“ლივერპულმა” “ლესტერ სიტი” დაძაბულ, უხვგოლიან ორთაბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონის ცენტრალურ მატჩს “კინგ პაუერ სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა “ლესტერ სიტიმ” საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია “ლივერპულს”, რომელიც სამი ქულის მოსაპოვებლად იყო მოედანზე გასული.

მატჩში ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, როდესაც თავი მუჰამედ სალაჰმა გამოიჩინა, რასაც რამდენიმე წუთში ფილიპე კოუტინიოს მიერ გატანილი ბრწყინვალე ჯარიმა მოჰყვა. პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე შინჯი ოკაზაკიმ ერთი გოლი გაქვითა და “მელიები” მატჩში დააბრუნა.

მეორე ტაიმის 68 წუთზე ჰენდერსონმა “წითლების” უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ვარდიმ კვლავ დააბრუნა ინტრიგა თამაშში. 73-ე წუთზე კი მას თერთმეტმეტრიანიდან ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა – 2:3.

ამ დროისთვის “ლივერპული” ექვს ტურში დაგროვებული თერთმეტი ქულით მეხუთეა სატურნირო ცხრილში, “ლესტერ სიტი” კი ოთხი ქულით მეთექვსმეტეა.


იურგენ კლოპი “ლესტერთან” წაგების შემდეგ: “დაცვამ მშვენივრად იმუშავა”

გუშინ ინგლისის ლიგის თასის შეხვედრაში “ლესტერ სიტიმ” მერსესაიდის “ლივერპული” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ იურგენ კლოპის შეგირდებმა ბოლო ოთხ შეხვედრაში ათი გოლი მიიღეს.

მიუხედავად აღნიშნულისა, მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპის თვლის რომ მას კარგი გუნდი ჰყავს.

“ახლა ნამდვილად არ ვიმყოფებით სახარბიელო სიტუაციაში, თუმცა ვფიქრობ, რომ მშვენიერ გუნდს ვწვრთნი. ამას ვგრძნობ, თუმცა ეს დღეს არ გამოჩნდა, რადგან სათასო დაპირისპირება იყო. გვინდოდა შემდეგ ეტაპზე გავსულიყავით. არავის აინტერესებს, ვინ ჩაატარა უკეთესი პირველი ნახევარი. მთავარი ისაა, თუ ვინ გავიდა შემდეგ ეტაპზე. ეს კლუბი ჩვენ არ ვართ, რასაც რამდენიმე გასაგები მიზეზი აქვს.”

“ბევრ მომენტში თავი კარგად დავიცავით. მშვენივრად შევაჩერეთ რამდენიმე შეტევა, ასევე მეორე სართულზეც კარგად გამოვიყურებოდით. თუმცა, ბოლოს მაინც დავუშვით შეცდომები, რამაც ეს შედეგი გამოიწვია,” – აცხადებს იურგენი.

კარიკატურა: “ლივერპულის” საშინელი უკანა ხაზი

მერსესაიდის “ლივერპულის” დაცვის ხაზი, წინა სეზონის მსგავსად, საშინლად გამოიყურება. იურგენ კლოპმა, მიუხედავად გასულ წელს გაშვებული ზედმეტად ბევრი ბურთისა, ერთი მცველიც კი არ შეიძინა. მივიღეთ ის სურათი, რომ მერსესაიდულ გრანდს პრემიერ ლიგის ხუთი ტურის შემდეგ ცხრა ბურთი აქვს გაშვებული.

ომარ მომანიმაც არ დააყოვნა…

პრემიერ ლიგა: “ლივერპულს” საშინაო არენაზე ჩატარებულ მატჩებში 1000 ქულა დაუგროვდა

“ლივერპულმა” პრემიერ ლიგის 2017/18 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე მათთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე, “ბარნლი” მიიღო და ამ მატჩიდან მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა.

იურგენ კლოპის გუნდის მიერ შაბათს მოპოვებულმა ერთმა ქულამ 1000-მდე შეავსო მერსესაიდული კლუბის მიერ პრემიერ ლიგის საშინაო მატჩებში მოპოვებულ ქულათა ოდენობა.

გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი შედეგის დაფიქსირება პირველად “მანჩესტერ იუნაიტედმა” შესძლო, მას “არსენალი” მოჰყვა. გასულ სეზონში კი ამ საპატიო სიას ლონდონის “ჩელსიც” შეუერთდა.

“ლივერპულმა” გულშემატკივრებს იმედი კიდევ ერთხელ გაუცრუა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მატჩში მერსესაიდის “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ბარნლი” მიიღო. მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა და გუნდებმა თავიანთ მონაგარს თითო-თითო ქულა დაუმატეს.

მატჩში ანგარიში 27-ე წუთზე არფილდმა გახსნა, რომელმაც ბრედის საგოლე გადაცემა გამოიყენა. ანგარიშში წონასწორობის აღსადგენად მუჰამედ სალაჰს სულ რაღაც სამი წუთი დასჭირდა.

