კლოპის პასუხი “ბარსელონას”: “ჩვენ არ წარმოვადგენთ კლუბს, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის”

კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა. ამის შემდეგ “ბლაგურნას” მესვეურები “პსჟ”-ში გადასული ფეხბურთელის შემცვლელის ძიებაში არიან. ერთ-ერთი რეალიური ვარიანტი მერსესაიდის “ლივერპულის” მოთამაშე, ფილიპე კოუნტინიოა. მის სანაცვლოდ “ბარსამ” ინგლისელებს 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. მეორე წინადადება 85 მილიონსა და პლუს 15 მილიონს (ბონუსებით) შეეხებოდა. სულ ცოტა ხნის წინ, “ლივერპულმა” ეს შეთავაზებაც დაბლოკა.

დღეს ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კოუნტინიოს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“ლივერპული” არაა ის კლუბი, რომელიც ვარსკვლავებს ყიდის. შესაბამისად, რაც “ბარსელონამ” ბოლოს შემოგვთავაზა, არც ეს გვაინტერესებს. თუ ფინანსური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჩვენ არანაირ ფასად არ გვსურს, ფილიპე სხვაგან გავუშვათ. მთავარი მიზანია, რაც შეიძლება, ძლიერი გუნდი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა, შევინარჩუნოთ უკვე არსებული და დავიმატოთ ახალი ფეხბურთელები,” – აცხადებს გერმანელი.

კარაგერი: “კოუნტინიო აუცილებლად წავა “ბარსელონაში”

კატალონიის “ბარსელონამ” ნეიმარი “პსჟ”-ში ასტრონომიულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გაყიდა. ლოგიკურია, რომ ესპანელები ბრაზილიელის შემცვლელს ეძებენ და ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად ფილიპე კოუნტიონიოს განიხილავენ.

მერსესაიდის “ლივერპულის” ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა აღნიშნულ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ მას ახლა “ბარსელონაში” წასვლა სურს. თუმცა, ვიცი, ეს აუცილებლად მოუნდება. როცა შემოთავაზება აქვს, ვის არ მოესურვება კატალონიურ გრანდში თამაში?”

“დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულში თუ არა, ერთი წლის მერე კოუნტინიო “ბარსელონაში” წავა. მის ამ მოქმედებაში არასწორი არაფერი იქნება. ეს ფეხბურთია და ასეთი რაღაცები ხდება,” – აცხადებს კარაგერი.

იან რაში: “სტარიჯს შეუძლია, “ლივერპულს” პრემიერ ლიგა მოაგებინოს”

“ლივერპულის” ლეგენდა, იან რაში თვლის, რომ დანიელ სტარიჯს შეუძლია “ლივერპულის” ლიდერის როლი იკისროს და გუნდს მომავალ სეზონში პრემიერ ლიგაც მოაგებინოს.

“ლივერპულს” ბოლოდროინდელ თამაშებში გოლების გატანის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ძალიან კარგი იქნება, თუ რომელიმე შემტევი სეზონში 20-25 გოლის გატანის გარანტს მოგვცემს.

თუ სტარიჯი საკუთარი ძალების მაქსიმალურად მობილიზებას შეძლებს, შესაძლოა, სწორედ მან იკისროს ეს ფუნქცია. სტარიჯი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი და შეუძლია, “ლივერპულს” პრემიერ ლიგა მოაგებინოს,” – აცხადებს რაში.

რონალდინიო: “კოუტინიოს ნეიმარის შეცვლა შეუძლია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი რონალდინიო ნეიმარის “ბარსელონადან” წასვლას გამოეხმაურა და მისი პოტენციური შემცვლელიც კი დაასახელა.

“მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ნეიმარის შეცვლა შეუძლია – დიახ, მჯერა, რომ კოუტინიოს ამის შესაძლებლობა გააჩნია.

ის ნამდვილად იმყოფება იმ დონეზე, რომ “ბარსელონაში” გადასვლა და სიცარიელის შევსება შეძლოს. მაგრამ, “ლივერპულმა” ძალიან კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და ასე ადვილად ნამდვილად არ გაუშვებენ,” – აცხადებს რონალდინიო.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის პოტენციურ შემცვლელებად უსმან დემბელეს, ანტუან გრიზმანსა და პაულო დიბალასაც განიხილავენ.

“ლივერპული” – “ატლეტიკო”: გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიამ გაარკვია (ვიდეო)

აუდის თასის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობის გასარკვევად 2 აგვისტოს ჩატარებულ მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო.

როგორც იცით, წელს წინასასეზონი მინი-ტურნირში მონაწილეობას “ბაიერნის”, “ნაპოლის”, “ლივერპულისა” და “ატლეტიკოს” გუნდები იღებდნენ. ფინალში ერთმანეთს “ბაიერნისა” (0:3) და “ნაპოლის” (1:2) მძლეველი გუნდები დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მატჩის 33-ე წუთზე ბარემ გახსნა, რასაც რობერტო ფირმინომ 83-ე წუთზე უპასუხა. პენალტების სერიაში კი 10-დან ერთადერთი პენალტი ჯორდან ჰენდერსონმა გააფუჭა. შედეგად, თასი “ატლეტიკოს” დარჩა.


“ლივერპული”: ვორდი; მილნერი, კლავანი, გომესი, ფლანაგანი, ვეინალდუმი, ემრე ჯანი (ჰენდერსონი 46′); სადიო მანე, ვუდბარნი, ლალანა; სოლანკე (ორიჯი 64′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

“ატლეტიკო”: მიგელ ანხელ მოია; ვრსალკო, ხიმენესი(ხუანფრანი 73′), ლუკასი, გონსალესი; კრანევიტერი (გაიტანი 74′) , ფერნანდესი, ტომასი, ბარე; კორეა, ვიეტო;

მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე


“ლივერპული” კიდევ ერთი ვარსკვლავის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც კარგა ხანია, რაც ფილიპე კოუტინიოს შენარჩუნებისთვის იბრძვის, კიდევ ერთი ვარსკვლავის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას.

Express Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მილანის “ინტერი” მერსესაიდელთა სენეგალელი შემტევის, სადიო მანეს გადაბირებით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი “საუთჰემპტონის” ყოფილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს იხდის.

როგორც იცით, სადიო მანე ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა და უკვე მოასწრო პირველ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობის მიღება (“ჰერტა” 0-3 “ლივერპული”).

“ლივერპულმა” “ბარსელონას” 100-მილიონიანი წინადადება უარყო

კატალონიური “ბარსელონას” ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი, ნეიმარი ძალიან ახლოსაა “პარი სენ-ჟერმენში” გადასვლასთან. აქიდან გამომდინარე, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები კიდევ უფრო აძლიერებენ ზეწოლას.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბარსელონასგან” 100-მილიონიანი წინადადება უარყო, რითიც ყველასთვის ნათელი გახადა, რომ გუნდის ლიდერთან განშორებას არ აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ კოუტინიოს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ესპანელთა პრიორიტეტად დიბალას ტრანსფერი იქცევა.

ლემარისთვის “ლივერპულიც” იბრძოლებს

Le 10 Sport-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი უკვე ეძებს ფილიპე კოუტინიოს შემცვლელს.

როგორც იცით, “წითლების” ბრაზილიელი შემტევი ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. კლოპი კი მის პოტენციურ ჩამნაცვლებელს ტომას ლემარში ხედავს.

ლემარის ტრანსფერის განხორციელებას ლონდონის “არსენალიც” ცდილობდა, თუმცა “მონაკოელებმა” “მეთოფეთა” 50-მილიონიანი წინადადება უარით გაისტუმრეს.

კლოპმა “ლივერპულის” ხელმძღვანელობას “ბარსელონას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა

მერსესაიდის “ლივერპულის” თავკაცს, იურგენ კლოპს კატალონიის “ბარსელონას” წევრის, რაფინიას შეძენა სურს. ამის შესახებ Mundo Deportivo წერს.

