფეხბურთელი, ვარ საკუთარი საქმის პროფესიონალი! 8 იანვარს წლის პირველი თამაშია და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემმა გუდნმა წარმატებას მიაღწიოს.

– რომელი ჩემპიონატებიდანაა შემოთავაზება?

– არის პრემიერ ლიგა, სერია A, ესპანეთის ვარიანტიც, რომელშიც, ჯერჯერობით, არც ვერევი. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ჩავიდე იტალიაში, გუნდს შევუერთდე და ერთად გავაგრძელოთ კონკრეტული მიზნებისთვის ბრძოლა.

3

– ნაკრებზეც გკითხავთ. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი ჩავატარეთ. თამაშის ხარისხი გამოსწორდა, თუმცა გამარჯვება ვერ მოვახერხეთ. როგორ შეაფასებ განვლილ შეხვედრებს და რას გვეტყვი მომავალ თამაშებზე?

– პირველ რიგში, გეტყვით, რომ გულდაწყვეტილი ვარ ჩემი გამოუყენებელი მომენტის გამო. ეს ძალიან განვიცადე. ახლა რომ იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, არ ვამბობ, რომ აუცილებლად გოლს გავიტან, თუმცა გაცილებით კარგად გამოვიყენებ მსგავს შანსს. ძალიან ვწუხვარ, რომ გულშემატკივრების იმედები იმ შემთხვევაში ვერ გავამართლე. მოლდოვის ნაკრებთან გაცილებით მოტივირებული ვიყავით. მინდოდა, რომ აუცილებლად გამომესწორებინა ჩემი შეცდომა, თუმცა ხელი მცირე ტრავმამ შემიშლა.

იმედი მაქვს, მომავალში წარმატებას მივაღწევთ. ეს ოთხი მატჩი ჩემთვის ცოტა მოულოდნელობაც იყო. უცებ მოვახდინეთ გარდატეხა და ბევრის ყურადღებაც მივიპყრეთ. ბოლოს და ბოლოს, ირლანდიასთან და უელსთან ასეთი კარგი თამაშის გამო, სტუმრად ხალხი ტაშს გვიკრავდა. საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს ყველა უყურებს: ჩემი კლუბის პრეზიდენტიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული. როცა იტალიაში ჩავედი, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხით ყველა გაკვირვებული იყო. უელსის შეხვედრაზე მეუბნებოდნენ, რომ საერთოდ, 5:0 უნდა მოგეგოთო. თუმცა, ხდება ხოლმე, არის ჩავარდნები როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად. მაგრამ, ესეც გამოცდილებაა და რაღაც მხრივ კარგია.

ვისწავლეთ ის, რომ, როცა პირველ ტაიმში გაქვს ოთხი ასპროცენტიანი მომენტი და ვერცერთ მათგანს იყენებ, კიდევ უფრო უნდა გააძლიერო აგრესია და უფრო მეტად შეუტიო. 24 მარტს სერბეთთან გასამართ შეხვედრაში წარმატების ძალიან დიდი იმედი მაქვს. ბევრ ადამიანს ჩვენი აღარ ჯერა. არ უნდა გვეწყინოს, რომ გულდაწყვეტილი ხალხი აღარ მოვა სტადიონზე. პირიქით, ჩვენ უნდა მოვინდომოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ხალხი ჩვენკენ შემოვაბრუნოთ.

“ემპოლი” “სასუოლოსთან” დამარცხდა – მჭედლიძე მოედანს დაუბრუნდა

დღეს იტალიის სერია ა-ში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “სასუოლომ” “ემპოლი” მიიღო. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და, ანგარიშით, 3:0 დასრულდა.

საგულისხმოა, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ლევან მჭედლიძე. იგი 56-ე წუთზე მარილუნგოს მაგივრად შევიდა მოედანზე და თავის გამოსაჩენად საკმაო დრო მიეცა.

საგულისხმოა, რომ ლევანის კლუბს 15 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა.

