იურგენ კლოპი: “მცირე იღბლის იმედი მქონდა, თუმცა შევცდი”

15 იანვარს პრემიერ ლიგის 21-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” დაუპირისპირდა. გუნდებმა ქულები გაიყვეს (1:1).

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს მერსესაიდელთა თავკაცი, იურგენ კლოპი ესაუბრა.

“კარგი თამაში გამოვიდა. შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენი მეტოქე “მანჩესტერ იუნაიტედი” იყო, რომელიც საკუთარ კედლებში თამაშობდა.”

“შეხვედრის ბოლო ფაზაში მოწინააღმდეგემ გრძელი, მაღალი პასებით დაიწყო თამაში. ისინი, ძირითადად, იბრაჰიმოვიჩზე და ფელაინიზე აკეთებდნენ აქცენტს.”

“ძალიან სწრაფი და ინტენსიური 80 წუთის შემდეგ, ჩემს ბიჭებს გადაღლა დაეტყოთ. ნამდვილად არაა ადვილი ამდენი ხნის მანძილზე ამ ტემპში თამაში.”

“ბოლო წუთებში ძალიან დაიძაბა სიტუაცია. მატჩი უხეში გახდა. ვიმედოვნებდი, რომ ცოტა იღბალი გვექნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა და იბრაჰიმოვიჩმა გაათანაბრა.”

“საერთო ჯამში, ჩემი ფეხბურთელების თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ ქულები გვჭირდებოდა და გმირულად ვიასპარეზეთ. კარგად გამოვიყენეთ ცარიელი სივრცეები და გავიტანეთ გოლი,” – განაცხადა იურგენ კლოპმა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “მანჩესტერ იუნაიტედს” ქულა გადაურჩინა (ვიდეო)

ინგლისური პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “წითელი ეშმაკები” მერსესაიდიდან ჩამოსულ “წითლებს” დაუპირისპირდნენ.

ეს ერთობ პრინციპული დაპირისპირება სტუმართა უპირატესობით დაიწყო, ანგარიშიც იურგენ კლოპის ბიჭებმა გახსნეს (მილნერმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან), თუმცა, საბოლოოდ მატჩი მაინც ფრედ, 1-1 დასრულდა, რასაც “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანები ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ 84-ე წუთზე გატანილ გოლს უნდა უმადლოდნენ.

ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის 21 ტურის შემდეგ, “ლივერპული” 45 ქულით მესამე პოზიციას იკავებს და შემდეგ მატჩს “სუონსის” წინააღმდეგ გამართავს. ჟოზე მოურინიოს გუნდი კი 40 ქულით მეექვსეა და მომდევნო ტურში “სტოკ სიტის” ეწვევა.


“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; დარმიანი (ფელაინი76′), როხო, ჯონსი, ვალენსია; პოგბა, კერიკი (რუნი 46′), ერერა; მარსიალი, იბრაჰიმოვიჩი, მხითარიანი

მთავარი მწრთნელი: ჟოზე მოურინიო

“ლივერპული”: მინოლე; ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, კლავანი, მილნერი; ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი; ფირმინო, ორიჯი (კოუტინიო 61), ლალანა

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი


“ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დე ვრეისთვის იბრძოლებენ

პრემიერ ლიგის გუნდები, ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის ხაზის გაძლიერებას შეეცდებიან. Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინგლისური კლუბების ერთ-ერთ მთავარი სამიზნე რომის “ლაციოს” ფეხბურთელი, სტეფან დე ვრეი იქნება.

ჰოლანდიელმა მცველმა ამ სეზონში სერია ა-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. ერთი სიტყვით, იგი სტაბილურად ასპარეზობს და სათამაშო დროც ეძლევა. დე ვრეის გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულზე ეწურება, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ “ლაციო” 24 წლის სპორტსმენს ახალ ხელშეკრულებას უმზადებს.

ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი გამოწვევაა პრემიერ ლიგაში თამაში. შესაბამისად, მიუხედავად ზემოთ ნახსენებისა, სტეფანი ნამდვილად ვერ იტყვის მყისიერ უარს ინგლისური გრანდების შემოთავაზებაზე.

“ჩელსის” და “მანჩესტერს”, დაახლოებით, 40 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ ჰოლანდიელის სანაცვლოდ.

მოურინიომ ჟურნალისტის ტელეფონს თავად უპასუხა (ვიდეო)

არ დაარღვიოთ სიჩუმე – ეს ის სიტყვებია, რომელსაც ჟურნალისტებს ყოველი პრესკონფერენციის დაწყების წინ ეუბნებიან. ეს წესი კი განსაკუთრებით მაშინ უნდა დაიცვათ, თუ საქმე ჟოზეს პრესკონფერენციას ეხება, თანაც “ლივერპულთან” გასამართი მატჩის წინ.

