ევროპის ლიგა: “ლივერპულმა” “მანჩესტერი” უპრობლემოდ დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მასპინძლები შეხვედრის მე-20 წუთზე დნაიელ სტარიჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. პენალტი “ენფილდროუდელთა” მარჯვენაფლანგელმა მცველმა ნათან კლაინმა გამოიმუშავა. 73-ე წუთზე მერსისაიდელთა უპირატესობა რობერტო ფირმინომ გაზარდა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

საპასუხო შეხვედრა მანჩესტერში, 17 მარტს გაიმართება.

ევროპის ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
“ლივერპული” — “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 (1:0)
გოლები: სტარიჯი 20′ (პენ), ფირმინო 73′.
გაფრთხილებები: ჰენდერსონი 2′, ლოვრენი 43′, კოუტინიო 49′ — დეპაი 19′, რაშფორდი 45′, ფელაინი 60′.

დი მარია: ” მადრიდის “რეალს” არ ვჭირდები”

“პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი ვინგერი, ანხელ დი მარია თვლის, რომ მადრიდის “რეალს” არ სჭირდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ის არის.

“არა მგონია “რეალს” ჩემნაირი ფეხბურთელი სჭირდებოდეს, მათ ძალზედ გამოცდილი და ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც საკმაოდ დიდ თანხად არიან შეფასებულნი, რასაც ამტკიცებენ კიდეც.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” ფეხბურთელების მიმართ ძალიან მომთხოვნია. იმედი მაქვს, რომ მათ საქმე კარგად წაუვათ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს.”

შეგახსენებთ, რომ დი მარია 2013/14 წლების სეზონში “რეალის” ლიდერი იყო, რომლის წყალობითაც კლუბმა კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. 2014-ში კი ის “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგდა 75 მილიონის სანაცვლოდ.

ლუი ვან გაალის “მანჩესტერი” საკმაოდ სასიამოვნო რეკორდს უახლოვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ლუი ვან გაალი, რომლის გუნდიც ხუთშაბათს, ევროპა ლიგის ეგიდით “ლივერპულს” დაუპირისპირდება, ახალ რეკორდს უახლოვდება.

ვან გაალის კლუბს შესანიშნავი შედეგი აქვს “ლივერპულთან” გასამართ მატჩებში. ჰოლანდიელი სპეციალისტის გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივე მოიგო, მას შემდეგ რაც კლუბი 2014 წელს ჩაიბარა.

კიდევ ერთი მოგება კი აღნიშნულ რეკორდს დაამხობს – “წითელ ეშმაკებს” “ლივერპული” ზედიზედ 5-ჯერ არასდროს დაუმარცხებიათ.

“ძალიან საკვირველია ის ფაქტი, რომ “ლივერპულის” დამარცხება ამდენჯერ შევძელით. თუმცა იმედი მაქვს, რომ “წითლებს” მეხუთეჯერაც დავამარცხებთ, მე კი კლუბის ისტორიაში შევალ.”

” ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” იდეალური ვარიანტია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელს, ლუი ლორან საას სჯერა, რომ “ევერტონის” ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” იდეალური ვარიანტია.

“უნდა ვაღიარო, რომ ლუკაკუს “ჩელსიში” ყოფნისასაც საკმაოდ მაღალ შეფასებას ვაძლევდი, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ის უფრო ახალგაზრდა იყო. მაშინ ის ბოლომდე მზად არ იყო, თუმცა ახლა ის მშვენივრად გამოიყურება.

ლუკაკუ “იუნაიტედს” საკმაოდ მნიშვნელოვან ძალას შესძენს, რადგანაც ის ძალიან ძლიერია, მისი შეჩერება მცველებს ძალიან უჭირთ.

“იუნაიტედში” ლუკაკუს, რომელიც საჯარიმოში ყოფნისას განსაკუთრებით სახიფათოა, უეინ რუნი შეუერთდება. მარცხენა ფლანგზე კი მარსიალი ითამაშებს. შედეგად კი შესანიშნავ შეტევას მივიღებთ.” – განაცხადა მან.

ახალი კონტრაქტის თანახმად ვარდის გამოსყიდვა 30 მილიონად იქნება შესაძლებელი

ინგლისური “ლესტერის” ინგლისელი ფორვარდი, ჯეიმი ვარდი “მელიებთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან არის ახლოს, რომელიც მას ინგლისურ კლუბთან კიდევ 3 წლით დააკავშირებს.

როგორც The Times აცხადებს, 29 წლის ფეხბურთელი კვირაში საკმაოდ კარგ თანხას, 80 000 ფუნტს მიიღებს, თუ “ლესტერში” გადაწყვეტს დარჩენას.

ამასთანავე, კონტრაქტში ჩასმულია მუხლი, რომლის თანახმადაც ვარდის შეძენა 30 მილიონ ფუნტად იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირით, რომელმაც წლევანდელ სეზონში 19 გოლი გაიტანა, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი.

“ტოტენჰემი” პოჩეტინოსთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს

Daily Mirror-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობამ უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები მაურისიო პოჩეტინოსთან, რომლის გადაბირებითაც ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

პოჩეტინომ “ტოტენჰემში” მოსვლის შემდგომ (2014-ში), კლუბის ტრანსფორმაცია მოახერხა. შედეგად “მამლები” 1961 წლის შემდგომ პრემიერ ლიგის პირველი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან.

ამჟამად ლონდონელები მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან პირველადგილოსან “ლესტერს”. მათ უკან კი “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” იმყოფებიან.

