კოუტინიო: “იურგენს ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა ჯერ ლიგის თასი უნდა მოვიგოთ”

“ლივერპულის” ნახევარმცველს ფილიპე კოუტინიოს სჯერა, რომ იურგნ კლოპს “ლივერპულთან” ერთად ახალი ისტორიის შექმნა შეუძლია, თუმცა აღნიშნავს, რომ ჯერ ლიგის თასი უნდა მოიგონ.

“ჩვენ ახალ გუნდს ვქმნით, ახალგაზრდა გუნდს, რომელშიც რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც იქნება.” – განაცხადა ბრაზილიელმა “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ ფინალამდე.

“ბევრს ვმუშაობთ. ლიგის თასის მოგება შესაძლოა ახალი ერის დასაწყისი აღმოჩნდეს, რომელიც დიდი ხანი გასტანს. ყველას უნდა ახალი ისტორიის შექმნა, რაც “უემბლიზე” უნდა დაიწყოს.

ჩვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ამჯერად საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ.” – განაცხადა კოუტინიომ.

რა უნდა ისწავლოს როჯერსმა ლიგის თასიდან გამოვარდნის შემდეგ?

“ლივერპულმა” პრემიერლიგის წლევანდელი სეზონი კარგად დაიწყო, პირველი სამი მატჩი მოიგო და ბევრი “წითლების” საჩემპიონო ამბიციებზე ალაპარაკდა. თუმცა ამ ყველაფერს “სოუნსისთან” ფრე, “საუთჰემპტონთან” სენსაციური საშინაო მარცხი და გუშინ “მანჩესტერ იუნაიტედის” გადახალისებულ შემადგენლობასთან 0-1 წაგებული შეხვედრა მოჰყვა, რამაც ბრენდან როჯერსის გუნდი ინგლისის ლიგის თასს მიღმა დატოვა.

მოდით ჩამოვთვალოთ ის ძირითადი ასპექტები, რომლებზეც წესით როჯერსმა ამ შეხვედრის შემდეგ უნდა გაამახვილოს ყურადღება:

აქცენტი პრემიერლიგაზე

“ლივერპული” ევროპულ სარბიელზე არ ასპარეზობს, ახლა უკვე “ლიგის თასსაც” გამოეთიშა, “ასოციაციის თასი” “ნომერ პირველი ამოცანა” არც არასდროს ყოფილა, შესაბამისად, “წითლების” მთავარი მიზანი ყველაფრის ისე დაგეგმვაა, რომ გუნდმა პრემიერლიგაში რაც შეიძლება ნაკლები ქულა დაკარგოს.

სტარიჯის ჯანმრთელობა

სტარიჯს ამ სეზონში უკვე ორი ტრავმა ჰქონდა. ბოლომდე ჯანმრთელი ის არც ახლაა. ცხადია, რომ მას დასვენება სჭირდება, თუმცა ეს არცთუ იოლი გადასაწყვეტია, სტარიჯი ხომ გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. მთავარ მწვრთნელს ამაზე ფიქრიც მოუწევს…

გოლების ნაკლებობა

ერთი თვის წინ როჯერსმა აღნიშნა, რომ მისი სურვილია “ლივერპულმა” იმაზე მინიმუმ 20 გოლით მეტი გაიტანოს, ვიდრე ეს გასულ სეზონში მოახერხა. ფაქტია, რომ ყველაფერი აქეთ ჯერჯერობით აშკარად არ მიდის. მეტიც, სტარიჯის და მოზესის გარდა, “წითლების” რიგებში გატანილი გოლით ჯერ თავი არც არავის გამოუჩენია, ესეც მორიგი თავისტკივილი…

ლუის სუარესი

საუკეთესო მოთამაშის მწყობრში ჩადგომა ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ არ იცი, როგორ გამოიყენო ის ეფექტურად. გუშინ როჯერსმა 3-5-2 (და მისი ვარიაცია 3-4-1-2) გამოიყენა, იმისათვის, რათა ენახა როგორ ურთიერთქმედებდნენ სუარესი და სტარიჯი, შედეგი აშკარად იმედისმომცემია, მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სეზონში მათ მოედანზე პირველი წუთები გაატარეს, საკმაოდ კარგად ცვლიდნენ ბურთსაც და პოზიციებსაც.