კლოპმა, მუჰამედ სალაჰის შეძენით, უკვე დაამყარა მერსესაიდელთა სატრანსფერო რეკორდი. ახლა კი გერმანელმა კლუბის სპორტულ დირექტორს, მაიკლ ედვარდსს “ბლაგურნას” ფეხბურთელის შეძენა სთხოვა. ნახსენები ესპანური წყაროს თანახმად, ინგლისელებს ბრაზილელის ყიდვა 30-დან 40 მილიონ ევრომდე ფასში სურთ. იმის ფონზე, რომ შესაძლოა, ნეიმარმა კლუბი დატოვოს, დიდი ალბათობით, რაფინიას ჯერ ვერსად ვერ გაუშვებენ.

ბრაზილიელმა გაუსლ სეზონში “ბარსელონაში” შვიდი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “არსენალი”, “ტოტენჰემი”, “ინტერი” და “მილანი” იჩენენ.

“ჰერტა” – “ლივერპული”: “ლივერპულმა” კოუტინიოს კაპიტნობით მოიგო (ვიდეო)

გერმანიაში ჩასულმა იურგენ კლოპმა შეკრება პოზიტიურად დაიწყო – “ლივერპულელებმა” პირველ მატჩში ბერლინის “ჰერტას” დამარცხება შეძლეს, რომელმაც გასული სეზონი საკმაოდ კარგად განვლო და ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეც გავიდა.

ანგარიში ინგლისელებმა მატჩის დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ გახსნეს, თავი “წითლების” ახალწვეულმა, სოლანკემ გამოიჩინა. კიდევ ამდენი დრო დასჭირდათ იურგენი ბიჭებს ანგარიშის სხვაობის ორამდე გასაზრდელად, ამჯერად მეტოქის კარი ვეინალდუმმა დალაშქრა. მეორე ტაიმში, 62 წუთზე თავისი გოლი მუჰამედ სალაჰმაც გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ კლოპის პირველი გერმანული ტესტი საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, რამეთუ იურგენმა ყველა სასურველი ფეხბურთელი გამოცადა და ამ ფეხბურთელებმა შეძლებისდაგვარად გაუმართლეს კიდეც იმედები მას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში კაპიტნის სამკლაური ინგლისელთა ბრაზილიელ ლიდერს, ფილიპე კოუტინიოს ეკეთა, რომელსაც “ბარსელონაში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

შემდეგ მატჩს “ლივერპული” “ბაიერნის” წინააღმდეგ, 1 აგვისტოს გამართავს.

ანალიზი: უნდა დარჩეს კოუტინიო “ლივერპულში”?

მერსესაიდული “ლივერპულის” ბრაზილიელი ლიდერის, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე მუშაობას კვლავ განაგრძობს კატალონიური “ბარსელონა”. ბოლო ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” “წითლებს” 72 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც იცით, სატრანსფერო ბაზარზე “ლივერპულის” აქტივობას თავად იურგენ კლოპი აკონტროლებს, მას კი ნამდვილად არ სურს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დაკარგვა. მართალია, ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი ფასი, მაგრამ სანამ კატალონიელები 89 მილიონ ფუნტზე (პოგბას ფასი) მეტის გადახდას არ დათანხმდებიან, კლოპმა ზარს არც კი უნდა უპასუხოს – თუ რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში რომელიმე ტიტულზე მაინც აქვს პრეტენზია.

მას არ ვყიდით, ის ფასდაუდებელია – მსგავს ფრაზებს ძალიან ბევრი კლუბი იყენებს, რათა მეორე მხარეს ფსონების აწევა აიძულოს, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ იურგენ კლოპი ამ ტაქტიკას იყენებდნენ.

ეს ზაფხული იურგენს გუნდის სრულყოფისთვის სჭირდება და არა გადაწყობისთვის.

მერსესაიდულმა კლუბმა წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს და მომავალს იმედის თვალით შეხედოს – გუნდს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი წვრთნის, სპონსორები 100 მილიონი აქვთ გამოყოფილი ტრანსფერებისთვის და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებენ. ერთი სიტყვით, “წითლებს” ყველაფერი აქვთ წარმატებისთვის და წაბორძიკება აღარ ეპატიებათ.

ჩემპიონთა ლიგა… ბოლოს “ენფილდმა” მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს 2014/15 წლების სეზონში უმასპინძლა. ალბათ ყველას ძალიან კარგად გახსოვთ, თუ როგორ ფეხბურთს აჩვენებდნენ ბრენდან როჯერსის ბიჭები 2013/14 წლების სეზონში, წინ კი ჩემპიონთა ლიგა ელოდათ. მაგრამ “ლივერპულელებმა” გულშემატკივრებს იმედები კიდევ ერთხელ გაუცრუვეს (ფეხბურთელებზე მეტად მფლობელებმა).