რაც შეეხება “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”, ორივე კლუბი დიდ გასაჭირშია, ამიტომაც ისეთი სპეციალისტის ყოლა, როგორიც პოჩეტინოა მათ ხელმძღვანელებს ძალიან უნდათ.

“ვესტ ბრომვიჩმა” “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე პირველად დაამარცხა

6 მარტს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ბრომვიჩმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში “ვესტ ბრომვიჩმა” მასპინძლის რანგში “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ შეხვედრებში გამარჯვება პირველად მოიპოვა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

Daily Star-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მთავარი სამიზნე ტონი კროოსი იქნება, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავს.

წყაროს ცნობით, მადრიდული გრანდი მზადაა გაყიდოს გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც წლევანდელი სეზონი ფაქტიურად ჩააგდო.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ კროოსი მის “მანჩესტერელ” მეგობარს, ბასტიან შვაინშტაიგერსაც ესაუბრა მისი პოტენციური ტრანსფერის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ “წითელი ეშმაკები” კროოსის შეძენა 2014-შიც ცდილობდნენ, როცა ის “ბაიერნის” ღირსებას იცავდა. ახლა კი ინგლისელები მზად არიან გერმანელის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტიც გაიღონ.

რანიერი: ” დიდი კლუბები უბრალოდ შეშინებულები არიან”

კლაუდიო რანიერის სჯერა, რომ “ლესტერ სიტის” გასაოცარი ფორმა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ სურთ ინგლისურ გრანდებს ევროპის დონის ახალ ჩემპიონატში გაწევრიანება.

“მესმის, რომ დიდი კლუბები დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ფულს მიიღებენ და არ უნდათ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ერთი წელი დაკარგონ, თუმცა მათ ავიწყდებათ რომ ეს სპორტია.

თუ ერთ წელს გააცდენ, მაშინ გინდება რომ რაღაც შეცვალო. ვფიქრობ რომ ეს არასწორი გზაა – თუ ასე ადვილად შეგეშინდება, მაშინ ძლიერიც არ ყოფილხარ. დიდმა კლუბებმა საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ, თუ რაღაც მოულოდნელი მოხდება.” – განაცხადა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ საუბარი ეხება იდეას, რომლის თანახმადაც შეიქმნება ახალი ჩემპიონატი, სადაც დიდ კლუბებს გარანტირებული ექნებათ თამაში.

მანჩესტერელებმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ რეშფორდი დაასახელეს

მარკუს რეშფორდი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა მხოლოდ 170 წუთი დაჰყო მოედანზე.

18 წლის ნიჭიერმა მარკუსმა პირველად თავის გამოჩენა “მიდტიულანდთან”, ევროპა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში მოახერხა, სადაც მან დუბლი გაიფორმა. იმავე კვირას, რეშფორდმა “არსენალის” კარშიც მოახერხა 2 გოლის გატანა, რამაც მთელი მსოფლიო გააოცა.

აღსანიშნავია, რომ ამ პრიზისთვის ბრძოლაში მარკუსმა დაჯაბნა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან : ხუან მატა, რომელმაც თებერვლის თვეში 590 წუთი გაატარა მოედანზე, ლინგარდი (595 წუთი), ანდერ ერერა (351 წუთი), დე ხეა (360 წუთი) და ანტონი მარსიალი (420 წუთი).

ველბეკი:”რეშფორდს უდიდესი პოტენციალი აქვს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა და “არსენალის” ამჟამინდელმა თავდამსხმელმა, დენი ველბეკმა მანჩესტერელთა 18 წლის ვარსკვლავზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 4 გოლის გატანა და მსოფლიოს გაკვირვება მოახერხა.

“ის ბრწყინვალედ გამოიყურება. პირადად მე ძალიან მიხარია მისი ასეთი დებიუტი ევროპა ლიგაზე და შემდეგ, იმავე კვირაში მშვენიერი მატჩის ჩატარება “არსენალთნ”.

თუმცაღა მან ჩვენ იმედები ნამდვილად გაგვიცრუა. მატჩის შემდგომ თავს საშინლად ვგრძნობდი. მოხარული ვარ მარკუსის წარმატებით, თუმცა იმედგაცრუებული მატჩით.

მანჩესტერში ძალიან ბევრი ტალანტი იზრდება.იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.” – განაცხადა ველბეკმა, რომლის გუნდმაც “წითელ ეშმაკებთან” გასვლაზე 3-2 წააგო.

დღის სიახლე: ინგლისის დიდი ხუთეული ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმას აპირებს

The Sun-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ინგლისური პრემიერ ლიგის 5 უდიდესი კლუბის წარმომადგენელი ერთმანეთს შეხვდა, რათა განეხილათ ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმის საკითხი.

“ჩელსის” დირექტორი ბრიუს ბაკი, “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი, “არსენალის” აღმასრულებელი დირექტორი, ივან გასიდისი, “მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელი დირექტორი და “ლივერპულის” იან აირი ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ.

გამოცემა გვაუწყეს, რომ დიდი ხუთეულის წარმომადგენლები მაიამიში მცხოვრები ბიზნესმენის, სტეფან როსის წინადადების განიხილეს, რომელსაც ევროპის სუპერ ლიგის შექმნა სურს, რომელშიც გრანდები მიიღებენ მონაწილეობას.

თუ დიდი გუნდების თავკაცები შეთანხმებას მიაღწევენ როსთან, ეს ჩემპიონთა ლიგას ძირს გამოუთხრის. ახალ ტურნირში დიდი გუნდები იმ შემთხვევაშიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას, თუ საშინაო სარბიელზე ვერ მიაღწევენ წარმატებას.