კოუტინიო “ლივერპულის” ხელმძღვანელებს “ბარსელონაში” ტრანსფერზე შეუთანხმდა

მერსესაიდის “ლივერპულის” ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ძალიან ახლოს არის “ბარსელონაში” გადასვლასთან. ინგლისური პრესის ცნობით, მან უკვე მიაღწია შეთანხმებას “წითლების” ხელმძღვანელობასთან.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდი გასულ სატრანსფერო ფანჯარაზეც საკმაოდ აქტიურად ცდილობდა კოუტინიოს გადაბირებას, მაგრამ იურგენ კლოპმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ფილიპე “ენფილდზე” დარჩენილიყო.

მართალია, კოუტინიომ ინგლისელებისგან თანხმობა მიიღო, მაგრამ “წითლები” მის გაყიდვას მხოლოდ 150 მილიონ ევროდ აპირებენ. საკითხავია, დემბელეს ტრანსფერის შემდეგ, დათანხმდება თუ არა “ბარსელონა” ამ თანხის გადახდას.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ კოუტინიომ მიმდინარე სეზონში 12-ჯერ ითამაშა “ლივერპულის” მაისურით და თავი ხუთი გატანილი გოლით დაგვამახსოვრა.

სადიო მანე: “კონფლიქტი იურგენ კლოპთან?”

“ლივერპულსა” და “ჩელსის” შორის გამართული მატჩის (1-1) შემდეგ კამერებმა დააფიქსირეს, თუ როგორ კამათობდნენ ერთმანეთში სადიო მანე და იურგენ კლოპი. თუმცა, სენეგალელი თავდასმხმელი მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტის არსებობას კატეგორიულად უარყოფს.

“მან მთხოვა, მარჯვენა ფლანგზე მეთამაშა, ერთ სიტუაციაში კი ცხრა ნომრის პოზიციაზე აღმოვჩნდი და ისე ვითხოვდი ბურთს. ჩემს ადგილას კი მო (სალაჰი) იყო. სწორედ ამიტომ ყვიროდა კლოპი: “სადიო, დაბრუნდი მარჯვენა ფლანგზე”.

მატჩის შემდეგ სწორედ ამ ეპიზოდზე ვსაუბრობდით, ვუთხარი, რომ უფრო მარტივი იქნებოდა, მოსთვის რომ გადაეცა ეს გზავნილი, რადგანაც ის უფრო ახლოს იყო მასთან.

თუმცა, ეს საუბარი მხოლოდ მეგობრულ ჩარჩოებში იყო ჩამჯდარი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედნიერი არ ვარ, ჩვენს შორის კონფლიქტია, ან რამე მსგავსი. მე მხოლოდ საქმის ვითარებას ვუხსნიდი მას,” – აცხადებს მანე.

კლოპი: “სიგიჟე იქნება, ახლა “მანჩესტერ სიტიზე” რომ ვფიქრობდეთ”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა აღიარა, რომ ამ მომენტისთვის “ლივერპულს” “მანჩესტერ სიტისთვის” კონკურენციის გაწევა არ შეუძლია. ეს განცხადება გერმანელმა სპეციალისტმა “ჩელსისთან” ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ გააკეთა.

“ნამდვილი სიგიჟე იქნება, ახლა “მანჩესტერ სიტიზე” რომ ვფიქრობდეთ. იგივე სიტუაციაა სხვა გუნდებისთვისაც. როგორ უნდა დავეწიოთ “სიტის”? ბევრი შრომა დაგვჭირდება, მოსაგები თამაშები უნდა მოვიგოთ. თუმცა, თუ ისინი ასე გააგრძელებენ თამაშს, მაშინ ჩვენი გარჯა ამაო იქნება.

ცხოვრებაში აუცილებელია გქონდეს მიზანი, რეალური ამბიცია. მაშინ კი ბედნიერი ადამიანი იქნები, ბედნიერი ადამიანი კი თვითდაჯერებულია და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მიაღწიოს წარმატებას.

“ჩელსისთან” მატჩში ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო. ჩემმა გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, რითიც კმაყოფილი ვარ, მაგრამ შედეგზე იგივეს ვერ ვიტყვი,” – აცხადებს იურგენ კლოპი.

რობერტო ფირმინოს რეკორდი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე, “ლივერპულისა” და “სევილიას” დაპირისპირება “წითლების” ბრაზილიელი შემტევის, რობერტო ფირმინოს მიერ მატჩის მეორე წუთზე გატანილმა გოლმა გახსნა, რომლის მეშვეობითაც ფირმინო ინგლისური გრანდის ისტორიაში შევიდა.

საქმე ისაა, რომ გოლის გასატანად ფირმინოს სულ რაღაც 1 წუთი და 25 წამი დასჭირდა. ეს გოლი უსწრაფესი გამოდგა, რომელიც “ლივერპულმა” ამ ტურნირზე გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ფირმინომ ყოფილ რეკორდსმენს სულ რაღაც ერთი წამით აჯობა – საუბარია ფლორან სინამა-პონგოლიაზე, რომელმაც 2005 წელს “ბეტისს” გოლი თამაშის დაწყებიდან 1 წუთისა და 24 წამის გასვლის შემეგ გაუტანა.