თუმცა, ამ წესის დაცვას ყველა ვერ ახერხებს. საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვან თემებზე მოსაუბრე ჟოზე მოურინიო ტელეფონის ზარმა შეაწუხა. პორტუგალიელი კი პასუხის გაცემას არ მოერიდა და მაშინვე განსაზღვრა, რომ ზარი TalkSport-ის ჟურნალისტისთვის იყო.

ჩაბი ალონსო: “ლივერპულის” ფანებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაზე უკეთესი არაფერია “

ინგლისური “ლივერპულის” ექს-ფეხბურთელმა, ჩაბი ალონსომ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის არსებულ მეტოქეობაზე ისაუბრა.

“ლივერპულის” ფანებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაა.

ჩემი “ლივერპულური” კარიერის მანძილზე, “ოლდ ტრაფორდზე” წარმატების მიღწევა გვიჭირდა, თუმცა იქ მოპოვებულ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ფანებისთვის და ჩვენს თვითრწმენასაც აძლიერებდა.

რაც შეეხება იურგენ კლოპს, მე მას დიდ პატივს ვცემ. მას ყველაფერი ძალიან კარგად ესმის, იცის, თუ რას ითხოვენ ფანები მისგან და ყველაფერს გააკეთებს, მიზნის მისაღწევად.” – განაცხადა მან.

ფერდინანდი: “მანჩესტერს” აქვს იმის შანსი, რომ სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის პირველ ოთხ გუნდს შორის იყოს”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ბოლო ცხრა შეხვედრიდან ცხრავე მოიგო. გუნდი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება, რაც, როგორც შედეგში, ასევე თამაშის ხარისხში გამოიხატება.

“წითელი ეშმაკების” ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა “მანჩესტერის” წარმატებულ სვლაზე ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელიც გამოარჩია.

“მახარებს გუნდის ასეთი აღმასვლა. ფანებს სწორედ ასეთი “მანჩესტერი” უყვართ.”

“მინდა, აღვნიშნო მაიკლ კერიკის როლი. ვფიქრობ, იგი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა და გადამწყვეტ როლს თამაშობს წარმატებაში. თვალი ადვილად შეამჩნევს, თუ რამდენად კარგად და ტექნიკურად ეპყრობა იგი ბურთს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კერიკი დაცვაშიც შესანიშნავია. იგი ამ მხრივ პოზიციურად შესანიშნავად თამაშობს. როცა, მაიკლი საყრდენის პიზიციაზე დგას, მცველები და მეკარე გაცილებით უფრო მშვიდად არიან.”

“ამ წარმატებული სერიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ვარსკვლავები არიან, რომლებიც გუნდმა ზაფხულში შეიძინა. პოგბა, იბრაჰიმოვიჩი და მხითარიანი – ეს სპორტსმენები, უდაოდ, მსოფლიო კლასის ფეხბურთელები არიან.”

 

“ბუნებრივია, რომ მოურინიოს გარკვეული დრო დასჭირდა გუნდის გზაზე დასაყენებლად. ვფიქრობ, ამ ფორმაციის “მანჩესტერის” წარმატება მხოლოდ დროის საქმეა. უეჭველია, რომ “წითელ ეშმაკებს” აქვთ დიდი შანსი, პრემიერ ლიგა პირველ ოთხეულში დაამთავრონ,” – განაცხადა რიომ.

ოფიციალურად: ფელაინიმ “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდის ბელგიელ ნახევარმცველს, მარუან ფელაინის კონტრაქტი 2018 წლამდე გაუხანგრძლივეს.

შეგახსენებთ, რომ ფელაინი “ოლდ ტრაფორდზე” 2013 წელს გამოჩნდა, როდესაც “წითელი ეშმაკები” “ევერტონის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ჩაიბარა.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “მანჩესტერ იუნაიტედი” ადასტურებს მარუან ფელაინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების ინფორმაციას.

როდესაც ფელაინი “ევერტონიდან” გადავიბირეთ, 2013 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, მასთან 4-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ. კონტრაქტში მეხუთე წლის დამატების შანსზეც იყო საუბარი, რომელიც ახლახან გამოვიყენეთ. ის კლუბში 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება.”

იბრაჰიმოვიჩი: “ინგლისი სამ თვეში დავიპყარი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ ლიდერს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს სჯერა, რომ ინგლისში გატარებული სამი თვე მისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მთელი ქვეყანა დაეპყრო.

“სხვა არ მაინტერესებს, მხოლოდ მთავარ მიზანს, პრემიერ ლიგას ვუმიზნებ. ინდივიდუალური ჯილდოები ნაკლებად მაინტერესებს. ეს ჩემთვის უბრალო ბონუსია.

