ჰენდერსონი: “ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა”

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” “მანჩესტერ სიტი” ანგარიშით, 3-0 დაამარცხა და განმეორებითი მატჩის წინ საგრძნობი უპირატესობა შეიქმნა.

თამაშის შემდეგ, გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ვიცოდით, რომ მოედანზე საოცარი ატმოსფერო იქნებოდა და ასეც მოხდა. გულშემატკივრის დახმრებით, წარმატებას მივაღწიეთ, მეორე ნახევარში ისინი უფრო მოგვაწვნენ და უკან დაგვწიეს. თუმცა, ჩვენი სტილი ნებისმიერ სიტუაციაში ერთ გუნდად ასპარეზობაა, რაც იდეალურად გავაკეთეთ. ამ შეხვედრაში თამაშის წესი ბევრჯერ არ დამირღვევია. ამიტომ, სამწუხაროა, რომ შემდეგ მატჩს გამოვტოვებ,” – ამბობს კაპიტანი.

რა მოხდა “ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართული მატჩის წინ?

4 აპრილს “ენფილდმა” “ლივერპულისა” და “მანჩესტერ სიტის” დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი მერსესაიდელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა (ფოტო), რითიც იურგენ კლოპის ბიჭებმა თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საგზური.

თუმცა, ფეხბურთის ევროპელი ექსპერტების აზრით, მატჩის შედეგზე დიდი გავლენა იქონია, შეხვედრის დაწყებამდე მომხდარმა მიუღებელმა ფაქტმა – “ლივერპულის” ფანები გარს შემოეხვივნენ “ქალაქელთა” ავტობუსს და ნივთების სროლა დაუწყეს მას.

“ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა უკვე მოუხადა ბოდიში პეპ გვარდიოლასა და “მანჩესტერ სიტის” თითოეულ წევრს მომხდარის გამო და დაგვპირდა, რომ მსგავსი ტიპის ვანდალურ საქციელებს აღკვეთდა.

კლოპი: “განსხვავება? პეპს უბრალოდ ყოველთვის უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე გასამართ მატჩებზე ისაუბრა, სადაც “მერსესაიდელების” მეტოქე “მანჩესტერ სიტი” იქნება.

ძალიან საინტერესო მატჩები გველის. ჩვენი შეტევა და დაცვის სტილი მეტოქეს დიდ სირთულეებს შეუქმნის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბარიერის გადალახვა ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან რთულია. თუმცაღა ამ მატჩში ყველაფერს ფეხბურთელები გადაწყვეტენ.

საბოლოოდ, გამარჯვება მას დარჩება, ვინც უფრო მეტს მოინდომებს. “სიტის” წინააღმდეგ დაცვაში ჩაჯდომა სისულელეა, შეუძლებელია, იმის იმედი გქონდეს, რომ ეს გუნდი ვერ გაგიტანს. ისინი ძალიან ძლიერები არიან.

განსხვავება? საქმე ისაა, რომ პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი გუნდი ჰყავდა. “ბორუსიაში” ყოფნის დროსაც ასე იყო, თუმცა მაშინ განსხვავება გაცილებით უფრო დიდი იყო,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

მოჰამედ სალაჰმა “ლივერპული” კიდევ ერთხელ გადაარჩინა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში “კრისტალ პალასმა” საკუთარ მოედანზე იურგენ კლოპის “ლივერპული” მიიღო და საკმაოდ დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. საბოლოოდ, მატჩი მაინც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (1-2).

ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე მილივოიევიჩმა გახსნა თერთმეტმეტრიანის საშუალებით. გაშვებული გოლის შემდეგ “მერსესაიდელები” კიდევ უფრო გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში მათ სულ 14 დარტყმა დაუგროვდათ მეტოქეთა კარის მიმართულებით, თუმცაღა შედეგიანი არცერთი გამოდგა.

