მოდრიჩი: “როდესაც ზიდანი საუბრობს, ყველა მას უსმენს”

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი დარწმუნებულია, რომ ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობის პერიოდში წარმატებას მიაღწევს.

“იგი დიდებული მოთამაშე იყო და მჯერა, რომ ასეთივე მწვრთნელი იქნება. ზიდანი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ეს მას ეხმარება, როდესაც გასახდელში ამდენ ვარსკვლავთან შემოდის. იმედი მაქვს, რომ უკეთ და უკეთ ავთამაშდებით. ჩვენთან ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი თამაშობს. ზიდანი ბევრ მოთამაშეს იცნობს, ვინაიდან ორი წლის წინათ კარლო ანჩელოტის შტაბში მუშაობდა. ჩვენ მაშინ მართლაც საოცარი სეზონი ჩავატარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ იგივეს გავიმეორებთ. როდესაც ზიდანი საუბრობს, რა თქმა უნდა, ყველანი ყურადღებით ვუსმენთ”, – მოდრიჩის კომენტარი “ასმა” გამოაქვეყნა.

 

ვინ იქნებოდა მოდრიჩი, ფეხბურთელი რომ არ გამოსულიყო

მადრიდის “რეალისა” და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის დახმარებით მან ბევრ რამეს მიაღწია. რომ არა ფეხბურთი, ის, სავარაუდოდ, ოფიციანტი იქნებოდა.

“ფეხბურთელი რომ არ გავმხდარიყავი, ოფიციანტი ან რაიმე ასეთი ვიქნებოდი. ამაზე ბევრი მიფიქრია. მადლობა ღმერთს, ფეხბურთი ავირჩიე”, – მოდრიჩის სიტყვებს ხორვატული სააგენტო Hina ციტირებს.

 

ანჩელოტი: “იმედია, მოდრიჩი “ბარსელონასთან” თამაშს შეძლებს”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ იმედი გამოთქვა, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის 28-ე ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ლუკა მოდრიჩი სრულად გამოჯანმრთელებას შეძლებს. ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა 28 მარტს გაიმართება.

“მოდრიჩის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. მას გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ჯერ არ უვარჯიშია, ლუკა საწვრთნელ პროცესს სრულად მომდევნო კვირაში შეუერთდება. 22 მარტისთვის ის მზად იქნება და იმედი გვაქვს, “ნოუ კამპის” მოედანზე გასვლასაც შეძლებს”, – ანჩელოტის სიტყყვები “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოდრიჩს ბარძაყის კუნთების ტრავმა აწუხებს.

 

მოდრიჩი ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ხორვატიის 2014 წლის საუკეესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Vecernji list-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 29 წლის ფეხბურთელმა 109 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი გავიდა (96), მესამე პოზიცია კი “ბარსელონას” ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა დაიკავა (82).

ლუკა მოდრიჩმა ხორვატიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მეოთხედ მოიგო (2007, 2008, 2011 და 2014 წლებში).

 

მოდრიჩი ინოვაციური პროგრამით იმკურნალებს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, რომელმაც გასულ კვირას მძიმე ტრავმა მიიღო, ვიგოში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეციალისტთან მკურნალობის კურსს სპეციალური ინოვაციური პროგრამით გაივლის.

მადრიდულ კლუბში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული კურსის წყალობით ხორვატი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების ვადები შემცირდება. საწყისი შეფასებებით, მოდრიჩი უახლოესი სამი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

 

“რეალი” ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მლნ ევროს მიიღებს

გამოცემა “ასის” ცნობით, მადრიდის “რეალი” ლუკა მოდრიჩის დაზიანებისთვის ფიფასგან კომპენსაციის სახით 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობის დროს მიიღო.

ლუკა მოდრიჩმა მარცხენა ბარძაყის მყესი გაიგლიჯა, რის გამოც სამიდან ოთხ თვემდე უქმობა მოუწევს.

 

მოდრიჩი: „სამი გოლიც აღარ გვყოფნის“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „გრანადასთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩზე ისაუბრა.

„გუნდმა ჩინებული ფორმა აკრიბა. ახლა უკვე ერთი, ორი ან სამი გოლის გატანა არ გვყოფნის.

დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ „გრანადას“ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ადვილი არ არის.

იმედია, ასეთივე თამაშს „ლივერპულთან“ შემდეგ შეხვედრაშიც ვაჩვენებ. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ჩვენი გვარდიოლას „ბარსელონასთან“ შედარება. ჩვენ „რეალი“ ვართ და თამაშის ჩვენებური ფილოსოფია გაგვაჩნია“, – განაცხადა ხორვატმა შუახაზელმა.

მოდრიჩი: „ჩვენი პირველი მიზანი მუნდიალის პლეი-ოფში თამაშია“

ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში ხვდება.

„თავს კარგად ვგრძნობ. სრულიად ჯანმრთელი ვარ და რაც მთავარია, ტურნირისთვის სათანადოდ ვემზადები. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დასასვენებლად რამდენიმე დღე მქონდა, რამაც საშუალება მომცა, კონცენტრაცია მთლიანად ნაკრებზე გამეკეთებინა. მზად ვარ და მოუთმენლად ველი მსოფლიოს ჩემპიონატის სტარტს.

ევრო-2012-ზე კარგად გამოვედით, თუმცა მაშინ არ გაგვიმართლა. ამის შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპზე გარკვეული პრობლემები გვქონდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე შორს გასვლა შეგვიძლია. ჩვენი პირველი მიზანი პლეი-ოფში თამაშია“, – მოდრიჩის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

ხორვატიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად მასპინძელი ბრაზილიის, კამერუნისა და მექსიკის ნაკრებები ჰყავს. ტურნირის გახსნითი შეხვედრა ბრაზილიელებსა და ხორვატებს შორის გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მოდრიჩი: „უტიტულოდ დარჩენას ვერ წარმოვიდგენ“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თვლის, რომ ზედიზედ ორი სეზონის განმალობაში მის გუნდს უტიტულოდ დარჩენა არ შეუძლია.

„სეზონი კარგად დავიწყეთ, თუმცა სანაკრებო პაუზის შემდეგ ქულების დაკარგვა დავიწყეთ. ჩვენი გუნდი უკეთესად უნდა თამაშობდეს. ვერ წარმოვიდგენ, რომ უტიტულოდ ზედიზედ მეორე სეზონი ვიქნებით. ანჩელოტის მოსვლის შემდეგ, გუნდში კარგი განწყობაა. ანჩელოტის სურს, რომ მე შეტევების ორგანიზება მოვახდინო და ამავე დროს, თანაგუნდელებს დაცვაშიც დავეხმარო“, – განაცხადა ხორვატმა.

ალექსანდრე მატევოსოვი