მჭედლიძის “ემპოლიმ” სეზონის პირველი შეხვედრა მოიგო (ვიდეო)

გუშინ სერია ა-ს შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო “ემპოლისა” და “კროტონეს” დაპირისპირება, რადგან მასპინძელთა რიგებში ლევან მჭედლიძე ირიცხება. გამომდინარე იქედან, რომ ქართველ თავდამსხმელს ახალი მოშუშებული აქვს ტრავმა, იგი მოედანზე არ გამოსულა და შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალი.

რაც შეეხება უშუალოდ თამაშს, ლევანის გუნდმა ანგარიში 31-ე წუთზე ბელუსკის გოლით გახსნა. 14 წუთში სამპირისიმ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი “ემპოლის” მოთამაშემ, კოშტამ 56-ე წუთზე გაიტანა და, საბოლოოდ – 2-1; მჭედლიძის კლუბმა პირველი სამი ქულა მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

ამ გამარჯვებით “ემპოლიმ” 3 ქულა დააგროვა და მე-16 ადგილს იკავებს.

ლევან მჭედლიძე: “გენიოსო ჟურნალისტო, რეიტინგისთვის ყველაფერს რომ აკეთებ…”

გუშინ Sportall.Ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლევან მჭედლიძემ, რომელიც საქართველოს ნაკრებს ავსტრიასთან დაპირისპირებაში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, სანაკრებო შეხვედრის წინა დღეს “ემპოლის” მაისურით ამხანაგური მატჩი ითამაშა. ამას დიდი გამოხმაურება და უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა ლევან მჭედლიძის მიმართ. ამ ყველაფერს დღეს ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა.

“გენიოსო ჟურნალისტო რეიტინგისთვის ყველაფერს რო აკეთებ! დილამშვიდობის…
თუ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება გინდა კარგად გაარკვიე ან ვისთან ვითამაშე ან რამდენი დღეა რაც გუნდთან ერთად არ მივაჯიშია და როდის დავიწყე… არ მესმის რატომ ცდილობთ რო ხალხი გააგრესიულოთ ფეხბურთელების მიმართ…
ნამდვილი ინფორმაცია ეს არის:
7 აგვისტოდან არ მივარჯიშია არც ყოფილა რთული ტრანვა უბრალოდ მომიწია თითქმის ერთი თვე მცირე ტრანვის აგდგენა და ფიზიკურად მომზადება! ხუთშაბათს ვივარჯიშე პირველი ვარჯიში გუნდთან ერთად ისეც მთლიანი დატვირთვით არა და შაბათს დაბალი ლიგის გუნდთან ვითამაშე თამაში ნელ ნელა ფორმაში შესასვლელად… რო ჩამოვსულიყავი ხუთი წუთისთვისაც არ ვიყავი მზად სათამაშოდ… ამდენი შენთვის არ მიწერია უბრალოდ მინდა ხალხმა იცოდეს რო მე საქართველოსთვის უარს არასოდეს ვიტყვი!!!!!!!”

ლევან მჭედლიძე: “გავავსოთ სტადიონი და ერთად წავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე!”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ემპოლის” შემტევმა, ლევან მჭედლიძემ ავსტრიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ის ტრავმის გამო ვერ მიიღებს მონაწილეობას.

“პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა იმის გამო, რომ ნაკრებს ვერ ვეხმარები – რეაბილიტაციის პროცესი სულ რამდენიმე დღის წინ დავასრულე.

ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის იმაზე გადავიდეთ: ეს თამაში, რომელიც სულ რაღაც სამ დღეშია ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისათვის ვისაც უყვარს თუ არ უყვარს ფეხბურთი!

გავავსოთ სტადიონი და დავუდგეთ ბიჭებს გვერდით, რათა ყველანი ერთად წავიდეთ მსოფლიო ჩემპიონატზე!”

მჭედლიძე დასჯილია, “ემპოლი” გასაჩივრებას აპირებს

დღეს, იტალიის სერია ა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც იტალიის უმაღლესი ჩემპიონატის 35-ე ტურში იქნენ დასჯილები მსაჯის მიერ.

