“მერანი-2” – “ტორპედო-2” 1:1

7 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. გუნდების ურთიერთშეთანხმებით, მარტვილის „მერანი-2“-ის(მწვრთნელი – პაატა ლურსმანაშვილი) წინააღმდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ(მწვრთნელი – ლაშა ჭაღიაშვილი) სტუმრის რანგში ჩვენი გუნდის სავარჯიშო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ტორპედოელთა თამაშში ხარვეზები შეინიშნებოდა, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც მათ გახსნეს, 23-ე წუთზე, გუგუშვილის პასით ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა მამია გავაშელიშვილმა პირადი ქუთაისური შედეგიანი სერია გააგრძელა(მე-10 გოლი) – 1:0. მეორე ტაიმში ქუთაისელთა დამწინაურებელი 3-ჯერ იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ მარტვილელთა შეცვლაზე შესულმა მეკარემ მოახერხა დარტყმული ბურთების „მონადირება“. კვლავ ამ უკანასკნელმა გადაარჩინა მისი გუნდი მაშინ, როცა ყანჩაშვილი დარჩა მასთან ერთ-ერთზე. კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი 75-ე წუთზე შეიქმნა, მამასახლისის მიერ ბურთის ვარდნაში დარტყმით ანგარიშის სხვაობა არ გაზრდილა. ამდენი გაცუდებული მომენტის შემდეგ, ალოგიკური იყო მერანელთა გოლი, რომელიც მათ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გაიტანეს, მარჯვენა მხრიდან გადაცემის შემდეგ თამაში ფრედ ლაშა ჯღამაიამ დაასრულა – 1:1. უნდა ითქვას, რომ ამ გოლამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლები ფეხბურთელის შეცვლას ითხოვდნენ, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა რატომღაც ამის დროული რეაგირება არ მოახდინა, არა და იყო იმის ალბათობა, რომ მოვლენები ასე დრამატულად არ განვითარებულიყო… წინა შეხვედრის მსგავსად, რომელშიც „ვიტ ჯორჯია-2“-მა ქუთაისში ბოლო წუთზე გაათანაბრა(1:1), ჩვენმა სარეზერვო გუნდმა ამჯერადაც ძალზედ დასანანი ქულები დაკარგა.

„მერანი-2“: ბერია(ხარშილაძე 46), ი. ციცხვაია, ჯღამაია, ლ. ღონღაძე, მელიავა(ფაილოძე 46), ი. ქათამაძე, ქაჯაია(თაკვარელია 46), აშორტია(ბარბაქაძე 46), წულაია, კურტანიძე, კრისტელ ბანება(ბასილაია 70).

„ტორპედო-2“: ტყემალაძე, ზ.გელაშვილი, სულთანიშვილი, მამასახლისი, ჩიტეიშვილი, ყანჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, მარკოზაშვილი(კანდელაკი 90), ალეფირენკო(ქიქავა 70), გუგუშვილი, გავაშელიშვილი.

მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)

“მერანი” – “ტორპედო” 0:3

6 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის “მერანს” სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა.

შეხვედრის დაწყებამდე გუნდები სპეციალურად დამზადებული თეთრი მაისურებით შემოსილები გავიდნენ მოედანზე, რითაც ერთის მხრივ, სოფელ დიცსა და დვანის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მეორეს მხრივ, პროტესტიც გამოხატეს ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.

თამაში პირველივე წუთებიდანვე „ტორპედოს“ მიჰყავდა. ჩვენი გუნდი თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და უკვე მე-8 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩინებული ჩაწოდებით ოპონენტს საჰაერო ორთაბრძოლა თორნიკე კაპანაძემ მოუგო და მისი მორიგი შედეგიანი თავური დარტყმა განახორციელა – 0:1. დაწინაურება ქუთაისელებს ერთი წუთით ადრეც შეეძლოთ, მაგრამ ცინცაძის შესრულებული “სტანდარტით“ ბურთი ძელმა აისხლიტა. 24-ე წუთზე, ფანცულაიას მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მერანელმა მეკარემ არ გაუშვა გიორგის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი. საწყისი მუხტი მოსაგებად მოტივირებულ ტორპედოელებს არ „ჩაუქვრიათ“ და ორთაბრძოლებში თავგანწირული თამაშით მათ აპლოდისმენტებით ხშირად აჯილდოვდებოდნენ „ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც სამტრედიაში საკმაო რაოდენობით იყვნენ ჩასულნი. ანგარიში 28-ე წუთზე გაორმაგდა, გიგაურის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას საჯარიმოში მყოფმა ზაზა ჭელიძემ დაასწრო და ბურთს საგოლედ დაუხვედრა თავი – 0:2. სტუმართა მტკიცე დაცვის დამსახურებით გუნდები ისე გავიდნენ შესვენებაზე, რომ „მერანს“ ერთი რეალური საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნია.

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ტორპედო“ მეტოქის მოედნის ნახევარზე „პრესინგის“ შესრულებას ცდილობდა, რასაც შედეგიც მოჰქონდა. 2-3-ჯერ მარტვილელებმაც დაარტყეს ბურთი ქვილითაიას კარში, თუმცა „ტორპედოს“ კაპიტანმა დროული რეაქციები გამოავლინა და დარტყმულები გააუვნებელყო. 59-ე წუთზე, მაღალი ტრაექტორიით მერანელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კაპანაძემ თავით დაუგდო გიორგი კუხიანიძეს, რომელმაც 20 მეტრიდან გამოზომილი დარტყმით წერტილი დაუსვა მატჩს – 0:3. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა თამაშის სადავეები არც ამის შემდგომ გაუშვეს ხელიდან და მშვიდად მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე, რითაც „მერანთან“ სტუმრის რანგში ჩამოყალიბებული უსიამოვნო ტრადიცია დამაჯერებლად დაარღვიეს(3:0) და მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებელი სერიაც გააგრძელეს.

ქუთაისის “ტორპედო” მარტვილის “მერანთან” ნავსის გასატეხად

6 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე(სადაც „მერანი“ საშინაო მატჩებს ატარებს) დაუპირისპირდება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

მარტვილელები მიმდინარე სეზონშიც ამართლებენ ე.წ. „სახლის გუნდის“ ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ ქალაქში ვერ თამაშობენ, მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ამ ჩემპიონატში ყველა საშინაო მატჩის მოგება მოახერხეს: „სპარტაკთან“(2:1), „ზუგდიდთან“(2:0), „ჩიხურასთან“(3:2) და „სიონთან“(2:0), ხოლო საგარეო მატჩებში კი ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს: „გურიასთან“(0:1), „ვიტ ჯორჯიასთან“(0:3) და ბოლოს, მძიმე ბრძოლაში თბილისის „დინამოსთან“(2:4). აღსანიშნავია, რომ ეროვნული თასის მერვედფინალში მოასპარეზე ჩვენმა უახლოესმა მეტოქემ, პირველი მატჩი გასვლაზე „გურიას“ მოუგო(2:1) და შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

რაც შეეხება ქუთაისურ-მარტვილურ „სტუმარ-მასპინძლობებს“, სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 6 მატჩია გამართული, აქედან სამ-სამი შეხვედრა თითოეულმა მათგანმა საშინაო კედლებში დაასრულა გამარჯვებით – „მერანმა“ 1:0, 3:0 და 3:0 მოგვიგო, ქუთაისში კი 2:1(გოლები: რევაზ გოცირიძე, გრიგოლ დოლიძე), 2:0 (ნიკა საბანაძე, ვალერი ბოლქვაძე) და 4:0 (მერაბ გიგაური, ნიკა საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე) დავამარცხეთ მეტოქე.

