საქართველოს უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ტურში „ცხინვალმა“ მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე რუსთავის „მეტალურგი“ მიიღო.
ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა – „ცხინვალი“ ჯერ კიდევ სამეულში შესვლის შანსს ინარჩუნებდა, „მეტალურგი“ კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის.
უკვე პირველივე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარს შეუტიეს და ანგარიშის გახსნა მოახერხეს – გოლი გიორგი ივანიშვილმა გაიტანა. ცოტა ხანში ქვემო ქართლელებმა მასპინძლებს ძლიერი დარტყმით უპასუხეს – გოლის გატანა შორეული დარტყმით ლევან ბერუაშვილმა სცადა, თუმცა მეკარე ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. მე-10 წუთზე ირაკლი ლექვთაძე ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შევიდა, საბოლოოდ კი მცველებს ვერ აჯობა. რვა წუთში მეკარესთან პირისპირ გასულ ირაკლის ბურთის უკან დაბრუნება მოუწია, ცერცვაძის დარტყმა კი რუსთაველთა კარს მცირე მანძილის ასცდა.
პირველ ნახევარში „მეტალურგი“ ვერაფრით გამორჩეულა – აღსანიშნავი მხოლოდ სტუმართა ერთი კომბინაციაა, რომლის ბოლოს კონსტანტინე გაბაშვილი ვალდებული იყო გოლი გაეტანა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა კარს ბურთი დიდი მანძილით ააცილა. ტაიმის ბოლოს ნიკა კაჭარავამ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ირაკლი ლექვთაძემ კი მახვილი კუთხიდან დაარტყა – ნადირაძე დარტყმას გაუმკლავდა. ორ წუთში ლექვთაძეს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა – რუსთაველთა მცველი გიორგი ნარიმანიძე უწყინარ სიტუაციაში შეცდა, ირაკლი კი მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდებას ცდილობდა, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველივე წუთზე ორივე გუნდის მწვრთნელმა ცვლილების უფლება გამოიყენა. „მეტალურგის“ შემადგენლობაში ბექა ოქროპირიძე ზაზა ციცქიშვილმა შეცვალა. „ცხინვალის“ რიგებიდან მოედანი ლექვთაძემ დატოვა, მისი ადგილი ლაშა ქოჩლაძემ დაიკავა.
როგორც პირველ ტაიმში, მეორე ნახევრის მე-5 წუთზე ბერუაშბილმა შორიდან დარტყმა სცადა, რასაც ამჯერად შედეგი მოჰყვა და „მეტალურგმა“ ლამაზი გოლით წონასწორობა აღადგინა. სამ წუთში „ცხინვალმა“ შეუტია – ფლანგიდან ჩაწოდებულს კაჭავა გამოეხმაურა, რომლის თავური ნადირაძის კარს ასცდა. 58-ე წუთზე შუშიაშვილი მეტოქის საჯარიმოში შევიდა და ზვიადაძე პასით მოამარაგა, ამ უკანასკნელს კი გოლის გატანა არ გაუჭირდა – 1:2 – „მეტალურგი“ დაწინაურდა. „ცხინვალმა“ მალევე არამხოლოდ წონასორობა აღადგინა, არამედ კვლავ დაწინაურდა კიდეც. 62-ე წუთზე ანგარიში ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა, ერთ წუთში კი თავი ლაშა შინდაგორიძემაც გამოიჩინა. 67-ე წუთზე გურამ მინდორაშვილმა გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა „მეტალურგის“ მოთამაშეზე თამაშგარე დააფიქსირა, ანგარიში უცვლელი დარჩა. 72-ე წუთზე შინდაგორიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა ძელს მოხვდა, თუმცა დამატებაზე გიორგი ცერცვაძემ ზუსტად დაარტყა – 4:2. ორ წუთში გოლი შეცვლაზე შესულმა ქოჩლაძემაც გაიტანა. დარჩენილ დროში „ცხინვალმა“ კიდევ ორი გოლი გაიტანა – ორივე შემთხვევაში თავი ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა, რომელმაც ამრიგად, ჰეთთრიკი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურ შეხვედრებში „სიონმა“ სტუმრად „ზუგდიდი“ 3:1 დაამარცხა, ხოლო „ვიტ-ჯორჯიამ“ ფოთის „კოლხეთს“ მინიომალური სხვაობით – 1:0 სძლია. აქედან გამომდინარე, „მეტალურგი“ 25 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა.
ლანჩხუთში „გურიამ“ „დინამოსთან“ ფრედ 2:2 ითამაშა, რის შემდეგაც თბილისელებმა 55 ქულა დააგროვეს და „ცხინვალს“ 3 ქულით გაუსწრეს, რითაც კახა კაჭარავას გუნდს ბოლო ტურის წინ მესამე ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ დარჩა.
„ცხინვალი“ – „მეტალურგი“ 7:2
გოლები: ივანიშვილი 1′, კაჭარავა 62′, 79′, 90′, შინდაგორიძე 63′, ცერცვაძე 72′, ქოჩლაძე 74′
„ცხინვალი“: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, იმედაშვილი, მაისაშვილი, ივანიშვილი, თარხნიშვილი, ლექვთაძე, ცერცვაძე, ხაინდრავა, შინდაგორიძე, კაჭარავა
„მეტალურგი“: ნადირაძე, მინდორაშვილი, ნარიმანიძე, ხიზანეიშვილი, ზვიადაძე, ბერუაშვილი, მიქაუთაძე, შუშიაშვილი, ბარაბაძე, გაბაშვილი, ოქროპირიძე