მეორე ტაიმში უკვე მასპინძლებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და მოწინააღმდეგეს საჯარიმოს არ აკარებდნენ, თუმცაღა სადიო მანემ მაინც შეძლო ანგარიშის გათანაბრება (49′). მატჩს საბოლოოდ წერტილი მუჰამედ სალაჰმა დაუსვა, რომელმაც 84-ე წუთზე წარმატებით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

ასე რომ, 32 მატჩში დაგროვებული 66 ქულით “ლივერპული” ჯერჯერობით მეორეა, თუმცა მის უშუალო მეტოქეებს ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. “პალასი” კი 30 ქულით მე-16 ადგილზე იმყოფება.


“კრისტალ პალასი”: ჰენესი; ვან ანჰოლტი, სახო, კელი, ვან-ბისაკა (ფოსუ-მენსა 88′); კაბაიე (ლოფტუს-ჩიკი 73′), მილივოიევიჩი, მაკკართური; ზაჰა, ბენტეკე, ტაუნსენდი

მთავარი მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი; ვეინალდუმი (ლალანა 65′), ჰენდერსონი, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, სადიო მანე (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 63′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


სებალოსს “ლივერპულსა” და “რომაში” ეპატიჟებიან

უცხოური გამოცემების ცნობების თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი, რომ დანი სებალოსმა “სანტიაგო ბერნაბეუ” მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს. მისი გადაბირების სურვილს “რომასა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.

მართალია, 21 წლის ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლის სურვილს გამოთქვამს, მაგრამ ზინედინ ზიდანი მასში პოტენციალს ვეღარ ხედავს.

ზიდანისგან განსხვავებით, კლოპი მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს და კოუტინიოს შემცვლელის როლს სთავაზობს. ამავდროულად, ამ ტრანსფერით კლოპი ემრე ჯანის ადგილის შევსებასაც აპირებს.

რაც შეეხება რომაულ გრანდს, ალბათ კარგად მოგეხსენებათ, რომ “რომა” ოდითგანვე აღიარებდა “ბეტისის” ექს-ფეხბურთელებს. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “რომას” სპორტულ დირექტორს ესპანეთში სერიოზული კავშირები აქვს.

“ლივერპული” ვერნერის ტრანსფერში 100 მილიონს იხდის

“ლივერპულის” ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე გეგმავენ “ლაიფციგის” თავდამსხმელის, ტიმო ვერნერის გადაბირებას, რომლითაც ამავდროულად “რეალი”, “ატლეტიკო” და “არსენალია” დაინტერესებული.

22 წლის გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერს “ლაიფციგის” უფროსები 100 მილიონ ევროდ აფასებენ. გერმანულ კლუბსა და ვერნერს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2020 წელს ეწურება, თუმცა გერმანელებს კონტრაქტის გახანგრძლივება 2022/23 წლამდე სურთ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ლივერპულმა” “ლაიფციგთან” უკვე შეათანხმა ნაბი კეიტას ტრანსფერი. გერმანული კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში “წითლებს” ამ ტრანსფერში 75 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

სალაჰის შოუ “ენფილდზე”: 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 31-ე ტურის დაპირისპირება “ლივერპულსა” და “უოტფორდს” შორის მუჰამედ სალაჰის ბრწყინვალე შოუდ გადაიქცა. ეგვიპტელი ფეხბურთელის წყალობით “ლივერპულმა” გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა მეტოქე (5:0).

ანგარიში სწრაფი გოლის ხარჯზე თავად ეგვიპტელმა გახსნა შეხვედრის მეოთხე წუთზე, 43 წუთისთვის მის ანგარიშზე უკვე ორი გოლი იყო. 50-ე წუთზე გოლი ფირმინომ გაიტანა, თუმცა საგოლე გადაცემა და გოლის 50 პროცენტზე მეტი მაინც სალაჰის ანგარიშზე იყო.77-ე და 85-ე წუთებზა სალაჰმა თავისი მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა და სტადიონზე შეკრებილი 53 000-ზე მეტი გულშემატკივარი ფეხზე წამოაყენა.

