ვეინალდუმი: “ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია”

მერსესაიდული “ლივერპულის” კუთვნილებაში მყოფი ჯორჯინიო ვეინალდუმი დარწმუნებულია, რომ “წითლები” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეძლებენ.

“იმას ნამდვილად არ ვამბობთ, რომ ტიტულს ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახლავე მოვიგებთ, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

დარწმუნებული ვარ, რომ იგივე შეცდომებს არ დავუშვებთ და გასული წლიდან გაკვეთილებსაც ვისწავლით. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მოსაზრებაა. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები ვართ,” – აცხადებს “ნიუკასლის” ყოფილი ფეხბურთელი.

გეტყვით იმასაც, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში “ლივერპულის” მეტოქე “უოტფორდი” იქნება. “წითლები” “ირმებს” 12 აგვისტოს ესტუმრებიან.

ლუკას ლეივა: “მუდამ ვუგულშემატკივრებ “ლივერპულს” და თამაშებსაც ვნახავ”

ლუკას ლეივამ “ლივერპულში” გატარებული 10 წლისა და ჩატარებული 346 მატჩის შემდეგ, კლუბიდან წასვლა და კარიერის იტალიურ “ლაციოში” გაგრძელება გადაწყვიტა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “ენფილდის” დატოვებამდე კლუბის ღირსებაზეც ისაუბრა:”ლივერპული” განსაკუთრებული კლუბია, რომელიც ამ ქალაქს უნიკალურს ხდის. ვფიქრობ, ლივერპული ყველა სხვა ქალაქისგან განსხვავდება.

გულშემატკივრები კლუბში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ, მათ გარეშე “ლივერპული” ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც ახლა არის. მინდა ყველა იმ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა, რომელიც გასაჭირში ზურგს გვიმაგრებდა.

მერწმუნეთ, ყოველთვის ვუყურებ “ლივერპულის” თამაშებს და მუდამ ვუგულშემატკივრებ ამ კლუბს,” – აცხადებს ლუკას ლეივა.

“ლივერპულის” ფანები ფეხბურთელების მოქმედებამ გააბრაზა (ვიდეო)

გუშინ ინტერნეტსივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, რომ “ლივერპულის” ფეხბურთელების დიდი ნაწილი და მწვრთნელი იურგენ კლოპი ფანებთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებასა და მათთვის ავტოგრაფების დატოვებას თავს არიდებენ.

როგორც გაირკვა, “ლივერპულის” ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებს ფანებთან ფოტოების გადაღება და ავტოგრაფების დარიგება აეკრძალათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დანიელ სტარიჯი და ჯეიმს მილნერი სხვების მსგავსად არ მოქცეულან.

გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვის წინ ლივერპულშია გადაღებული:

ხამეს როდრიგესი “ლივერპულსაც” შესთავაზეს

ინგლისურ პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ლივერპული” ერთ-ერთია იმ კლუბთაგან, სადაც შესაძლოა, მომავალ სეზონში მადრიდის “რეალის” შემტევმა, ხამეს როდრიგესმა ითამაშოს.

SPORT-ის ცნობით, კოლუმბიელი ფეხბურთელის აგენტმა თავისი კლიენტი “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ინტერის”, “იუვენტუსის”, “მანჩესტერ სიტისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს შესთავაზა. მაგრამ არცერთ მათგანს არ გამოუთქვამს “რეალისთვის” 75 მილიონის გადახდის სურვილი.

ესპანური გამოცემების ცნობით, ხამეს როდრიგესის მადრიდულ ოცნებებს ბოლო დანი სებალოსის ტრანსფერმა მოუღო, თანაც ალვარო მორატა ჯერჯერობით გუნდს არ ტოვებს.

ბერგერი: “სალაჰის დამატებით “ლივერპული” ტიტულს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა”

“ლივერპულის” ლეგენდის, პატრიკ ბერგერის აზრით, მერსესაიდული კლუბი “რომას” შემტევის, მუჰამედ სალაჰის დამატებით ჩემპიონობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.

შეგახსენებთ, რომ “წითლებმა” იტალიურ კლუბს ეგვიპტელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გადაუხადეს.

“მუჰამედი მშვენიერი მოთამაშეა, ის ძალიან ტექნიკური და ამავდროულად სწრაფია. მას გოლების გატანაც და შექმნაც შესანიშნავად შეუძლია, რაც იტალიაში ყოფნის პერიოდშიც დაგვიმტკიცა.

ის პრემიერ ლიგაში ადრეც თამაშობდა და იცის, რაც ელის აქ.

ის ახლა უფრო ძლიერია და მჯერა, რომ მისი გადაბირებით “ლივერპული” ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა,” – აცხადებს პატრიკ ბერგერი.

კარაგერი: “ლივერპულს” ტრანსფერები სჭირდება”

ჯეიმი კარაგერი თვლის, რომ “ლივერპულის” ამჟამინდელი გუნდის საკმარისად ძლიერი არ არის, მომავალ სეზონში ინგლისის ჩემპიონობისთვის რომ იბრძოლოს და კლუბს სატრანფერო ფანჯარაზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ამჟამინდელ გუნდს, სასტარტო თერთმეტეულს ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია თამაში, რაც ჩვენ გასულ სეზონშიც დაგვიმტკიცეს.