მიუხედავად ამისა, როჯერსს მოუწევს იფიქროს იმაზეც, როგორც შეურჩიოს ურუგვაელ ფორვარდს ისეთი პოზიცია, რომ მას მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა მიეცეს. თუ გასული სეზონის გამოცდილებას ენდობა, უნდა იცოდეს, რომ სუარესს შეუძლია “ლივერპული” “მასთან ერთად” და “მის გარეშე” ორი რადიკალურად განსხვავებული გუნდი გახადოს.

რა ხდება მეორე ტაიმში?

და მაინც, რა ემართება წელს ლივერპულს “მეორე ტაიმებში?” ყველა მატჩში, მათ შორის გუშინაც, ოლდ ტრაფორდზე, “წითლები” საწყის 45 წუთში დომინირებენ, შესვენების შემდეგ კი ტემპს აგდებენ და მატჩი ან ინერციით მიჰყავთ სასურველ შედეგამდე, ან მარცხდებიან…

ამ სეზონში “ლივერპულს” პრემიერლიგაში მეორე ტაიმში გოლი არ გაუტანია, რაც “სუონსისთან” ქულების დაკარგვად, “საუთჰემპტონთან” და “იუნაიტედთან” კი დამარცხებად დაუჯდა.

დაცვის იდეალური ოთხეული

დანიელ აგერის და გლენ ჯონსონის ტრავმებმა როჯერსს ბევრი საფიქრალი გაუჩინა. სად ათამაშოს კოლო ტურე, დაცვის ცენტრში თუ მარჯვენა ფლანგზე? იქნებ ჯობს, ტურეს ცენტრში მარტინ შკრტელი შეუწყვილოს? ან იქნებ უკეთესია საჰოს და მარტინ კელის მეტი სათამაშო დრო მიეცეს? შეკითხვები მართლაც ძალიან ბევრია, რომლებზეც პასუხი რაც შეიძლება სწრაფადაა გასაცემი.

დაბოლოს, კითხვა თქვენ, როგორ აფასებთ “ლივერპულის” წლევანდელ პრემიერლიგურ შანსებს?

 

 

ლუის სუარესი დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ითამაშებს

დღეს, ინგლისის ლიგის თასის გათამაშებაზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ლივერპულს“ დაუხვდება. მანჩესტერულ დერბიში სამარცხვინოდ დამარცხების შემდეგ (1:4), „წითელი ეშმაკები“ რეაბილიტაციას მერსისაიდულ გუნდთან შეეცდებიან. ამ მხრივ არც „ლივერპულია“ კარგ მდგომარეობაში, „ენფილდროუდელები“ ინგლისის პრემიერლიგის მეხუთე ტურში შინ „საუთჰემპტონთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრემიერლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ შესაძლო დამარცხება ერთიორად მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება.

„ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის ყოველთვის გამორჩეული მატჩები იმართება ხოლმე. ორივე კლუბს სურს ტურნირის მომდევნო ეტაპზე გასვლა. სამარცხვინო მარცხის შემდეგ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ასეთ შეხვედრაში გამარჯვება“, – აღნიშნა როჯერსმა.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ურუგვაელმა ფეხბურთელმა ლონდონის „ჩელსის“ მცველ ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა, რისთვისაც ათმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

„სუარესი ნამდვილად ითამაშებს. გვიხარია, რომ ის დაგვიბრუნდა. ფეხბურთელისთვის რთულია თითოეული მატჩის გამოტოვება, თუმცა ვიცი, როგორ ემზადებოდა ის ბოლო კვირის განმავლობაში. სუარესი ვარჯიშებზე ფანტასტიურია. საწვრთნელი პროცესისადმი მისი დამოკიდებულება ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მას სურს, რომ გუნდს კვლავ დაეხმაროს. ის გუნდს მატჩებზეც დაჰყვებოდა. იქნება თუ არა სუარესი სასტარტო განაცხადში, ეს რამდენიმე საათში გადაწყდება“, – დაამატა „ლივერპულის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის უკვე შედგა ერთი შეხვედრა. პრემიერლიგის მესამე ტურში, „ენფილდზე“ გამართული მატჩი მერსისაიდელებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.

დღევანდელი შეხვედრა ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას მარკ კლატენბურგი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი