შოთა ხაბარელმა სპორტის მინისტრის პოსტზე სასურველი კანდიდატურა დაასახელა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა მინისტრის პოსტზე მისთვის სასურველი კანდიდატურა დაასახელა. კითხვაზე, არსებობს თუ არა აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურა, რომელსაც კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს, ხაბარელმა განაცხადა, რომ ასეთად ირაკლი დოლაბერიძე მიაჩნია, რომელსაც დღესდღეობით სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის პოსტი უკავია.

“თუ გათვალისწინებული იქნება ეს კანდიდატურა, ქართულ სპორტს ნამდვილად წაადგება. მას დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ის სპორტის კაცია. შესაბამისი განათლებაც გააჩნია და ის წლების მანძილზე ემსახურება ქართულ სპორტს. ეს ადამიანი ნამდვილად იქნება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ღირსეული მინისტრი.

ეს გახლავთ ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც მართლაც პრინციპული, საკუთარი საქმის მცოდნე პიროვნებაა. ის მთელი წლების განმავლობაში იბრძოდა. სწორედ მისი დამსახურებაა 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის აღდგენა. ამ ადამიანის ძალისხმევით ეს ჩვენ შევინარჩუნეთ, ქართულმა სპორტმა შეინარჩუნა ახლა უკვე უმაღლეს რანგში აყვანილი სპორტის უნივერსიტეტი”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა TVS-ის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლევან ყიფიანმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა.

 

ლევან ყიფიანმა მინისტრის პოსტი დატოვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ყიფიანმა გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინათ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან – კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. ასევე მოიქცნენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან საკუთარ სამშობლოს პირად ინტერესებზე.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, მომზადებული მაქვს განცხადება, აქედან წავალ და ჩავაბარებ კანცელარიას. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს.

მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა და მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით მთავრობაში. ბევრი დანაპირები, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ, შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მათ მივმართავ, რომ პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი. არ მინდა, პრობლემა გამწვავდეს, არ მინდა, გადავიდეს იმ ზღვარს, რომელზეც, მე ვფიქრობ, უკვე გადასულია. მე არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი და ვტოვებ თანამდებობას.

მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და ყველა კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერ-მინისტს და ახალ მინისტრს, რომ შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ დავბრუნდეთ უკან, რომელზეც უარი ვთქვით, რამდენიმე წლის წინათ.

მე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ მუშაობას. მომავალ წელს არის ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები და შესაძლოა, მოვემზად. შესაძლოა, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში მივიღე მონაწილეობა”, – განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, რითაც ლიმიტი ამოიწურა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა ეძლევა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მთავრობის ნდობის მოსაპოვებლად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა, კონსტიტუციის მიხედვით, ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საფუძველი ხდება.

 

“პირველი რადიო”: ლევან ყიფიანი მინისტრის პოსტს დღეს დატოვებს

“პირველი რადიოს” ცნობით, გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. წყაროს თანახმად, ყიფიანი პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები მინისტრის მუშაობის უკმაყოფილონი არიან. ყიფიანის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობით საპარლამენტო კომიტეტის გარდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი და პირველადი ინფორმაციით, მათ დარღვევებიც აღმოაჩინეს.

თუ ლევან ყიფიანის პოსტიდან გადადგომა დადასტურდება, ეს მეშვიდე მინისტრის შეცვლა იქნება, რითაც ლიმიტი ამოიწურება და პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.

 

კალათბურთის ფედერაციისთვის ახალი წესდება გამომუშავდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს ეროვნული ფედერაციებისა და სპორტის განვითარების მენეჯერი კოსტა ილიევი იმყოფება.

დღეს ილიევი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან ერთად საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტ ლევან ყიფიანს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესპანური „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენედელური დირექტორი ხესუს ვასკესიც დაესწრო.

IMG_0972

ლევან ყიფიანი: „პირველ რიგში, შეხვედრა კალათბურთის განვითარების პროგრამას ეხება. მიხარია, რომ აქ ბატონი კოსტა ილიევი იმყოფება, რომელიც ფიბა-ს სპორტის განვითარების მენეჯერი და ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი გახლავთ. ასევე თბილისში იმყოფება ბატონი ხესუს ვასკესი, რომელიც კლუბ „კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორია. ეს კლუბი კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს. მინდა მადლობა გადავუხადო მათ მობრძანებისთვის. კალათბურთის ფედერაციამ ბევრი საინტერესო იდეა წარადგინა. ჩვენ ერთობლივად საფუძველს ვუყრით ბევრ საინტერესო საკითხს და არსებული პრობლემები უახლოეს ხანში უნდა მოვაგვაროთ. ეს ეხება ნაკრებებს, კლუბებსა და ქვეყანაში კალათბურთის ზოგად განვითარებას. საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი კალათბურთის შესახებ დადებითი გამოხმაურებაა. როგორც სამინისტროს, ასევე ფედერაციას, მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. ბევრი სასიკეთო გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ეხება სამართლებრივი კუთხით წესდებების ჩამოყალიბებას და საბაზისო პრობლემების გადაწყვეტას, საბავშვო კლუბების და მათი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, 3X3-ზე კალათბურთის, ქალთა კალათბურთისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის კალათბურთის პოპულარიზაციას. განვიხილეთ თანამშრომლობა ერთ-ერთ წარმატებულ ესპანურ კლუბთან „კაჩა ლაბორალთან“, რომელშიც ჩვენი თანამემამულე თორნიკე შენგელია წარმატებით ასპარეზობს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს“.

IMG_0995

მიხეილ გაბრიჩიძე: „დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გვიხარია, რომ ფიბა-სთან და „ბასკონიასთან“ ასეთი კარგი ურთიერთობა გვაქვს. მადლობა დახმარებისთვის, რომელიც ფედერაციის მხრიდან ახალი წესდების გამომუშავებაში გამოიხატა, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედება. ამ წესდებაზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ფიბა-ს”.

IMG_1027

კოსტა ილიევი: „კალათბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინსიტროს აქ ერთი წლის წინ შევხვდი. მაშინ საქართველოში კალათბურთის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას განვიხილავდით. საქართველოში კალათბურთის განვითარებით ძალიან დაინტერესებულები ვართ. ერთი წლის შემდეგ აქ დაბრუნების შემდეგ შედეგს ვხედავ. პირველ რიგში, ეს ახალ წესდებას ეხება, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენი კიდევ ერთი მიზანია, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის კალათბურთის განვითარებას. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება თანამშრომლობის კარგ მაგალთს წარმოადგენს“.

IMG_0972

ხესუს ვასკესი („კაჩა ლაბორალ ბასკონიას“ გენერალური დირექტორი): „ჩვენთვის აქ ყოფნა და პარტნიორებთან შეხვედრა დიდი პატივია. ჩვენი გამოცდილებითა და რჩევებით საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ. მომავალში ბევრი მწვრთნელი და წარმატებული გუნდი გეყოლებათ. მნიშვნელოვანია ბავშვთა კალათბურთის განვითარება. ჩვენ ბევრი მოთამაშე გავზარდეთ და, მზად ვართ, გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ. იმედია, საქართველოს თორნიკე შენგელიას მსგავსი ბევრი კალათბურთელი ეყოლება“.

მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი 2014

4 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე მესხეთის საფეხბურთო ფესტივალი გაიხსნა. პროექტი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება.

თამაშების დაწყებამდე მოეწყო კულტურული ღონისძიებები – მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, სახალისო ვიქტორინები და გათამაშებები  მაყურებლებისთვის.

გახსნის დღეს ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა მოწვეული, საპატიო სტუმრები და ჩემპიონატის 5 000 -მდე გულშემატკივარი.

ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც რეგიონული გუნდები – სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის , იმერეთის და სხვა რეგიონებიდან , ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის ახალგაზრდული გუნდები. სულ 16 ახალგაზრდული გუნდი.

საფეხბურთო ფესტივალი 8 ივნისამდე გაგრძელდება და საზეიმოდ რაბათის ციხეში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით დასრულდება.

http://msy.gov.ge/

10383582_670496466350464_7886034621498791560_n

სპორტის სამინისტრომ ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

სპორტისა და ახალგაზდრობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა წარადგინა.

აღნიშნული პროექტის მიხედვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 10-გუნდიანი უნდა იყოს. ჩემპიონატის მატჩები კი, 4 წრედ უნდა ჩატარდეს, რაც საერთო ჯამში 36 მატჩს გულისხმობს. პროექტის პირვლი ლიგის მხარდაჭერასაც გულისხმობს, რომელიც 16 გუნდიანი ინქება და ორ წრედ ჩატარდება.

პროექტის წელიწადში 30 მილონიან დაფინანსებას გულისხმობს. აქედან 17 მილონი ლარი უმაღლეს ლიგას, 7 მილიონი პირველ ლიგას, ხოლო დარჩენილი 6 მილიონი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

ყოველი სეზონის დაწყებამდე თითოეულ გუნდს 500000 ლარი ჩაერიცხება, საქართველოს ჩემპიონი ბონუსის სახით მილიონ ლარს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული 700000 ლარს, ხოლო მე-3 ადგილოსანი – 500000 ლარს. თასის მფლობელი 200000 ლარით დაჯილდოვდება. ფინალისტი კი, 100000-ს მიიღებს. სუპერთასის მფლობელი 100000 ლარს მიიღებს, დამარცხებული გუნდი  – 50000-ს. მთლიანობაში საპრიზო ფონდის 9350000 ლარს შეადგენს.

პირველი ლიგის 16 გუნდიდან თითოეული სეზონის წინ 300000 ლარს მიიღებს. ლიგაში პირველ ადგილზე გასული გუნდი დამატებით 300000 ლარით დასაჩუქრდება, ხოლო მეორეადგილოსანი 150000-ს. დანარჩენი გუნდები, გარდა პირველი ლიგიდან გავარდნილებისა თანხებს უმაღლესი ლიგის მსგავსად, სატურნირო ცხრილში დაკავებული პოზიციის მიხედვით მიიღებენ.

პროექტის მიხედვით დაფინანსდება მე-2 ლიგაც, რომელიც სამოყვარულო იქნება. მუნიციპალური ბიუჯეტიდან წელიწადში 60000-80000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნული პროექტი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბმა რეგიონის მინიმუმ 3 სკოლაზე უნდა აიღოს მეთვალყურეობა და ჰყავდეს U-13, U-15 და U-17 გუნდები.

პროექტის ძალაში შესვლიდან 2 წლის თავზე, კლუბები ვალდებულები გახდებიან, რომ სახსრები კერძო სექტორიდან მოიძიონ. კომპანიებთან ამ საკითხზე სახელმწიფოც იმუშავებს. მე-5 წელს კი, როდესაც პროექტი დასრულდება, ყველა კლუბი კერძო საკუთრება უნდა გახდეს. თუმცა, სამინისტროში არც პროგრამის მეორედ გაშვებას გამორიცხავენ.

ერთი საინტერესო დეტალიც. 2012-2013 წლებში სახელმწიფომ ფეხბურთში 53,6 მილიონი ლარი დახარჯა. თუმცა, ასეთი ინვესტიციის ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა…

იუბილე: ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი 4 აპრილს 76 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იუბილარს შინ ეწვია და პირადად მიულოცა დაბადების დღე და სპორტის რაინდის საპატიო წოდების მინიჭება.

„ვულოცავ ბატონ ჯანოს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ! ასევე ვულოცავ სპორტის რაინდის წოდებას! ჯანო ბაგრატიონი მთელი ცხოვრება სპორტშია, ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეებთან იდგა და წლების მანძილზე მისი პრეზიდენტიც გახლდათ”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საპატიო წოდებები თუ სხვადასხვა ჯილდოები ადრეც მიმიღია, ქართული სპორტის რაინდის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ხალხმა ამ ჯილდოს ღირსად მიმიჩნია. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელებს ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ბატონმა ჯანომ.

ჯანო ბაგრატიონი წარმატებული ხელბურთელი გახლდათ, რომელმაც თბილისის „ბურევესკინის” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო და რამდენჯერმე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ხელბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იყო მწვრთნელი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე.

1996-2004 წლებში ჯანო ბაგრატიონი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ, 2004 წლიდან კი სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.

ჯანო ბაგრატიონი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, არის სპორტის საპატიო ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ლევან ყიფიანი ევროპის რაგბის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

15 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი სამინისტროში ფირა აერის (ევროპის რაგბის ასოციაცია) პრეზიდენტს, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის წევრს  – ოქტავიან მორარიუს შეხვდა. შეხვვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზოდენტი – გიორგი ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილეები – აკაკი ლოდია და თამაზ თევზაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოსა და რუმინეთის უმნიშვნელოვანეს მატჩზე, რომელიც 15 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.

მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და რუმინეთის რაგბის სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე და იმ ფაქტზე, რომ ორივე ქვეყანა უკვე მაქსიმალურად მიუახლოვდა ევროპის სარაგბო ელიტას. ითქვა, რომ აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ქართული და რუმინული სარაგბო კლუბების ევროტურნირებში ჩართვის მიმართულებით და ზოგადად ქართული და რუმინული რაგბის კიდევ უფრო დაახლოვებით ევროპის ელიტარულ სარაგბო ქვეყნებთან.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ოქტავიან მორარიუს ოლიმპიურ კომიტეტში უმასპინძლებენ. მორარიუს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი მიიღებს. შეხვედრას დაესწრება თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი – ალექსი ახვლედიანიც.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რუმინეთის სამთავრობო დელეგაცია პირველად იმყოფება პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას ხელმძღვანელობით. 14 მარტს რუმინელი კოლეგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო, სადაც დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. რუმინეთის სამთავრობო დელეგაციაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები, პარლამენტის წევრები არიან. ასევე გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

რუმინეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისში რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალინ პეტრაჩე და ვიცე-პრეზიდენტი მატეი კალინიც ჩამოვიდნენ. სტუმრები 17:00 საათზე საქართველოსა და რუმინეთს შორის გასამართ ერთა თასის მატჩს დაესწრებიან.

საქართველო – რუმინეთის სარაგბო დაპირისპირება ორივე ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესია – გამარჯვებული გუნდი ერთა თასის მფლობელი ხდება. საქართველოსა რუმინეთს შორის საცილო „ანთიმოზ ივერიელის” თასს მოიპოვებს და  ნოემბერში ირლანდიის ნაკრებთან სტუმრად ტესტმატჩის ჩატარების უფლებას მიიღებს.

 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განმარტება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის – თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და საზოგადოებაც ამის შესახებ ინფორმირებულია, სფფ-მ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი განმარტების გაკეთება – საკითხში უფრო მეტი სიცხადის შესატანად.

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი-განცხადება, რომელიც 28 იანვარს, მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტს გამოუგზავნა. შესავალში მითითებულია, რომ ეს წერილი სფფ-ში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

რეალურად კი, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქეცბაიას კონტრაქტის სახელფასო პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, სფფ-მ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას ამიერიდან ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდის.
დანართის სახით გთავაზობთ წერილებს, რომელიც ფედერაციისგან სამინისტროს 27 და 29 იანვარს გაეგზავნა და სადაც, დეტალურადაა გაწერილი 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები და ხარჯვის სავარაუდო განაწილება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სფფ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ლევან ყიფიანი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტებს შეხვდა

ძიუდოში თბილისის გრან-პრისათვის მოსამზადებელი სამუშაოების დასათვალიერებლად და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების გასაცნობად საქართველოს 3 დღიანი სამუშაო და საკონსულტაციო ვიზიტით სტუმრობენ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ექსპერტები – ლიზა ალანი და მარიან კლაუდიუ ჩიმიუ.

ძიუდოს ექსპერტები 16 იანვარს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – ლევან ყიფიანს სამინისტროში შეხვდნენ.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და აკაკი ლოდია, ასევე სამინისტროს მასობრივი სპორტის სამმართველოს უფროსი – ვლადიმერ ნუცუბიძე და ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – მამუკა ყიზილაშვილი დაესწრნენ. 16 იანვარს ასევე დაგეგმილია შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან, სადაც გრან პრის პირდაპირი ტრანსლირების საკითხები განიხილება.

ლიზა ალანი და მარიან კლაუდიო ჩიმიუ ასევე მოინახულებენ თბილისის სპორტის სასახლეს, ძიუდოს აკადემიას და იმ სასტუმროებს, სადაც გრან პრის მსვლელობის დროს სპორტსმენები, მწვრთნელები, მსაჯები და საერთაშირისო დელეგაციის წარმომადგენლები იცხოვრებენ. ძიუდოში თბილისის  გრან პრი 21-23 მარტს ჩატარდება. გრან პრის სტატუსი თბილისს 2013 წლის მიწურულს მიენიჭა.

15 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გრან პრის ორგანიზებაზე მემორანდუმს ხელი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა – მარიუს ვიზერმა, მინისტრმა – ლევან ყიფიანმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა – დავით ქევხიშვილმა მოაწერეს.

 

msy.gov.ge

ინტერვიუ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ – ლევან ყიფიანთან

2013 წელს აჯამებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი.

ლევან ყიფიანი: ჩვენ ყველამ ერთად საკმაოდ რთული წელიწადი მოვიტოვეთ უკან. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ახალი გუნდის მოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ბოლომდე უნდა მიგვეყვანა ის არსებული პროექტები და ღონისძიებები, რაც მიმდინარე რეჟიმში დაგვხვდა და ასევე ოპტიმალურად მოგვეხდინა სამინისტროს ახალი მენეჯმენტის ფორმირება, უმტკივნეულოდ გაგვეტარებინა სამინისტროში მომუშავე პროფესიონალი კადრების ინტეგრირების პროცესი ახალ თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან, რაც წარმატებით განხორციელდა.

რეორგანიზაციის პროცესისას ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტებისათვის და სამუშაო პროცესის წარმართვისათვის ერთიანობა არ დარღვეულიყო და ამით სპორტის განვითარებაზე და ახალგაზრდულ პროგრამებზე ზრუნვა არ შეფერხებულიყო. მსურს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო მათი მხრიდან გაწეული საქმიანობისათვის, ძალისხმევისა და პროფესიონალიზმისათვის.

– საინტერესოდ ჩატარდა არჩევნები სპორტულ ფედერაციებში, იყო ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობაც…

– ჩვენი გუნდის სამინისტროს ხელმძღვანელობაში მოსვლის დღიდან განვაცხადეთ, რომ სპორტული კუთხით ამოსავალი წერტილი პირველ რიგში იქნებოდა სპორტული ფედერაციების დეპოლიტიზირება და დეცენტრალიზაცია. ჩვენი პოლიტიკა სპორტში ამ მიმართულებით ვითარდება და ვფიქრობ მოხერხდა კიდეც სპორტული სამყაროს პოლიტიკური ზეწოლისაგან გათავისუფლება. არჩევნები ჩატარდა 30-მდე სპორტულ ფედერაციაში. საარჩევნო ყრილობებზე კანდიდატთა სიმრავლე და კონკურენტული გარემო აქამდე ნამდვილად უცხო იყო. რა თქმა უნდა, გვქონდა პრობლემებიც და საარჩევნო პერიპეტიებისას პიროვნული დაპირისპირებებიც მრავლად იყო, თუმცა სამინისტრომ იხელმძღვანელა ფედერაციის შიდა საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპით და შემოიფარგლა რეკომენდაციებით.

– 2013 წლის სპორტული სეზონს მთლიანობაში როგორ შეაფასებთ?

– სპორტული შედეგებით ინდივიდუალურ სახეობებში უფრო მეტად ვართ განებივრებულები და ტრადიციულად 2013 წელს ძირითადი მედლები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ძიუდოისტებისა და მოჭიდავეების ხარჯზე მოვიპოვეთ. განსაკუთრებულად მსურს აღვნიშნო ძიუდოს ეროვნული გუნდის წარმატება, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ასევე მნიშვნელოვანი იყო გუნდურ სახეობებში ნაჩვენები შედეგიც – მორაგბეთა ეროვნული გუნდის მიღწევები, კალათბურთელთა მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, წყალბურთელთა ნაკრების მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, ხელბურთის ეროვნული ნაკრების აღდგენა და საქართველოში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება, გამოვყოფ სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების და ნაკრებების წარმატებას ევროპისა და ასევე საუნივერსიტეტო ჩემპიონატებზე. 2013 წლის მანძილზე ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში ერთად, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებსა თუ საერთაშორისო ტურნირებზე ჯამში ქართველი სპორტსმენების მიერ 500-მდე მედალია მოპოვებული, რომელთა შორის 130-მდე ოქროს მედალია.

– სამინისტროს მთავარი პრიორიტეტებიდან განსაკუთრებით რა მიმართულებებს გამოარჩევთ?

– პირველ რიგში სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ამოსავალი წერტილია, თუმცა სამინისტროსთვის ყველა პრიორიტეტი უპირველესია და აქ რიგითობა მხოლოდდამხოლოდ ფორმალობაა. უმნიშვნელოვანესია მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობა, სპორტის მასობრიობა, საზოგადოების სპორტში ჩართულობა, სტუდენტური და ბავშვთა სპორტის განვითარება და ასე შემდეგ. სამინისტროს ასევე ძირითადი პრიორიტეტია სპორტული განათლება. ჩვენი ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია კანონმდებლობა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება სპორტში. შექმნილია სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტატეგიის ჩამოყალიბება მიმდინარეობს. 2014 წლის ბოლოს ჩვენ უკვე უნდა გვქონდეს ახალი კანონი სპორტის შესახებ. სამინისტრო აქტიური იყო ახალგაზრდული კუთხით მუშაობისას. გამოიყო 12 პრიორიტეტული მიმართულება და განხორციელდა არაერთი საინტერესო პროექტი ჩვენი ახალგაზრდული დეპარტამენტის და დაქვემდებარებული უწყებების ორგანიზებით. მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა საერთაშორისო მიმართულებითაც, გვქონდა ოფიციალური ვიზიტები, შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა ქვეყნების ელჩებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, გაფორმდა მემორანდუმები სამინისტროებთან.

– სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2014 წლიდან შეძლებს სტუდენტების მიღებას?
.
– ჩვენი გუნდის სამინისტროში მოსვლისთანავე დავისახეთ მიზნად, რომ 2007 წელს გაუქმებული სპორტის აკადემიის ბაზაზე აღდგენილიყო ახლი უნივერსიტეტი. მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და მიზანს მივაღწიეთ. 2013 წელს საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პრემიერმინისტრის ხელმოწერით, ოფიციალურად დაფუძნდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, უნივერსიტეტის სრულად ამოქმედება 2014 წლის სასწავლო სეზონისათვის იგეგმება.

– 2014 წლიდან საქართველო მნიშვნელოვანი სპორტული გამოწვევების წინაშე დადგება. როგორ მიმდინარეობს მზადების პროცესი ამ კუთხით?

– 2014 წლიდან არაერთი საერთაშორისო ტურნირი გველის და ახალ-ახალი სპორტული გამოწვევების წინ ვდგავართ. აღსანიშნავია ძიუდოს თბილისის გრან პრი, მძლეოსნობაში, ფარიკაობასა და წყალბურთში გასამართი ევროპის გუნდური და ასაკობრივ ჩემპიონატები, ჭადრაკში ქალთა მსოფლიო გრან-პრი და ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატი, ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირები და ასე შემდეგ.

2014 წელს გველის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ოლიმპიურ თამაშებში, სამათავრობო დელეგაცია კი სოჭში არ გაემგზავრება. ვთვლით, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს სპორტში, საქართველოს დროშა კი ყოველთვის ამაყად უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე. ასევე 2014 წლიდან ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ვიწყებთ 2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებისათვის მზადების ეტაპს. შეიქმნება საორგანიზაციო ჯგუფი, რომნელიც ზედამხედველობას გაუწევს მიმდინარე პროცესებს, ოლიმპიურ ციკლში ჩვენ გველის ნანჯინგის ზაფხულის ახალგაზრდული თამაშები, შემდგომ თბილისში ევროპის 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ფესტივალი და ყველაზე მთავარი სპორტული ფორუმი – 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშები.