ასე რომ, 31 მატჩში მოპოვებული 63 ქულით იურგენ კლოპის გუნდმა “ჩელსის” გადაუსწრო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, “უოტფორდი” კი 36 ქულით მეთერთმეტეა.


“ლივერპული”: კარიუსი; რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, გომესი; ვეინალდუმი (ოქსლეიდ-ჩემბერლინი 71′), ჰენდერსონი, ემრე ჯანი (მილნერი 28′); სადიო მანე, ფირმინო (ინგსი 78′), მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“უოტფორდი”: კარნეზისი; ბრიტოს კაბრერა (იანმაატი 82′), პროდლი, მარიაპა, ჰოლებასი; დოკურე, კაპუ; კიკო, რიჩარლისონი (ჰიუზი 68′), პერეირა; ტროი დინი (ოკაკა 78′)

მთავარი მწვრთნელი: ხავიერ გარსია


“მანჩესტერ სიტის” დირექტორი: “გვერჩივნა, “ლივერპულს” არ შევხვედროდით”

“მანჩესტერ სიტის” სპორტულმა დირექტორმა, ჩიკი ბეგირისტაინმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ “ლივერპული” მათი სასურველი მეტოქე ნამდვილად არ ყოფილა.

“წინ ძალიან რთული მატჩები გველის. გვიყვარს მოგზაურობები, ამიტომაც გვერჩივნა, რომ “ლივერპულს” არ შევხვედროდით და ლიგაზე სათამაშოდ სხვა ქვეყანაში გვემგზავრა. მაგრამ რაც არის – ის არის.

ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. “ლივერპული” შემტევი ფეხბურთის მოყვარული გუნდია. მართლაც რომ ხარისხიანი თამაშები გველის.

ჩემპიონტა ლიგაზე შეცდომების დრო ნამდვილად არ არის. ამ ორ მატჩში ყველაფერი იდეალურად უნდა გავაკეთოთ. ვიცით, რამდენად ძლიერია “ლივერპული” – მათ სახლში მოგვიგეს, თუმცა ჩვენ ისინი “ენფილდზე” დავამარცხეთ,” – აცხადებს ბეგირისტაინი.

ექსპერტებმა ბოლო ექვსი თვის მონაცემებით სალაჰის ფასი გამოითვალეს

საერთაშორისო სპორტული კვლევების ცენტრმა საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გამომუშავებული სარგებლის მიხედვით, მუჰამედ სალაჰის მსოფლიოს ყველა სხვა ფეხბურთელზე ძვირად ფასობს.

25 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც “რომადან” “ლივერპულში” გადასვლის შემდეგ 32 გოლი გაიტანა 40 მატჩში, CIES-მა 74.7 მილიონ ევროდ შეაფასა. მისი ტრანსფერი კი “მერსესაიდელებს” 42 მილიონი დაუჯდათ.

რაც არ უნდა გასაკვირი იყო, იმავე ალგორითმის მონაცემებით, რიგით მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი “მანჩესტერ სიტის” მეკარე, ედერსონია. ბრაზილიელი კარის დარაჯი პეპ გვარდიოლას გუნდის კარში 36-ჯერ ჩადგა მიმდინარე სეზონში.

სისტემამ ლეროი სანე 63 მილიონ ევროდ შეაფასა, კილიან მბაპე – 54.7 მილიონად. მეხუთე პოზიციაზე პაულინიო იმყოფება (42.4 მლნ.), შემდეგ კი მილინკოვიჩ-სავიჩი (40.7 მლნ.) და “ლაიფციგის” დაიოტ უპამეკანო (35.6 მლნ.) მოდიან.