მათ რიგებში მოხვდა ქართველი ფეხბურთელი, “ემპოლის” შემტევი ლევან მჭედლიძე, რომელმაც წითელი ბარათი “კარპისთან” წაგებულ მატჩში, 25-ე წუთზე მიიღო.

თუმცა, ლევანს მხოლოდ წითელი ბარათი როდი აკმარეს ?! იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით მისი ეს ქმედება სამმატჩიან დისკვალიფიკაციას იმსახურებს.

“მატჩის 25-ე წუთზე, ბურთის დამუშავების დროს, ლევან მჭედლიძემ განზრახ გაარტყა ხელი სახეში მოწინააღმდეგეს.” – სწორედ ეს არის მოხსენიებული ოფიციალურ დოკუმენტში მჭედლიძეს დასჯის მიზეზად.

აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება “ემპოლის” ოფიციალური მხარე, რომელიც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„ემპოლი“ მჭედლიძის გარეშე „კიევოს“ დაუზავდა

იტალიის სერია ა-ს მე-20 ტურში „ემპოლი“ ვერონაში „კიევოს“ ეწვია. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

უკვე მე-7 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში ალბერტო პალოსკის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმის მე-2 წუთზე კი წონასწორობა ლორენცო ტონელიმ აღადგინა.

სათქმელია, რომ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ამ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

„ემპოლი“ ამჟამად 31 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება, თუმცა დღეს „მილანის“ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, შემდეგ ტურამდე მე-8 საფეხურზე დარჩება.

როგორ ჩააგდო ლევან მჭედლიძემ ბურთი კალათში (ვიდეო)

იტალიური “ემპოლის” თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მიღებული ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ქართველმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჩააგდო მან ბურთი კალათში.

ლევან მჭედლიძემ “ვიარეჯოს” ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

29 ივლისს, ლევან მჭედლიძის “ემპოლი” ამხანაგურ შეხვედრაში ქვედა ლიგელ “ვიარეჯოს” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მატჩის 52-ე წუთზე, ლევან მჭედლიძემ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

* იხილეთ მჭედლიძის გოლი 2:20-დან:

მჭედლიძე: „ვისაც ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, თამაშით უკმაყოფილო არ დარჩებოდა“

იტალიური „ემპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე პოლონეთთან ანგარიშით 0:4 წაგებული მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეხვედრაში მჭედლიძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

„1:0-ზე ორი გოლი ვერ ვნახე. თამაში ძალიან კარგი იყო. როცა შედეგის მიღწევა გინდა, უნდა გარისკო. ჩვენც გავრისკეთ და კინაღამ ანგარიში გავათანაბრეთ… დღევანდელ თამაშს ვინც კარგად უყურა და ფეხბურთი ოდნავ მაინც ესმის, ნაკრების თამაშის უკმაყოფილო არ დარჩებოდა. რა თქმა უნდა, ახლა ბიჭების მესმის და უაზროდ ნუ გავაკრიტიკებთ… დღეს ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და თითოეულ მათგანს დღევანდელი დღისთვის მადლობას პირადად ვუხდი“, – დაწერა მჭედლიძემ.

მჭედლიძის “ემპოლი” “სამპდორიას” დაუზავდა

იტალიის სერია ა-ს 37-ე ტურის შეხვედრაში ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” “სამპდორიას” უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მასპინძელთა ქართველი ფორვარდი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ემპოლის აქტივში 42 ქულა და მე-15 პოზიციაა. სეზონის უკანასკნელ შეხვედრას “ემპოლი” მილანში, “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს.

ლევან მჭედლიძემ “ფიორენტინას” გაუტანა (ვიდეო)

10 მაისს, იტალიის ჩემპიონატში “ემპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო.

მასპინძელთა სათადარიგოთა რიგებში იყო ლევან მჭედლიძე, რომელიც თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი მოედანზე შემოსვლიდან რამდენიმე წამში, ისევ 77-ე წუთზე გაიტანა.