FCTorpedo.GE

მწვრთნელებმა დინამო – მერანი შეაფასეს

დინამო არენაზე გამართული დინამო 4:2 მერანის დასრულების შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი – ტრადიციად იქცა, როდესაც ჩვენ მოედანზე ვთამაშობთ, მეტოქე გუნდები ძირითადად კონტრშეტევაზე თამაშობენ. პირველი ტაიმის შემდეგ ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ და აქტიურობისკენ მოვუწოდე. პირველი გოლი მეტოქეს ფაქტობრივად ჩვენ ვაჩუქეთ, ასეთივე საჩუქარი იყო მეორე გოლიც. რამდენიმე ინდივიდუალური და გუნდური შეცდომის მიუხედავად დღეს შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დავასრულეთ, მეტოქის კარში კი ოთხი გოლი გავიტანეთ. დიდი ხანია ამდენი გოლი ჩვენ მოედანზე არ გაგვიტანია და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა იმ ფორმას ვუბრუნდებით, როგორშიც წინა სეზონში ვიმყოფებოდით.

მალხაზ ჟვანია – დინამოს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ და ჩემპიონატში წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება ჩემ გუნდს, ფეხბურთელებს ეტყობოდათ დაღლილობა. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ბიჭებმა შეძლეს და დინამოს მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაუწიეს. შეხვედრის საწყის წუთებში იძულებითი ცვლილების განხორციელება მოგვიწია, დაცვაში დაშვებულ შეცდომას ჩვენ კარში გატანილი გოლი მოჰყვა, საბოლოოდ კი დღევანდელი შეხვედრა წავაგეთ.

FCDinamo.GE

დინამო VS მერანი – მატჩამდე

29 სექტემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტურის მატჩს ჩვენი გუნდი დინამო არენაზე, მარტვილის მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირი ეთერი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხითა და ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდით გადაიცემა.

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მარტვილის მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008 წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008–2009 და 2009–2010 წლების სეზონებში. 2009–2010 წლების სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010–2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მარტვილის მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011/2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ გასული სეზონის მეორე ნახევარი ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ნაჩვენების შედეგის შემდეგ, ქვედა ექვსეულში გაატარა, სადაც გუნდი მხოლოდ რუსთავის მეტალურგს ჩამორჩა.

მწვრთნელი და მერანი

მარტვილის მერანის მთავარი მწვრთნელი 2009 წლის შემდეგ,37 წლის მალხაზ ჟვანია არის, რომელთან ერთადაც გუნდმა არაერთ ლოკალურ წარმატებას მიაღწია. მალხაზ ჟვანიას თავკაცობით მერანმა არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის ნახევარფინალში, პირველი ლიგაში მოპოვებული მეორე ადგილის შედეგად მერანმა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.მალხაზ ჟვანიას გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოცდილ და ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში ზედიზედ მესამე სეზონს ატარებს.

დინამომდე…

მიმდინარე სეზონში მარტვილის მერანმა 9 ოფიციალური შეხვედრა (6 უმაღლეს ლიგაში 3 თასზე) ჩაატარა. უმაღლეს ლიგაში მარტვილელებმა 4 შეხვედრა (მერანი 2:1 სპარტაკი, მერანი 2:0 ზუგდიდი, მერანი 3:1 ჩიხურა და მერანი 2:0 სიონი) მოიგეს, 2 მატჩი (ვიტ ჯორჯია 3:0 მერანი და გურია 1:0 მერანი) წააგეს. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე კი გუნდმა პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა, მერანმა პირველი ლიგის წარმომადგენელი სამტრედია ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა. თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა კი ჩვენი გუნდის მსგავსად მარტვილის მერანმაც 25 სექტემბერს გამართა. მალხაზ ჟვანიას გაწვრთნილმა გუნდმა სამტრედიაში ნომინალურ მასპინძელ ლანჩხუთის გურიას 2:1 მოუგო.

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 6–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 15:7 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს დინამო არენაზე გაიმართა. 2012 წლის 19 დეკემბერს დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხეს. თბილისელთაგან გატანილი გოლებით ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში თბილისელთა მსგავსად ფეხბურთელებს არც მარტვილელები მოისაკლისებენ. გუნდები დინამო არენაზე გასამართ მატჩს ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.