კარაგერმა ლოვრენი გააკრიტიკა: “ცოტა ჭკუაც უნდა ეხმარა”

ჯეიმი კარაგერმა, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც საკმაოდ აქტიურად იცავს “ლივერპულის” ღირსებას, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ცუდი თამაშისთვის დეიან ლოვრენი გააკრიტიკა.

“ლოვრენი სიამაყემ დააბრმავა. სინამდვილეში ცუდი სულაც არ არის იმის აღიარება, რომ ვინმე შენზე ძლიერია თამაშში. შენზე ძლიერ მეტოქეს სხვაგვარად უნდა ებრძოლო.

საჰაერო ორთაბრძოლებში საუკეთესო ნამდვილად არ ვიყავი, ამიტომაც, როცა ვხვდებოდი, რომ ვმარცხდებოდი სამი ჰიპიას ვუცვლიდი ადგილს. ზოგჯერ ცოტა ჭკუაც უნდა იხმარო.

ლუკაკუ ნამდვილი მანქანაა, ასეთ დროს სიამაყე ყველაზე წინ არ უნდა დააყენო. უნდა აღიარო რომ უფრო ძლიერია და გჯობნის, ჭკუა უნდა იხმარო!” – აცხადებს კარაგერი Sky Sports-თან საუბრისას.

“ლივერპულმა” “მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ბრძოლა გაუჩაღა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის 30-ე ტური “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ძალიან პრინციპულმა დაპირისპირებამ გახსნა – სასწორზე მეორე ადგილი იდო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩმა გაამართლა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში აგრესიულად დაიწყო და მიზანსაც მალევე მიაღწია – შეხვედრის მე-14 წუთზე მარკუს რაშფორდმა ანგარიში გახსნა, ათიოდე წუთი იყო გასული, როდესაც რომელუ ლუკაკუმ კიდევ ერთხელ შეაგდებინა მარკუსს და ჟოზე მოურინიოს საჭირო ჰანდიკაპი მისცა.

როგორც მოსალოდნელი იყო, “წითლმა ეშმაკუნებმა” გატანილი ორი გოლის შემდეგ ბურთი “მერსესაიდელებს” დაუთმეს. 66-ე წუთზე ერიკ ბაილიმ თავის კარში ჩაჭრა ბურთი, რის შემდეგაც “წითლებმა” კიდევ უფრო გაზარდეს ზეწოლა მეტოქეზე, მაგრამ “იუნაიტედის” დაცვა შეუვალი აღმოჩნდა.

ასე რომ, მეორე ადგილი “მანჩესტერ იუნაიტედს” დარჩა (65 ქულა), “ლივერპული” კი მესამეა (60 ქულა).


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; იანგი, ბაილი, სმოლინგი, ვალენსია; ნემანია მატიჩი, მაკტომინი; რეშფორდი, სანჩესი, ხუან მატა; რომელუ ლუკაკუ

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლივერპული”: კარიუსი; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი; ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ემრე ჯანი, მილნერი; მუჰამედ სალაჰი, ფირმინო, სადიო მანე

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


ფანებმა პრემიერ ლიგის მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს

ბრიტანული პრემიერ ლიგის ფანებმა მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად “ლივერპულის” ეგვიპტელი ლიდერი, მოჰამედ სალაჰი დაასახელეს. ამ უკანასკნელმა მიღებული ხმების 37 პროცენტი დააგროვა.

მაისის თვეში მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ აქტივში 4 გოლი ჩაიწერა უამრავ შექმნილ საგოლე მომენტთან ერთად. ეს სალაჰის რიგით მესამე პრიზია მიმდინარე სეზონში.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს ფიქრობდა, მეორე ადგილი წილად რობერტო ფირმინოს ხვდა – მას ხმა ამომრჩეველთა 19-მა პროცენტმა მისცა.

საუკეთესოთა შორის ასევე დაასახელეს ჯეკ ბატლენდი (“სტოკ სიტი”), ქრის სმოლინგი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პასკალ გროსი (“ბრაიტონი”) და ედენ აზარი (“ჩელსი”).