ინდივიდუალურ ჯილდოებზე პრეტენზია მხოლოდ წარსულში მიღწეული წარმატებების გამო მაქვს. ინგლისის დასაპყრობად სულ რაღაც სამი თვე დამჭირდა.” – განაცხადა ზლატანმა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 35 წლის ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და მას შემდეგ, პრემიერ ლიგაში 13 გოლის გატანა შეძლო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” – “ლივერპული”: მატჩს მაიკლ ოლივერი განსჯის

პრემიერ ლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ მატჩს, რომელშიც “მანჩესტერ იუნაიტედი” საშინაო არენაზე მერსესაიდულ “ლივერპულს” მიიღებს, მაიკლ ოლივერი გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის არბიტრმა ამ გუნდების დაპირისპირება ერთი წლის წინაც განსაჯა, როდესაც “წითელმა ეშმაკებმა” “წითლები” ანგარიშით 3:1 დაამარცხეს.

სტატისტიკისთვის გეტყვით იმასაც, რომ წლევანდელ სეზონში ოლივერმა “ლივერპულის” ოთხ მატჩში იმსაჯა, რომელთაგანაც ოთხივე იურგენ კლოპის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მიმდინარე სეზონის 22 მატჩში ოლივერმა ყვითელი ბარათი 70-ჯერ, ხოლო წითელი ერთხელ გამოიყენა.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზეს დაცვის გასაძლიერებლად 45 მილიონი ფუნტი გამოუყო

Daily Express-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა გუნდის პორტუგალიელ თავკაცს, ჟოზე მოურინიოს დაცვის გასაძლიერებლად, რაც ჟოზეს აზრით ოთხეულში მოსახვედრად აუცილებელია, 45 მილიონი ფუნტი გამოუყვეს.

ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ჟოზე ძლიერ არის დაინტერესებული “ბენფიკას” მცველით, ვიქტორ ლინდელოფით, ისევე როგორც “საუთჰემპტონის” ჟოზე ფონტეთი.

როგორც ამჟამინდელი სიტუაციიდან ჩანს, ლინდელოფს “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლის ვარიანტი ძალიან მოსწონს, თუმცა ამისათვის “წითელ ეშმაკებს” “ბენფიკასა” და მისი ყოფილი კლუბის, “ვასტერასის” დათანხმება მოუწევთ.

რაც შეეხება ჟოზე ფონტეს, ბრიტანული პრესის ცნობით, მან უკვე მოსთხოვა ტრანსფერზე დაყენება “წმინდანების” ხელმძღვანელობას, იმ იმედით, რომ ეს ტრანსფერი შედგება.

სქოულზი: “იმედი მაქვს, რომ რუნი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” დაამხობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ნახევარმცველი, პოლ სქოულზი უეინ რუნის მიერ “რედინგის” კარში გატანილ გოლს გამოეხმაურა, რომლითაც ინგლისელი ფორვარდი სერ ბობი ჩარლტონის რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა (249 გოლი “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით).

“ეს დიდებული მიღწევაა. უეინი “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, მან კლუბს ბევრი ტიტული მოაგებინა.

გასაოცარია ისიც, რომ “ოლდ ტრაფორდზე” გატარებული დიდი დროის მიუხედავად, მას გამარჯვების სურვილი კვლავ არ გაჰქრობია, ის იგივე მუხტით აგრძელებს თამაშს.

დღევანდელ მატჩში უეინი ძალიან კარგი იყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ის სერ ბობი ჩარლტონის რეკორდს “ლივერპულთან” გასამართ მატჩში დაამხობს.” – განაცხადა ინგლისელმა.

მოურინიო შნეიდერლინსა და დეპაის წასვლის უფლებას აძლევს

ჟოზე მოურინიომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარასა და იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებმაც შესაძლოა, გუნდი იანვრის თვეში დატოვონ.

როდესაც პორტუგალიელს მემფის დეპაისა და მორგან შნეიდერლინის გარშემო არსებულ სიტუაციებზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “მე მათ წასვლის უფლებას მივცემ, თუ რა თქმა უნდა, კლუბი შესაბამის წინადადებას მიიღებს.

ამ მომენტისთვის, არ მინდა ისინი განვიხილო, როგორც ჩვენი დამხმარეები. ამიტომაც არ არიან ისინი მატჩის განაცხადში, ლოდინის პროცესში ვართ.

რამდენიმე კვირის წინ, ისე ჩანდა, თითქოს ისინი 100 პროცენტით წავიდოდნენ, თუმცა ახლა პროცენტული მაჩვენებელი ნულამდე დაეცა, რადგანაც მათი შესაძლებლობების შესაბამისი წინადადება ჯერ არ მიგვიღია.”