კლოპი: “ბარსელონა”? თუ “ლივერპულს” აღარ ვჭირდები, ახალ ვარიანტებზე დავიწყებ ფიქრს”

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესასთან საუბრისას საკმაოდ განცხადება გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის თქმით, მას დიდად არ ხიბლავს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, “ბარსელონაში” მუშაობის იდეა.

როდესაც მას “ბარსელონაში” გადასვლის შანსებზე ჰკითხეს, მან განაცხადა:”კარგი ამინდები სულაც არ მჭირდება. ლივერპულშიც ბედნიერი ვარ, ისევე როგორც “ბორუსიაში” ვიყავი. მე უკვე ავიხდინე ჩემი ოცნებები.

თუმცა, თუ “ლივერპულს” აღარ ვჭირდები, ბუნებრივია, ახალ ვარიანტებზე დავიწყებ ფიქრს. მაგრამ, ამ მომენტში თავს ბედნიერად და საჭიროდ ვგრძნობ, სხვა კლუბებზე არ ვფიქრობ.

რაც შეეხება ფილს (კოუტინიო), ის 100 პროცენტით “ლივერპულელია” ამ მომენტში. ჩემი მთავარი მისია კარგი გუნდის შეკვრაა, რისთვისაც არსებული ფეხბურთელების შენარჩუნება აუცილებელია,” – აცხადებს კლოპი.

ტიაგო სილვა: “კოუტინიოს ვესაუბრე და დიდი იმედი მაქვს, რომ “პსჟ”-ს აირჩევს”

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ბრაზილიელი კაპიტანი, ტიაგო სილვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფილიპე კოუტინიომ არჩევანი კარიერის საფრანგეთში გაგრძელებაზე გააკეთოს და არა “ბარსელონაში” გადასვლაზე, რასთანაც ის ძალიან ახლოსაა.

“კოუტინიოს საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვესაუბრებოდი. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს ან უფრო ადრე, ის “პარი სენ-ჟერმენში” გადმოვა. ეს დიდი სიურპრიზი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის.

ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ის კარგად დაფიქრდება და მომავალი წლიდან ჩვენთან ერთად იმუშავებს. მან ძალიან რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ ვურჩიო, ისევე როგორც ნეიმარს,”- აცხადებს სილვა.

იურგენ კლოპი ვარჯიშზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ოთხშაბათის ვარჯიში ავადმყოფობის გამო გააცდინა. ამ ინფორმაციას ბრიტანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ბოლო დროს კლოპმა სამედიცინო შტაბს რამდენიმეჯერ მიმართა ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ამჯერად კი მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო, თუმცა, ის მალევე გამოწერეს.

“იურგენ კლოპი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომაც დღეს მას საავადმყოფოში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდება. შედეგად, კლოპი ოთხშაბათის ვარჯიშზე ვერ გამოცხადდება.

ამ დროისთვის იურგენ კლოპის საავადმყოფოში დარჩენის არანაირი მიზეზი არ არსებობს. ის სახლში საღამოსვე დაბრუნდება და უახლოეს მომავალში რამდენიმეჯერ კიდევ მოუწევს გამოკვლევების ჩატარება,” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში.

კოუტინიო: “მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში ვთამაშობ, ბედნიერი ვარ”

მერსესაიდის “ლივერპულის” ბრაზილიელმა ჰავბეკმა, ფილიპე კოუტინიომ, რომელსაც პრესა მუდმივად “ბარსელონაში” გადასვლის რეალური კანდიდატის სახელით მოიხსენიებს, აღნიშნა, რომ თავს ინგლისშიც ბედნიერად გრძნობს.

“მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში ვთამაშობ. ბედნიერი ვარ. თუმცა, ახლა მთლიანად სანაკრებო დონეზე ვარ კონცენტრირებული, ვგრძნობ, რომ ყველაფერი მაქვს.

მიხარია, რომ ასი პროცენტით მზად ვარ. ტრავმის გამო ბოლო რამდენიმე მატჩის გამოტოვება მომიწია, მაგრამ უკვე სრულყოფილად დავბრუნდი და თავისუფლად შემიძლია თამაში,” – აცხადებს ფილიპე Sky Sports-თან საუბრისას.

ლალანა: “როდესაც კლოპი გაბრაზებულია, წუხს, გერმანულად რომ ვერ გველაპარაკება”

მერსესაიდის “ლივერპულის” ნახევარმცველმა, ადამ ლალანამ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, იურგენ კლოპზე საუბრისას აღნიშნა, რომ კლოპი ხშირად ნატრობს, “ლივერპულელებთან” გერმანულ ენაზე შეეძლოს საუბარი.

“კლოპი ამას ხშირად ამბობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაბრაზებულია:”ნეტა თქვენთან გერმანულად საუბარი შემეძლოს”.