მომდევნო ტურში “წითლები” “ლესტერს” ეწვევიან, “ბარნლი” კი “ჰადერსფილდს” მიიღებს.


“ლივერპული”: მინოლე; რობერტსონი, კლავანი, მატიპი, ალექსანდერ-არნოლდი; კოუტინიო (სოლანკე 80′), ემრე ჯანი, მილნერი; ფირმინო (ჩემბერლინი 79′), სტარიჯი, მუჰამედ სალაჰი

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ბარნლი”: პოპე; ლოუტონი, ტარკოვსკი, მიი, ვორდი; გუდმუნდსონი (ბარნსი 60′), დეფო, კორკი, ბრედი; არფილდი, ვუდი

მთავარი მწვრთნელი: სიმონ დაიჩი


იურგენ კლოპი: “მეტი უნდა გაგვეტანა”

ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო მატჩში “სევილიასთან” გაყოფილი ქულის (2-2) შემდეგ, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრესასთან ისაუბრა.

“85-86 წუთის მანძილზე ძალიან კარგად ვთამაშობდით, ამ დროში მოგებას ვიმსახურებდით. საკმაოდ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით, თუმცა ყველაფრისთვის გვქონდა პასუხი გოლების გარდა. ჩემმა გუნდმა ყველაფერი გაიღო მოსაგებად, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთ ქულას დავჯერდით.

გუნდში გაცილებით დიდი პოტენციალი დევს და ვიცით, რომ გაძლიერების საშუალება გვაქვს. ამაზე ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ. შედეგი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ თამაშით მაინც კმაყოფილი ვარ.

იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ასე დარჩენას აზრი არ აქვს. მათ მხოლოდ ორი შანსი ჰქონდათ და ორივე გამოიყენეს, ჩვენ ვჯობნიდით. კონტრ-იერიშებზე ძალიან კარგები ვიყავით, მაგრამ მეტი უნდა გაგვეტანა,” – აცხადებს კლოპი.

კორეა: “შედეგით უკმაყოფილოები არ ვართ”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში მერსესაიდის “ლივერპულმა” ანდალუსიის “სევილია” მიიღო. მატჩი, ანგარიშით, 2-2 დასრულდა.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთი გოლის ავტორი, “სევილიას” მოთამაშე, ხოაკინ კორეა ესაუბრა.

“შედეგით უმაყოფილოები არ ვართ. მატჩში დავბრუნდით და ქულის მოპოვება მოვახერხეთ. “ლივერპული” უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც უსწრაფესი მოთამაშები ჰყავს. თუ ამას გავითვალისწინებთ, “ენფილდზე” დაფიქსირებული ეს შედეგი ცუდი არ უნდა იყოს. ლუისი (მურიელი, ავტ.) დამატებით დროში გამარჯვების გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. სამწუხაროა, რომ მან ეს ვერ მოახერხა.”

“მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს. მერსესაიდელები მღეროდნენ You never walk alone და ჩვენმა ფანებმაც დაამტკიცეს, რომ არასდროს გვტოვებენ მარტო,” – აცხადებს კორეა.

 

“კოუტინიომ სუარესს უნდა მიბაძოს და არა სანჩესს”

“ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ ინსმა ფილიპე კოუტინიოს გარშემო არსებულ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის უკეთესი იქნება, თუ ზაფხულის ამბებს წარსულს ჩააბარებს.

“ფილიპემ მაქსიმალურად უნდა მიბაძოს სუარესს, რომელიც კლუბისგან მიღებული უარის (“ბარსელონაში” გადასვლაზე) შემდეგ გუნდში უფრო ძლიერი დაბრუნდა.

ერთი რამ ფაქტია, თუ კოუტინიო ძველებურად ითამაშებს, ფანებს ის კვლავ ეყვარებათ. ფანები ყველაფერს გაიგებენ თუ რა თქმა უნდა, სანჩესის მსგავსი ჟესტებით არ ეცდება რამის მიღწევას.

კოუტინიო, როგორც ფეხბურთელი ძალიან მომწონს. “ბარსელონა” მასში 120 მილიონ ფუნტს იხდიდა, რამაც ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია. ახლა მას ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს იმის დამტკიცება, რომ მასში ამ თანხის გადახდა ღირს,” აცხადებს პოლი.

“მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” მიწასთან გაასწორა (ვიდეო)

დღეს პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრაში, “ეტიჰადზე” “მანჩესტერ სიტიმ” “ლივერპული” მიიღო.

მატჩის 24-ე წუთზე ანგარიშის გახსნა კუნ აგუერომ კევინ დე ბრუინის ულამაზესი პასის შემდეგ შეძლო. 37-ე წუთზე სადიო მანე გავიდა ედერსონთან პირისპირ, მან ბურთს ვერ მიასწრო, ბრაზილიელ მეკარესთან დასწრებაზე ითამაშა და მას ყბაში გაარტყა ფეხი. მანემ წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. პირველი ტაიმის მეექვსე დამატებით წუთზე ისევ ბელგიელის პასით გაბრიელ ჯესუსმა გაიტანა.