საქმე ისაა, რომ ბრწყინვალე სეზონს საშინელი სატრანსფერო ფანჯარა მოჰყვა. ინგლისელებმა გუნდიდან ლიდერი, ლუის სუარესი “არსელონაში” გაუშვეს და სანაცვლოდ ისეთი ფეხბურთელები მოიყვანეს, როგორებიც ლაზარ მარკოვიჩი, მარიო ბალოტელი და რიკი ლამბერტი არიან.

იმ სატრანსფერო ფანჯარას მხოლოდ ორი დადებითი მხარე ჰქონდა. საუბარია ადამ ლალანასა და ემრე ჯანის ტრანსფერებზე, რომლებიც დღესაც ღირსეულად იცავენ “ენფილდს”.

ჩემპიონთა ლიგაზე მათი გასეირნება მალევე, ჯგუფურ ეტაპზე დასრულდა.

თითქმის იგივენაირად განვითარდა მოვლენები ბოლოს, როდესაც “წითლებმა” ევროპულ სარბიელზე იასპარეზეს. მაშინ, 2009 წლის ზაფხულში რაფა ბენიტესმა ჩაბი ალონსო მადრიდის “რეალში” გაუშვა, თავად კი ესპანელი ნახევარმცველი ვერ ჩაანაცვლა და კვლავ ჯგუფში ჩარჩა.

იმ ზაფხულს რაფას გუნდში ალბერტო აკილანი, გლენ ჯონსონი და სოტირიოს კირგიაკოსი ჩაირიცხნენ. შედეგიც შესაბამისი იყო.

აღსანიშნავია, რომ ეს “ლივერპულელთა” მესამე მცდელობაა უმაღლეს ლიგაში დამკვიდრების და იმედია იღბლიანი გამოდგება. წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი კი კოუტინიოს შენარჩუნებაა მანამ, სანამ “ბარსელონა” ისეთ წინადადებას არ გაუკეთებს “ენფილდელებს”, რომელზეც უარს ვერ იტყვიან.

თუმცა, ფანები ღრუბლებში ფრენას უნდა მოეშვან და რეალობას გაუსწორონ თვალი. ის ფაქტი, რომ “გიჟი პარიზელები” მზად არიან 190 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ნეიმარის ტრანსფერში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ბარსელონა” 130 მილიონს გაიღებს კოუტინიოსთვის.

კონტრასტისთვის შეგახსენებთ, რომ ნეიმარს “ბარსელონასთან” უძლიერესი კონტრაქტი აქვს, ბრაზილიის “ოქროს ბიჭუნაა” და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი. მოკლედ რომ ვთქვათ, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.

რაც შეეხება კოუტინიოს, მას ჯერ კიდევ ვერ ვუწოდებთ შემდგარ ფეხბურთელს, ის ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მართალია, კოუტინიოს კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად 100 მილიონი ფუნტი არაა ხსენებული, მაგრამ იურგენს დაახლოებით ამდენი უნდა უღირდეს ფილიპე.

ერთი ნაბიჯი წინ, ორი – უკან

ბოლო დროს, პრემიერ ლიგამ ევროპის სხვა ჩემპიონატებთან საკმაოდ დიდი ჰანდიკაპი შექმნა. ჩემპიონატი გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანი გახდა, “დიდი ოთხეული” “დიდ ექვსეულამდე” გაიზარდა და ეს განსაზღვრებაც ბრაზს იწვევს “ევერტონის” გულშემატკივრებში. გათამაშებაში კი ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ოთხი ბილეთია, რაზეც ყოველწლიურად წუწუნებენ ინგლისელები.

გასულ სეზონში “არსენალი” მეხუთე ადგილზე გავიდა, “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მეექვსე ადგილზე. მხოლოდ ეს ფაქტიც კი კმარა იმის აღსანიშნავად თუ რაოდენ რთულია ინგლისის პრემიერ ლიგა. ათი წლის წინ მსგავსი რამ რომ გეთქვათ, ხალხი გიჟად შეგრაცხავდათ და პირისპირ დაგიწყებდნენ დაცინვას, თანაც საკმაოდ ხმამაღლად.