მაგრამ ეს საკმარისი არაა. აუცილებელია სტაბილურობა, განსაკუთრებით შობისა და იანვრის თვის პერიოდებში.

ამ ყველაფრისთვის კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა საჭირო – საუბარია 3-4 მოთამაშეზე, რომელიც სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას და შედეგზე გავლენის მოხდენას შეძლებს,” – აცხადბს კარაგერი.

“ლივერპულს” დე ვრეი მოუნდა

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სამიზნეში შტეფან დე ვრეი ამოიღო.

როგორც იცით, “წითლები” საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს “საუთჰემპტონთან” ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერის თაობაზე, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

Sky Sport Italia-ს მიერ დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან “ლაციოს” იმდენი გადაუხადონ, რამდენსაც მოითხოვენ, რათა 25 წლის ცენტრალურ მცველთან კონტრაქტი გააფორმონ.

“ლივერპულმა” ვან დეიკის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გახსნილიც კი არ იყო, როდესაც უცხოური ჟურნალ-გაზეთები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მალე დაადასტურებდა ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერს ინგლისურ “ლივერპულში”.

თუმცა, “წითლების” ხელმძღვანელებმა ყველანაირ სპეკულაციებს ბოლო მოუღეს და ოფიციალური განცხადების საშუალებით ამცნეს მერსესაიდელებს, რომ ეს ტრანსფერი არ შედგებოდა.

“ბოდიშს ვუხდით “საუთჰემპტონის” მფლობელს, დირექტორთა საბჭოსა და გულშემატკივრებს პრესაში გავრცელებული ცრუ ინფორმაციებისა და გაუგებრობის გამო. ვადასტურებთ, რომ ვირჯილ ვან დეიკის მიმართ ინტერესი აღარ გაგვაჩნია,” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ვან დეიკი იურგენ კლოპის შეთავაზებას დათანხმდა

ინგლისური “საუთჰემპტონის” ნახევარმცველი, ვირჯილ ვან დეიკი მზადაა, კარიერა მერსესაიდულ “ლივერპულში” განაგრძოს.

როგორც იცით, “წმინდანების” ხელმძღვანელები საკმაოდ აქტიურად ცდილობენ 25 წლის ფეხბურთელის შენარჩუნებას, თუმცა “ლივერპულის” მიერ შეთავაზებულმა 60-მა მილიონმა შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს.

The Times-ის ცნობით, “ლივერპულმა” უკვე შეათანხმა პირადი კონტრაქტი ვან დეიკთან – “წითლები” მას 200 000 ფუნტს სთავაზობენ კვირაში ხელფასის სახით.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ვან დეიკის ტრანსფერით “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებიც არიან დაინტერესებულები.

“ლივერპული” სალაჰის ტრანსფერს უახლოვდება

იტალიაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან მუჰამედ სალაჰის ტრანსფერთან, რომელიც ამჟამად “რომას” რიგებში ირიცხება.

BeinSports-ის ცნობით, “წითლებმა” უკვე გაუგზავნეს “მგლებს” პირველი ოფიციალური შეთავაზება, თუმცა “რომამ” სალაჰის 34 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელის აგენტი ამჟამად ინგლისში იმყოფება და მერსესაიდული გრანდის ხელმძღვანელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.

სალაჰმა მიმდინარე სეზონში 19 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა პირად აქტივში.

ოფიციალურად: “ლივერპულმა” “ჩელსის” თავდამსხმელი გაიფორმა

“ლივერპულმა” ლონდონის “ჩელსის” ახალგაზრდა თავდამსხმელთან, დომინიკ სოლანკესთან შეთანხმებას მიაღწია და ამიერიდან ის “წითლებისთვის” გაიტანს.

როგორც ცნობილი ხდება, აღნიშნული ტრანსფერი “ენფილდელებს” 3 მილიონი ფუნტი დაუჯდათ.

“ლივერპულის” ოფიციალური ვებ-გვერდი განცხადებაში ვკითხულობთ: “19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი 2017 წლის 1 ივლისს დასრულდება.

სოლანკეს დებიუტი ლონდონურ კლუბში 2014 წლის ოქტომბერში, ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. “ვიტესში” არენდის წესით თამაშის პერიოდში კი მან ერედივიზიონის 25 მატჩში შვიდი გოლის გატანა შეძლო.

ის საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ყველა ასაკობრივ დონეზე ეხმარებოდა და ახლა სამხრეთ კორეაში იმყოფება, სადაც ის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.”

იკერ კასილასი პრემიერ ლიგაში?

მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, იკერ კასილასმა, რომელიც ამჟამად პორტუგალიური “პორტუს” ღირსებას იცავს, შესაძლოა, კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

საკმაოდ ავტორიტეტული ესპანური გამოცემის, As-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ვეტერანმა მეკარემ უკვე მიაღწია შეთანხმებას მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელებთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ლივერპულში” გადასვლის შემთხვევაში, იკერ კასილასს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის საშუალებაც ექნება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “პორტუს” მაისურით გამართულ 43 მატჩში ესპანელმა მეკარემ მხოლოდ 23 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.