მეორე ნახევარში, ჟესუსმა ამჟამად აგუეროს ასისტით შეასრულა დუბლი. მან ეს 53-ე წუთზე გააკეთა. 77-ე წუთზე ლეროი სანემ ბენჟამენ მენდის საგოლე პასით ოთხამდე გაზარდა სხვაობა. შეხვედრის პირველ დამატებით წუთზე კი სანემ მეხუთე გოლიც გაიტანა.

“სიტიმ” “ლივერპული” ანგარიშით, 5:0 გაანადგურა და სამი ქულა მოიპოვა. იგი ამჟამად ათი ქულით პირველ პოზიციაზეა. ხოლო, მერსესაიდელებს შვიდი ქულა აქვთ და მეხუთე საფეხურს იკავებენ.

კლოპის განსაკუთრებული გზავნილი “ევერტონის” პატარა გულშემატკივარს (ვიდეო)

მერსესაიდის “ლივერპულის” გერმანელმა თავკაცმა, იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტთან ერთად კარგი ადგამიანიც არის.

“წითლების” დამრიგებელმა განსაკუთრებული გზავნილი ჩაწერა 13 წლის ნოაჰ კანინგჰემისათვის, რომელიც “ევერტონის” გულშემატკივარია და საკმაოდ მძიმედ არის ავად.

გუშინ “კამფეტების” ახალგაზრდა გულშემატკივარს 10-საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა, მომავალი რამდენიმე კვირის მანძილზე კი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს.

“სალამი ნოაჰ, ჩვენ ბენზინგასამართ სადგურთან ვიმყოფებით და მითხრეს, რომ საუკეთესო ფორმაში ვერ იმყოფები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან მალე შეიცვლება.

როგორც გავიგე, “ევერტონის” უდიდესი გულშემატკივარი ხარ და იმედი მაქვს, რომ მაინც ისიამოვნებ ამ ვიდეოთი. ვიმედოვნებ, რომ მომავალ დერბიზე შეგხვდები,” – ვციტირებთ იურგენის სიტყვებს.

როდესაც იურგენმა დერბი ახსენა, საუბარში ნოაჰის ბიცოლა ჩაერთო სიტყვებით “რომელშიც ჩვენ გავიმარჯვებთ”, რაზეც კლოპმა სიცილით უპასუხა “რა თქმა უნდა, ვერა”.

კოუტინიო “ლივერპულს” დაუბრუნდა (ფოტო)

მერსესაიდის “ლივერპულისა” და ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფილიპე კოუტინიო “წითლების” რიგებში დაბრუნდა და გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

როგორც იცით, 25 წლის ჰავბეკს კატალონიის “ბარსელონაში” სურდა კარიერის გაგრძელება, რისი უფლებაც კლუბის ხელმძღვანელებმაც არ მისცეს. ბარსელონელებთან მოლაპარაკების მიმდინარეობის პერიოდში კი ფეხბურთელი ტრავმას იმიზეზებდა და “ლივერპულის” მაისურით მიმდინარე სეზონში ერთხელაც არ უთამაშია.

ავადმყოფად შერაცხულმა კოუტინიომ ბრაზილიის ნაკრების მაისურით ორი მატჩის ჩატარება შეძლო. იურგენ კლოპის თქმით, მას კიდევ დასჭირდება მცირე დრო ფორმაში შესასვლელად.

გეტყვით იმასაც, რომ დღეს გუნდთან ერთად ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინმაც ივარჯიშა, რომლის ტრანსფერშიც მერსესაიდელებმა 40 მილიონი ფუნტი გადაუხადეს “არსენალს”.

“წითლების” ლეგენდა: “ლივერპულს” კოუტინიო “ბარსელონაში” უნდა გაეშვა”

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდას, გერმ სუნესს ეჭვი ეპარება, რომ კოუტინიო ისეთივე მონდომებით შეძლებს თამაშს, როგორც ადრე, მას შემდეგ, რაც კლუბმა მას “ბარსელონაში” წასვლის უფლება არ მისცა.

“კლუბმა საკმაოდ გარკვევით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია – ისინი კოუტინიოს გაყიდვის ვარიანტს არც კი განიხილავდნენ. მაგრამ საკითხავი ისაა, როგორი იქნება კოუტინიო მომავალ სეზონში?

გასახდელში აუცილებლად იქნებიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კოუტინიო დიდად არ მოსწონთ და ამიერიდან მას უფრო ახლოდან დააკვირდებიან.

შეძლებს კოუტინიო ისეთივე მონდომებით თამაშს “ლივერპულში”? ამაზე პასუხს მხოლოდ ის გაგვცემს. კლუბს ის “ბარსელონაში” 100 მილიონ ფუნტად უნდა გაეყიდა,” – აცხადებს გერმი.