„ლივერპულის“ მცველი კოლო ტურე მიიჩნევს, რომ „წითლების“ კარგი სტარტის მიზეზი გუნდური სულისკვეთებაა. პრემიერლიგის სამი ტურის შემდეგ, მერსისაიდელები სატურნირო ცხრილს სამი გამარჯვებით ლიდერობენ.
„გუნდური სულისვეთებით ყველაფრის მოგება შეიძლება. ინდივიდუალობა ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ გუნდური სული უპირველესია. ცალკეულ ფეხბურთელებს ერთი მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ, თუმცა ჩემპიონობისთვის აუცილებელია ერთ მუშტად შეკვრა“, – ციტირებს კოლო ტურეს სიტყვებს „ლივერპულის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ლივერპულის“ დაცვის ცენტრში კოლო ტურე-დანიელ აგერის დუეტი ჩამოყალიბდა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე სეზონში „ენფილდროუდელებს“ გოლი ჯერ არ გაუშვიათ, ისინი საკმაოდ საიმედოდ თამაშობენ. კოლო ტურე თამაშით ამტკიცებს, რომ პენსიაზე გასული ჯეიმი კარაგერის შეცვლა შეუძლია, თუმცა ბრენდან როჯერს ახალი პრობლემა გაუჩნდა. ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „ლივერპულმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა, დაცვის ხაზში მარტინ შკრტელი მოქმედებდა, რადგან კოლო ტურეს ტრავმა აწუხებდა. სლოვაკმა ფეხბურთელმა თავი კარგად წარმოაჩინა და ტურეს მიანიშნა, ძირითად შემადგენლობაში ადგილს ასე ადვილად ვერ დაიბევებო. საინტერესოა, როგორ წარიმართება სეზონის განმავლობაში შკრტელი-ტურეს მიკროდუელი და ვინ დარჩება საბოლოოდ გამარჯვებული.
„თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, გუნდურად უნდა იმუშაო. ჩვენ ვართ ფეხბურთელთა ჯგუფი, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს – ტიტულების მოგება და ისე თამაში, როგორც შეგვიძლია.
როდესაც ვერ თამაშობ, თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერა გჭირდება. უნდა იგრძნო, რომ შენს უკან ისინი არიან.
შკრტელმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფანტასტიურად ითამაშა და საერთოდაც, გუნდი კარგად გამოიყურებოდა. ეს გუნდური სულისკვეთებისთვის ძალიან კარგია“, – დაასრულა კოლო ტურემ.
ბექა დოგრაშვილი