კლოპის ინგლისური საშინელია. მართალია, მესმის, რისი თქმა უნდა სინამდვილეში, მაგრამ გადმოცემა ნამდვილად უჭირს. შექებაც გამოსდის და გაკრიტიკებაც, თუმცა მისი ჩახუტება განსაკუთრებულია.

კლოპი ძალიან გულწრფელი ადამიანია, მუდამ გეუბნება, თუ შენით ბედნიერია, ან პირიქით. ის უბრალოდ უნიკალურია, ემოციების დამალვა არ შეუძლია. რამის დამალვა რომც სცადოს, ბოლოს მაინც წამოსცდება,” – აცხადებს ლალანა.

მინოლე: “მანჩესტერ სიტის” შეჩერება კვლავ შესაძლებელია”

“მანჩესტერ სიტი” ინგლისის პრემიერ ლიგაში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. “ქალაქელებს” 11 ტურის შემდეგ 31 ქულა აქვთ და, რა თქმა უნდა, ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან. მათ მიყოლებით ბოლო ცხრა მატჩი მოიგეს. საერთო ჯამში კი, ათ თამაშში იმარჯვეს და ერთი ფრე ითამაშეს.

ზემოთ აღნიშნულის და სხვა შესანიშნავი სტატისტიკის მიუხედავად, მერსესაიდის “ლივერპულის” მეკარე, სიმონ მინოლე თვლის, რომ მანჩესტერელთა შეჩერება კვლავ შესაძლებელია.

“სიტი” მშვენიერ ფორმაშია. მისი ფეხბურთელები უმაღლეს კლასს აჩვენებენ. თუმცა, როგორც ყოველთვის, პრემიერ ლიგა გრძელი მოგზაურობაა. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გვარდიოლას გუნდის შეჩერება. “ვესტ ჰემთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლიდერებს მივუახლოვდით. ზამთრის დატვირთულ პერიოდში ნებისმიერი რამ შესაძლოა, მოხდეს. ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული: როგორ გადავლახავთ კონკრეტულ გამოწვევებს,” – აცხადებს 29 წლის ბელგიელი.

“ლივერპულმა” გასვლაზე “ვესტ ჰემი” გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეთერთმეტე ტურში იურგენ კლოპის “ლივერპული” “ვესტ ჰემთან” ურთიერთობის გასარკვევად ლონდონში, “ოლიმპიურ სტადიონზე” ჩავიდა და ადგილობრივები სამბურთიანი სხვაობით, 1-4 დაამარცხა.

მართალია, საწყის წუთებში “ჩაქუჩები” საკმაოდ მწვავედ უტევდნენ სტუმრებს, მაგრამ ანგარიშის გახსნა “წითლებმა” მოახერხეს – 21-ე წუთზე სალაჰმა მანეს პასი გოლად აქცია, 24-ე წუთზე კი მატიპმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ლანცინიმ 55-ე წუთზე გაიტანა, თუმცა ჩემბერლინმა (56′) და სალაჰმა (75′) მალევე დაუმშვიდეს გულები მერსესაიდელ გულშემატკივრებს.

ამ დროისთვის იურგენ კლოპის გუნდი 19 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და მომდევნო ტურში “საუთჰემპტონს” მიიღებს, “ვესტ ჰემი” კი გასავარდნი ზონაში მოხვედრის საშიშროების წინ დგას.


“ვესტ ჰემი”: ჯო ჰარტი; ოგბონა, კუიატე, რაიდი; კრესველი, ნოუბლი (არნაუტოვიჩი 62′), ლანცინი, ობიანგი, ფერნანდეში (ენდი ქეროლი 45′) ჩიჩარიტო, ანდრე აიუ

მთავარი მწვრთნელი: სლავენ ბილიჩი

“ლივერპული”: სიმონ მინოლე; გომესი, მატიპი, კლავანი, მორენო; ოქსლეიდ-ჩემბერლინი (ლოვრენი 88′), ჯანი, ვეინალდუმი; სალაჰი, ფირმინო (სოლანკე 89′), სადიო მანე (მილნერი 77′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


იურგენ კლოპი ემრე ჯანის უფასოდ გაშვებაზეც თანახმაა

მერსესაიდის “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ემრე ჯანის მომავალზე ისაუბრა, რომელსაც საკმაოდ დიდი ხანია, რაც “იუვენტუსში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, თანაც 23 წლის გერმანელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.

“ემრე ჯანი კარგი ბიჭია, ის დინამიკური და ამავდროულად ძალიან ძლიერიცაა. რაც უფრო მეტი დრო გადის, ის უფრო მეტს სწავლობს და პიროვნულად უფრო იზრდება.

მანამ, სანამ ვერ შევნიშნავ, რომ მისი გონება სხვაგან არის, არ ვაპირებ ემრეს შესაძლო ტრანსფერზე საუბარს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი მისაღებია, როგორც ფეხბურთის ნაწილი.

ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება, თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილს არ გამოთქვამს, მასზე ზეწოლა არ უნდა განვახორციელოთ. კონტრაქტის ამოწურვის იდეასაც უდნა შევეგუოთ,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.