ოთხეულში მოხვედრა, რაც “ლივერპულმა” უკვე მოახერხა, ერთია, მაგრამ მეორეა ადგილის შენარჩუნება უმაღლეს საფეხურზე. ამისთვის კი ყველაფერი უნდა გააკეთო და საკუთარ თავსაც უნდა აჯობო.

ეს ზაფხული კი განსაკუთრებულად გიჟურია. კლუბებს ფული თავზე საყრელად აქვთ და მნიშვნელოვან ცვლილებებსაც ახორციელებეც. “მანჩესტერ იუნაიტედის” მაგალითი რომ ავიღოთ, “ლივერპულის” მოსისხლე მტერმა 75 მილიონ ფუნტად ლუკაკუ დაიმატა და ახლა 40 მილიონიანი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობს. ეს კი იმიტომ, რომ გასულ სეზონში ჟოზეს გუნდის შეტევითი პოტენციალი დიდად არ ხიბლავდა.

“არსენალმა” კი როგორც იქნა, დაამხო პირადი სატრანსფერო რეკორდი და გუნდში ალექსანდრე ლაკაზეტი მოიყვანა. ის ნამდვილი გოლეადორია და ალექსის სანჩესთან და მესუთ იოზილთან ერთად ნამდვილი საოცრებების შექმნა შეუძლია.

“ჩელსიმ” 70 მილიონი ფუნტი დახარჯა ალვარო მორატას ტრანსფერში, დაცვის ხაზი კი კონტემ რუდიგერის ტრანსფერით გააძლიერა. პეპ გვარდიოლამ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მოიყვანა, როგორებიც არიან ედერსონი, ბერნარდო სილვა, კაილი უოკერი და ბენჟამინ მენდი.

როგორც ვხედავთ, პრემიერ ლიგაში მოთამაშე ყველა გრანდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. მართალია “სპურსმა” კაილი უოკერი დაკარგა, მაგრამ ეს მათ დიდად არ დახევს უკან. შედარებისთვის, “ლივერპულიდან” კოუტინიოს წასვლა იგივეა, რაც “ტოტენჰემი” ჰარი კეინმა ან დელე ალიმ დატოვოს.

“ლივერპულმა” წინა ხაზის გასაძლიერებლად გუნდში მუჰამედ სალაჰი მოიყვანა. ჯეიმს მილნერისთვის კონკურენციის გასაწევად კი იურგენმა ენდრიუ რობერტსონი დაიმატა, რითიც კიდევ ერთხელ გამოხატა უნდობლობა ალბერტო მორენოს მიმართ.

შეიძლება, “წითლებმა” ნაბი კეიტა, ან ვან დეიკი დაიმატონ, მაგრამ ვერცერთი სხვა ტრანსფერი ვერ შეავსებს კოუტინიოს წასვლით გაჩენილ სიცარიელეს – მისი მაგია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც “ენფილდელებმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეძლეს.

იურგენმა გუნდი ბრაზილიელი ჯადოქრის გარშემო უნდა ააგოს და ამით ყველას დაუმტკიცოს, რომ მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.

Bild: მიულერის ტრანსფერზე ოთხი ევროპული გრანდი მუშაობს

მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ვარსკვლავის, ტომას მიულერის გადაბირებით ოთხი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ ინფორმაციას საკმაოდ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, Sport Bild ავრცელებს.

როგორც იცით, ბოლო დროს “ბავარიელთა” ერთგული ტომას მიულერი არც ისე კარგ ფორმაში იმყოფება, რასაც თავადაც აღიარებს. შესაძლოა, ამის გამო მას გუნდის დატოვებაც მოუწიოს.

წყაროს ცნობით, მიულერის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდებიან “არსენალის”, “ჩელსის, “ლივერპულისა” და “იუვენტუსის” ხელმძღვანელები.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ახლახან დაიმატა ხამეს როდრიგესი, რომელსაც გერმანულ პრესაში ტომას მიულერის შემცვლელადაც მოისაზრებენ.