დინამო VS მერანი – მსაჯი

დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. დაპირისპირების მთავარი მსაჯი ივარს ცაუნე იქნება, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულე არნის ლემკინსი და იგორს ტაგივესი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი დოგრაშვილი შეასრულებს.

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

შეროზია – ფარულავა, გეგეჭკორი, მელიავა, ქარქუზაშვილი, ღონღაძე – ხუბუა, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ფონიავა – კვანტალიანი

FCDinamo.GE

დინამოსა და მერანის დაპირისპირებას ლატვიელი, ივარს ცაუნე განსჯის

დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც დინამო არენაზე გაიმართება, ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. დაპირისპირების მთავარი მსაჯი ივარს ცაუნე იქნება, რომელსაც ასისტენტობას თანამემამულე არნის ლემკინსი და იგორს ტაგივესი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გიორგი დოგრაშვილი შეასრულებს.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ივარს ცაუნემ იმსაჯა ლატვიის ვირსლიგაში გამართული ლიეპაიას მეტალურგსისა 1:1 ვენტსპილსი არის, სადაც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა, ორივე ბარათი სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა მიიღეს.

ივარს ცაუნე
დაბადების თარიღი: 1977 წლის 11 სექტემბერი

===========================================
ლატვია. ვირსლიგა – 42 თამაში / 134 ყვითელი / 7 წითელი / 8 პენალტი
ლატვია. თასი – 4 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

FCDinamo.GE

დინამო თბილისი VS მერანი მარტვილი – ურთიერთშეხვედრები

29 სექტემბერს ეროვნული ჩემპიონატის VII ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი დინამო არენაზე გამართავს. დინამო თბილისის მეტოქე მარტვილის მერანს იქნება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 6–ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა ექვსი თამაშიდან 4 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი კი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 15:7 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული შეხვედრა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით – 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დედაქალაქელებმა მარტვილის მერანი 2012 წლის 20 ოქტომბერს დაამარცხეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა მერანს სტუმრად 4:0 მოუგო. აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა მიკელ ალვარომ, თითო გოლი კი ჩისკო მუნიოსისა და ჯაბა დვალის ანგარიშზეა.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება გასულ წელს დინამო არენაზე გაიმართა. 2012 წლის 19 დეკემბერს დინამო არენაზე თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქე ორბურთიანი სხვაობით – 3:1 დაამარცხეს. თბილისელთაგან გატანილი გოლებით ჩისკო მუნიოსი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი გამოირჩნენ.

დინამოელთაგან მარტვილელთა კარში ყველაზე მეტი გოლი ჩისკო მუნიოსს აქვს გატანილი. ჩვენი გუნდის ესპანელმა ლეგიონერს მერანის წინააღმდეგ 5 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 3 შემთხვევაში მარტვილელთა კარი თითოჯერ დალაშქრა.

FCDinamo.GE

მერანი 2-1 სპარტაკი

მარტვილის “მერანმა” საქართველოს ჩემპიონატის პირველ ტურში ცხინვალის “სპარტაკს” სამტრედიაში უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა.

მერანი 2-1 სპარტაკი

მერანი: შეროზია, გეგეჭკორი, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ხუბუა, ლობჟანიძე, შულაია (მელიავა 55′), ბაბუნაშვილი, მელქაძე, ფონიავა (კვანტალიანი 68′), კუჭუხიძე (კრისი 89′).

სპარტაკი: ნადირაძე, შონია, მგელაძე, ვ.კილასონია, კ.ხიზანეიშვილი, კვეკვესკირი, თუხარელი (ქემუხტაშვილი 79′), ჩაფიძე (ქურდაძე 59′), ბურძენაძე, თეთქურმანიძე (ფანცხავა 58′), მეტრეველი.

გოლები: შულაია 45+1 (1-0), ფონიავა 53 (2-0), ფონიავა 63 ს.კ (2-1).