მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ აღიარა, რომ “რომას” ბარიერის დაძლევაში “წითლებს” იღბალიც დაეხმარათ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლოპმა ეს გამარჯცვება შონ კოქსს მიუძღვნა, რომელიც გასულ კვირას “რომას” ფანებმა სცემეს. ეს უკანასკნელი დღემდე საავადმყოფოში იმყოფება.
” ეს ფინალი 100 პროცენტით შონ კოქსისთვის არის. მატჩის წინაც ვთქვით, რომ ამაზე ვფიქრობდით. თითოეული ჩვენგანი გამოჯანმრთელებას უსურვებს მას და მხარდაჭერას უცხადებს მის ოჯახს.
ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, ყველაფერი ასე რომ დასრულდა. “რომა” ძალიან ძლიერი მეტოქეა. თავდაპირველად ყველაფერს ვაკონტროლებდით, თამაშს ვიგებდით კიდეც – 2-1.
მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: კონტრშეტევებზე ვერ გადავდიოდით, ვერც სივრცეებს ვიყენებდით ძველებურად და მეტოქემ ინტრიგის დაბრუნება შეძლო.
რა უნდა ვთქვა? არ მადარდებს როგორ ვითამაშეთ დღეს. მთავარია, რომ ვიცით, რომ დღევანდელზე გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში კიევში,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უკრაინაში 26 მაისს გაიმართება.