მსხვილი პროექტებიდან გამოვყოფ – რაგბის, ფეხბურთის, კალათბურთის, ოლიმპიური მოძრაობის განვითრების სახელმწიფო პროგრამებს, რაც გულისხმობს კლუბების გაძლიერებას, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მომძლავრებას, მწვრთნელთა განათლებას და ასე შემდეგ. ვფიქრობ, აუცილებელია ფეხბურთის სტრუქტრის რეორგანიზება. აქტიურად ვთანაშრომლობთ უეფასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან. 2013 წლის მიწურულს მქონდა შეხვედრა უეფას პრეზიდენტ – მიშელ პლატინისთან, რომელმაც დაგვიდასტურა პატივიცსემა და მხარდაჭერა იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. ვფიქრობ 2014 წლიდან რამდენიმე პროექტის დაწყება შესაძლებელი იქნება.

– რა მდგომარეობაა ახალი სტადიონების და დარბაზების, ზოგადად ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში?

– ამ მიმართულებით დაწყებულია კონკრეტული პროექტები. აშენდება ახალი საფეხბურთო სტადიონი წყალტუბოში დამხმარე სავარჯიშო მოედნით. 2017 წლის ხელბურთის მსოფლიო 19-წლამდელთა ჩემპიონატისათვის საქართველოს სხვადახვა ქალაქში აიგება 4 ახალი სპორტის სასახლე. სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება სპორტის სამინისტროს სპორტულ დარბაზებს, ახალ იერსახეს მიიღებს მიხეილ კეკელიძის სახელობის სპორტული არენა და ასევე დიდუბეში არსებული კალათბურთის სავარჯიშო ცენტრი.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ, 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის სპორტული ბაზების სარეკონსტრუქციო სამუშოები მიმდინარეობს. მერიასთან თანხმდება სპორტული ობიექტების გადანაწილების საკითხი, დაგეგმილია ახალი აუზის მშენებლობა, ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის ზღვის ტერიტორაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე, ახალი სპორტული ობიექტის და მძლეოსნობის სტადიონის მშენებლობაზე, თბილისის ზღვის ტერიტრიაზე ეწყობა ოლიმპიური სოფელი ფესტივალისათვის. ეს ყოველივე სამომავლოდ მოგვცემს წინაპირობას იმისთვის, რომ თბილისს დავუბრუნოთ ის სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით გაიყიდა და გასხვისდა.

– როგორ გაგრძელდება მთავრობის თანადგომა სპორტის მიმართ?

– სპორტის დაფინანება თითქმის 100 პროცენტით სახელმწიფოს ხარჯზე მოდის. რა თქმა უნდა გაგრძელდება სახელმწიფო მხარდაჭერის პროექტები. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ თანხების მიზნობრივად მობილიზება როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისათვის, მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი კერძო ბიზნესს და მოვიზიდოთ მეტი დაფინანსება სპორტისათვის. მთავრობის დადგენილებით მინისტრთა კაბინეტის მხრიდან დამტკიცდა ჩვენს მიერ განახლებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ სპორტსმენთა პრემირებას და წახალისებას, რაც გაზრდის მათ მოტივაციას მაღალი მიღწევების სპორტში. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მართვით, გამართული, მიზანმიმართული მუშაობით და ერთიანობით, სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ, როგორც სპორტის, ასევე ახალგაზრდული მიმართულებებით. ჩვენ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და მჯერა რომ შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას.

სამინინისტროს პრესსამსახური

“დინამოს” სპორტის მინისტრი და “რასინგის” წარმომადგენლები ესტუმრნენ

დღეს, დინამო თბილისის დიღმის საწვრთნელ ბაზას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი და ესპანური საფეხბურთო კლუბის, სანტანდერის რასინგის პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი – ანხელ ლავინ იგლეასიასი ეწვივნენ. სტუმრებს ჩვენი კლუბის დირექტორმა, მამუკა მახათაძემ უმასპინძლა.სტუმრებმა ჩვენი კლუბის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და ნანახით სასიამოვნოდ გაკვირვებულნი დარჩნენ.

FCDinamo.GE