როისი: “არ ვნანობ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველმა მარკო როისმა განაცხადა, რომ კლუბთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ნანობს.

“არაფერზე არ ვნანობ. რატომ უნდა ვნანობდე იმას, რომ “ბორუსიასთან” ახალი კონტრაქტი გავაფორმე? ამაზე ბევრი ვიფიქრე. ამ დროის განმავლობაში აზრი არ შემიცვლია”, – როისის სიტყვები გერმანულმა გამოცემა “ბილდმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისს “ბორუსიასთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.

 

როისი “რეალს” უახლოვდება

დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევი ნახევარმცველი მარკო როისი კარიერას, სავარაუდოდ, მადრიდის “რეალში” გააგრძელებს.

2014 წლის დამლევს “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გერმანიაში გახლდათ, სადაც 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გამართა. El Confidencial-ის ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, საუბარია ხუთწლიან კონტრაქტზე და წელიწადში ჯამაგირის სახით კი შვიდ მილიონ ევროზე. ამავე ანაზღაურებას იღებს “რეალის” კიდევ ერთი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი. რაც შეეხება ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას, ის 25 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ მარკო როისი დორტმუნდის “ბორუსიაში” 2012 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან ბუნდესლიგაში 69 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე როისს 24 შეხვედრაში 11 გოლი აქვს მითვლილი.

 

როისმა ესპანური ენის სწავლა დაიწყო

გერმანული წყაროების ცნობით, დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევმა ნახევარმცველმა მარკო როისმა სამი კვირის წინათ ესპანური ენის შესწავლა დაიწყო.

გერმანელი ფეხბურთელის დამატება რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს სურს, მათ შორის არის მადრიდის “რეალიც”. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როისის მიმართ ინტერესს “ბარსელონაც” იჩენს, თუმცა კატალონიურ გუნდს ფიფასგან 2016 წლის იანვრამდე ტრანსფერების გაკეთება აკრძალული აქვს.

 

“ლივერპული” როისს კლუბს ისტორიაში ყველაზე მაღალ ხელფასს შესთავაზებს

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ლივერპულს” დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარკო როისის გადმობირება ეწადა, თუმცა მაშინ გარიგება არ შედგა. როგორც ირკვევა, მერსისაიდულ გუნდს გერმანელი ფეხბურთელის დამატების იმედი არ დაუკარგავს და მზად არის, როისი კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშედაც აქცოს. იანვარში “ენფილდროუდელთა” ნომერ პირველი სამიზნე სწორედ 25 წლის გერმანელი ნახევარმცველი იქნება.

ბრიტანული პრესის ცნობით, “წითლები” მარკო როისისთვის ხუთწლიანი კონტრაქტის და კვირაში 200 ათასი ფუნტის შეთავაზებას აპირებენ.

დორტმუნდში ხვდებიან, რომ როისის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მისი შემცვლელის გამალებულ ძიებაში არიან.

მარკო როისის დამატება ევროპის არაერთ კლუბს სურს, რომელთა შორის მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალი” არიან.

 

ვატცკე: “როისი “ბორუსიაში” დარჩება”

დორტმუნდის “ბორუსიას” გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კიდევ ერთხელ უარყო მარკო როისის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებული ინფორმაციის მართებულობა.

“ამ ზაფხულს უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ როისი გუნდს არ დატოვებს. მარკო მომდევნო სეზონშიც ჩვენთან იქნება. იმის შანსი არ არსებობს, რომ მან სხვა კლუბში ითამაშოს. ვეცდებით, მასთან კონტრაქტი გავახანგრძლივოთ და დარწმუნებული ვარ, როისიც მოისურვებს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას”, – ვატცკეს სიტყვები გერმანულმა გამოცემა “კიკერმა” გამოაქვეყნა.

მარკო როისს “ბორუსიასთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელით მიუნხენის “ბაიერნი”, “ბარსელონა” და “ლივერპული” იყვნენ დაინტერესებულნი.

 

როისი შესაძლოა „ბაიერნში“ აღმოჩნდეს

ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ ცნობით, დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველმა მარკო როისმა „ლივერპულში“ გადასვლაზე უარი თქვა, რითაც მიუნხენის „ბაიერნის“ შანსი გაიზარდა.

წყაროს თანახმად, გერმანელი ფეხბურთელი მომდევნო ზაფხულს შესაძლოა სწორედ ბავარიულ კლუბში აღმოჩნდეს.

„ბაიერნი“ მზად არის, როისის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გაიღოს. გერმანელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის გაჩარხვით თავად ხოსეპ გვარდიოლა არის დაინტერესებული, რომელიც როისის ნიჭს დიდად აფასებს.

 

მარკო როისი სამ თვეს გამოტოვებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველ მარკო როისს მინიმუმ სამი თვე გაუცდება.

სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩის მიმდინარეობისას გერმანელმა ფეხბურთელმა მარცხენა ტერფის მყესები გაიგლიჯა. მიღებული ტრავმა გაცილებით სერიოზული აღმოჩდა, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ.

მარკო როისს არამხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატის, არამედ გერმანიის ბუნდესლიგის დამდეგი სეზონის სასტარტო ტურების გამოტოვებაც მოუწევს.

ბექა დოგრაშვილი

მარკო როისი: „ჩემი ოცნება ერთ წამში დაიმსხვრა“

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მარკო როისი ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

25 წლის ფეხბურთელმა ტრავმა სომხეთის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (6:1) მიიღო.

„არ ვიცი, სიტყვებით როგორ აღვწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ. ჩემი ოცნება ერთ წამში დაიმსხვრა. ახლა რეაბილიტაციის კურსი უნდა გავიარო. პროფესიონალი ვარ და მომავალზე უნდა ვიფიქრო“, – როისის სიტყვებს „ბილდი“ აქვეყნებს.

გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში როისმა 30 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას მეტოქეებად პორტუგალიის, განისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებები ჰყავს. გერმანელები ტურნირის პირველ შეხვედრას 16 ივნისს პორტუგალიელების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

მარკო როისი მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს?

გერმანიისა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებთა შორის გამართული მატჩის (6:1) 44-ე წუთზე „ბუნდესთიმის“ ნახევარმცველ მარკო როისს მარცხენა ფეხი გადაუბრუნდა და შესაცვლელი შეიქნა. მეტიც, ფეხბურთელმა მოედნის დატოვება მხოლოდ სამედიცინო პერსონალის დახმარების მეშვეობით შეძლო.

ვიდეო და ფოტომასალიდან გამომდინარე, ტრავმა სერიოზული უნდა იყოს და დიდია იმის ალბათობა, რომ როისმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს.

 

 

როისმა ვარჯიშზე საოცარი გოლი გაიტანა

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მარკო როისმა ვარჯიშზე ლამაზი გოლი გაიტანა.

გთავაზობთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეომასალას.