ალეგრი “იუვენტუსის” პრეზიდენტს შეხვდა

იტალიაში ხმა დაირხა, რომ შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრი ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნდეს. მეტიც, “ტუტოსპორტი” წერს, რომ იტალიელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის შეხვდა.

წყაროს თანახმად, ალეგრის “ბიანკონერიში” დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა ამის გაკეთება სეზონის მიმდინარეობისას არ უნდა. “იუვენტუსში” ალეგრის შესაძლო დაბრუნების ხელის შემშლელი ფაქტორი ის კონფლიქტია, რომელიც მასსა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს, ასევე სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შორის არსებობს.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის თავკაცობით “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონი ხუთჯერ გახდა, გუნდმა ოთხჯერ მოიგო ქვეყნის თასი, ორჯერ კი – სუპერთასი. მისი ხელმძღვანელობით “ბებერი სინიორა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ანდრეა პირლოს მიერ დამოძღვრილი “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას ტურნირის მერვედფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, გუნდს იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ მილანის “ინტერს” ათი ქულით ჩამორჩება.

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურს.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტმა პროფესიულ კარიერაში პაუზა 2019 წლის ზაფხულში აიღო, როდესაც “ბებერი სინიორას” თავკაცის პოსტი დატოვა, ახლა კი ახალი გამოწვევებისთვის მზად არის და როგორც ირკვევა, წამყვანი ევროპული კლუბებისგან მის მიმართ დაინტერესებაც არის. ალეგრის მუშაობის განახლება სამშობლოში სურს, თუმცა კარგად ესმის ის გარემოება, რომ სერია A-ს წამყვანი კლუბების მთავარი მწვრთნელის პოსტები ამ ეტაპზე ვაკანტური არ არის, სამაგიეროდ მას კარიერის განახლების შესაძლებლობა საზღვარგარეთ აქვს. “ლა სტამპა” წერს, რომ იტალიელი სპეციალისტის მომსახურებით “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან დაინტერესებულნი. იმ შემთხვევაში, თუ “წითელი ეშმაკები” ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საგზურს ვერ მოიპოვებენ, ოლე გუნარ სულშერს დიდი ალბათობით კლუბიდან გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრის სკუდეტო ექვსჯერ აქვს მოგებული (ერთხელ “მილანში” მუშაობის პერიოდში, ხუთჯერ – “იუვენტუსში”), ოთხჯერ კი იტალიის თასს დაეუფლა (“იუვენტუსი”).

ალეგრი: “ბონუჩისთან კარგი ურთიერთობა მქონდა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდში ლეონარდო ბონუჩის შესაძლო დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ბონუჩისთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთმანეთთან გვიკამათია, მაგრამ ასეთი რამ სხვა ფეხბურთელებთანაც მომხდარა. ეს მუშაობის ნაწილია და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

ტრანსფერებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს კლუბის საქმეა. “იუვენტუსს” ხუთი ბრწყინვალე ცენტრალური მცველი ჰყავს”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლეონარდო ბონუჩიმ “იუვენტუსი” სწორედ მასიმილიანო ალეგრისთან მომხდარი კონფლიქტის გამო დატოვა. ავტორიტეტული იტალიური გამოცემების თანახმად, “ბებერი სინიორა” “მილანს” ბონუჩის მატია კალდარაში გაუცვლის.

ალეგრი: “ვეცდებით, რომ ფინალურ მატჩში მადრიდელებზე მეტი გავაკეთოთ”

3 ივნისს, კარდიფში ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასკვნითი შეხვედრა გაიმართება: ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიტულისკენ მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მიიწევდა.

“ხვალ მშვიდად ვითამაშებთ. ამ მიზნის მისაღწევად გუნდი მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. “რეალი” მოქმედი ჩემპიონია და მისი დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ ამ წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლეთ და ვეცდებით, რომ მოედანზე მადრიდელებზე მეტი გავაკეთოთ.

ჩვენ მიერ მოპოვებული ყველა ტიტული, ყველა გამარჯვება მხოლოდ რეპეტიცია იყო ხვალინდელი ფინალისთვის. უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენ ეს შეგვიძლია, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და საკუთარი ძალების ვირწმუნოთ.

2015 წელს ფინალში დამსახურებულად გავედით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი რამდენიმე წარუმატებლობის გამო მაშინ, ალბათ, თავდაჯერება გვაკლდა. ორი წლის წინ ფინალში ჩვენი გასვლა შემთხვევითი არ იყო, მაგრამ მაშინ გამარჯვებას არ ველოდით. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. გასულ სეზონშიც ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ ბოლო წუთებში მიუნხენის “ბაიერნთან” დავმარცხდით. ჩვენ ეტაპობრივად ვვითარდებით”, – ალეგრის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალეგრი: “ბუფონის კრიტიკა მკრეხელობაა”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდის კიპერ ჯანლუიჯი ბუფონს გამოექომაგა.

“კი ბატონო, ჯიჯიმ ესპანეთის ნაკრებთან გამართულ მატჩში შეცდომა დაუშვა, მაგრამ მას უზარმაზარი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. საფეხბურთო სფეროში შეძენილი ცოდნა მას ამ სიტუაციის სწორად გარკვევაში დაეხმარება. 20 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაში იოლი არ არის. ბუფონის კრიტიკა მკრეხელობაა. ჯიჯი კიპერია, უმეტესწილად ხელით თამაშობს და თანაგუნდელს ბურთი ფეხით კარგად ვერ მიაწოდა. ეს მეკარისთვის კრიმინალი არ არის. ასეთი ფეხბურთელის გაკრიტიკება გონივრულ საქციელად არ მიმაჩნია”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

ალეგრი: “იუვენტუსი” ევროპის საუკეთესო კლუბთა ოთხეულში შედის”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების შესაძლო აბარგების შესახებ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია არ ანაღვლებს. ყველაზე ხშირად პოლ პოგბას “მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლო ტრანსფერზე იწერება.

“სატრანსფერო ჭორები არ მანაღვლებს. “იუვენტუსის” ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც სხვა კლუბისგან წინადადებას მიიღებს, კარგად უნდა დაფიქრდეს, უღირს თუ არა აქედან წასვლა, ვინაიდან “ბიანკონერი” ევროპის საუკეთესო კლუბთა ოთხეულში შედის. ჩვენ ის კლუბი არ ვართ, რომელიც საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვით არის დაკავებული”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

ალეგრი: “ჩემი გუნდით ვამაყობ, მაგრამ ბოლოს უკეთ უნდა გვეთამაშა”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული საპასუხო მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, დამატებით ტაიმებში კი ბავარიელებმა ორი გოლი გაიტანეს და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის შესახებ “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ისაუბრა.

“ჩემს ფეხბურელებს მადლობას ვუხდი. ჩვენ ვაჩვენეთ, რა შეგვიძლია. პირველ ტაიმში “იუვენტუსმა” უკეთ ითამაშა. რას იზამ, ფეხბურთი ასეთია. სიტუაცის ვერ გავუმკლავდით და ბოლო წუთებში გოლი გავუშვით. ძალზედ სამწუხაროა. კი ბატონო, ჩემი გუნდით ვამაყობ, მაგრამ ამ ბოლო ეპიზოდმა… უბრალოდ ბურთი უნდა დაგვეჭირა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს TMW.

 

ალეგრი: “მიუნხენში უნდა მოვიგოთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. მატჩი “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეაჯამა.

“მომდევნო ეტაპზე გასასვლელად რომელიმე მატჩი უნდა მოგვეგო. შინ ვერ გავიმარჯვეთ, ამიტომ ეს მიუნხენში უნდა გავაკეთოთ.

გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა ეს მეორე ტაიმზე უფრო ითქმის, ვინაიდან პირველ ნახევარში ბევრი შეცდომა დავუშვით. დაცვაში უკეთ უნდა გვეთამაშა. შეტევაში რამდენიმე სახიფათო მომენტი შევქმენით.

მეორე ტაიმში გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა. ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისას საკუთარ ძალებში დარწმუნებული უნდა იყო.

გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ორი გატანილი ბურთი თვითდაჯერებას გვმატებს, თუმცა ახლა სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის განმეორებითი მატჩი 16 მარტს შედგება.

 

ალეგრი: “იუვენტუსი” ყველა მატჩს ვერ მოიგებს”

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ბოლონიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეხვედრის შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ გუნდის 15-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

“თამაში კარგად დავიწყეთ, ვუტევდით, თუმცა “ბოლონიასაც” უნდა დავუფასოთ შრომა. მეტოქემ თავისუფალი ზონების გამოყენების საშუალება არ მოგვცა. სამწუხაროა, რომ გამარჯვებათა სერია შეწყდა, თუმცა ყველა მატჩს ვერ მოვიგებდით”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Tmw.

 

“ჩელსი” შესაძლოა, ალეგრის ჩააბარონ

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნოს.

წყაროს თანახმად, ლონდონელთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩმა იტალიელი სპეციალისტი იმ მწვრთნელთა მოკლე სიაში ჩაწერა, რომლებმაც შესაძლოა, “ჩელსი” ჩაიბარონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისურ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუს ჰიდინკი უხელმძღვანელებს. გეტყვით იმასაც, რომ ალეგრის “იუვენტუსთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2017 წელს ეწურება.

 

ალეგრი მორატას გაუჯავრდა

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” წინააღმდეგ წუხელ გამართულ მატჩში (1:1) ალვარო მორატას საქციელმა გააღიზიანა.

შეხვედრის მიმდინარეობისას არბიტრმა ესპანელი ფეხბურთელი ეკიპირების მოსაწესრიგებლად მოედნის მიღმა გაიყვანა, მორატას თავის წესრიგში მოსაყვანად სამი წუთი დასჭირდა, რამაც ალეგრი აღაშფოთა.

“ისინი უნდა გაიზარდნონ. არ შეიძლება მინდორს მიღმა სამი წუთი მხოლოდ იმიტომ დაჰყო, რომ წინდები გამოიცვალო. ეს მოდების ჩვენება არ არის. ძალზედ გაბრაზებული ვარ. კი ბატონო, ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან, მაგრამ რაღაც უნდა ესმოდეთ”, – ალეგრის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ ამ მატჩით “იუვენტუსი” გამოცდილებას შეიძენს და კიდევ უფრო გაიზრდება.

“შესანიშნავი სეზონი გვქონდა, მშვენიერი ფინალი იყო. ჩვენი საუკეთესო მომენტები ერთმა სულელურმა გოლმა გადაფარა.

ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა. “ბარსელონას” სამი შესანიშნავი შემტევი ჰყავს და ვალდებული ვიყავით, ჩვენი მომენტები გამოგვეყენებინა.

მატჩის დასაწყისში გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით, ჩვენი თამაში ვერ ვიპოვეთ. რამდენჯერმე დავარტყით და კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესადაც შეგვეძლო. იღბალი ჩვენ მხარეს არ იყო.

“იუვენტუსს” შესანიშნავი სეზონი ჰქონდა: მოვიგეთ სკუდეტო და კოპა იტალია, გავედით ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეტი რაღა უნდა გვექნა?

ახლა ჩვენი მიზანია, რომ ევროპის საუკეთესო რვა კლუბს შორის დავრჩეთ, რაც სერია A-ში კიდევ უფრო გაგვაძლიერებს.

ნეიმარმა გოლი მაშინ გაიტანა, როცა შეხვედრა თითქმის დასრულებული იყო. ეს მატჩი “იუვენტუსის” ზრდის პროცესის ნაწილად იქცევა. უფრო ფრთხილად უნდა გვეთამაშა”, – ალეგრის კომენტარი “სქაი სპორტ იტალიამ” გამოაქვეყნა.